მედიცინა
შეიძლება თუ არა მამაკაცის თირკმლის გადანარგვა ქალისთვის და პირიქით და რამდენად შესაძლებელია მთლიანად თავის გადანერგვა? - გია თომაძე
შეიძლება თუ არა მამაკაცის თირკმლის გადანარგვა ქალისთვის და პირიქით და რამდენად შესაძლებელია მთლიანად თავის გადანერგვა? - გია თომაძე

საკუთარ სხეულში სხვისი ორგანოს გადანერგვით მსოფლიოში ამჟამად, უამრავი ადამიანი ინარჩუნებს სიცოცხლეს, თუმცა ტრანსპლანტაციის განვითარებამ  ცივილურ სამყაროს რიგი პრობლემები უკვე შეუქმნა  - გადასანერგად საჭირო ორგანოების მოსაპოვებლად წესების გარეშე ბრძოლა მასობრივად დაიწყო.

რა მოთხოვნები დგება ორგანოს გადანერგვამდე, რამდენად შესაძლებელია ადამიანისთვის მთლიანად თავის, ან ტვინის გადანერგვის აქამდე ფანტასტიკის სფეროში არსებული სიუჟეტების რეალიზაცია, რა სიახლეებია ტრანსპლანტაციის სფეროში?- ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ტრანსპლანტაციაში ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტის წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,  გია თომაძე გვესაუბრება.

- ორგანოების გადანერგვაზე ფიქრი კაცობრიობამ რამდენიმე ათასი წლის წინ დაიწყო. წყაროებმა შემოგვინახეს გადანერგვის პირველი, 1500 წლის წინანდელი ისტორია, როცა ექიმებმა პაციენტს ცხვირი გადაუნერეგეს.. ძველად ხომ, კრიმინალებს ცხვირის მოჭრით სჯიდნენ, რათა ისინი ყველასთვის თვალსაჩინო ყოფილიყვნენ. ცხვირმოჭრილთა მომრავლებამ, ამ ორგანოს გადანერგვისკენ მისწრაფება მედიცინაში საკმაოდ აქტუალურ საკითხად აქცია. ლიტერატურაში ასევე, შემორჩენილია ჩინელი ექიმის გამონათქვამი, რომელიც პაციენტისთვის სხვა ადამიანის გულის გადანერგვაზე საუბრობდა.. თუმცა კაცობრიობის ისტორიაში გადანერგვის ოპერაცია წარმატებით მხოლოდ 1954 წელს, ამერიკაში დასრულდა, როცა ცოცხალი ადამიანის სხეულიდან მეორე ადამიანის სხეულში თირკმელი გადაიტანეს. წელს გარდაიცვალა ამერიკელი ქირურგი თომას სტარლზი, რომელმაც 1963 წელს ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.

- მანამდე რა აფერხებდა წარმატებას?

- უფრო ადრე წარმატებული ტრანსპლანტაცია ვერ მოხდებოდა, რადგან კაცობრიობამ არ იცოდა "მოცილების რეაქციის" და მისი დაძლევის შესახებ. საქმე იმაშია, რომ გადანერგილი ორგანო ორგანიზმისთვის უცხოა, ამას ორგანიზმი მკვეთრად გრძნობს. თუნდაც დონორსა და პაციენტს შორის არსებობდეს ახლო ნათესაური კავშირი, იმუნოლოგიური პარამეტრების შეუთავსებლობის შედეგად, ორგანიზმში გადანერგილი უცხო ორგანოს თვითმოცილების მექანიზმი ირთვება. ცოცხალი ორგანიზმი არ არის მანქანა, სადაც სხვა მანქანის დეტალის ჩაყენება უპრობლემოდ შეიძლება. "მოცილების რეაქცია" არ განვითარდება ერთადერთ ვარიანტში, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებს შორის ხდება ტრანსპლანტაცია. ყველა სხვა შემთხვევაში, ორგანოგადანერგილ ადამიანს იმუნიტეტის დამთრგუნველი სპეციალური მედიკამენტების მიღება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს, რათა გადანერგილმა ორგანომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს. ადრე ამის შესახებამ მედიცინამ არ იცოდა, ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ოპერაციები ხშირად უნაკლოდაც ტარდებოდა, გადანერგილი ორგანოს შენარჩუნება მაინც ვერ ხერხდებოდა. 1954 წელს თირკმლის გადანერგვა წარმატებით იმიტომ განხორციელდა, რომ იგი ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპ ძმებს შორის მოხდა! მაშინდელი პაციენტი ახლახან, სულ რამდენიმე წლის წინ, ხანდაზმულობით გარდაიცვალა. პარადოქსია, მაგრამ მასზე ბევრად ადრე, ამ ოპერაციის გამკეთებელი დასტაქარი წავიდა იმქვეყნად. სხვათა შორის, წარმატებულ ამ ოპერაციამდე, 1933 წელს უკრაინის ქალაქ ხერსონში უნაკლოდ ჩაუტარებიათ გარდაცვლილი დონორისგან თირკმლის გადანერგვა, მაგრამ რადგან პაციენტი და დონორი ტყუპები არ იყვნენ, გადანერგილმა თირკმელმა მწვავე მოცილების რეაქციის შედეგად ფუნქციონირება 24 საათში შეწყვიტა და პაციენტი დაიღუპა.

