საზოგადოება
„30 დღეზე მეტია ვშიმშილობთ, კანცელარიიდან არავინ შეგვხმიანებია, ფანჯრიდანაც არავის უკითხავს, - აქ რატომ იხოცებითო“ - ეთერ კოხტაშვილი
„30 დღეზე მეტია  ვშიმშილობთ, კანცელარიიდან არავინ შეგვხმიანებია, ფანჯრიდანაც არავის უკითხავს, - აქ რატომ იხოცებითო“ - ეთერ კოხტაშვილი

მრავალწლიანი შრომა, მცირე დანაზოგი და შემოსავლის გაზრდის დაკარგული შანსი - საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები უკვე ათი თვეა, კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ. სამართალს უბან-უბან,  კარდაკარ და კაბინეტ-კაბინეტ  ეძებენ. ერთი თვის წინ უკიდურეს ზომებსაც მიმართეს და მრავალწლიანი შრომის შედეგად მოპოვებული ფინანსური დანაზოგის დაკარგვით სასოწარკვეთილებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მას შემდეგ 8-10 დაზარალებული კანცელარიის წინ პროტესტის გამოხატვას სწორედ ამ ფორმით, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოდ ცდილობს...

ეთერ კოხტაშვილი: 30 დღეზე მეტია, ვშიმშილობთ, 65-70 წლის ქალბატონები, მამაკაცები, ჩვენი ახალგაზრდა შვილები ვდგავართ, ჩავიხოცეთ, მაგრამ ერთი არავინ გამოსულა, ფანჯრიდანაც კი არავინ შეგვხმიანებია, არ უკითხავთ, - რატომ დგახართ აქ, რატომ იხოცებითო.

საქმე იმაშია, რომ ძალიან სერიოზულ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი. ეს კომპანია 2008 წელს შეიქმნა, ხოლო 2013 წელს იმავე სახელწოდების ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ბუნებრივია, სარეგისტრაციო კოდი იყო განსხვავებული. ამან გამოიწვია გაუგებრობა. პირადად მე  მეანაბრეებს მაშინ შევუერთდი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და როდესაც დავიჯერე, რომ სახელმწიფო შედგა.  მეგონა, მთავრობა „მთავრობდა“, სამართალი სამართლიანობდა და ა.შ.  კომპანია 2016 წელს, არჩევნების წინ დაიხურა. ამის ინიციატორ-ორგანიზატორი კი  ეროვნული ბანკი გახლდათ, რომელსაც მისი მუშაობის შეჩერების არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან კომპანიას აუკრძალა რეკლამები, აუკრძალა ფინანსების მოზიდვა და ა.შ. მოკლედ, 2300 კაცი დაგვტოვა ასე ქუჩაში გაკოტრებულ-გაუბედურებული.  კომპანიაც დახურა და ჩვენც ზედ მიგვაყოლა. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს თანამდებობაც კი არ ჰქონია, როდესაც განკარგულებას მოაწერა ხელი. როდესაც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ადგნენ და უცებ გააფორმეს, ოფიციალურად დანიშნეს ვიცეპრეზიდენტად. ფინანსურმა კომისიამ დააკავა დირექტორი ლობჟანიძე, ფაქტიური მმართველი ფერაძე, მისი ცოლი, 100%-იანი წილის მფლობელი თამარ მეტრეველი. ახლაც მიდის პროცესი და ვერ გავიდნენ ბოლოში. სიაც ვერ დააზუსტეს,  ოფიციალური ციფრია 2348, მაგრამ რეალურად არ ვართ ამდენი... აქვე იმასაც გეტყვით, რომ  ამ 2348 ადამიანიდან 400-ზე მეტი ვართ ემიგრანტი. ნაწილი დღესაც ემიგრაციაშია, იქიდან ჰქონდათ ფული გამოგზავნილი. პირდად მე 16 წელი ვიყავი საზღვარგარეთ და თითქმის ყოველ თვე საქართველოში ვრიცხავდი ბანკებში, რომ რაღაცით შევხიდებოდი ამ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ იქ მეტი გარანტია მქონდა  ჩემი ნაშრომის დაცულობის. ახლა რომ მცირდება საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი თანხის რაოდენობა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ აქ დაცულობა უკვე მთლად ნულზე არაა, მაგრამ ძალიან დაბალია. პირადად მე მიკავშირდებიან, ბევრი ახლობელია და მეგობარია, მეკითხებიან ვითარებას და ვერავის ვატყუებ, ვერც მოვატყუებ, ვერ ვეტყვი, რომ გადმორიცხონ. პირიქით, ვურჩევ,  სადაც ხართ, იქ გქონდეთ ეს თქვენი ფული და რომ ჩამოხვალთ, ჩამოიტანეთ და მშვიდობაში მოიხმარეთ-თქო.  იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ვიწვნიეთ,  როგორ იცავენ აქ ჩვენს ნაშრომს. რეალურად   ფული ფერაძეს კი არა, სახელმწიფოს ვანდეთ. 16 წლის განმავლობაში 24 საათი ვმუშაობდი, ბევრს ვშრომობდი და აი,  ასეთი შედეგი მივიღე. ბოლო 4 თვეში 15 მიცვალებული გვყავს უკვე. გადაყვა ნერვიულობას ხალხი.

