პოლიტიკა
„რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას სამხრეთ კავკასიაში"-რა ეტაპზეა მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი?
„რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას სამხრეთ კავკასიაში"-რა ეტაპზეა მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი?

მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესში საქართველოს ცალსახად დასავლური კურსი შესაძლოა, უამრავი პოლიტიკური რიფის შემცველი აღმოჩნდეს. რუსეთ-ამერიკას შორის მიმდინარე ცივი ომის ფონზე მოსკოვი თბილისის მიმართ ტონს ამკაცრებს. უმწვავესი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე,  კრემლი საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების ყოველ ნაბიჯს ასმაგად მტკივნეულად აღიქვამს.

„საქართველო აგრძელებს მანიაკალურ სწრაფვას ნატოსკენ... სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ საკითხში სააკაშვილის რეჟიმისგან არაფრით განსხვავდება. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს  რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ ხდის“-აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების პირველი მოადგილის გრიგორი კარასინი.

როგორია კარასინს  განცხადების კონტექსტის საერთაშორისო ფონი? მოსალოდნელია თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ხელახალი ესკალაცია? რა ეტაპზეა დღეს მსოფლიოს გადანაწილების პროცესი? აიღებს თუ არა მოსკოვი ხელს თავის გეოსტრატეგიულ ინტერესებზე და  დაუშვებს თუ არა სამხრეთ საზღვრებთან შეერთებული შტატების სამხედრო გავლენის გაძლიერებას? როგორია ტრამპის ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი ტერორიზმთან ბრძოლაში და და არსებობს თუ არა „დაიშის“ საფრთხე საქართველოში? ამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა საინტერესო გეოპოლიტიკურ პროცესებზე Sazogadoeba.ge-პოლიტოლოგი, პროფესორი ვახტანგ მაისაია ესაუბრება:

--ბატონო ვახტანგ, გასაგებია, რომ რუსეთს მუდამ აღიზიანებდა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, მაგრამ როგორია კარასინის განცხადების კონტექსტი, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე? არსებობდა თუ არა დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ კარასინს ამგვარი განცხადება გაეკეთებინა?

-კარასინის  განცხადების არსი რუსეთ-ამერიკას შორის გართულებული მდგომარეობა გახდა. რუსეთის პრეზიდენტის თანმაშემწე და სხვა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ახალი ცივი ომი მიმდინარეობს. ამერიკა აპირებს გამოვიდეს საშუალო და მცირე ბალისტიკური რაკეტების შემცირების ხელშეკრულების ჩარჩოდან, რომელსაც გორბაჩოვმა და რეიგანმა მოაწერეს ხელი. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას ამერიკასა და რუსეთს შორის. როგორც ჩანს, კარასინის მკაცრი განცხადების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი ეს იყო. მეორეც, კარასინმა ეს განცხადება  მის კოლეგასთან, აბაშიძესთან შეხვედრის წინა პერიოდში გააკეთა. რაც მთავარია, ეს იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმული მუქარა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ასეა. როგორც ჩანს, რუსეთი კონკრეტულ ღონისძიებებზე გადასვლას აპირებს. არ ვიცი ამ ეტაპზე პუტინს და მის ამფსონებს საქართველოს მიმართ რა საშინაო დავალებები გააჩნიათ, ამას ალბათ დრო გამოაჩენს, მაგრამ ის, რომ ისინი პირდაპირ მუქარის ენით ლაპარაკობენ, ფაქტია.

-ამ ფონზე ხომ არ ვარაუდობთ რუსეთ-საქართველოს შორის ვითარების ხელახალ დაძაბვას?

