პოლიტიკა
„ჩვენ რუსოფობია არ გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ ჩვენში ზეობს კრემლიფობია“ - სოსო ცისკარიშვილი
„ჩვენ რუსოფობია არ გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ ჩვენში ზეობს კრემლიფობია“ - სოსო ცისკარიშვილი

საქართველო-რუსეთის ურთერთობების გასაუმჯობესებლად არაფორმალური ჯგუფების შექმნა, სავიზო რეჟიმის გაუქმება და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა - ეს ის საკითხებია, რომელზეც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა, „ედინაია რასაისა“ და „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის სათათბიროში განიხილეს.

„მცოცავი ოკუპაციის“ ფონზე რუსეთთან დიალოგის დაწყების ინიციატივას საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა - ადა მარშანიას თხოვნის მიუხედავად, ელოცათ მათზე, ბევრს სასწაულის მოლოდინი არ გასჩენია. მეორე ნაწილმა ვერც რუსეთის კეთილი ნების ირწმუნა. მეტიც, საზოგადოების რეაქციისა თუ მოსალოდნელი შედეგების შიშით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს  მაშინვე გაემიჯნა ხელისუფლება, ხოლო  პარლამენტის თავმჯდომარემ  საზოგადოებას უჩვეულო ოპერატიულობით ამცნო, რომ ეს მხოლოდ პარტიული ვიზიტია და მას პარლამენტთან  კავშირი არ აქვს.

„ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან.  აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით მას. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის პოზიციის მიხედვით კი, ცხინვალისა და სოხუმის დეფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა წარმოუდგენელია.

სკეპტიციზმისა და ხმამაღალი, თითქმის იდენტური განცხადებების მიუხედავად, საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილში მაინც გაჩნდა იმედი, რომ რუსეთთან დიალოგის მცდელობა, თუნდაც პარტიულ დონეზე, რაღაცას შეცვლიდა და დაკარგული ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნების იმედიც გაჩნდებოდა. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებამ, რომელიც შეხვედრის შედეგებს ეხებოდა. მისი თქმით, რუსეთის მხარე თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს  შორის პირდაპირი დიალოგის ხელშესაწყობად მზადაა.

„მოგეხსენებათ, შედგა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრთა შეხვედრა რუსეთის სათათბიროში. აღსანიშნავია, რომ ეს რუს და ქართველ დეპუტატებს შორის შეხვედრის პირველი პრეცედენტია, რაც არ მომხდარა ბოლო 14 წლის მანძილზე. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა. დღევანდელ შეხვედრას რუსული მხრიდან ესწრებოდნენ დსთ- ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად, მოლდოვა- დნესტრისპირეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი არტიომ კავინოვი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ყაზბეგ (კაზბეკ) ტაისაევი, ოსი ეროვნების, უმახან უმახანოვი რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, ეროვნებით დაღესტნელი. "საქართველოს პატრიოტების" მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე. შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ქართველი დეპუტატები რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ სლუცკის შეხვდნენ.

მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა: 


1. რუსული მხარე, რუსი დეპუტატების სახით, მიესალმება იმას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ყველა დონეზე! რაც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. რუსული მხარე აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს პირდაპირი დიალოგის ფორმატს. კიდევ ერთხელ ვამბობთ: ეს არ მოხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო საკითხების მთელს სპექტრს. პირველ რიგში, სოხუმს, ცხინვალს, საზღვრებს. აღინიშნა, რომ არსებული პრობლემები არ გადაწყდება ერთ შეხვედრაზე, ამიტომაც აუცილებელია გაგრძელდეს შეხვედრების ციკლი. გაგრძელდეს მოქმედება. გამოიკვეთა საკითხების მთელი სპექტრი, რაც შეიძლება სწაფად გადაწყდეს. ეს ეხება საფლავების მონახულებას სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებში, რაც ათასობით ქართველისთვის მტკივნეულ თემად რჩება. ჩვენ შევძლებთ მოვინახულოთ ჩვენი ნათესავების საფლავები. ასევე, საუბარი შეეხო ქართული სახელმძღვანელოების შეტანის შესაძლებლობას ამ რეგიონებში და სხვა ჰუმანიტარულ თემებს. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოხუმის, ცხინვალის, საზღვრების თემა გახლდათ. იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდეს, აუცილებელია მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზაცია ორ ქვეყნას შორის. საუბარი შეეხო ნატოს თემას. ცნობილია რუსეთის პოზიცია. რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას. "საქართველოს პატრიოტების" დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, მაგრამ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ნატოს მხრიდან რუსეთზე თავდასხმისათვის. და არც ერთ სხვა ქვეყანაზე თავდასხმისათვის.


