საზოგადოება
„პირველი დამნაშავე ამ საკითხში თვითონ დასავლეთია“- რას მოგვიტანს „სამოქალაქო პატრულირება“ საოკუპაციო ხაზთან და შეძლებენ თუ არა სამოქალაქო პირები ე.წ. მესაზღვრეების „შეჩერებას“?
„პირველი დამნაშავე ამ საკითხში თვითონ დასავლეთია“- რას მოგვიტანს „სამოქალაქო პატრულირება“ საოკუპაციო ხაზთან და  შეძლებენ თუ არა სამოქალაქო პირები ე.წ. მესაზღვრეების „შეჩერებას“?

„მცოცავი ოკუპაცია“ დღითიდღე უფრო „მცოცავი“ ხდება.  საავტომობილო მაგისტრალს ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ გადმოწეულ საზღვრთან რამდენიმე ასეული მეტრი აშორებს.  დასავლეთის ეპისტოლარული „შეშფოთებები“ და რეზოლუციები კრემლს ოდნავად არ უშლის ხელს,  „მცოცავი აგრესია“ და საქართველოს მოქალაქეების გატაცება გააგრძელოს. დასავლეთისა და „ევროკავშირის“ არაეფექტური ნაბიჯების გამო საზოგადოების ნაწილი ალტერნატივას რუსეთსა და „ევრაზიულ კავშირში“ ეძებს. მოქალაქეების ნაწილი კი ხელისუფლების უმოქმედობის გამო ე.წ. საზღვრის დაცვას თვითონ აპირებს და ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას იწყებს.

სადამდე მიიყვანს ქვეყანას დასავლეთის არაეფექტური „შეშფოთებების“ პარალელურად მიმდინარე მოსკოვის „მცოცავი აგრესია“ და ვინ ცდილობს მთავარი პრობლემიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე მოსახლეობის ყურადღების გადატანას, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე sazogadoeba.ge-ს ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

-„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო „ევრაზიულ კავშირში“ უნდა გაწევრიანდეს, ხოლო 62% კი „ევროკავშირს“ ირჩევს. მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, „ევროკავშირში“ გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით შემცირდა, ხოლო „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. თქვენი შეფასებით, რატომ მცირდება „ევროკავშირში“ გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა?

-მთავარი მიზეზი ის არის, რომ რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 95-97%-მა არ იცის,  რა არის „ევრაზიის კავშირი“ და ასევე არ იცის „ევროკავშირი“. ეს არის ინფორმაციის უქონლობა და დაბალი ინტელექტუალური პოტენციალის მაჩვენებელი. მეორე ის არის, რომ „ევრაზიის კავშირი“ რეალობაა. ამ კავშირში შესასვლელად ხვეწნა და რიგში დგომა საჭირო არ არის. მიგიღებენ ჩვეულებრივად, ხოლო „ევროკავშირში“ შესვლას ათეული წლები უნდა ელოდო. გარდა ამისა, კიდევ არის იმედგაცრუების ფაქტორი. საერთოდ პროდასავლური კურსისადმი იმედგაცრუება.

ამიტომაც საძებნია ალტერნატიული გზები. ალტერნატივა ამაზე უკეთესია, თუ უარესია, ამაზე მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, არ იცის, რა არის „ევრაზიის კავშირი“.  მაგალითად, „ევრაზიის კავშირით“ ბელორუსი ძალიან უკმაყოფილოა. ნაზარბაევი თავის კურსს ატარებს. ვერ ეგუებიან წევრი ქვეყნები. რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ეს მთელი კურსი პროდასავლური კურსის ალტერნატივად იქცა. სწორედ პროდასავლური კურსის არაეფექტურობამ გამოიწვია „ევრაზიული კავშირის“ მხარდაჭერა.

-საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. პატრულირებაში მონაწილე პირები რაიმე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს აცნობებენ. რაიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს აღნიშნული და შეძლებენ თუ არა სამოქალაქო პირები ე.წ. მესაზღვრეების „შეჩერებას“?

-აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ არის. რუსეთის პოზიცია, რომლის გამხმოვანებელიც არის ცხინვალი, ან თუნდაც სოხუმი,  არის ის,  რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი და ამ საზღვრის დარღვევა დასჯადია.