-რუსეთის მხრიდან უკვე პოლიტიკური მუქარა წამოვიდა, ეს აშკარაა, ასეთ მუქარას ულტიმატუმი მოჰყვება.  ულტიმატუმის წამოყენება უფრო მაღალი იერარქიის პირებს ახასიათებთ, ვიდრე კარასინია. ეს კიდევ დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები და  რა ურთიერთობები განვითარდება ჰამბურგში ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე. ადრე  ორივე მხარე უარყოფდა, რომ შეხვედრას აპირებდნენ. მერე ჰენრი კისინჯერი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა, ამასთან ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ თითოქს ტრამპი აპირებს პუტინის მიმართრაღაც შეთავაზებების განხორციელებას. მოხდა ინდიკაცია იმისა, რომ ჰამბურგში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება, ამ შეხვედრის მერე  რეალური სურათი კიდევ უფრო გამოჩნდება.

-რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ესკალაცია თავიდან აიცილოს?

-სამწუხაროდ, ბურთი ჩვენს მოედანზე არ არის, ბურთი რუსეთის მხარესაა, დარტყმის ინიციატივას ის ახორციელებს, ეს არის და ეს. სხვათაშორის, კარასინის ამ მუქარას  სამხედრო მუქარა მოჰყვა, იგულისხმება აფხაზეთში, ოჩამჩირეში არაგეგმიური სამხედრო წვრთნების ჩატარება, რომელშიც  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედროები და რუსეთის საჯარისო ფორმირებები მონაწილეობდნენ. წვრთნების დროს გათამაშებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის დესანტის გადასხმა და აფხაზეთ-რუსეთის ე. წ. შენაერთების მიერ მისი მოგერიება. „მოწინააღმდეგეში“ საქართველო იგულისხმება, თუმცაღა, საქართველოს ასეთი მასშტაბის სამხედრო ოპერაციების განხორციელების პოტენციალი არ გააჩნია. როგორც  ჩანს, აქ  ნატოს მიერ სავარაუდოდ განსახორციელებელი ოპერაცია იგულისხმება. ამგვარი  წვრთნების გამართვა, მე ვიტყოდი, არის  სამხედრო მუქარა საქართველოს შიდა ტერიტორიების ზოლში.  ეს  წვრთნები კარასინის განცხადებას  დაერთო. 23 ივნისს გააკეთა კარასინმა განცხადება და 24-26- ში უკვე  წვრთნები დაიწყო. ანუ, კარასინის მუქარის მთელ კასკადს სამხედრო მუქარა დაემატა.

-რა ეტაპზეა დღეს მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი?

-მსოფლიოს გადანაწილების პროცესი უკვე კვადროპოლარულ, ანუ, ოთხპოლუსიან მსოფლიო წესრიგში  გადავიდა, რომლის ძირითად აქტორებს აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ. ამერიკასა და რუსეთს შოროს ახლი ცივი ომი მიმდინარეობს და ამ დაპირისპირებაში ევროკავშირი შეერთებული შტატების მოკავშირეა. მოგეხსენებათ, ევროკავშირის ლიდერებმა  რუსეთს ეკონომიკიური სანქციები გაუხანგრძლივეს. ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მოაწერეს ხელი.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი გარკვეულად  დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების ფორმატში გადადის. ერთ მხარეს არის ამერიკა-ევროკავშირი და მეორე მხარეს-რუსეთი და ჩინეთი, ოღონდ ეს ბიპოლარული დაპირისპირება არ არის ისეთი  ხისტი და მკაცრი, როგორიც საბჭოთა კავშირ-ამერიკის პერიოდში იყო, ანუ, ეს არის გარკვეულწილად რბილი მოდელი. ევროკავშირი და ჩინეთი ზოგჯერ რუსეთის და ამერიკისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

-სად მოიაზრებთ საქართველოს ამ პროცესში?

-საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით საქართველოს ბუნებრივია, დასავლეთის მიმართულებით მოვიზარებ. შეერთებულ შტატებთან  ჩვენ ვაღრმავებთ სტრატეგიულ ურთიერთობას, თუმცა, ჩინური მიმართულებაც ჩანს. საგარეო პოლიტიკურ კურსში ჩინური მიმართულებაც კარგად გამოსჭვივის, ესეც საინტერესო მომენტია.

-რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავის პოლიტიკასა და გეოსტრატეგიულ ინტერესებზე ხელს აიღებს და  სამხრეთ საზღვრებთან შეერთებული შტატების სამხედრო გავლენის გაძლიერებას დაუშვებს?

-ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, მოკლე ვადიან პერსპექტივაში, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში რუსეთი უფრო გააძლიერებს ზეწოლას სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, რუსეთი კიდევ უფრო შეეცდება გააღრმავოს ურთიერთობა ირანთან და თურქეთთან. სტრატეგიული პარტნიორობის ელემენტებს  მოსკოვი ირანთან სამხედრო-პოლიტიკური კუთხით გააძლიერებს, ხოლო თურქეთთან- ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებით. რუსეთი შეეცდება მთელ აკვატორიაში ყველაფერი თავისი ჰეგემონიის გასაძლიერებლად გამოიყენოს.

- თურქეთი საქართველოზე გავლენას აძლიერებს, რამდენად მისაღებია ეს პროცესი რუსეთისთვის და როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო რუსეთ-თურქეთის პარტნიორობის ფორმატში?

-სწორი ბრძანდებით, თურქეთი საგარეო პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო აძლიერებს, საუბარია საქართველო-აზერბაიჯანზე.  ცოტა რთულია ვილაპარაკოთ  საქართველოს როლზე  რუსეთ-თურქეთის სტრარტეგიული ურთიერთობის ფორმატში. რუსეთთან ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, ეს ფაქტია. საომარი მოქმედება ძალაშია და სამხედრო პროვოკაციების კუთხით კვლავაც იჩენს თავს. თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორები  სავაჭრო ხაზით ვართ, პოლიტიკური მიმართულებით კი ეს მომენტები  მცირდება, რაც ამერიკა-თურქეთის და ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების  ძლიერი გაუარესების კონტექსტსტით არის განპირობებული.

საბჭოთა რუსეთი და ავანტიურისტი თურქეთი ფაქტიურად, სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ და სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროები კარგად გადაინაწილეს, რასაც 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობა შეეწირა. ზოგჯერ ისტორიკოსები რაღაც მომენტებს ივიწყებენ. ამას ხაზი უნდა გაესვას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია  არა მხოლოდ ბოლშევიკურმა რუსეთმა, არამედ  ანატოლიის თურქეთმაც განახორციელა. ანუ, ჩვენ ორმაგი აგრესიის ქვეშ ვიყავით, ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.  თუ რუსეთიდან  სიტყვაზე ვთქვათ, 60.000-იანი ბოლშევიკური არმადა შემოვიდა, სამხრეთიდან 21 წლის 5-7 თებერვალს  30.000-იანი  თურქული არმადა შემოიჭრა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. თურქეთმა არანაკლები მიწები დაიკავა, ლაპარაკია სამხრეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დღესაც მათ შემადგენლობაშია. ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი მინდა გავუსვა.  რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობით მაშინ ეს შედეგი დადგა, დღეს რას მოიტანს, ამაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან გეოპოლიტიკური თამაშები ჯერაც ჩამოუყალიბებელია, პოზიციები და პრიორიტეტები  რეგიონალურ ჭრილში ჯერ კიდევ ყალიბდება, ლაპრაკია სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის აუზის ფორმატზე.  პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ის, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის გავლენის სფეროებს და კიდევ უფრო შეეცდება პირდაპირი ზეგავლენა იქონიოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, ეს ფაქტია.

-რამდენად დარეგულირებადი ჩანს დღეს სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება, ყატარის იზოლაციას ვგულისხმოb, მოსალოდნელია თუ არა ომი საუდის არაბეთსა და ირანს შორის?

-ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა,  ირანსა და საუდის არაბეთს შორის ომი იემენის ტერიტორიზე ისედაც მიმდინარეობს. ომი მიმდინარეობს ასევე ეკონომიკურ და დოპლომატიურ დონეზე და ყატარის პრობლემების წამოწევა ამ მომენტს უკავშირდება.  ყატარის პრობლემური კვანძი როგორ გადაიჭრება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაიჭრება კი?  ყატარი დღეს ეკონომიკურ იზოლაციაშია, ეს უკვე ნიშნავს, რომ მხარეები მზად არიან ერთმანეთის მიმართ არაკომპრომისული პოზიციები დაიკავონ. ეს დაპირისპირება წავა ახალი რეგიონალური ომის მიმართულებით თუ  არა, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ ყატარის პრობლემა უფრო გაუარესდება, რაც სიტუაციას აღმოსავლეთში კიდევ მეტად დაძაბავს.

