საზოგადოება
„განვითარებული ქვეყნები ისრუტავენ განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდობას “ - ვახტანგ გვაზავა
„განვითარებული ქვეყნები ისრუტავენ განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდობას “ - ვახტანგ გვაზავა

უმუშევრობა - პრობლემა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველა მთავრობის ყველაზე მტკივნეულ და ფაქტობრივად, გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს.  მძიმე ეკონომიკური ვითარება და მასთან შესაბამისობაში მოსული სოციალური ფონი პატარა ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრობლემატურ გარემოს კიდევ  მეტად ამძიმებს. მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერც შიდა მიგრაცია უზრუნველყოფს და ვერც მთავრობის საფუძველმორყეული ძალისხმევა შველის რამეს.  თანამოქალაქეების უმრავლესობა კი საქართველოში დატოვებული ოჯახის წევრების ფინანსურ დახმარებას საზღვრებს მიღმა მყოფი ახერხებს. ეს კი, თავის მხრივ, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას განაპირობებს.  

არსებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 397,7 -დან 3 მლნ 718, 2 ათასამდეა შემცირებული. ამის გამომწვევ მრავალ მიზეზთა შორის კი ქვეყნიდან მოსახლეობის, მათ შორის, ახალგაზრდების გადინებაც გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიულ პრობლემებზე საქართველოში დიდი ხანია მსჯელობენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობენ,  მეცნიერები 2050 წლისთვის  მოსახლეობის 30%-ით შემცირებას ვარაუდობენ. 

ის, რაც მავანთათვის დიდ მიღწევად ითვლება,  ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს. კონსტალტინგის ინსტიტუტის დამფუძნებელისამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ვახტანგ გვაზავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც არსებულ რეალობას აბსოლუტურად სხვა რაკურსით აფასებს და დემოგრაფიული ვითარების გაუარესებაში მთავარ პრობლემად ახალგაზრდული - ადამიანური და შრომითი - რესურსების ქვეყნიდან გადინებას ასახელებს.

ცოტა რამ მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ

მსოფლიოს დემოგრაფიული ვითარება .. გლობალური პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება და მათ გადასაჭრელად მთელი კაცობრიობის ძალისხმევის გამოვლინებაა აუცილებელი. ხსენებული პრობლემები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიქმნა და 21- საუკუნეში კიდევ უფრო გამწვავდა.  ერთი მხრივ, პრობლემა რიგ ქვეყნებში  (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა) მოსახლეობის სწრაფი ტემპებით ზრდას  და მეორე მხრივ -კლებას (დასავლეთ ევროპა, იაპონია, რუსეთი) დაუკავშირდა. ბუნებრივია, ყველაფერზე გავლენა სოციალურ სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა, განსაკუთრებით, მედიცინის განვითარებამ და ომიანობის შემცირებამ იქონია. ასე ათიათასობით ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილზე ამ ფაქტორმა მაინც სხვადასხვაგვარად იმოქმედა. პირველ შემთხვევაში, ტრადიციულმა და ეროვნულმა ღირებულებებმა გაიტანა თავისი, რამაც აბორტებისა და კონტრაცეფციის აკრძალვა განაპირობა (ამას, თავის მხრივ,  შობადობის სწრაფი ტემპით ზრდა, ანუ დემოგრაფიული აფეთქება  მოჰყვა),  ხოლო მეორე შემთხევაში თავისი კვალი სექსუალურმა რევოლუციამ, კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდების შემოღებამ, კარიერული სვლით დაინტერესებამ, ერთსქესიანთა ქორწინების რიცხვის ზრდამ, არარეგისტრირებულმა ქორწინებებმა და .დატოვა და სწორედ შობადობის შემცირება და მოსახლეობის დაბერება  გახდა ამის თანმდევი. პირველ შემთხვევაში მივიღეთ ის, რომ 16-წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა, ფაქტობრივად, გაუტოლდა (რიგ ქვეყნებში გადააჭარბა კიდეც) ზრდასრულთა რაოდენობას, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხანშიშესულთა რაოდენობა მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის რაოდენობაზე მეტი რიცხვით იქნა გამოხატული. ორივე შემთხვევას თავისებური პრობლემები მოჰყვა. იქ, სადაც მოსახლეობის ჭარბი რაოდენობაატერიტორიები აღმოჩნდა არასაკმარისი, რაც მოქალაქეების საცხოვრებლით, სამუშაო ადგილებითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფისთვის  იყო აუცილებელი. ზოგადად,  ასეთ ქვეყნებში არ არის საკმარისი წარმოება და არსებობს საკვების დეფიციტიცგანვითარებულ ქვეყნებში კი ეს პრობლემა არ დგას. სანაცვლოდ, აქ მოსახლეობის დაბერებისა და ახალგაზრდების შემცირების ტენდენციაა გამოხატული. ამიტომ მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა სწორედ ასეთ განვითარებულ ქვეყნებში ეძებს თავშესაფარს. შედეგად, დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყანა იაფ მუშახელს, ხოლო მუშახელი - საცხოვრებელ ადგილს და ოჯახის გამოსაკვებად საკმარის ფინანსურ რესურსს პოულობს

