საზოგადოება
იურა მარდიანი: ქართველთა მარშის დროს მე, სომეხი, ჩემი ქართველი ძმების გვერდით ვიდგები!
იურა მარდიანი: ქართველთა მარშის დროს მე,  სომეხი,  ჩემი ქართველი ძმების გვერდით ვიდგები!

14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა  მარში ჩაივლის. ორგანიზატორების თქმით, მსვლელობაში მონაწილეები მსოფლიოს მმართველ ძალებს შეახსენებენ, რომ მათ მიერ შევიწროებული ავტოქტონური ქართველი მოსახლეობა თავისი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. მათივე მტკიცებით, ქართველთა გვერდით ასობით საქართველოს გულწრფელი პატრიოტი არაქართველიც დადგება. მათ შორის არის 56 წლის ეროვნებით სომეხი იურა მარდიანი, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებებლი მოძრაობიდან მოყოლებული ქართველთა ჭირ-ვარამს ინაწილებს. სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში იურას დიდი ტრაგედია გადახდა - მან 22 წლის შვილი დაკარგა. როგორც ამტკიცებს, დავითი უცხოეთში მოუკლეს და ორგანოების დონორად გამოიყენეს.

- თბილისში დაბადებული, სოლოლაკელი სომეხი ვარ, საქართველო სამშობლოდ მიმაჩნია. სახანძრო დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შსს-ს კაპიტანი, ამჟამად კი, პენსიონერი გახლავართ. მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს და ქართველი ხალხის სამსახურში გავატარე. ჩემი წინაპრები 1915 წლის სომეხთა გენოციდს თურქეთის ქალაქ ყარსიდან საქართველოს მიმართულებით გამოექცნენ და აქვე დამკვიდრდნენ, ასე რომ, რამდენიმე თაობის თბილისელი ვარ და დედაქალაქიც ნამდვილი თბილისელის სიყვარულით მიყვარს! ქართველ ერთანაც, მხოლოდ სიყვარული მაკავშირებს. არსოდეს მიგრძვნია ჩემი ქართველი ძმებისგან თუნდაც ელემენტარული შევიწროვება, არც სააკაშვილის რეჟიმს დავუჩაგრივარ ეროვნული ნიშნით, რამეთუ მათ საქართველოს მთელ მოსახლეობას, ეროვნებისგან განურჩევლად დაატეხეს თავს გაუსაძლისი რეპრესიები!

- პირადად თქვენ რა მოტივით ემდურით რეჟიმს?

- სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შვილი დავკარგე. ის საერთაშორისო მაფიამ იმსხვერპლა, რომელიც ორგანოების ტრეფიკინგით იყო დაკავებული და საკუთარი ტრაგედიის შედეგად, თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ამ მაფიის შეუცვლელი სეგმენტი იყო, ხოლო რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები ამ მაფიის წევრებად დღემდე რჩებიან და მათ სასარგებლოდ განაგრძობენ მოქმედებას. ჩემი დათო გერმანიაში დააპატიმრეს, ციხეში მოკლეს და მისი ორგანოები გადასანერგად გამოიყენეს! როცა შვილი ჩამომისვენეს, უბედურებამ გამაოგნა - ცხედარს ორგანოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოცლილი ჰქონდა და ექსპერტებმა დასკვნები გამოიტანეს,რომ დათოს ორგანოები და ქსოვილები სხვა სხეულებში გადასანერგად გამოიყენეს! დათოს მკვლელობასთან დაკავშირებით, ძიება ამჟამადაც მიმდინარეობს და დასმულ კითხვებზე გამოძიებას პასუხები ჯერაც არ აქვს გაცემული, სხვადასხვა საჯარო სამსახურში შემორჩენილი სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი კადრები კი ყოველგვარი საშუალებით აფერხებენ სიმართლის დადგენას და სახელმწიფო მათი უშუალო მონაწილეობით, დახმარების ნაცვლად, უმნიშვნელო დეტალების მოგვარებაშიც ხელს მიშლის!

- იურა, საზოგადოებრივი აქტიურობა როდიდან დაიწყეთ?

- არასოდეს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობით, მუდამ თანავუგრძნობდი ქართველთა, ანუ იმ ერის ჭირ-ვარამს, რომლის წიაღშიც ვცხოვრობდი და ამ პოზიციას დაუფარავად გამოვხატავდი. 80 -იან წლებში ეროვნულ მოძრაობასაც ვგულშემატკივრობდი, თუმცა სამსახურის გამო მიტინგებზე ვერ დავდიოდი.. გულით მივესალმე საქართველოს დამოუკიდებლობას, განვიცადე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.. ყველა აქციაზე ქართველთა მხარდამხარ დავდივარ. ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების რიგითი მონაწილე. ბოლო პერიოდში, ქართული მიწის დაცვის ჯგუფის აქციებს შევუერთდი და მათთან ერთად ვიზეიმე გამარჯვება, როცა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე აღარ გაიყიდება და ეს კონსტიტუციაშიც ჩაიწერება!

