პოლიტიკა
„აშშ-მა საქართველოს დაცვა თავის თავზე აიღო, საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, პასუხის გამცემი ნატო იქნებოდა” - რამაზ საყვარელიძე
„აშშ-მა საქართველოს დაცვა თავის თავზე აიღო, საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, პასუხის გამცემი ნატო იქნებოდა” - რამაზ საყვარელიძე

“აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ეცდება” - ეს სიტყვები აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

აშშ-ის მეორე პირის თბილისში ვიზიტსა და მტკიცე პოზიციებს ექსპერტები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ აშშ-მა შტატებმა საქართველოს დაცვა საკუთარ თავზე აიღო და ეს ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი და ვაზიანში ნატო-ს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებას გამოიწვევს და მომავალში ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენი ტერიტორია საომარ პოლიგონად იქცეს.

ცდის თუ არა საქართველო რუსეთის მოთმინებას, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა საპასუხოდ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განაგრძოს საქართველოს ოკუპაცია და შეძლებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე sazogadoeba.ge- ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

-მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და ბოლო დროის განსაკუთრებული მოვლენაა. მნიშნელოვანი თუნდაც იმით, რომ ამ ვიზიტზე გაიჟღერა განცხადებებმა, პრინციპულმა პოზიციებმა, რომელიც ქართველებს დიდი ხანია არ მოგვისმენია. ამ თვალსაზრისთაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დროის კონკრეტულ მომენტს, როცა ის ახალი დანიშნულია, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამით ხაზი გაესვა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას.

-აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ეცდება. რა ტიპის დახმარებააღმოუჩენს აშშ ნატო-არაწევრ ქვეყანას - საქართველოს?

-ნატო-ს არაწევრი ქვეყანა რომ ვართ, სწორედ ამიტომ განაცხადა ეს მაიკ პენსიმ. აშშ-მა საქართველოს დაცვა თავის თავზე აიღო. საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, პასუხის გამცემი ნატო იქნებოდა. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ დაუცველები არ ვრჩებით იმ შემთხვევაში, თუ გაჭიანურდება ნატო-ს სტრუქტურებში ჩვენი ჩართვა. აშშ საკუთარ თავზე იღებს ჩვენი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას.  

-მიუხედავად დასავლეთის შეშფოთებისა, განცხადებებისა და რუსეთის წინააღმდეგ მიღებული რეზოლიცისაა, „მცოცავი“ ოკუპაცია და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა გრძელდება...

-მსოფლიოში ბევრ ცხელ წერტილში, სადაც ომია გაჩაღებული, კონტროლი ძნელია. მითუმეტეს იქ, სადაც რუსეთია გარეული, მაგალითად, უკრაინაში. ასეთ პირობებში „მცოცავი“ ოკუპაცია და ამ წინადადების გაჩენა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო პროცესები არ გვესმის იმ სერიოზულობით, რა სერიოზულობითაც დგება მსოფლიოში პრობლემები. „მცოცავი“ ოკუპაცია ხაზგასასმელია, მიუღებელია, მაგრამ „მცოცავი“ ოკუპაციის გამო მესამე მსოფლიო ომი ვერ დაიწყება, მითუმეტეს, რომ „მცოცავი ოკუპაციის“ მიმართ რუსეთს აქვს პასუხი - ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხაზული იყო ეს ტერიტორია, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ე.წ. მესაზღვრეები, რამდენადაც მე ვიცი, იმ ხაზიდან არ გადმოსულან, რა ტერიტორიაც სააკაშვილმა მოუხაზა და თუ არ გადმოსულან,  სააკაშვილის მოხაზული ტერიტორია არის მათი იურიდიული გამართლება. ამ ფონზე იმის ჩივილი, რომ ამერიკა დაგვიცვას „მცოცავი“ ოკუპაციისგან ეგოცენტრული ხედვაა, როცა შენს თავს ხედავ და სხვა არ გაინტერესებს.