-მხოლოდ აღმოსავლეთში?

-საუბარია მთლიანად აღმოსავლეთის რეგიონზე, რომლის ინდიკაციამ შეიძლება კავკასიაშიც  ამოყოს თავი, იმიტომ, რომ  რუსეთი, ირანი, თურქეთი არიან ჩაბმული. თურქეთი პროყატარულ კოალიციას აქტიურად უჭერს მხარს. საკმაოდ საინტერესო  კოალიცია იქმნება, რომლის ერთ მხარეს ყატარი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი და რუსეთი დგანან, ეს საკმაოდ საინტერესო კონფიგურაციაა, მეორე მხარეს კი-გაერთიანებულ არაბთა ემირატები, ბახრეინი, იემენი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატებიც. თუმცა, ამერიკა ცდილობს  რაღაცნაირად მიუმხრობელი იყოს, მაგრამ ისინი ასე თუ ისე, მაინც საუდის არაბეთის მხარეს  იქნებიან.

--სხვათაშორის, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ყატარი სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ერთად ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა, სამ-ოთხ დღეში იგივე შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა დოჰასთან იარაღის მიყიდვის თაობაზე.  ამგვარი ორმაგი სტანდარტი რამდენად უწყობს ხელს რეგიონსა და არამხოლოდ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას?

-ეს კონტრაქტი გაფორმდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ყატარის პრობლემა თავს იჩენდა...

-ყატარის მოვლენების შემდეგ გაცხადდა ეს ფაქტი მასმედიაში...

-კი, ბატონო, რამდენიმე დღის მერე გაცხადდა, მაგრამ ერთი მომენტია, ტრამპის განცხადებას  ტილერსონის საპირისპირო პოზიცია მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატების  ადმინისტრაცია ყატარის პრობლემასთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა, ერთია ტილესრონის და მეორეა, ტრამპის პოზიცია. ტილერსონი, ამ შემთხვევაში, ტრამპს გაემიჯნა და  ყატარი არ წარმოაჩინა ისე ბრალდებულად, როგორც ეს მისმა მეზობელმა სახელმწიფოებმა გააკეთეს. ანუ, ესეც ძალიან გაურკვეველი პოზიციაა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ეს ცხადია. ყატარში დისლოცირებულია ხუთიათას კაციანი ამერიკული  სამხედრო ბაზა, ესეც საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ამერიკული გეოსტრატეგიული ინტერესების თვალთახედვიდან ყატარი მთლიანდ ვერ ამოვარდება. ეს საკითხი გეოპოლიტიკურ პიკანტობას კიდევ უფრო ზრდის. ამერიკა ვერ წარმოიდგენდა, რომ სიტუაცია ამ მიმართულებით განვითარდებოდა.

--მაშინ როცა ასადი მთელი ძალებით ტერორისტებს ებრძვის, დასავლურმა კოალიციამ სირიის სამთავრობო ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, ამგვარი  ქმედებებით საერთოდ შესაძლებელი  გახდება თუ არა ტერორიზმის დამარცხება? მთავრი დეკლარირებული მიზანი ხომ „დაიშის“ განადგურებაა..