მოსახლეობის რიცხვის შემცირება  მხოლოდ შობადობის კლებითა და სიკვდილიანობის ზრდით არაა განპირობებული. მნიშვნელოვან ფაქტორს, რიგ ქვეყნებშიადამიანური, შრომისუნარიანი რესურსების გადინება წარმოადგენსგარდა ამისა,  განვითარებული ქვეყნები,  შერბილებული მიგრაციული პოლიტიკის შედეგად, ბევრი რეალური პრობლემის წინაშე დგას, როგორც წესი. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოსახლეობა ასეთ ქვეყნებში თავშესაფარს არალეგალურადაც პოულობს.

არალეგალების პრობლემა საქართველოშიც საკმაოდ მწვავედაა გამოკვეთილი და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ წარმოდგენილ ვერცერთ კატეგორიაში ვერ ვთავსდებით, მოსახლეობის კლებადობის ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი მიზეზით არის განპირობებული, საზღვრებს მიღმა შერბილებულ მიგრაციულ პოლიტიკასთან არის მჭიდრო კავშირში. სოციალური ფონი და ცალკეული პერსპექტივები,  რომელიც საქართველოდან მუშახელისა და სტუდენტების გადინებას განაპირობებს, ევროპულ ცხოვრებას ნაზიარებ ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის გარეთ დარჩენას აიძულებს. შედეგად, ქვეყანა ადამიანური რესურსების ნაკლებობას განიცდის, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

ვახტანგ გვაზავას თქმით, ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლისთვის გადახდილი შთამბეჭდავი თანხა უცხოეთის ბიუჯეტს ამდიდრებს. მისივე განმარტებით, კარგი კადრები დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარ ქვეყნებს სასიცოცხლოდ სჭირდება,  ხოლო თანხა, რომელიც უცხოური გრანტების სახით არის გამოყოფილი, ისევ ამ ქვეყნების საკეთილდღეოდ არის დახარჯული. საუბარი აღარაა საქართველოდან უცხოეთისკენ მიმართულ ფულად რესურსზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს დანაკარგს წარმოადგენს.

ვახტანგ გვაზავა: კოლოსალური თანხები იხარჯება ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლისთვის. ეს თავისთავად კარგია, რომ არა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის შერბილებულ მიგრაციულ პოლიტიკასთან. მათ სჭირდებათ რესურსები. სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. უცხოური გრანტების სახით, თანხასაც ამიტომ იხდიან. საქართველოდანაც ძალიან დიდი თანხა მიდის სხვა ქვეყნების ბიუჯეტში. შედეგად, დაახლოებით, მილიარდობით ევროა დაკარგული, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში შევიდა. ეს ფინანსური კატასტროფაა. არცერთი სესხი, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვაძლევს, ტყუილად არ არის გაცემული. დასავლეთს სჭირდება ეს, რასაც აკეთებს, ჩვენ კი მწარედ გვატყუებენ. გერმანიაში 2014 -ში უფრო მეტი რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, მაგრამ მოქალაქეების რაოდენობა  200 000-ით გაიზარდა. როგორ? - ემიგრანტების ხარჯზე. ადგილობრივები პანიკაში არიან.  ხშირად ვსაუბრობ მათთან და ვიცი. მთავარი პრობლემა რა არის, იცით? მარტივად რომ ვთქვათ,  მიდიან, აფეთქებენ, აუპატიურებენ, უწესრიგობებს ქმნიან და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა მოაქვთ, ერთი სიტყვით.  რატომ იღებენ ასეთ ხალხს? იმიტომ, რომ დემოგრაფიული პრობლემები არსებობს. ჩვენთვისაც ამიტომ აღებენ კარებს. გვაძლევენ საშუალებას, რომ გადავიდეთ საზღვარს იქით. მათ მუშები სჭირდებათ. ძალიან ბევრი პენსიონერი ჰყავთ და ვინმემ ხომ უნდა აჭამოს?