-პენსის საქართველოში ვიზიტი და ვაზიანში „ნატო“-ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ მოსკოვს არ გამორჩენია. აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ამ ტიპის თანამშრომლობა რუსეთისთვის პრობლემური მაშინ ხდება, როდესაც ქვეყნის საზღვრებთან გარკვეული ალიანსების გაფართოება და ამ ალიანსების სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა მოჰყვება. ცდის თუ არა საქართველო რუსეთის მოთმინებას? შესაძლებელია თუ არა რუსეთმა საპასუხოდ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განაგრძოს საქართველოს ოკუპაცია?

-მთლიან ოკუპაციას ვერ მოახდენს, ვინაიდან საკმაოდ რთულადაა ვითარება. რუსეთს სანქციები გაუზარდეს და დასავლეთს არ სურს უკრაინაში მიმდინარე პრობლემა  „ჩააქროს“. რუსეთმა რომელიმე ქვეყნის ოკუპაცია რომ მოახდინოს, მათ შორის საქართველოსი, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია იქნება მსოფლიოს მხრიდან. სანქციები კი რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზულად დაეტყო. მორიგი პროვოკაციები  რუსეთისგან მოსალოდნელია, მაგრამ საქართველომ რომელი სტრატეგია აირჩიოს: დათმოს ამერიკასთან და ევროპასთან პარტნიორობა, რომელიც არც ისე მარტივად მოვიდა, თუ გააგრძელოს მათთან ურთიერთობა? ვინც ამ პოზიციას იზიარებს, ალბათ, უნდა შეხედოს სომხეთის პოზიციას. მან ყველაფერი დაუთმო რუსეთს. ახლა სომხეთის სამხედრო ძალებს აერთიანებს რუსეთი თავის ძალებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედარმთავარი რუსი იქნება. შესაბამისად, სომხეთს სამხედრო სუვერენიტეტიც წაართვა. იქამდე საწარმოები წაართვა. ანუ დაუთმობ რუსეთს, მის მადას საზღვარი არ აქვს.

- როგორც უკვე აღნიშნეთ, რუსეთმა და სომხეთმა შეიარაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერეს. უქმნის თუ არა საქართველოს საფრთხეს აღნიშნული დაჯგუფების შექმნა და შესაძლებელია თუ არა იგივე საფრთხე დაემუქროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა საფრთხეც შიდა ქართლიდან ემუქრება?

-ერთობლივი დაჯგუფებები არის აფხაზეთშიც. სომხეთში ფაქტიურად ასეთივე დაჯგუფება იყო, მაგრამ ახლა ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გაფორმდა. თუკი ეს პროცესები დაიწყო, რუსეთი დადგება ანალოგიური პრობლემების წინაშე, რის წინაშეც ახლა დადგა უკრაინასთან, ანუ დადგა კიდევ უფრო მძაფრი პრობლემების წინაშე. ამიტომ სავარაუდოდ,  იმ ჯარებით, რომლის სათავეში რუსეთია, ალბათობა  იმისა, რომ  განხორციელდეს ოკუპაცია და აგრესია საქათველოს მიმართ,  დღევანდელ პირობებში ნაკლებია. თუმცა გამორიცხული არაფერია.

-სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის სომხეთი. სომხეთმა ერთობლივ სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით რუსეთთან ხელი მოაწერა, პარალელურად მონაწილეობს ნატო-ს სამხედრო წვრთნაში. ცდილობს თუ არა ნატო რუსეთისთვის სომხეთის „წართმევას“?

-დიახ, დასავლელი სტრუქტურები, მათ შორის, ნატო ყოველთვის ცდილობს  სომხეთი რუსეთის გავლენას გამოგლიჯოს. ნატო იმაზეც არ იტყვის უარს,  თუ რუსეთიც მიიღებს ამ სწავლებაში მონაწილეობას, რადგან ეს ნატო-ს საშუალებას მისცემს, რუსული სამხედრო სტრუქტურების ასიმილირება მოახდინოს  და მიიზიდოს მოსკოვი. იგივე ეხება სომხებსაც. ეს გასაკვირი არ არის. ეს სტრატეგია დევს ამის უკან, რომ რუსეთის მხარეს მყოფი ქვეყნები შეძლებისდაგვარად მიიზიდოს.

loading...