საზოგადოება
„სუნელების სკანდალს ბინძური პოლიტიკის სუნი აუვიდა!“
„სუნელების სკანდალს ბინძური პოლიტიკის სუნი აუვიდა!“

ყველაფერი ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერ კაროლინა როდრიგესის მიერ ამერიკის ხმისთვის მიცემული ინტერვიუდან დაიწყო: “ჩვენ მრავალი წელია ვამოწმებთ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს. ბოლოს ეს მოხდა 2017 წელს და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ განსაკუთრებით მაღალი დონის ტყვიის შემცველობას” - განაცხადა როდრიგესმა და ამერიკულ მედიას ამ ინფორმაციის საყოველთაოდ გავრცელებისთვის მოუწოდა. ამის შემდეგ სკანდალმა საქართველოში გადმოინაცვლა.


გადავწყვიტე, ჟურნალისტური გამოძიება ჩამეტარებინა. ასავალ-დასავალში ხშირად ქვეყნდება პუბლიკაციები კონკრეტულ პროდუქტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების არსებობის შესახებ, მაგრამ ეს პრობლემა მთელი სიმწვავით მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოთა დროს საათის მექანიზმივით აწყობილი პროდუქტების ჰიგიენური კონტროლის მექანიზმი საბოლოოდ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოიშალა. ამჟამად, პროდუქტების ჰიგიენურ ვარგისობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული "სურსათის უვნებლობის ეროვნული ცენტრი" უნდა ასრულებდეს, თუმცა მისგან კონტროლის დიაპაზონი ძალიან მცირეა. ამ სამსახურის თანამშრომლები ძალას არ იშურებენ ფუნქციის ამომწურავად შესასრულებლად, მაგრამ კანონი ორიენტირებულია, რათა ბიზნესი არ დაზიანდეს. ამიტომ, თუ დადასტურებული, ან საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს, რომ სადმე უვარგისი პროდუქტი იყიდება - შემოწმება არ ხდება!

 

***
“არის ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები, რომელიც საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სანელებლებს უკავშირდება” - ამბობს 30 ივნისს მიცემულ ინტერვიუში კაროლინა როდრიგესი.  ამ განცხადებას საქართველოსთვის მეტად ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს, თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და შესაძლოა, მოვლენები პირიქითაც განვითარდეს.  როგორც რამდენიმე წლის წინ, რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადო ონიშენკოს განცხადების შემდეგ მოხდა, როცა მან ქართული ღვინო ფალსიფიცირებულ პროდუქტად გამოაცხადა და რუსეთში მისი შეტანა აკრძალა. ამის შემდეგ ქართველმა მეღვინეებმა წელზე ფეხი დაიდგეს და ამჟამად ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო ბაზარზე განკითხვის საგანი აღარ არის...

 

***
რა ხდება სინამდვილეში ქართულ სუნელებთან დაკავშირებით, რომელიც ღვინოსთან ერთად არანაკლებ სტრატეგიულ პროდუქტად მიიჩნევა?

ამის გასარკვევად ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ. პირველ რიგში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ "სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს მონტორინგს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ტოქსიკურ ელემენტებზე, მათ შორის სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, 2015-2016 წლებში აღებულია 38 ნიმუში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა მხოლოდ 1 შემთხვევაში. 2017 წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. აქამდე არსებული მონაცემების თანახმად, ლაბორატორიული კვლევით წელს 1 ნიმუშშია აღმოჩენილი დარღვევა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის სუნელებში. არსებული მონაცემებით მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში!" 