- ნუთუ, იმუნიტეტის დაქვეითების გარდა, კაცობრიობამ "მოცილების რეაქციის " აღკვეთის სხვა გზას ვერ მიაგნო?

- ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის დაქვეითება - ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა "მოცილების რეაქციის" გასანეიტრალებლად. როცა 1967 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკელმა ქირურგმა კრისტიან ბერნარდმა გულის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით განახორციელა, მაშინ ასეთი შერჩევითი იმუნოსუპრესია არ არსებობდა და დიდი რაოდენობით სტეროიდებს აძლევდნენ პაციენტს, რის გამოც მთლიანად იმუნიტეტი ითრგუნებოდა. ამიტომ, პაციენტი, რომელსაც გული გადაუნერგეს, იმუნიტეტის შემცირების გამო ოპერაციიდან 54 დღის შემდეგ ჩვეულებრივი, ბანალური ფილტვების ანთებით გარდაიცვალა! მხოლოდ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოიგონეს მედიკამენტები, რომელიც შერჩევით თრგუნავს მხოლოდ ტრანსპლანტაციურ იმუნიტეტს. სწორედ ეს პერიოდი მიიჩნევა ზღვარად, რადგან ამგვარად, ორგანოების გადანერგვას აზრი მიეცა.

- ერთი ადამიანისგან სხვის ორგანიზმში ნებისმიერი ორგანოს გადანერგვა შეიძლება?

- არა. მხოლოდ 6 ორგანო ექვემდებარება ტრანსპლანტაციას: თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი, პანკრეასი და ნაწლავი. ცოცხალი ადამიანი გულს ვერავის უწილადებს, ამიტომ გულის გადანერგვა მხოლოდ გარდაცვლილი დონორისგან ხდება, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანოების გადანერგვა ცოცხალი დონორებისგანაც შესაძლებელია. ორგანოების გარდა გადანერგვას ექვემდებარება სხვადასხვა ქსოვილი: კანი, ძვლის ტვინი, რქოვანა, ძვლის სახსარი, უჯრედები.. ახლა ბევრს საუბრობენ ღეროვან უჯრედებზე, რომელისგანაც ორგანიზმის ყველა ქსოვილი შეიძლება განვითარდეს, თვით ნერვული ქსოვილის ჩათვლით! ამიტომ, ალცჰეიმერის დაავადებას სწორედ ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობენ! ღეროვან უჯრედებს დიდი რაოდენობით შეიცავს ჭიპლარის სისხლი. ღეროვანი უჯრედების გადანერგვას დიდი მომავალი აქვს და არსით კლონირებას უახლოვდება. მოგეხსენებათ, უჯრედის, ორგანოს და მთლიანად ორგანიზმის კლონირებაც ფანტაზიის სფეროდ რახანია, აღარ ითვლება. 70-იან წლებში პირველმა კლონირებულმა ცხვარმა, სახელად "დოლიმ" - 6 წელი იცოცხლა!