იყო ჩვენი პარლამენტის დელეგაცია - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში. „პატრიოტებს“ დიპლომატიაზე წარმოდგენა არ აქვთ, განსაკუთრებით მარშანიას. რა შუაშია „ესენგეს“ კომიტეტი? „ესენგეს“ კომიტეტთან რომ მიდიხარ, შენ უკვე ირიბად აღიარებ, რომ რუსეთის გავლენის სფეროში ხარ. თუ მიღება იყო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა მიეღო. გარდა ამისა კალაშნიკოვი  ამას პირდაპირ აცხადებს და ამას ჩვენი დელეგატები უსმენენ. მარშანიამ რუსული ნამდვილად იცის და სხვები არ ვიცი... კალაშნიკოვი გარკვევით ამბობს, რომ სოხუმსა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოში როცა მინდა და რამდენჯერაც მინდა ჩავალო. მაშინ მაინტერესებს რაზე ელაპარაკებოდნენ ამ ადამიანს? დილეტანტიზმი, ხელისუფლების უმოქმედობა და კომკავშირული აქტივისტების ქმედება, რომლებსაც დიპლომატიაზე წარმოდგენა არ აქვთ და არ იციან მოსკოვში ჩასვლით რას აკეთებენ და ჯონდი ბაღათურიათი დაწყებული და ადა მარშანიათი დამთავრებული, ყველას იმედი აქვს, რომ ისინი დაარეგულირებენ რუსეთთან ურთიერთობას და შედეგი რა გვაქვს? შედეგი მცოცავი ოკუპაცია და აგრესია.

 „სამოქალაქო პატრულირება“ რას ჰქვია? სასაზღვრო ჯარები იმიტომ არსებობს, რომ ეს ფუნქცია მათ აკისრიათ. ეს იგივეა, რაც კომუნისტების დროს „კომკავშირელები“, რომლებიც ღამით დადიოდნენ და ხულიგნებს ეძებდნენ. არსებობს სასაზღვრო ჯარი და მან უნდა დაიცვას საზღვარი. ჩინეთ-რუსეთი საზღვარი ხომ არ არის? ამ ორი ქვეყნის საზღვარი 8000 კმ-ია და ის არის დაცული და აქ კი ჩვენი საზღვარი მხოლოდ 2-3 სოფელს მოიცავს. ნუთუ ჩვენს მესაზღვრეებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაციული საზღვარი და ჩვენი მოქალაქეები მაინც დაიცვან? ადამიანის გატაცება განგაშის ნიშანი უკვე აღარ არის. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ნაპოლეონი გადაასახლეს, რადგან ავსტრიის ჰერცოგი გაიტაცა და დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ხდება.

- საქართველოს მთავრობა  საერთაშორისო საზოგადოებას „მცოცავ ოკუპაციასთან“ დაკავშირებით გამუდმებით აწვდის ინფორმაციას. დასავლეთი და ნატო შეშფოთებას გამოთქვამენ. ასევე, აშშ-ის კონგრესმა ინიცირებული რეზოლუციით დაგმო რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები საქართველოში. მიუხედავად ამისა რუსეთის ე.წ. საზღვარი მაგისტრალამდე ნელ-ნელა მოიწევს...

-ჩამოდის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი. ჩვენა მხარდასაჭერ განცხადებებს აკეთებენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ყველაფერი ოდნავადაც არ უშლის ხელს რუსეთს ყოველდღე ე.წ. საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში. თვითონ ეს ფაქტი 21-ე საუკუნეში გასაკვირია. კვირა არ გავა, 2-3 მოქალაქე რომ არ გაიტაცონ. საქართველო სომალი, იემენი ან ნიგერია ხომ არ არის? შემდეგ გამოსყიდვით უკან აბრუნებენ. დასავლეთის მხარდაჭერის ეფექტი ძალზე დაბალია.

პირველი დამნაშავე ამ საკითხში თვითონ დასავლეთია.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ტერიტორიების აღდგენაზე ლაპარაკი აღარ არის, რაც დარჩა იმის შენარჩუნებაზე  და ასე შემდეგ. ავიღოთ ევროპის რომელიმე ცივილიზებული ქვეყანა და დავუშვათ, რომ  საზღვარი გადაიწიოს არა 600 მ-ით არამედ 6 სმ-ით. ეს ხომ წარმოუდგენელია?! გადმოწიეს რუსებმა საზღვარი ერთხელ, მეორედ, მესამედ... როგორი იყო დასავლეთის რეალური რეაქცია? მხედველობაში არ მაქვს ეპისტოლარული ჟანრის მხარდაჭერები და ევროსაბჭოს განცხადებები. დასავლეთის ეფექტი ნულია.