 

***
მაშ, რა მოხდა ნიუ-იორკში? იკვეთება, რომ შეშფოთების ტალღა რამდენიმე ქალბატონის განცხადებამ გამოიწვია, რომლებიც, მას შემდეგ, რაც მათ ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა დადგენილა, დაწვრილებით გამოუკითხავთ დაკითხვებს შორის ყოფილა ასეთიც - ხომ არ ჰქონდათ ჩამოტანილი სუნელი აზიის რომელიმე ქვეყნიდან. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთს ჰქონდა, თუმცა იქვე დასძენდა, რომ საქართველოდან ჩამოტანილ ამ სუნელებს ძალზე იშვიათად იყენებდა. სუნელის ლაბორატორიული კვლევით მასში ტყვიის გადამეტებული შემცველობა დაფიქსირდა და პატრონს მისცეს რეკომენდაცია, დაუყოვნებლიც გადაეყარა მავნე პროდუქტი! ასევე, არსებობს 7 წლის ნიუ-იორკელი ბავშვის მამის მონათხრობი: მას შემდეგ, რაც მის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, სახლში ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მივიდნენ და ყველანაირი ზედაპირიდან სინჯები აიღეს. მისი თქმით, ტყვია მხოლოდ “საქართველოდან გამოგზავნილ უცხო სუნელში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით”. შემდეგ, ექიმისგან გაიგეს, რომ ქართველებში ეს ხშირი შემთხვევა იყო და ამიტომ, ოჯახის დანარჩენი წევრების გასინჯვაც იყო საჭირო. “მთელ ხუთსულიან ოჯახს აღმოგვაჩნდა სისხლში ტყვია მაღალი რაოდენობით” - ამბობს ის. ამ მოვლენების შემდეგ, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი 8 მილიონიანი მეგაპოლისის მცხოვრებლებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს: “თუ თქვენ მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს, ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე. თუ არ გყავთ ექიმი, დახმარების მისაღებად, დარეკეთ 311-ზე”. 
 

***
მკითხველს მოკრძალებით მინდა შევახსენო, რომ ამ სტრიქონების ავტორს უმაღლესი სამედიცინო განათლება გამაჩნია, დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარია-ჰიგიენის ფაკულტეტი (მაშინ ასე ერქვა -ზ.დ.) და იმის მიუხედავად, რომ პროფილით დიდი ხანია აღარ მიმუშავია, საკმარისი კომპეტენცია გამაჩნია, რათა გავრცელებული ინფორმაციებიდან სრულიად განსხვავებული დასკვნები გამოვიტანო.. ამიტომ მიმაჩნია, რომ სუნელების სკანდალი თითიდან გამოწოვილი თემა და საბოტაჟია, რის გარშემოც ძალოვანმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ გამოძიება! საქმე იმაში გახლავთ, რომ პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია, დაფიქსირდეს მძიმე მეტალით - ტყვიით ინტოქსიკაცია მხოლოდ არცთუ სისტემატიური მოხმარების ისეთი პროდუქტის მიღებით, როგორიც სუნელებია! განა რა რაოდენობით უნდა ყოფილიყო მასში ტყვიის შემცველობა, რომ მოკლე დროში ასეთი შედეგი გამოეწვია? ცნობილია, რომ ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როცა ტყვია გროვდება სხეულში თვეებისა და წლების განმავლობაში! ხოლო ისეთ მეგაპოლისში, როგორიც ნიუ-იორკია, სადაც გამონაბოლქვის და სმოგის (რაც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს! - ზ.დ.) გამო მათივე ოფიციალური მონაცემების თანახმად, უამრავი ადამიანი ყოველწლიურად სიმსივნეებით ავადდება, ღიმილისმომგვრელია, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა ვინმე სუნელებში არსებული ტყვიით მოწამლულიყო! განა რა რაოდენობით სუნელის მარაგი უნდა ჰქონოდათ ოჯახში და რა ინტენსივობით უნდა შეეზავებინათ ამ სუნელით საჭმელები, რომ თუნდაც ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის მქონე მარტო ამ პროდუქტით მოწამლულიყვნენ? 
 