- რა მოთხოვნები დგება ორგანოს გადანერგვამდე?

- მსოფლიოში გადანერგვის ყოველი 100 ათასი ოპერაციიდან 60 ათასზე მეტი თირკმელზე მოდის. გადასანერგი ორგანო უნდა იყოს ჯანმრთელი. თუ ცოცხალი ადამიანი იძლევა ორგანოს, მთავარი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანოს გაცემის შემდეგ მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება. გარდაცვლილისგან ორგანოს ასარებად კი, სიცოცხლეში გაცემული მისი თანხმობის ამსახველი დოკუმენტი უნდა არსებობდეს. ცოცხალი დონორის საკითხი ძალიან მწვავედ დგას, რადგან თუ 2 თირკმელის შემთხვევაში ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, ერთის გაცემის შემთხვევაში მეორე თირკმელმა ვერ იტვირთოს ორივეს ფუნქცია. ასეთ დროს დაუშვებელია მისგან ორგანოს აღება - არ შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობით ან საფრთხის ქვეშ დაყენებით გადავარჩინოთ. ტრანსპლანტაციის ერამ მრავალი ეთიკური პრობლემა წარმოშვა. ექიმებს უწევთ მედიცინის ამოსავალი პრინციპის - "არ ავნო" დარღვევა, რადგან ტრანსპლანტაციის დროს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ვართმევთ რა ორგანოს, ამით მნიშვნელოვან ზიანს ვაყენებთ, რაც დონორის ალტრუიზმის და პაციენტზე მისი გულწრფელი ზრუნვის შემთხვევაშიც კი ვერ ხსნის ექიმის წინაშე არსებულ ეთიკურ პრობლემას.

- შეიძლება თუ არა მამაკაცის თირკმელი ქალს გადაენერგოს და პირიქით?

- შეიძლება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ჩაენაცვლება პაციენტს თუ მარცხენა - მარჯვნივ.

- თუ ადრე შეთავსება მხოლოდ ტყუპებში შეიძლებოდა, ახლა როგორ გადაიჭრა საკითხი, რომ კანის ფერის და რასის სხვაობის მიუხედავად შეიძლება დონორისგან გადასანერგი თირკმელის აღება?

- იმუნიტეტი როგორც არ უნდა დათრგუნო, ნებისმიერი ადამიანის ორგანო პაციენტისას ახლაც ვერ მიუდგება. აუცილებელია სისხლის ჯგუფის და ლეიკოციტარული ანტიგენების მიხედვით ტიპირების ჩატარება და მხოლოდ მაქსიმალური დამთხვევის შემთხვევაში შეიძლება დონორის განსაზღვრა. თავსებადობის თვალსაზრისით, ორგანოთა შორის ყველაზე მეტი სირთულე გულს და პანკრეასს გააჩნიათ.

- ღვიძლის გადანერგვის დროსაც იგივე კრიტერიუმია?

