სხვადასხვა
დაივერის კოშმარი - ორი დღე წყლის ქვეშ სინათლისა და ჟანგბადის გარეშე
დაივერის კოშმარი -  ორი დღე წყლის ქვეშ სინათლისა და ჟანგბადის გარეშე

სამი თვის წინ სისკო გრასიას დაივერისთვის ყველაზე საშინელი კოშმარის გადატანა მოუხდა - ის მიწისქვეშა მღვიმეში ჰაერის მარაგის გარეშე დარჩა. დახმარებას 2 დღის განმავლობაში ელოდა. გადარჩენა კი  მღვიმეში აღმოჩენილი საჰაერო ჯიბით და სწორად მიღებული გადაწყვეტილებით შეძლო.

შაბათს, 15 აპრილს,  კუნძულ მალიორკაზე მყოფმა 54 წლის სისკომ წყალში ჩაყვინთა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. გრასია გეოლოგიას ასწავლის, ხოლო დასვენების დღეებს, სტანდარტულად, წყლის ქვეშ ატარებს - დაივერი ადგილობრივი წყალქვეშა მღვიმეების რთულ სისტემას სწავლობს და მათ რუკებს ადგენს.

ამჯერად გრასია და მისი მეგობარი გილიემ მასკარო ქოვა დე სა პიკეტას მღვიმის შესწავლას აპირებდნენ. მღვიმე შესასვლელიდან ერთ კილომეტრში იშლება და თანდათან ნამდვილ მიწისქვეშა ლაბირინთად იქცევა, რომელიც, თავის მხრივ,   წყლით დაფარული მრავალი დარბაზისგან შედგება.

დაივერებმა დარბაზებამდე ერთი საათი იარეს.

სანამ გრასია ნიმუშების შეგროვებით იყო დაკავებული, მასკარო ერთ-ერთ მეზობელ დარბაზში გადავიდა, რომ მისი სქემის მონახაზი შეექმნა.

ის-ის იყო შინ დაბრუნებას აპირებდნენ, რომ უცებ რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. ჯერ გრასია და მასკარო შემთხვევით   შეეჯახნენ ერთმანეთს დარბაზის გასასვლელში, რის შედეგადაც ნარჩენი ნალექი დაიძრა და წყალი აამღვრია (მღვრიე წყალში კი ყველაფრის გარჩევა გაჭირდა), ხოლო  შემდეგ ისიც აღმოაჩინეს, რომ დამზღვევი თოკი, რომლითაც ისინი ამ ლაბირინთიდან უნდა გასულიყვნენ, სადღაც დაიკარგა.

„ეს თოკი ორიენტირად გვჭირდებოდა. როდესაც მღვიმეში შედიხარ, მის ერთ ბოლოს შესასვლელში ამაგრებ და მეორე თან მიგაქვს.  ასე  უკან დაბრუნების პრობლემა აღარ გაქვს. რაც მოხდა, იმაზე ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია მხოლოდ. ვფიქრობთ,  თოკზე ქვა დაეცა და გაწყდა,  ან უბრალოდ, ქვებით დაიფარა. ჩვენ ერთი ძვირფასი საათი დავკარგეთ იმისთვის, რომ როგორმე ეს თოკი გვეპოვა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.“ - იხსენებს გრასია.

ამ დროისთვის  ორი დაივერი უკვე სასიკვდილო საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. მათ ბალონებში არსებული ჰაერი მთლიანად გახარჯეს. გაიხარჯა  ის მარაგიც,  რომელიც  საგანგებო სიტუაციისთვის ჰქონდათ განსაზღვრული.

საბედნიეროდ, გრასიას გაახსენდა, რომ ერთ-ერთი დაივერი ადრე ერთ-ერთ მეზობელ დარბაზში არსებულ საჰაერო ჯიბეზე  (მონაკვეთი, სადაც ზედაპირი წყლის დონეზე მაღლა ადიოდა) ყვებოდა. სწორედ იქ წაიყვანა მასკარო, რომ შექმნილი სიტუაცია განეხილათ და გამოსავალი ეპოვათ.  ჰაერის მარაგი მხოლოდ იმდენი რჩებოდათ, რომ ერთ-ერთს ხმელეთზე გასვლა მოეხერხებინა.  

- „გადავწყვიტეთ, რომ მე დავრჩენილიყავი და გილიემი წასულიყო დახმარებისთვის. ის უფრო გამხდარი იყო და ნაკლები ჟანგბადი სჭირდებოდა. მე კი ბევრად უფრო მარტივად შემეძლო მღვიმის ჰაერით სუნქვა, რომელიც გაცილებით მეტ ნახშირორჟანგს შეიცავდა“- იხსენებს გრასია.

რუკაზე ალტერნატიული - უფრო გრძელი, მაგრამ ნაკლებად რთული მარშრუტი დადეს. ამ გზას ერთ-ერთი მათგანი ხმელეთამდე უნდა გაეყვანა.