***
მაინც, როგორ ხდება ხოლმე ტყვიით ადამიანის ინტოქსიკაცია? გამონაბოლქვი უკვე ვახსენეთ.. თუნდაც საუკეთესო ფილტრის შემთხვევაში, გამონაბოლქვის გამო გარემოში ტყვიის კონცენტრაცია და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის რისკი მატულობს. ეს განსაკუთრებით, მეგაპოლისებში ხდება. ამას გარდა, ტყვიას დიდი რაოდენობით შეიცავს საღებავები, რომლითაც შეღებილია ჩვენი ბინების კედლები და ხშირად, ბავშვის სათამასოებიც კი! ადამიანის ორგანიზმში ტყვია შეიძლება მოხვდეს ნიადაგიდან, წყლიდან, თიხის, კერამიკის და ფაიფურის ნივთებიდან და წარმოიდგინეთ - ტრადიციული კოსმეტიკიდან - თუნდაც თვალის ჩვეულებრივი ფანქრიდან! ამ ეტაპზე ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს არ მოეპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ კონკრეტულ შემთხვევბში ტყვიით მოქალაქეების ინტოქსიკაციის მიზეზი მხოლოდ სუნელებია და არა სხვა პროდუქტები, ნივთები ან გაემოს ფონი! 


***
ჩემი ჟურნალისტური გამოძიება იმ მიმართულებითაც წარვმართე, თუ ვის შეიძლებოდა გაეცა სერტიფიკატი ტყვიით დაბინძურებული სუნელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასატანად? ნებისმიერი პროდუქტის ექსპორტის წინ მასზე უნდა არსებობდეს ჰიგიენური სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს, ერთი მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტო, მეორე მხრივ - შემოსავლების სამსახური. როგორც მოვიკვლიე, ქართული სუნელი საექსპორტოდ 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც იგზავნება და ჯერჯერობით მის ხარისხთან თუ ჰიგიენურ პარამეტრებთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. იკვეთება, რომ არც კაროლინა როდრიგესს უთქვამს ამერიკის ხმისთვის მიცემულ იმ სკანდალურ ინტერვიუში, რომ საქართველოდან ოფიციალურად ექსპორტირებულმა სუნელმა გამოიწვია ინტოქსიკაციები! აქ იმ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როცა მოქალაქე ამერიკაში გამგზავრების წინ მიდის ბაზარში, იძენს სუნელს, თავად ფუთავს მას და მიაქვს! შესაძლოა, უცოდინრობის გამო, ამ დროს დაირღვეს გადაზიდვის ჰიგიენური პირობები, მითუმეტეს, როცა მცირე რაოდენობით ამ პროდუქტის ტრანსპორტირებაზეა საუბარი - სუნელი შეფუთონ ისეთ მასალაში ან ჩადონ ისეთ ჭურჭელში, საიდანაც მასში გადავა ტყვია და გადააჭრბებს საკვებში ტყვიის ზღვრულად დაშვებულ ნორმას! ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვინ ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკში საქართველოში წარმოებული სუნელი მოხვდა? იქნებ, ამერიკაში წასაღებად კერძო პირმა თბილისის დეზერტირების ბაზარში გამოფენილი, ინდოეთიდან ჩამოტანილი სუნელი შეიძინა?

 

***
ჩემი ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული ამ არგუმენტების მიუხედავად, თუნდაც საექსპორტო სუნელებში კვების ჰიგიენის ნორმების დარღვევევები არ იკვეთებოდეს, მაინც საგანგაშოდ იკვეთება საკითხი: რა პროდუქტი დევს ქართული ბაზრის დახლებზე? რამდენად ახერხებს სახელმწიფო, სრულყოფილად შეამოწმოს გასაყიდად გამოფენილი საკვები და რამდენად დაზღვეულია ქართველი მომხმარებელი, რომ მართლაც ტყვიით დაბინძურებულ პროდუქტს არ მოიხმარს? ამ კითხვებზე პასუხისთვის საქართველოს მომხმარებელთა ფედრაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს მივმართე:

- ახლახან თბილისის ცენტრში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარე ვაჭრობა აკრძალა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დედაქალაქში და მხოლოდ მის ცენტრში მოხდა, სხვა ქალაქებში კი, გარე ვაჭრობით გამოწვეული განუკითხაობა გრძელდება, რასაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დამღუპველი გავლენა გააჩნია! გარდა იმისა, რომ თაკარა მზის ქვეშ მალფუჭებადი პროდუქტი იყიდება, რომელმაც კვებითი ინტოქსიკაცია, სამდღიანი ფაღარარათი და მაღალი სიცხეები შეიძლება გამოიწვიოს, ქუჩებში გამოფენილმა ბოსტნეულმაც კი შეიძლება არა ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას!