ანა ძნელაძე: მართალია, ჩვენ დაზარალებულად გვცნეს ფერაძესთან მიმართებაში და თვის ბოლოს განაჩენიც იქნება გამოტანილი, მაგრამ სხვა რამესაც ვდავობთ - ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკია კონკრეტულად ამ შემთხვევაში დამნაშავე. ახლავე მოგახსენებთ, რატომ.

ეროვნულ ბანკს აქვს არასაბანკო სექტორი, მისი მმართველია შალიკაშვილი. ამ თემას გადაცემაც მიეძღვნა, „გამომძიებელი რეპორტიორი“ იყო ავტორი, შეგიძლიათ, ნახოთ.  გადაცემაში ამბობენ, არ ვიცოდით, ორი კომპანია რომ არსებობდაო და შემთხვევით დავადეთ ხელი ძველ კომპანიასო. ამან გამიწვია აჟიოტაჟი მეანაბრეებშიო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით ძველი კომპანია იყო ეს თუ ახალი, როგორც კი პრობლემის შესახებ გავიგეთ, მივცვივდით და ავჭედეთ კარები. ფაქტობრივად, აღარ მივეცით საშუალება, ანაბრები მიეღო. თურმე მაშინ ამ კომპანიას არანაირი შეზღუდვა არ გააჩნდა. თუმცა ახლა სხვაგვარად ალაპარაკდა შალიკაშვილი. პროცესზე იყო გამოსული და აღიარა, რომ ორივე კომპანიის არსებობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. აი, სწორედ ესაა, რასაც ჩვენ, მეანაბრეები ვედავებით. მათ სპეციალურად აღიარეს ჯერ ძველი კომპანია კვალიფიციურ სუბიექტად, რომ შექმნილიყო პანიკა და ჩვენ თვითონვე, მეანაბრეებს გაგვეუქმებინა და ამის შემდეგ უკვე ახალი კომპანია აღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად.

როდესაც  აღიარეს, ის უკვე დახურული იყო, ახალი მეანაბრეები ვეღარ შედიოდნენ, შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არცერთ ადამიანზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. მარტო ჩემი სიტყვებით კი არ ვლაპარაკობ. რისი დოკუმენტური მტკიცებულებაც მაქვს, იმაზე ვაკეთებ აქცენტს. ფაქტობრივად, შალიკაშვილმაც აღიარა ეს. თქვა, რომ იცოდნენ, რომ არსებობდა ორი ერთი და იმავე სახელწოდების კომპანია, აღიარა, რომ ჰქონდა ფარული შეხვედრები ფერაძესთან და ა.შ. რეალურად, მერაბ ფერაძე ამ კომპანიის მფლობელი არაა, იურიდიულად ეკუთვნის მის მეუღლეს. ფერაძე კი მართავდა, მაგრამ იურიდიულად არაფერს წარმოადგენდა. შალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჰქონდა შეხვედრები ფერაძესთან არასამუშაო დროს და არასამუშაო ვითარებაში. ერთმანეთს შეხვდნენ ეროვნული ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჰქონდათ ფარული საუბარი.

 შალიკაშვილმა ეს მაშინ აღიარა, როდესაც სასამართლოში ფერაძე დაუპირისპირდა და უთხრა, რომ ამ ყველაფრის ფარული ჩანაწერი გააჩნდა.

ახლა აქ რა ხდება: არასაბანკო სექტორს ევალება, ბანკების გარდა, ყველა ფინანსურ დაწესებულებას გაუწიოს ზედამხედველობა.  სავარაუდოდ, მას თვალი უნდა დაეხუჭა ამ კომპანიის არსებობაზე. ჩვენ ხომ 5%-ს ვიხდიდით ოფიციალურად?!  ფერაძემ სპეციალურად ჩამოაყალიბა მეორე კომპანია და იქით გადაგვიყვანა მეანაბრეები. ჩვენ ეს არ ვიცოდით. მექანიკურად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, მითითებული იყო კომპანიის სახელი და ბუნებრივია, ვერაფერს მივხვდით. შინაარსობრივადაც ერთი და იგივე  იყო და... სანაცვლოდ, მათ იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ შეგნებულად ცნეს ეს კომპანია კვალიფიციურ სუბიექტად, რომელსაც არც მეანაბრე ჰყავდა და არც ფული ჰქონდა გასესხებული და საერთოდ, არც არაფერს საქმიანობდა. შემდეგ გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადეს, რომ კომპანია „საქართველოს“ აქვს ფინანსური პრობლემები. ჩვენ მივცვივდით, აღარ დავუჯერეთ არავის, რადგან თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ოფიციალური განცხადება. მოგვცეს დოკუმენტებიც, რომ არის კვალიფიციური სუბიექტიო... რატომღაც დაავიწყდათ მიეთითებინათ,  რომ ეს ის კომპანია არ იყო... მოკლედ,  დახურეს მიზანმიმართულად და შემდეგ დახურული კომპანია ცნეს კვალიფიციურ სუბიექტად. პირადად მე მოვისმინე, როგორ ამბობდა შალიკაშვილი, ორი კომპანიის არსებობა ჩემთვის სიურპრიზიაო... შემდეგ რამდენიმე მეანაბრესთან ერთად  თვითონ გამოვიძიე ყველაფერი, გავიგე ის, რომ თურმე ორი ერთი და იმავე სახელწოდების, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდების მქონე კომპანია არსებობს, ის, რომ მაშინ ჩვენს  კომპანიას არ ეხებოდა არანაირი აკრძალვა და ასე შემდეგ.  