-იცით, რა არის, აქ ერთი მომენტია, კი, „დაიში“ საერთაშორისო ტერორიზმის ფუძეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასადის რეჟიმი დასავლეთს გამოცხადებული ჰყავს, როგორც ტერორიზმის სახელმწიფო მხარდამჭერი. ასადის ხელისუფლებას ადანაშაულებენ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკის გატარებაში. ამერიკა უპირიპირდება ასადის რეჟიმსაც და „დაიშსაც“, გინდაც ორმაგი სტანდარტი დავარქვათ, ეს ასეა. ამერიკული კოალიცია მხარს უჭერს ანტიასადურ ოპოზიციას, სირიის დემოკრატიულ ძალებს და სირიის თავისუფალ არმიას, ასევე გარკვეულწილად, სირაიში მცხოვრებ ქურთული დემოკრატიული ძალების კოალიციას  და  ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს.“

ეს ამერიკელების დეკლარირებულ კონცეფციას არ ეწინაარმდეგება, იმიტომ რომ თუ „დაიში“  საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი წყაროა, ასადის რეჟიმი ასევე სახელმწიფო ტერორთანაა გაიგივებული. ტერორიზმის სამი კატეგორია არსებობს: სახელმწიფო ტერორი, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყანა და სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა.

-თუმცა, იმ საკითხზე, რომ ასადის ხელისუფლება  სახელმწიფო ტერორს ახორციელებს, აზრთა სხვადასხვაობაა მსოფლიოში...

-გასაგებია, მაგრამ მე ამერიკა-ევროკავშირის პოზიციიდან გამომდინარე გესაუბრებით,  ეს არ ეწინააღმდეგება იმ დოქტრინალურ პრინციპს, რომელიც ამ მიმართულებით არის ასახული. ისინი ებრძვიან ტერორიზმს, როგორც ასადის რეჟიმის, ასევე „დაიშის“  სახითაც.

-ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ასადის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.  რუსეთი აფრთხილებს დასვლეთს არ განახორციელოს პრევენციული დარტყმები სირიის სამთავრობო არმიაზე. ხომ არ ვარაუდობთ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გართულდეს?

-ამ ეტაპზე რუსეთმა ამერიკასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. ამ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ყოველგვარი სამხედრო, საჰაერო, სახმელეთო ოპერაციების კოორდინაცია შეწყდა, მათ შორის, „დაიშის“ წინააღმდეგ.  ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩამოგდებულ იქნა სირიის სუ -22 ტიპის ბომდამშენი და დაიბომბა სირიის სამთავრობო ნაწილები. როგორც ჩანს, ამერიკელები ამაზე არ გაჩერდებიან, ისინი კიდევ აპირებენ სირიის სამთავრობო ძალებს დარტყმა მიაყენონ. აი, მერე როგორი იქნება რუსეთისა და ირანის რეაქცია, ამას დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე რუსეთის რეაგირება არაადეკვატურად რბილია.  მე მგონი, რომ ამერიკელები ასადის მიმართ დარტყმებს კიდევ განახორციელებენ,  მოსულის აღების მერე ტერორისტები სირაიში, რაქაშიც ალყაში არიან მოქცეული. ამიტომ გრავიტაციული გეოპოლიტიკური დაპირისპირება უკვე ასადის რეჟიმსა და დასავლეთს შორის გადადის, ანუ, კონფლიქტის ახალი ციკლი იწყება, ეს არის და ეს.  ახლა დასავლეთისთვის მთავარი ასადის ხელისუფლებაზე აქტიური დარტყმების განხორციელებაა.

-ქალაქი მოსული ხალიფატისგან განთავისუფლდა, რაქაშიც გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ,  ტერორიზმი უკანასკნელ დღეებს ითვლის? თუ ეს ისეთი აღმოსავლური ჯინია, ბოთლიდან ამოსვლის შემდეგ  უკან რომ ვეღარ ჩააბრუნებ?

-დიახ, ეს არაფერს ნიშნავს, „დაიშმა“ ტერიტორია დაკარაგა, მაგრამ ახლა ის დახვეწილი ტიპის ასიმეტრიულ სამხედრო ოპერაციებს კიდევ უფრო გაშლის, ფრონტი  სხვა რეგიონებში გადავა.

-რამდენად სახიფათო ვითარება იქმნება საქართველოსთვის?

-დღეს  უკვე „დაიში“ ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში გადადის, ანუ, მისი ახალი სახელმწიფოებრივი გაერთიანების კვალი ცენტრალური აზიის მიმართულებით უნდა ვეძებიოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური აზია და კავკასია ერთმანეთის მომიჯნავეა, რა თქმა უნდა, საშიშროება არსებობს.