- რას გულისხმობთ?

- დიდი ქალაქების ქუჩებში ესოდენ მომრავლებული ავტომანქანების გამონაბოლქვი პირდაპირ ეფინება გზისპირას გასაყიდად დალაგებულ პროდუქტს. გამონაბოლქვი კი, მძიმე მეტალებს და მათ შორის ტყვიას - იმ რაოდენობით შეიცავს, რამაც თავისუფლად შეიძლება, სხვადასხვა სიმსივნის პროვოცირება გამოიწვიოს! მძიმე მეტალები ორგანიზმში ილექებიან და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭიანურდება მათი გამოყოფა, ამასობაში კი, ჯანმრთელობაზე თავის მავნე გავლენას ახდენენ! მოქალაქეები ქუჩებში პროდუქტს იმიტომ ყიდულობენ, რომ ის იაფი უჯდებათ, მაგრამ ეს მითია! პირდაპირ გეტყვით, რომ ქუჩის რეალიზატორებს ხელთ უპყრიათ სასწორები, რომელთა 10 კილოგრამიანი ციფერბლატი 12-იანით არის შეცვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კილოგრამზე მომხმარებელს 200 გრამს პარავენ! მოქალაქეები ნაკლებად ინტერესდებიან, თუ რა პირობებში და სად ინახავენ რეალიზატორები დღის ბოლოს შემორჩენილ პროდუქტს, რათა დილით ისევ გამოიტანონ დახლებზე. მე პირადად თბილისის ერთ-ერთ უბანსი აღმოვაჩინე ფაქტი, როცა პროდუქტის შესანახად ბიოსაპირფარეშო იყო გამოყენებული! სხვადასხვა საკვებ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია შენახვის ვადები, მაგრამ მოქალაქეები არ ითვალისწინებენ, რომ ვადები მხოლოდ შენახვის პირობების გათვალისწინებით განიხილება! თუ მაგალითად ძეხვის რეალიზაციის ვადა არის 1თვე, გასათვალისწინებელია, რომ ეს ვადა მოქმედებს მხოლოდ ძეხვის 2-დან 6 გრადუსამდე შენახვის პირობებში! მაგრამ როცა 30 გრადუსიან სიცხეში დახლზე დევს ეს ძეხვი, ეტიკეტზე მითითებულ ვარგისობის ვადას აღარანაირი დანიშნულება არ გააჩნია! ასავალ-დასავალის ფურცლებიდან დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ქუჩებში მალფუჭებადი პროდუქტის რეალიზაცია გენოციდს უტოლდება!

-განა, ბაზრის დახლებზე გამოფენილ პროდუქტზე ვერ მოხვდება გამონაბოლქვში არსებული მძიმე მეტალები?

- დიახ, მაგრამ არსებობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხს იმაზე აგებს, რომ საკოლმეურნეო ბაზარში უვნებელი პროდუქტი იყიდებოდეს. ბაზარში გამოფენილ პროდუქტზე ბაზრის დირექციაც აგებს პასუხს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათზე კონკრეტული სანქციები ვრცელდება, ობიექტის დაკეტვის ჩათვლით! მინდა, მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს არა მხოლოდ საკვები პროდუქტი, არამედ, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი და ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგანი! დაუშვებელია, როცა "მოწესრიგებული" მარკეტის ადმინისტრაციას მომხმარებლის მოზიდვის მიზნით პროდუქტი მარკეტს გარეთ აქვს გამოფენილი, რადგან ამ შემთხვევაში გარე ვაჭრობისგან არაფრით განსხვავდება და თუ სურსათის უვნებლობის პრობლემის მოწესრიგებას რეალურად ვაპირებთ, ვაჭრობის ეს ფორმაც კატეგორიულად უნდა აიკრძალოს!

 

მოამზადა ზაზა დავითაიამ

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

 

 

 

loading...