მედიცინა
“უშაქრო ყავა დარიჩინთან ერთად საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად!” – რაში გამოიხატება ყავის მავნელობა და როგორ დავლიოთ, რომ მისგან მხოლოდ სარგებელი მივიღოთ
“უშაქრო ყავა დარიჩინთან ერთად  საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად!” – რაში გამოიხატება ყავის მავნელობა და როგორ დავლიოთ, რომ მისგან მხოლოდ სარგებელი მივიღოთ

მსოფლიოში ყავაზე დიდი მოთხოვნილებაა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ორგანიზმს ზიანი უფრო მიაყენოს, ვიდრე ასარგებლოს. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული პროდუქტი, ან როგორ დავიცვათ ყავის სმის დროს ოქროს შუალედი? გვესაუბრება ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე:

- ყავის მოხმარება მე-9 საუკუნეში დაიწყო. იგი აღმოაჩინეს ეთიოპიაში, საიდანაც გავრცელდა იემენსა და ეგვიპტეში, ხოლო მე-15 საუკუნეში მოხვდა სპარსეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და თურქეთში, აქედან კი ევროპასა და ამერიკაში. კოფემანი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ამბობდა: ,,ფინჯანი ყავის შემდეგ ყველაფერი იწყებს ბობოქრობას, აზრები თავს იყრის, როგორც ძლიერი არმიის ბატალიონები ბრძოლის ველზე“. ცნობილია, რომ იგი დღეში 50-მდე ფინჯან ყავას სვამდა. ესეც არ ყოფნიდა და მშრალ დაფქულ ყავას ჭამდა. ამდენივე ყავას სვამდა ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი ვოლტერიც, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია 84 წლამდე ეცოცხლა.

- რა ნივთიერებებს შეიცავს ყავა?
- ყავას ამზადებენ მარადმწვანე ყავის ხის ნაყოფისგან. ნედლი ყავა შეიცავს ორი ათასზე მეტ ნივთიერებას. მშრალი ყავის მარცვლებში კომპონენტები პროცენტულად ამგვარად არის წარმოდგენილი: კოფეინი - 0,7-2.5; ცილები - 9-19,2; ცხიმები - 9,4-18; საქაროზა - 4,2-11,8; მონოსაქარიდები - 0,17-0,65; უჯრედისი - 32,5-33,5; პენტოზანები - 5-7; ტანინი - 3,6-7,7; მინერალური ნივთიერებები - 3,7-4,5; ორგანული მჟავები: ქლოროგენის - 4-10,9, ლიმონის - 0,3, ღვინის - 0,4, ვაშლის - 0,3, მჟაუნის - 0,05, ყავის - 0,2. ნედლი ყავის სინესტეა 9-12%. გარდა ამისა, მზა მარცვლებში შედის ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ასევე მრავალ სასარგებლო მიკროელემენტი და ვიტამინი. ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს ჩვენი სისხლძარღვებისთვის აუცილებელი P ვიტამინის დღიური ნორმის 20%-ს. ყავის მოხალვისას ქიმიური შემცველობა მნიშვნელოვნად იცვლება.

- კოფეინი რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე?
- იგი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ყავის სარგებლობაც და ზიანიც. კოფეინის გავლენით ჰიპოფიზი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც, თავის მხრივ, გამოყოფს ადრენალინს. კოფეინი ხსნის კუნთების ტკივილს. ინგლისელი მედიკოსების აზრით, კოფეინი აუცილებელია ადამიანისთვის. რაციონიდან კოფეინის შემცველი პროდუქტების - ყავის, ჩაის, შოკოლადის და ა.შ. გამორიცხვით იზრდება თავის ტკივილის და ნევროზების ალბათობა. ადამიანმა შეიძლება მიიღოს კოფეინის ის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ორი ფინჯანი ყავა, სამი ფინჯანი ჩაი, ან ნახევარი ფილა შავი შოკოლადი. ფინჯანი ყავა შეიცავს 80-დან 120 მგ-მდე კოფეინს. დღიურად შესაძლებელია 300-500 მგ კოფეინის მიღება. ყავის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე. კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოზები, ეპილეფსია, არამოტივირებული აგრესია. კოფეინს ხმარობენ ნარკოტიკებითა და შხამებით მოწამვლის, ინფექციურ და გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. კოფეინი მრავალი წამლის - ასკაფენი, ციტრამონი, ნოვოცეფალგინი და სხვ. - ძირითადი კომპონენტია.

