საზოგადოება
კორუფცია თუ არასაკმარისად მკაცრი კანონმდებლობა? - რას ედავებიან ბინათმესაკუთრეები მერიას?
კორუფცია  თუ არასაკმარისად მკაცრი კანონმდებლობა? - რას ედავებიან ბინათმესაკუთრეები მერიას?

უკანონო მშენებლობები და ამ სფეროში არსებული ქაოტური გარემო დღემდე თბილისის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. წლების განმავლობაში ეს თემა ჯიუტად არ კარგავს აქტუალობას და შესაბამისად, იზრდება დედაქალაქში ნებადართული უკანონო მიშენება-დაშენებებისა და დაუსაბუთებელი მშენებლობების  რიცხვი. პრობლემას უფრო ამწვავებს ის ფაქტიც, რომ სისტემის უსამართლობას,  ყველაზე კარგ შემთხვევაში, მხოლოდ დაბალი რანგის  თანამდებობის პირები ეწირებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა  ქვეყნებისთვის, ისეთის, როგორიც ჩვენ ვართ,  უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხიმგებლობის არარსებობა უკვე გასაკვირიც არ არის. ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის სამი ათეული წლის გასვლის შემდეგაც სახელმწიფომ „ბიძიობის“ ინსტიტუტზე  ბოლომდე ვერ თქვა უარი,  რაც ,თავის მხრივ, არა მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის  პირების „დამსახურებაა“,   არამედ   სამოქალაქო საზოგადოების  დაბალი სამართლებრივი თვითშეგნებისაც, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების გამოცდილებასაა დაფუძნებული.

ამ პრობლემის სიმწვავის ხაზგასასმელად სხვადასხვა მაგალითის მოშველიება ძნელი არ არის, თუმცა ამჯერად ყურადღებას ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გავამახვილებ, რომლის შესახებაც  ვაჟა-ფშაველას მე- 7 კვარტალში, 13 კორპუსი / ქავთარაძის #24 ნომერში მდებარე კორპუსის ერთ-ერმა მობინადრემ,  ეკატერინე ცაგურიამ გვიამბო. როგორც ქალბატონმა  ეკატერინემ განმარტა,  9 სართულიან კორპუსის სახურავზე  „მანსარდის“ ( საცხოვრებელი სხვენის ) დაშენების სამუშაოები „კანონდარღვევით“  მიმდინარეობს.  თავის მხრივ,  კორპუსი 1971 წელს, მაშინდელი სამშენებლო მოთხოვნების დაცვით, 7 ბალიან სეისმომედეგობაზე გათვლით არის აშენებული (დღეს ნორმატიული მოთხოვნა 8 ბალია).  კორპუსი 46 წლისაა (ზოგადად ექპლოატაციის  ვადა 50 წელია) და ამ ხნის განმავლობაში არც კოსმეტიკური და არც კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის  გაცემის წესის  და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #57 დადგენილების თანახმად, IV კლასს (ნაგებობა რისკის მაღალი ფაქტორით) მიეკუთვნება. ამავე დადგენილების 26-ე მუხლის თანახმად კი ასეთი ტიპის შენობებისთვის ნებართვის გასაცემად საინჟინრო-გეოლოგიური საექსპერტო შეფასებაა აუცილებელი, თუმცა მის არარსებობას ნებართვის გაცემისთვის ხელი არ შეუშლია - საჭიროდ არ ჩათვალეს გეოლოგიური კვლევის  ჩატარება მაშინ,  როცა კანონი ამ ვალდებულებას პირდაპირ ითვალისწინებს. შპს „მონოლითის“ საინჟინრო-კონსტრუქციულ დასკვნაში, რომელიც მშენებლობის დამკვეთების მოთხოვნით ჩატარდა, ნათლად ჩანს, რომ საექსპერტო დასკვნა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მომზადდა. 

მე-20 საუკუნის ბოლოს სახურავზე მოხდა ერთი სართულის უკანონოდ დაშენება, რომელიც, ქალბატონ ეკატერინეს თქმით,  მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ პროექტში შეგნებულად არ აუსახავთ.   ბინათმესაკუთრეთა  განცხადებით,  მშენებლობის ნებართვაზე თანხმობა გაიცა მოტყუებით. მათი თქმით, კორპუსის  მაცხოვრებელთა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა სახურავის შეკეთებაზე და არა მასზე „მანსარდის“ დაშენებაზე. ამასთან ერთად ,ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც ბინათმესაკუთრეთა 2/3-ის თანხმობა იქნა წარმოდგენილი, სისხლის სამართლებრივად სადავოდ არის გამხდარი დოკუმენტის შესაძლო  გაყალბების გამო , რადგან სადავოა  რიგ მესაკუთრეთა ხელმოწერის საკითხი, რომლებიც წლებია უკვე საზღვარგარეთ იმყოფებიან, ზოგიერთი ხელმომწერი კი საერთოდ არ არის ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის წევრი.