ახლა ვითხოვთ, რომ  სისხლის სამართლის საქმე  აღიძრას მერაბ შალიკაშვილზეც. ჩვენი მთავარი მოთხოვნა კი არის ის, რომ საპარლამენტო კომისიამ, "მოსმენის ჯგუფმა", რომელიც 7 თვის წინაა შექმნილი, დაგვიდოს დასკვნა, რა გამოიძია. ჩვენ ვიცით, რომ მერაბ ფერაძე არის თაღლითი და ამაზე არ ვდავობთ. ის იყო დასაჭერი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ამას ხელი შეუწყო ეროვნულა ბანკმა და კომისიის დადგენილებაში ეს უნდა ეწეროს. ეროვნულ ბანკს კომპანია კვალიფიციურ სუბიექტად უნდა ეცნო 2012 წელსვე, როცა ამის გაკეთება შეეძლო, როდესაც პროკურატურას მიმართა, - კომპანიის საქმიანობა გამოიძიეთო, როდესაც ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა პირამიდული სქემით ეხელმძღვანელათ ან რაიმე სახის დანაშაულს ჰქონოდა ადგილი. მას ჰქონდა ამის უფლებამოსილება. 2012 წლამდე ჰყავდა 300-მდე მეანაბრე და არ იქნებოდა დღეს 2348 დაზარალებული და 15 გარდაცვლილი. სულ 200-300 კაცი იქნებოდა დასაკმაყოფილებელი და ამას ფერაძის ქონებაც ეყოფოდა. სახელმწიფოსაც გაუადვილდებოდა პრობლემის მოგვარება. აუცილებლად უნდა ჩაიწეროს დასკვნაში, რომ ეროვნული ბანკია დამნაშავე, სპეციალური განკარგულების საფუძველზე, აუცილებლად უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია და სხვადასხვა უწყების თანამშრომლები ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში, იქნება ის ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, ეროვნული ბანკიდან, თვითონ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან თუ სხვა... უნდა იმსჯელონ, ვინ როგორ გამოვიდეს პრობლემიდან და როგორ გამოიყვანონ ის 2348 ადამიანი. მათ რეალური სიკვდილისგან უნდა იხსნან ადამიანები. აი, ამის წინაშე ვდგავართ დღეს. სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნოს. გახსოვთ, ალბათ, თავი რომ მოიკლა ქალბატონმა, მტკვარში რომ გადახტა, ჩვენი მეანაბრე იყო. 14 ადამიანი გვყავს დახოცილი ნერვიულობის ფონზე და 3 ადამიანი ფსიქიატრიულშია გადაყვანილი. ეს დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემაა და შეუძლებელიც არაფერია. ახლა ვდგავართ და ველოდებით, რა განაჩენს გამოგვიტანს პარლამენტი. დიახ, ეს იქნება განაჩენი.

 

შიმშილობის დაწყებამდე მეანაბრეები პერიოდულად  აქციებს  მართავდნენ და პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებასაც აანონსებდნენ.  ამის გამო დაზარალებულებს სპეციალური განცხადებით პრემიერ-მინისტრმაც მიმართა და გამოძიების დასრულებამდე თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას. 

უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი და მმართველი დააკავა. 

პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარმოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში. გვსურს, მოვუწოდოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას.“- აღინიშნა განცხადებაში. 

ცნობისთვის,

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში დააკავა. გამოძიებით დადგინდა,  რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით,  შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველო“ დარეგისტრირდა. საზოგადოების საქმიანობას მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება წარმოადგენდა. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია სარეკლამო კამპანიას  ეწეოდა, რის საფუძველზეც ანაბრის სახით ფულადი შენატანი არაერთმა მოქალაქემ განახორციელა. 

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით,  აღნიშნული თანხები არამიზნობრივად გახარჯა - სესხები ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე,  როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე გასცა. ჯამში, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი გაიცა. შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და  პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, რის გამოც კომპანიის 2 648 (მოგვიანებით ეს ციფრი 2348-მდე შემცირდა) მეანაბრეს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. მეტიც, მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ  76 000 000 ლარს შეადგენს. 

 

 

loading...