-კოფეინს გარდა ყავის სხვა კომპონენტებს რა გავლენა აქვთ ორგანიზმზე?
- მაგალითად, პოლიფენოლებს ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო გააჩნიათ ანთებების და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები. ანტიოქსიდანტების შესანარჩუნებლად ყავა არ უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე! ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს 1000 მგ-მდე ანტიოქსიდანტებს, რაც დღიური ნორმის 25%-ს შეადგენს. ყავა ანტიოქსიდანტების შემცველობით აღემატება წითელ ღვინოს, მწვანე ჩაის, ხილსა და ბოსტნეულს. ყავაში შემავალ ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას. ისინი გვიცავენ სიგარეტის ბოლისგან, ინფრა-წითელი გამოსხივებისა და რადიაციისგან!

- მართალია, რომ ყავა სხვადასხვა დაავდებისგან განკურნებას უწყობს ხელს?
- ყავა ასტიმულირებს შემოქმედებით და ასოციაციურ აზროვნებას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამაღლებს სტრესებისა და დეპრესიის მიმართ გამძლეობას. ყავა ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის - ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას. ყავის მოხმარება ხელს უწყობა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას, რადგან მასში შემავალი ქლოროგენი და ყავის მჟავები აფერხებს ამილოიდური ცილის დაგროვებას, რაც ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის განვითარების საფუძველია. ყოველდღიურად ორი ფინჯანი ყავის მიღებით მცირდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს და ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის განვითარების რისკი. ცნობილია, რომ მწეველებში საშარდე ბუშტის კიბოს რისკი იზრდება 7-ჯერ, ხოლო ყავის აქტიურ მომხმარებლებში ეს რისკი 43%-ით მცირდება! ყავის მოხმარება აფერხებს პარკინსონის დაავადების განვითარებასაც. პარკინსონის დაავადებისას იშლება ტვინის უჯრედები, რომლებიც იმუშავებს დოფამინს. დოფამინი პასუხისმგებელია ადამიანის მოძრაობის კოორდინაციაზე. ყავა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რითაც აქვეითებს დაავადების რისკს.


ყავა წარმოადგენს ისეთ დაავადებათა პროფილაქტიკის საშუალებას, როგორებიცაა შაკიკი, ჰიპერტონია, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ასთმა, ათეროსკლეროზი, ინფარქტი. კოფეინის გავლენით ფართოვდება თავის ტვინის და გულის სისხლძარღვები, რაც ინსულტის და გულსისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკაა.


ყავა ეფექტური საშუალებაა მამაკაცთა რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. იგი ზრდის სპერმატოზოიდების აქტიურობას. ყავაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს კუჭის სეკრეციას - ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ეს თვისება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი დაბალი მჟავიანობოთ. ყავა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ყავა ზრდის ანტიბიოტიკების ეფექტურობას, გვიცავს ნიკრისის ქარისგან. გვეხმარება გახდომის პროცესშიც. დიეტის დაცვის დროს ყავა ხელს უწყობს ორგანიზმს, ენერგიის მისაღებად გამოიყენოს მხოლოდ ცხიმები. უშაქრო ყავა დარიჩინთან ერთად საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად, თუმცა, დარიჩინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის, მაღალი არტერიული წნევის, ღვიძლის და თირკმლების დაავადებების დროს. ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ხელს უწყობს ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებას.

- ყავის მავნელობა რაში გამოიხატება? 
- ნერვული აგზნებადობის დროს ყავას შეუძლია უძილობის და ტაქიკარდიის პროვოცირება. ძლიერი ყავის გადაჭარბებული მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, რადგან მაღალია ჰიპერტონიული კრიზის რისკი. ყავა ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, ამიტომ მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, ვისაც აწუხებს კუჭის წყლული. ყავის მიღება აკრძალულია თირკმლების დაავადებების, უძილობის, მომატებული აგზნებადობის, და გლაუკომის შემთხვევებში. ყავის მიღება არ შეიძლება ბავშვებისთვის, რადგან აფერხებს მოზარდის ზრდასა და განვითარებას. ყავა უარყოფითად მოქმედებს ორსულებზე. ყავას შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს სასარგებლო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და B1 და B2 ვიტამინები. შავი ყავის ხშირი მოხმარებით კბილების ემალი ყვითლდება. ნაყინთან ერთად ყავის მიღება ტემპერატურათა სხვაობის გამო ხელს უწყობს ემალის სწრაფად დაშლას. ყავის ყოველდღიურ მოხმარებას მეცნიერები ქალის მკერდის ზომის შემცირებასთანაც აკავშირებენ. ყავის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევა. მაგალითად, ყოველდღიურად ოთხი და მეტი ფინჯანი ყავის მიღება ორჯერ ზრდის რევმოართრიტის განვითარების შანსს. მამაკაცებში ყავის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს ორგანიზმის გაჯერებას ესტროგენებით - ქალის სასქესო ჰორმონებით, რაც უარყოფითად აისახება მამაკაცურ პოტენციაზე. მათი შემცველობა ხსნად ყავაში უფრო მეტია, ვიდრე ნატურალურში. ასევე საჭიროა ყავისგან თავშეკავება პროსტატის ანთების შემთხვევაში. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც შვიდ და მეტ ფინჯან ყავას სვამს, ჰალუცინაციების მაღალი რისკი გააჩნიათ. ამის მიზეზი ის არის, რომ კოფეინი ზრდის კორტიზონის - სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. ახლახან ყავაში აღმოაჩინეს კიდევ ერთი შხამიანი ნივთიერება - ჰიდროქსიმეთილფურფუროლი, რომელიც გაცხელებისას წარმოიქმნება.