-ეს იგივეა, რაც დაჯდე საჭესთან და შეეცადო, ატარო მანქანა ძალიან ნისლიან ღამეში - ამბობს გრასია. გილიემს ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, მაგრამ  ორივეს გვესმოდა, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ ეს იყო”.

როდესაც მასკარო წავიდა, გრასიამ აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი მოიხსნა და მღვიმის იმ დარბაზის გამოკვლევას შეეცადა,  რომელშიც აღმოჩნდა. დარბაზი, დაახლოებით 80 მეტრის სიგრძის და 20 მეტრი სიგანის იყო, ხოლო მანძილი შემაღლებულ ადგილსა და წყლის ზედაპირს შორის 12 მეტრს იჭერდა.

რაღაც დროის შემდეგ გრასიამ აღმოაჩინა, რომ წყლის ზედაპირული ფენა დასალევადაც გამოდგებოდა. შემდეგ  ერთი ბრტყელი ქვა იპოვა და მასზე აძვრა, რომ ცოტა დასვენებაც შეძლებოდა. გრასიამ გადაწყვიტა, როგორმე სინათლის გარეშე გაეძლო. მისი ორი ფანარი უკვე აღარ მუშაობდა და მესამესაც ეგ ბედი ელოდა. იცოდა, რომ სინათლე საგანგებო სიტუაციებისთვის დასჭირდებოდა.

-„ფანარს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვრთავდი - როდესაც ბუნებრივი საჭიროებები შემაწუხებდა, ან როდესაც წყალი მომინდებოდა“…

მეტის გაკეთება უკვე აღარ შეეძლო, ერთადერთი რამ რჩებოდა - სრულ სიბნელეში უნდა დალოდებოდა და იმედი არ დაეკარგა.

- „ვეკითხებოდი თავს, რატომ დამემართა ეს მაინცდამაინც ახლა - დაივინგით გატაცებიდან ამდენი წლის შემდეგ. ლოდინის პირველშვიდი-რვა საათი იმედიანად ვიყავი, ვვარაუდობდი, რომ გილიემი სამშვიდობოს გავიდა და მეც მეშველებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს იმედიც დავკარგე. ალბათ,  გილიემი დაიკარგა და დაიღუპა-მეთქი, ვფიქრობდი. ამ შემთხვევაში, არავის ეცოდინებოდა, სად ვიმყოფებოდი“.  

შემდეგ ახლობლებზე ფიქრმა არ მოასვენა. ოჯახზე, რომელიც ხმელეთზე ელოდებოდა.

ორი შვილი მყავს, ვაჟი 15 წლისაა, გოგონა - 9-ის. ვფიქრობდი, როგორ გაუჭირდებოდათ მამის დაკარგვა ამ ასაკში. იმაზეც ვფიქრობდი, რა ეშველებოდათ, უჩემოდ როგორ უნდა ეცხოვრათ”.

პანიკას გაუმკლავდა, მაგრამ ცოტა ხანში მასზე ზემოქმედება  დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგმა დაიწყო, რომელიც მღვიმის ჰაერის შემადგენლობაში შედიოდა. (ჰაერში, რომელსაც ხმელეთზე ვსუნთქავთ, ნახშირორჟანგი, დაახლოებით, 0,04%-ია, ხოლო წყალქვეშა მღვიმის საჰაერო ჯიბეში ეს მაჩვენებელი 5%-ს აღწევდა)

-„თავი მტკიოდა და მიუხედავდა იმისა, რომ ჟანგბადის ნაკლებობით, ფაქტობრივად, დაუძლურებული ვიყავი, ფიქრები მაინც არ მაძინებდნენ“

ჟანგბადის ნაკლებობის გამო მისმა ცნობიერმა მისი მოტყუება დაიწყო.

-„მეჩვენებდა, რომ ვხედავდი სინათლეს წყლის ქვეშ და მესმოდა, როგორ ამოდიოდა ჰაერის ბუშტები და რომ ის-ის იყო, დაივერიც ამოყვინთავდა,  მაგრამ როდესაც თავს ვაბრუნებდი, ვეღარაფერს ვხედავდი. ეს ჰალუცინაცია იყო”.

მომდევნო ეტაპზე დაივერმა დროის აღქმაც დაკარგა.  ეჩვენებოდა, რომ რამდენიმე დღე გაატარა მღვიმეში. გონს ხმაურმა მოიყვანა და მიხვდა, რომ მასკარო, სავარაუდოდ, მაინც გავიდა ხმელეთზე. იმედი ისევ მიეცა და...

-„მეჩვენებოდა, რომ მესმოდა  ჰაერით ცისტერნების გავსების ხმა, მოგვიანებით მივხვდი, რომ კლდის გაბურღვას ცდილობდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ნამდვილად მეძებდნენ.”