- 14 ივლისს, საღამოს 8 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა მარში ჩაივლის. ამ აქციაშიც აპირებ მონაწილეობას?

- აუცილებლად! თანაც, მარტო კი არა, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მოვალ! ვმეგობრობ ქართველთა მარშის ორგანიზატორებთან და ვიცი, რომ ისინი მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას. არალეგალ ემიგრანტთა პრობლემა მთელს მსოფლიოში აქტუალურია. ისინი მრავალ დანაშაულს სჩადიან და ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობა მათი ძალადობისგან დაიცვას! ნახეთ, რა ხდება უცხოელებით კომპაქტურად დასახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, ან ბათუმში - გოგონები გარეთ მარტო გამოსვლას ვეღარ ბედავენ, რადგან დაუყოვნებლივ აეკიდებათ უცხოელი, რომელიც სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ჭუჭყიან დოლარებს შესთავაზებენ! ისინი აქამდე ზნეობით განთქმულ ქართველ მანდილოსნებს ხარჭებად და სექსმუშაკებად აღიქვამენ და თუ რომელიმე მამაკაცი მათ გამოექომაგება, საქმე ხშირად ხელჩართულ ჩხუბამდეც მიდის! არა მხოლოდ ქალების, ამგვარად ქართველი მამაკაცების ღირსებაც უკიდურესად ილახება, თუმცა უტიფარ და თავგასულ უცხოელებს ადგილობრივი ლიბერტალიანელი, გრანტიჭამია არასამთავრობოები ექომაგებიან და ისევ და ისევ ქართველები გამოყავთ ქსენოფობებად! ახლახან მიყოლებით გავრცელდა საგანგაშო ინფორმაციები, რომ ემიგრანტები მოზარდ ბიჭუნებზეც სექსუალურად ძალადობენ და ხალხის მოთმინების ფიალა აივსო! დემოგრაფიული ბალანსის გამო ემიგრანტების პრობლემა საქართველოს წინაშე ისედაც განსაკუთრებით მძაფრად დგას. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ყველას ერთნაირი სითბოთი მასპინძლობს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ კეთილი მასპინძლის მიერ შეფარებული უცხოტომელები უხეშად უგულებელყოფენ ადგილობრივების ეროვნულ გრძნობებს და ტრადიციებს, თავიანთი ჰეგემონიის დასამყარებლად ისწრაფვიან და ეს დიდი უსამართლობაა მათი მხრიდან! ქართველებს არავისგან ესწავლებათ არც რელიგიური შემწყნარებლობა და არც ტოლერანტობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ქართული სული აღმოიფხვრას და ქართულ ენაზე საუბარი არ ისმოდეს! ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ტრადიციულ მორალს უზნეო ცხოვრების წესი ჩაენაცვლოს! არც საქართველოს მოქალაქეობის ღირსია ყველა უცხოელი და მოქალაქეობას ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ უნდა ანიჭებდეს უცხოელს, როცა ის ქართულ ენას გულდასმით შეისწავლის, ქართველების ტრადიციას და კულტურას გაეცნობა და აითვისებს! მარტო არალეგალებს კი არა, უშიშროების სამსახურები მუდმივად უნდა აკონტროლებდნენ საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებსაც, თუ რა მიზნით ჩამოვიდნენ, რით არიან ისინი დაკავებულნი და მათი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხომ არ არის მიმართული! ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეა! თავად მიცხოვრია საზღვარგარეთ და ვიცი, როგორ მუშაობს საემიგრაციო პოლიცია და საემიგრაციო სამსახური. ყველა ემიგრანტი, რომელიც ადგილობრივ კანონებს არღვევს, დაუყოვნებელ დეპორტაციას ექვემდებარება. საქართველოში კი, რატომღაც, ეს სამსახურები საერთოდ არ არსებობს! დაე, ყველამ, ვინც ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანაში ცხოვრობს, კეთილ ინებოს და პატივი მიაგოს მასპინძელი ქართველი ერის ეროვნულ იდენტობას! ქართველთა მარში სწორედ ამის შეხსენებას აპირებს თავგასული უცხოელებისთვის და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ერის გულშემატკივარი, ქართველთა მარშის დროს ჩემი ქართველი ძმების გვერდით ვიდგები!

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"