- როგორ დავლიოთ ყავა, რომ მისგან მხოლოდ სარგებელი მივიღოთ?
- კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის უძლიერესი სტიმულატორია, ამიტომ ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, ყავა უზმოზე არ უნდა მიიღოს. გარდა ამისა ხსნადი ყავა ხასიათდება მაღალი მჟავიანობით და ხშირად იწვევს ძმარვას, თუ მას რძის დამატების გარეშე მიიღებთ. ყოველდღიურად ოთხ ფინჯან ყავაზე მეტის მიღება ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ამიტომ, ორგანიზმიდან კალციუმისა და მიკროელემენტების გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კალციუმით მდიდარი პროდუქტების, მაგალითად, რძის სისტემატიურად მიღება. ყავას ახასიათებს შარდმდენი უნარი, ამიტომ კოფეინშემცველ პროდუქტებს დაკარგული სითხის შესავსებად უნდა დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი. კოფეინი აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამიტომ ყავა უნდა მიიღოთ ორცხობილასთან და ნამცხვართან ერთად. კარგია ყავის მიღება ლიმონთან ერთად. ლიმონის მჟავა ნაწილობრივ ანეიტრალებს კოფეინს. გარდა ამისა ლიმონი C ვიტამინის კარგი წყაროა.

- ხსნადი და ნალექიანი ყავა ერთნაირად სასარგებლო და მავნეა?
- უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლოვან ყავას, ვიდრე ხსნადს, რითაც აიცილებთ სხვადასსხვა არომატული დანამატის მავნე ზემოქმედებას. რაც უფრო ნაკლებად არის მოხალული ყავა, მით უფრო ნაკლები რაოდენობით შეიცავს ბენზპირენის ფისს და სხვა კანცეროგენებს. ხსნადი ყავა, ნატურალურ მოხარშულ ყავასთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს, მაგალითად, ერთი ჩაის კოვზ ყავაში 27 მგ კოფეინია. ხსნადი ყავის ნაკლი ის არის, რომ იგი შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერება აკრილამიდს, რომელიც ნერვულ სისტემასაც აზიანებს. აკრილამიდის გარდა ხსნადი ყავა შეიცავს ოქსალატებს, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა ღვიძლისთვის. სასარგებლოა ნატურალური, მოხარშული ყავის ზომიერად მიღება. იგი შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, მავნე ნივთიერებებს კი - ნაკლები რაოდენობით. ყავის მარცვლების კანი და ყავის ნალექი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მწვანე ჩაის ექსტრატი ან C ვიტამინი. ყავაში შედის მელანოიდინები - ნივთიერებები, რომლებიც მოხალვისას ყავას დამახასიათებელ ფერს ანიჭებს და მავნე მიკრობებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, ყავაში აღმოჩენილია ახალი ნახშირწყლები - მათი შემცველობა ხსნად ყავაში 60%-ით მეტია, ვიდრე ახალმომზადებულში. ისინი ხელს უწყობენ სპეციალური მიკრობების - ბაქტეროიდების ზრდას, რომლებიც აუმჯობესებენ კალციუმის შეთვისებას, გამოყოფენ A ვიტამინს და მსხვილი ნაწლავის უჯრედებს იცავენ ავთვისებიანი სიმსივნისგან. 


- ხსნადი ყავებიდან რომელს ურჩევთ საზოგადოებას?
- ხსნადი ყავის ყველაზე ხარისხიან სახეს წარმოადგენს სუბლიმირებული ყავა, რომელსაც აწარმოებენ ,,გაყინვითი შრობის“ (ფრიზ-დრაიდ) საშუალებით. ამ შემთხვევაში სქელი გაყინული ყავის ნახარშს აუწყლოვებენ ვაკუუმის საშუალებით, რის შედეგად ყავა ინარჩუნებს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს და უფრო ფაქიზი არომატი და გემო გააჩნია, ვიდრე ხსნადი ყავის სხვა სახეობებს.