გრასიამ ყველაზე რთული მომენტი მაშინ გადაიტანა, როდესაც იმედისმომცემი ხმაური შეწყვიტეს…

„უკვე ვფიქრობდი, რომ დაივერისთვის ყველაზე საშინელი სიკვდილით უნდა მოვმკვდარიყავი - საჭმლის ან ჰაერის უკმარისობით. ბოლო ფანარშიც თითქმის დაჯდა ელემენტი და ვგრძნობდი, რომ სიბნელეში წყლისთვის ჩასვლასაც კი ვეღარ მოვახერხებდი. გადავწვიტე,  იმ ადგილამდე გავსულიყავი, სადაც ჩემი აღჭურვილობა მქონდა დატოვებული და  დანა წამომეღო. მინდოდა,  იმ შემთხვევისთვის მქონოდა, თუ  სწრაფ ან ნელ სიკვდილს შორის არჩევანის წინაშე დავდგებოდი.”

ამ ფიქრებში იყო ჩაფლული, როდესაც წყლის ხმა ისევ გაიგო.

მოვბრუნდი და დაივერის ფანარის სინათლე დავინახე. ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. თავდაირველად ვიფიქრე, რომ კიდევ ერთი ჰალუცინაცია იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ მეჩვენებოდა და ნამდვილად დავინახე წყლიდან ამოსულიშლემი”

ეს ბერნატ კლამორი, მისი ძველი მეგობარი იყო.

წყალში გადავხტი , რომ გადავხვეოდი. მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი და მეც ვიპასუხე, რომ, ვშიშობდი, რომ უკვე მოვკვდი”.

მოგვიანებით გრასიამ გაიგო, რომ მასკარომ განგაში ატეხა, როგორც კი ხმელეთზე აღმოჩნდა, მაგრამ სამაშველო ოპერაცია ცუდი ხილვადობის გამო შეყოვნდა. თავდაპირველად მაშველები შეეცადნენ, რომ კლდე გაებურღათ და მისთვის წყალი და საკვები მიეწოდებინათ. ამით აიხსნებოდა ის ხმაური, რაც გრასიას ესმოდა, როდესაც დახმარებას ელოდა. მაგრამ ეს მცდელობა მცდელობად დარჩა.  

საბოლოდ კი კლამორმა და მისმა მეგობარმა, ჯონ ფრედიმ  მასთან მიღწევა შეძლეს, ისიც მას შემდეგ, რაც ნალექი ფსკერზე დავიდა და ხილვადობა გაუმჯობესდა.

ამით გრასიას გამოცდა არ დამთავრებულა. კლამორი იძულებული იყო, მაშველების მოსაყვანად გაბრუნებულიყო. დაივერს გლუკოზის პაკეტები დაუტოვა, რომ მას ძალების აღდგენა შეძლებოდა და წავიდა.

„ჩემს გამოყვანას კიდევ რვა საათი ცდილობდნენ. მაგრამ ეს უკვე ბედნიერი რვა საათი იყო”

მღვიმიდან გამოყვანამდე მაშველებმა დაივერს უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობის ჰაერის სუნთქვის საშუალება მისცეს. ხმელეთზე კი ის 17 აპრილს,  წყალში ჩასვლიდან 60 საათის შემდეგ დაბრუნდა. იქ გილიემ მასკარო დახვდა.

ერთმანეთს გადავეხვიეთ, მაგრამ საუბრის დრო არ გვქონდა. მე სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადამიყვანეს.  როგორც კი  წყლიდან ამოვედი, თვალი ოდნავ „გამექცა“. ტემპერატურა 32 გრადუსი მქონდა, ჰიპოთერმიის რისკი არსებობდა. ღამით სუფთა ჟანგბადით სუნთქვის საშუალება მომცეს.

გრასიამ, მთელი ამ დროის განმავლობაში, საკუთარი ემოციების გაკონტროლება შეძლო.

დაივერებმა საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა მოახერხონ. მეორე დღეს ტელერეპორტაჟი ვნახე დიდი სამაშველო ოპერაციის შესახებ და ავტირდი. ისეთი მადლობელი ვიყავი, რომ... “

მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირე ჰქონდა, ამ შემთხვევას დაივერის ცხოვრების წესზე კვალი არ დაუმჩნევია. მან თავისი საქმიანობა ძველებური ენთუზიაზმით განაგრძო.

„მღვიმე ხომ არაა დამნაშავე მომხდარში? მასზე როგორ უნდა გავბრაზდე? ჩემს შვილებს ეს გატაცება არ მოსწონთ, მაგრამ არასდროს მეუბნებიან, რომ ეს საქმიანობა უნდა შევწყვიტო. მე წყალქვეშა სამყაროს უკვე 24 წელია, ვსწავლობ. ეს მე სისხლში მაქვს”- აღნიშნა გრასიამ.

ავტ. კლერ ბეიტსი

ბიბისი

  

loading...