შემდეგი გარღვევა, არც არ მომხდარა ბოლო 25 წლის მანძილზე და არის სრულიად ახალი ინიციატივა უკავშირდება შემდეგს: შეიქმნას ახალი ფორმატი- "საქართველო - ნატო -რუსეთი", რომლის ფარგებშიც შემუშავდება იმ ტიპის მექანიზმები, რაც რუსეთს აგრძნობინებს, რომ საქართველოს ტერიტორიდან მასზე თავდასხმა არ მოხდება . შემუშავდება მექანიზმები, რათა რეგიონში დაცული იყოს საზღვრები (მიაქციეთ ყურადღება) და იყოს გარანტირებული მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში. ეს არის უპრეცენდეტო ინიციატივა, რასაც მხარს უჭერს რუსული მხარე. რუსეთი თანახმაა ასეთ ფორატზე! მეტიც, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საგანგებო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მექნიზმებზე, რათა ხორცი შეესხას "საქართველო- ნატო- რუსეთის" ფორმას. საუბარი შეეხო სავიზიო რეჟიმის შემსუბუქებას, ანუ ყველა მიმართულებით გამოიკვეთა თანამშრომლობის და დადებითი ძვრების სურვილი. მიმართულებით.


შეხვედრაზე რუსმა დეპუტატებმა ძალზედ პოზიტიურად შეფასეს აბაშიძე- კარასინის ფორმატის ფუნქციონირება. აღინიშნა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ნაყოფიერია. ის უნდა გაგრძელდეს, შენარჩუნდეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება არაფორმალური ჯგუფი დეპუტატების, რომელიც თვეში ერთხელ გამართავს შეხვედრებს. ეს იქნება პოლიტიკური დიალოგის ფორმატი დეპუტატების დონეზე, იგივე დიალოგის ჯგუფი.“-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

როგორც „კომუნისტური პარტიის“ წევრი, ლეონიდ კალაშნიკოვი  აცხადებს, ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობა ნორმალური არაა.   

„მოხარული ვართ გიმასპინძლოთ სათათბიროს შენობაში. უნდა აღნიშნოს, რომ ეს არის პირველი შევხედრა არა მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი სიცივეა. არამედ როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მანამდეც არ იყო ეს ფორმატი დატვირთული. ისე გამოვიდა, რომ  ბოლო წლებში პარლამენტარები იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს სახელმწიფო სათათბიროში საქართველოშიც. ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ეს ურთიერთობა დავალაგოთ,“ - აღნიშნა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

დეპუტატ  ადა მარშანიას თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებას ხელს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული ოკუპაციის კანონი უშლის.

„ჩვენ გვაქვს ბარიერი და პრობლემა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც სააკაშვილის დროს მიიღეს. უშუალოდ ვიყავი ჩართული მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარ მოწმე როგორი იყო ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, დანაშაულებრივი და სისხლიანი. ჩვენი პარტია არაერთხელ გამოვიდა ამ პარტიის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. საჭიროა მისი გადახედვა, რადგან პრობლემების ნაცვლად ზიანი მოაქვს,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეძლებენ თუ არა  ქართველი პოლიტიკოსები რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმის მხარდამჭერ რუს პოლიტიკოსებთან საერთო ენის რეალურად გამონახვას, არის თუ არა შესაფერისი დრო წინასწარი კომუნიკაციების გარეშე მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად და აქვთ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შესაბამისი რესურსი რუს პოლიტიკოსებთან შედეგიანი მოლაპარაკებების საწარმოებლად, ამ და სხვა მნიშნელოვან თემებზე sazogadoeba.ge ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს სოსო ცისკარიშვლს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, „მცოცავი ოკუპაციის“ ფონზე, შეძლებენ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რეალურად რაიმეს შეცვლას რუსეთთან  ურთიერთობაში და იყო (არის) თუ არა მოლაპარაკების დაწყებისთვის შესაფერისი დრო წინასწარი კომუნიკაციების გარეშე?

-ამ შეხვედრას მოლაპარაკებას ვერ დავარქმევ, რადგან მოლაპარაკება წინასწარი კომუნიკაციების საფუძველზე უნდა შედგეს. არსებობს თემები, რომელიც წინასწარ უნდა  იყოს მომზადებული მხარეების მიერ. ეს არის გარკვეული სასოწარკვეთის მანიშნებელი. მოხარული ვიქნებოდი, რომ ყოფილიყო ისეთი კომუნიკაცია, სადაც ოდნავ მაინც იქნებოდა რაიმე პოზიტიური ნაბიჯი რუსეთის მხრიდან. იმას,  რასაც ვისმენთ შეხვედრებთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია. როდესაც მართავ შეხვედრას ისეთ ადამიანთან, რომელიც ანტიქართული საქმიანობით გამოირჩეოდა, რასაკვირველია, მოლოდინი, ანუ ამ შეხვედრის  სასურველი შედეგი, არის ოცნება და არა რეალობა.