- მწვანე ყავაზე რას გვეტყვით?
- ჩვეულებრივი ყავისგან განსხვავებით, მწვანე ყავის მისაღებად მარცვლებს არ ხალავენ. თვლიან, რომ ასეთი ყავა, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ახასიათებს უფრო გამოხატული მასტიმულირებელი თვისებები. მოხალვისას ხომ, ნივთიერებათა ნაწილი იშლება. მწვანე ყავა კოჭასთან ერთად უნდა წამოადუღოთ, დაუმატოთ დარიჩინი და დღეში 2-4 ფინჯანი მიირთვათ. შედეგად, სწრაფად დაწვავთ ცხიმებს და დაიკლებთ წონაში. ეს მეთოდი ნაოჭების გასწორების საუკეთესო საშუალებაც გახლავთ. მწვანე ყავის ექსტრაქტი შეიცავს 50% ქლოროგენის მჟავას და სხვა მრავალ ანტიოქსიდანტს. ქლოროგენის მჟავა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გადამუშავებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას; სისხლში აქვეითებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს; აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას; თრგუნავს კორტოზოლის - სტრესის ჰორმონის გამომუშავებას, რაც ამცირებს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას. ის უფრო ეფექტურად მოქმედებს ჯინჯერთან ერთად.

- ფალსიფიცირებული ყავა როგორ ამოვიცნოთ?
- ყავის ფალსიფიცირება შესაძლებელია მაღალი ხარისხის ყავის პარკებში დაბალი ხარისხის ყავის, ქერის ან ხორბლის შერევით. შესარევად ასევე იყენებენ ძირხვენების (ვარდკაჭაჭა, ჭარხალი, სტაფილო, ბაბუაწვერა) სუროგატებს და თიხასაც კი. 
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ყავის სპეციფიკურ სუნს. რამდენიმე მარცვალი ჩაყარეთ ცივ წყალში და მოურიეთ - ნატურალური ყავა ოდნავ დაიბერება და წყალი შეიფერება, ფალსიფიცირებული კი ფსკერზე ნალექს წარმოქმნის. მარცვალი შუაზე გაჭერით. ნატურალური ყავის შემთხვევაში გადანაჭერზე ნათლად შეიმჩნევა ყავის მსხვილი გარსი და ბირთვი. ცივ წყალში ჩაყარეთ ერთი კოვზი დაფქვილი ყავა. ვარდკაჭაჭას შემცველობის შემთხვევაში წყალი ყავისფრად შეიღებება და მწარე გახდება. თიხის აღმოსაჩენად ყავის მარცვალი მოათავსეთ სანაყში და ქვასანაყით დაამტვრიეთ. ნატურალური ყავა წვრილ ნამტვრევებად დაიმსხვრევა, თიხის შემცველი კი ფხვნილად დაიშლება. ნატურალური ყავა ფალსიფიცირებულისგან განსხვავებით, ეთერში არ იძირება. დაყენებულ ყავაში ჩააწვეთეთ იოდის ერთი-ორი წვეთი, ხსნარი ლურჯად თუ შეიღებება, ე.ი. იგი სახამებლიან და ფქვილოვან მარცვლებს შეიცავს. ყავის მარცვლები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცში და გასრისეთ. ხელსახოცს ჭუჭყიანი კვალი თუ დააჩნდება, ყავა შეღებილია ტყვიის საღებავებით, რაც ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის. ხსნადი ყავა სწრაფად უნდა გაიხსნას. თუ რამდენიმე წუთი ურევთ მუქ კოშტებს, იცოდეთ, ეს არ არის ყავა. მაღალხარისხიანი ყავა დიდხანს არ ინახება. მისი შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 18 თვე. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის ,,წყალობით’’ ყავა გაჟღენთილია პესტიციდებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის პოვნა ჩვენს მაღაზიაში ძალიან რთულია.

- და მაინც, ყავა უფრო მეტად სასარგებლოა თუ მავნებელი? 
- ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. მკვლევრები ერთ აზრამდე ჯერაც ვერ მისულან. თანაც, ყველა ნივთიერება შეიძლება წამალიც იყოს და შხამიც. ყველაფერი დოზაზეა დამოკიდებული!

ესაუბრა ზაზა დავითაია 
წყარო: "ასავალ-დასავალი"