2016 წლის 01 აპრილს  არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა გასაჩივრებულ იქნა თბილისის მერთან. იმავე დღეს კორპუსის სახურავზე უკანონო დაშენების ფაქტზე ადგილზე იქნა გამოძახებული ზედამხედველობის სამსახური. ამ უკანასკნელმა ივლისის თვეში ოფიციალურად დაამოწმა უკანონო  დაშენება. ზედამხედველობის სამსახურის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 9 სექტემბერს  თბილისის მერის ბრძანებით, უკანონო მშენებლობის დამკვეთებს დაეკისრათ შესაბამისი ჯარიმა ძველი დაშენების დამალვის  გამო და დაევალათ მისი დემონტაჟი.  ოქტომბრის თვეში დამკვეთების მიერ თავიდან იქნა შეტანილი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე განაცხადი, რაც 2016 წლის  22 დეკემბრის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან იმავე საბუთების საფუძველზე, რაც პირველი ნებართვის გაცემის დროს იყო შეტანილი და რომლის მთელ რიგ დარღვევებზე არქიტექტურის სამსახური ნოემბრის თვეში უკვე იყო ინფორმირებული, ხელმეორედ  იქნა  გაცემული,  ამდენად, საინტერესოა, რამდენად აღმოფხვრიდა მხოლოდ  ჯარიმის გადახდა აღნიშნული პროექტის ხარვეზებს და კაპიტალური დაშენება როგორ გადაიქცეოდა მსუბუქ დაშენებად.

მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებობს  რამდენიმე განსხავებული საექსპერტო შეფასება. სამხარაულის ექსპერტიზის  დასკვნის თანახმად,  „კორპუსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. „მანსარდის“ ტიპის ერთი სრული სართულის დაშენებით სეისმედეგობა მცირდება. აღნიშნულ შენობაზე შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების გარეშე ასეთი სახის დაშენება საფრთხის შემცველია და მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამავე დროს ირღვევა უსაფრთხოების ნორმები. დამკვეთების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად , რომელიც შპს „მონოლითმა“ განახორციელა,  ამ კორპუსზე   ერთი მსუბუქი კონსტრუქციებით  მანსარდის  დაშენება პრობლემას არ შექმნიდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმდინარე წლის  14 თებერვლის დასკვნაში ჩანს, რომ მშენებლობა რეალურად არა მსუბუქი, არამედ, ლითონის მძიმე კონსტრუქციებით  მიმდინარეობს (სახეზეა კაპიტალური დაშენება).  მშენებლობა არ მიმდინარეობს  შეთანხმებული პროექტის მიხედვით.  მერიის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მშენებლობის ნებართვის გაცემის აქტის კანონიერების შესწავლა. მიუხედავად  ზედამხვედველობის სამსახურის ამ დასკვნისა,  მერის 2017 წლის 24 თებერვლის  ბრძანებით, მოქალაქეთა საჩივარი მშენებლობის ნებართვის ბათილობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამჟამად სამუშაოები გაჩერებულია ნებართვის ვადის გასვლის გამო, თუმცა დამკვეთებს უკვე შეტანილი აქვთ ვადის გახანგრძლივებაზე განაცხადი .    მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად ამ თემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს, რადგანაც საქმე საქალაქო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. ისინი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაელოდებიან და  შესაბამისად იმოქმედებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბინათმესაკუთრეთა სარჩელი წარმოებაში მიმდინარე წლის 18 აპრილს  მიიღო და მშენებლობის ნებართვის შეჩერების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა.  

ყოველივე ზემოჩამოთვლილი ფაქტები ამ კონკრეტული პრობლემის ერთგვარი ზოგადი მონახაზია,   თუმცა  პრობლემის სიმწვავეს სხვა უამრავი კანონსაწინააღმდეგო დეტალი ცხადყოფს. ერთი შეხედვით კანონმდებლობა, თითქოს, ამომწურავად ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემის სავალდებულო პროცედურებს, მასზე კონტროლის მექანიზმებს და ა.შ. მაგრამ რეალობაში სხვა ფაქტებსაც ხშირად ვაწყდებით. ერთია კანონის ნება, ანუ სამართალი მისი ფორმალური გაგებით  და მეორე - მისი მატერიალური  მხარე, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ზღვარზე გადის.  კანონის მოქმედებაში მოყვანითა და მისი ფაქტობრივი აღსრულების შესაბამისად სახელმწიფო  ყოველ ჯერზე აბარებს დემოკრატიის, როგორ კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპის,   ტესტს და უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად არცთუ შთამბეჭდავად. პრობლემა ისაა, რომ ყოველი არასწორი ნაბიჯით, ყოველი უკანონო ქმედებით ისევ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეები ზარალდებიან.

 

loading...