მოსკოვში ჩასული შემადგენლობა ერთი პარტიისა არ გახლავთ სიახლე. ზოგიერთი ადამიანი ხმამაღლა საუბრობს რუსეთის პარლამენტარებთან ურთიერთობაზე, ზოგი თავს იკავებს. სულ ცოტა შედეგი ის მაინც იქნება, რომ ასეთი მოუმზადებელი კომუნიკაცია რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთან ჩვენ დაგვარწმუნებს იმაში, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც ცივილიზებული ურთიერთობა შესაძლებელი იყოს და სამართლიანობა ზეიმობდეს ქვეყანაში, რომელიც მკაფიოდ არის საქართველოს მიმართ მტრად განწყობილი. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილია რუსული საზოგადოებისთვის, იქნება ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეეძლება ღიად, თავისუფლად და ყოველგვარი პირადი პოლიტიკური მიზნების გარეშე, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის საზოგადოების ნაწილს.

- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციები აქვს. ისინი კი აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთო.  არის საკმარისი დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციები და ჟენევისა და პრაღის ფორმატი? რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პროგრესის მისაღწევად?

-ჟენევის ფორმატი ეს არის ყველა ფორმატისგან განსხვავებული, რადგან რაიმე საკითხის განხილვისას დაპირისპირება გახლავთ მხოლოდ  რუსეთის წარომადგენელთან. ასეთ მოლაპარაკებებზე რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ არანაირი შედეგი არ დადგეს მწვავე საკითხების განხილვისას, რისი იმედიც ასულდგმულებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ. ვერცერთ შედეგიან შეხვედრას ვერ ნახავთ, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. რუსეთი ამ ფორმატში მუდმივად არის გამარჯვებული, რადგან მარტივია,  არ დადგეს რაიმე შედეგი, ნაცვლად იმისა,  რომ რაიმე პროგრესული იყოს მიღწეული კონკრეტული მხარის სასარგებლოდ.  

-როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვის მიზანია, აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვარის დემარკაციაზე. ქართული მხარისთვის, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. დასავლელი პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლა აღნიშნულ პროცესზე უშედეგოა. სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

-ეს პროცესი უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რაიმე სახის სამეზობლო ურთიერთობის პერსპექტივაზე რუსეთმა სრულიად ღიად აიღო  ხელი. ნათქვამია „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო“  და...  ამ გამონათქვამისა არ იყოს, რუსეთი მხოლოდ „კნავის“ აშშ-ისა და ნატო-ს მისამართით და რასაკვირველია, სიამოვნებით ცდილობს ჩვენისთანა პატარა და სუსტი ძალის ქვეყანას თავისი სიძლიერე აჩვენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვარჩიოთ საუკუნო მონობის გზა. დიახ, პრინციპულობა, გააზრებული ნაბიჯები რუსეთთან საურთიერთოდ არ უნდა ნიშნავდეს რაიმე სახის თავის მოტყუებას და მცდელობასა იმისა, რომ ვეთაყვანოთ რუსეთს. ჯერ უნდა ვიფიქროთ, მერე უნდა მოვახერხოთ ცივილიზებული სამყაროს რუსეთის არაადამიანურ ქმედებებთან მიმართებაში უფრო ფართო ჩართულობა მოვახდინოთ. შედეგი დადგება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის შიგნით არ იქნება მუდმივი შფოთი სრულიად განსხვავებული საკითხების მიმართ.

- ხედავთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკოსს ან პარტიას, რომელსაც შეუძლია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება?

-უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ერთპიროვნულ ურთიერთობებთან განრიდებული საზოგადეობის ნაწილი, პროფესიონალიზმით გამორჩეული, სხვადასხვა პროფესიების ადამიანები და რომელთაც აქვთ რუსული პარტნიორობის ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება და რომელსაც ცნობენ რუსეთში. მხოლოდ საზოგადოების პოზიტიურ განწყობებსა და რუსულ ინტელიგენციას, რომელსაც ძალუძს, დაუფარავად გამოხატოს თავისი სიმპატია საქართველოს მიმართ, იქნება ის ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც შეეძლება ურთიერთობის მოგვარება. ასეთი ადამიანები იქნებიან გულწრფელნი.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ განწყობა რუსეთის მიმართ. ჩვენთვის საიმედოა რუსეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ნიჭითა დ ფილოსოფიური მიდგომებით, სადაც არ ფიგურირებს რაიმე სახის ურთიერთმიუღებლობა, მაგრამ ისეთი ურთიერთობები რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო, უნდა შევინარჩუნოთ და დავამყაროთ ურთიერთობები პოლიტიკური დივიდენდების მიღების მოლოდინის გარეშე. ეს თავისთავად მოხდება, რადგან ჩვენს ცნობიერებაში უნდა გაიმიჯნოს რუსეთის მოსახლეობა და რუსეთის კრემლი. ჩვენ რუსოფობია არ გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ ჩვენში ზეობს კრემლიფობია. ეს პოლიტიკური ვირუსი, რომელმაც იფეთქა გასული საუკუნის 90-იან წლებში და კიდევ უფრო გაძლიერდა 2008 წლის შემდეგ, სრულიად მკაფიო გზავნილია სამყაროსთვის, რადგან სწორედ კრემლის ასეთი მიდგომა საკუთარი მეზობელი ქვეყნების მიმართ სწორედ მას დაუბრუნდება და მისთვის კარგის მომტანი არ იქნება.