- არა, მოცილების რეაქციის მიმართ ღვიძლი გაცილებით მდგრადია. თუ თირკმლის შემთხვევაში სისხლის ჯგუფის და ლეიკოციტარული ანტიგენების დამთხვევაა აუცილებელი, ღვიძლის გადასანერგად საკმარისია, დონორს და მიმღებს მხოლოდ სისხლის ჯგუფი ჰქონდეთ ერთნაირი. მედიცინა უფრო შორს წავიდა და გადანერგვას იმ შემთხვევაშიც ბედავენ, როცა სისხლის ჯგუფიც არ ემთხვევა! ღვიძლი მარჯვენა და მარცხენა წილისგან, მთლიანად კი, 8 სეგმენტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული - ავტონომიურად ფუნქციონირებს, მაგრამ ფუნქციადაკარგული ღვიძლი მაინც მთლიანად ამოჭრას ექვემდებარება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სიმსივნედ გადაგვარდეს. ამოკვეთილის ადგილზე უნდა ჩაინერგოს ან გვამიდან ამოღებული მთლიანი ღვიძლი, ან ცოცხალი დონორისგან აღებული ღვიძლის ნახევარი. ბავშვებში ნახევარზე ნაკლების გადანერგვაც შეიძლება. სხვა ორგანოებთან შედარებით, ღვიძლის გადანერგვა ტექნიკურად ყველაზე რთულია, რადგან არტერიების ვებნების და სანაღვლე გზების 5 შეერთება უნდა მოხდეს, არადა, ზოგი გზა მეტისმეტად ვიწროა. ოპერაციისშემდგომ პერიოდში, რეციპიენტი (ორგანოს მიმღები), რომელსაც ღვიძლი თითქმის არ ჰქონდა, უფრო უკეთ გრძნობს ხოლმე თავს, ვიდრე დონორი. ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც უსწრაფესად ექვემდებარება განახლებას. გადანერგვიდან 6 თვეში პაციენტმა ექოსკოპია რომ გაიკეთოს, რადიოლოგმა შეიძლება ვერც გაარჩიოს, მას საკუთარი ღვიძლი აქვს თუ გადანერგილი! ანალოგიურად სწრაფად ხდება დონორის მოკვეთილი ნახევრის აღდგენაც, მაგრამ მეორედ გაცემის ნებართვა მას აღარ ექნება. ღვიძლის ამ თვისებაზეა დაფუძნებული ლეგენდის ფინალი, როცა მიჯაჭვულ ამირანს ყორანი ღვიძლს უკორტნის და მაინც ეზრდება.

- თირკმელის ნახევარის გადანერგვა თუ არ შესაძლებელი?

- არა. გადასანერგი თირკმელი აუცილებლად, მთლიანი უნდა იყოს. გადანერგვის წინ დონორის ორივე თირკმელს გულდასმით იკვლევენ 2 მიზნით: რამდენად გამოადგება რეციპიენტს მისი თირკმელი და დარჩენილი თირკმელი რამდენად მოახერხებს ორივე თირკმელის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას.

- რა სიახლეებია ტრანსპლანტაციის სფეროში?

- ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საშვილოსნოს გადანერგვა. აქამდე, გადენერგვა წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ ამ ორგანოს მთავარი ფუნქციის - შვილოსნობის აღდგენა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნორვეგიაში საშვილოსნოგადანერგილმა რამდენიმე ქალმა უკვე შეძლო ბავშვის გაჩენა! იმისთვის რომ საშვილოსნო გადასანერგად ვარგისად ჩაითვალოს, საჭიროა მოხდეს პერსპექტიული დონორის სრული სკრინინგი (გამოკვლევა), უნდა გამოირიცხოს თანმხლები დაავადებები - სიმსივნე, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი და ა.შ. და იმუნოლოგიური ტიპირების შემდეგ განისაზღვროს პაციენტი, ვისაც ამ ქალბატონის საშვილოსნოს გადაუნერგავენ. ჯერჯერობით საშვილოსნოს გადანერგვის ერთეული შემთხვევებია ცნობილი.

- რამდენად შესაძლებელია ადამიანისთვის მთლიანად თავის, ან ტვინის გადანერგვის აქამდე ფანტასტიკის სფეროში არსებული სიუჟეტების რეალიზაცია?

- გაჟონა ინფორმაციამ, რომ ახლახან იტალიელმა ქირურგმა მაიმუნისთვის თავის ტვინის გადანერგვა მოახერხა და მიმდინარე წლის ბოლომდე ანალოგიური ოპერაციის ჩატარებას ის ადამიანისთვისაც აპირებს. იმის მიუხედავად, რომ ნერვული უჯრედები კვების შეწყვეტიდან მალევე იღუპებიან, მათი გადანერგვის შესაძლებლობა ფანტაზიის სფეროს აღარ განეკუთვნება. ახალი დასკვნების თანახმად, ნერვული უჯრედის აღდგენაც კი შესაძლებელია. პირველად რუსმა ტრანსპლანტოლოგმა თავის გადანერგვის გზით ჩვეულებრივისგან შექმნა ორთავიანი ძაღლი და ამჟამად, ასეთი ძაღლები საკმაოდ ბევრნი არიან! მსგავსი ცდები ცხადყოფს, რომ არცთუ შორეულ მომავალში თავის გადანერგვა ადამიანისთვისაც სრულიად შესაძლებელი იქნება!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...