თბილისში იყო ჩამოსული ნატო-ს ასამბლეა და სწორედ იმ პერიოდიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტები გახშირდა. NDI-ის გამოკითხვის შედეგები რეალობას ზუსტად ასახავს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ გამოკითხვის შედეგებს ჩვენი ხელისუფლება ხელს უქნევს. ეს რომ იყოს დამაფიქრებელი, ახალ კურსზე ლაპარაკი, ან თუნდაც დასავლეთთან უფრო მტკიცე პოზიცია, უფრო კატეგორიული პოზიცია. ვთქვათ, როგორი პოზიციაც აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მაგალითად პოლონეთს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს წევრები არიან, იმიტომ, რომ ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ გაწევრიანებას თავის დროზე. საბედნიეროდ მათ არ ჰყავდათ ჯეჯელავასნაირი მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ, მთავარი პროცესიაო. ჩამოდისო გენერალური მდივანი  და განცხადებებს აკეთებსო... სწორედ ამიტომაც გამოკითხვის მონაცემები არ უნდა გაგვიკვირდეს. საშიში ის არის, რომ ეს შეუქცევად ტენდეციად იქცა. ახლა აპრილის თვის მონაცემებს ვადარებთ, მაგრამ შეადარეთ ათი წლის წინანდელ მონაცემებს. ნახავთ, რა კატასტროფულ შედეგს მივიღებთ.

-აღმაშენებლის გამზირზე ზედიზედ ორი აქცია გაიმართა - „ქართველთა მარში“ და „ქალთა მარში“. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს აქციები საზღვარგარეთიდან მართული და რა გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე?

-არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვთქვა, საიდან არის ეს მართული, მაგრამ „ქართველთა მარშის“ თვითონ მოტივაცია მისაღებია, რადგან უკანონო, უკონტროლო მიგრაცია საჩუქარი არ არის არცერთი სახელმწიფოსათვის, ეს ფაქტია. „ქართული მარში“ შეეცადა გაეკეთებინა ის, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ - ებრძოლოს უკანონო მიგრაციას. ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ვინმეს დემაგოგიის საფუძველი, რომ ღარიბი აფრიკელი, რომელიც ჩამოდის იმისთვის, რომ ევროპაში შეაღწიოს, აქ თითქოს ჩამოდის, როგორც ინვესტორი. სად გაგიგიათ უკანონო მიგრანტი ინვესტორი იყოს? ინვესტორი ჩამოდის ყველა დოკუმენტაციით, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდება და ქირაობს გიდს, მანქანას და ასე შემდეგ. მაგრამ აქ გაღატაკებული უმუშევრები, იქიდან შიმშილს გამოქცეული ხალხი ჩამოდის. ჰგონიათ, რომ აქ სამოთხეა. აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ აქედან როგორმე ევროპაში შეაღწიონ. ის, რაც ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, სწორედ „მარში“ ცდილობს გააკეთოს. თვითონ „მარშმა“ ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა. თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და გვინდა ევროპელობა „მარში“ ხელისშემშლელია. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპას ზურგი შევაქციეთ და სხვა ნაციონალისტურ კურსს ვიღებთ, მაშინ ეს ბუნებრივია. ხოლო რაც შეეხება „ქალთა მარშს“ - ეს უკვე ცირკია. ეს „მარშები“ მეორეხარისხოვანია, როდესაც ქვეყნის მთავარი პრობლემა არის შიმშილი და უმუშევრობა. სწორედ ასეთ აქციებს მთავარი პრობლემიდან ყურადღება ნაკლებ მნიშვნელოვანზე გადააქვს. შეიძლება ითქვას ხელოვნურად იმართება, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს.

- 26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საეჭვოდ დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. შესაძლებელია თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება პეტრო პოროშენკოს  საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ მიეღო? უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადიციას?

-არ გამოვრიცხავ, რომ პირად საუბარში ეს საკითხი დადგა. ექსტრადიციას რაც შეეხება, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან სააკაშვილის ზურგს უკან ჯერ კიდევ დგას დასავლეთის გავლენიანი წრეები. გარდა ამისა სააკაშვილმა უკრაინაში ყველაზე მტკივნეული წერტილი მოუძებნა პოროშენკოს ხელისუფლებას - კორუფცია. რითაც მან დაიწყო შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. კლანური ოჯახური მმართველობა  და კორუფცია. უკრაინის მოსახლეობის ნაწილში სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც კორუფციასთან მებრძოლს. უკრაინაში პოროშენკოს ავტორიტეტიც არ არის მყარი. ამ მხრივაც დიდი სირთულეებია ქვეყანაში და რადაც ძალიან ჭრელია. უკრაინის კონსტიტუცია პოროშენკოს ასე იოლად არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვას. მით უმეტეს, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს. როდესაც თბილისმა სააკაშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა, ამით პოროშენკოს გაურთულა სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი.

 

loading...