საუბარი იმაზე, რომ ეს დემოკრატიული პოლიტიკაა და ჩვენზეც ბევრს ფიქრობენ, სრული ილუზიაა. ეს აბსოლუტური კომერციაა.

- მაგრამ ხომ არსებობს მეორე მხარეც? მაგალითად, საქართველო. აქ შედარებით ნაკლებია ხარისხიანი განათლებისა და მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღების შანსი. აქ არ არსებობს შესაძლებლობები, არ არის საკმარისი რესურსი. ხალხიც იძულებულია, გადაკვეთოს საზღვარი უკეთესი მომავლის იმედით. სასწავლებლად წასულებიც  ხშირად რჩებიან სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ იქ მათ შრომას აფასებენ, იქ მათთვის მეტი პერსპექტივა არსებობს...

- მოდით, საკითხს სხვაგვარად მივუდგეთ. ჩვენ მილიარდობით ევროს ვხარჯავთ სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლისთვის.  ეს ძალიან დიდი თანხაა. ამაზე ნაკლები გვჭირდება იმისთვის, რომ აქ შევქმნათ ის შესაძლებლობები და პირობები, რისთვისაც ეს ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან. სჯობს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი შევავსოთ, ჩვენივე ქვეყანა განვავითაროთ, წარმოება გავზარდოთ, ხალხი დავასაქმოთ.

- კი, მაგრამ...  მხოლოდ საქართველოდან ხომ არ ფინანსდება სწავლა კონკრეტული სტუდენტების? უცხოური გრანტები ხომ სწორედ ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლისთვის გაიცემა? ისინი ხომ ამ თანხას საქართველოში დარჩენის შემთხვევაში არ გადაიხდიანეს რესურსი ხომ საქართველოს ბიუჯეტისკენ მაინც არ წამოვა?... უბრალოდ, დაიკარგება...

- სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აქ შევქნათ საშუალებები. გვაქვს ამის რესურსი.

ანუ მივდივართ იქამდე, რომ ინვესტორები უნდა შემოვიყვანოთ

- არა მარტო... საქართველოში ძალიან ბევრი და კარგი არსებული რესურსი გვაქვს, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. რეალურად, უბრალოდ, გვჭირდება  უფრო ზუსტად გავერკვეთ, რა არის აუცილებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაა. რესურსი, მათ შორის ფინანსურიც,  გვყოფნის სინამდვილეში, ტექნოლოგიებში ვართ სუსტები.  მენეჯმენტი გვჭირდება.  ინოვაციური პროგრამებზეც არ ვსაუბრობ ჯერ.  ინოვაციებზე გერმანია და ამერიკა ზრუნავენ, იქ აქვთ საფუძველი, იმიტომ, რომ ძლიერია მათი ეკონომიკა. მათთვის მნიშვნელოვანია დანადგარების არსებობა, შემდეგ კი  უკვე მათი სრულყოფა მიმდინარეობს. ჩვენ კი ამის საფუძველი, ჯერჯერობით, არ გვაქვს. ამიტომ ინოვაციებში თანხის დახარჯვა არ იქნება გამართლებული. ახლა ნახეთ, რა სიტუაცია გვაქვს: საწარმოებში გვყავს 10 000-დან 30 000-მდე დასაქმებული ადამიანი, გვყავს ნახევარი მილიონი ფერმერი, გლეხი, დაახლოებით, 45 ათასი პოლიციელი, 55 ათასი მასწავლებელი. მეწარმეობა კი, ფაქტობრივად, არ გვაქვს. არსებული პროგრამებით, პრაქტიკულად, ხორციელდება მეწარმეობის ზრდა, მაგრამ ეს ზრდა ძალიან სუსტია. არ ვამბობ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით შევძლებთ ამ პრობლემების გადაჭრას, მაგრამ დემოგრაფიულ პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე, მიგრაციულ პოლიტიკაზე და ამ პოლიტიკით გამოწვეულ წინააღმდეგობებზე ღიად საუბარი უნდა დავიწყოთ.

ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ ხვდება ამ პრობლემის არსს ბოლომდე. არც მოსახლეობას აქვს ყველაფერი სრულად გააზრებული.

უკრაინაში უკვე არსებობს სტატისტიკა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ,  ქვეყანა დადგება ფინანსური კოლაფსის წინაშე.  რატომ? იმიტომ, რომ მათთანაც ხდება გადინება ახალგაზრდობის. რამდენიმე წლის შემდეგ პენსიონერებს პენსიებით ვეღარ უზრუნველყოფენ. იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ  იქნება საკმარისი მუშახელი.  

ლატვიაში სამსახურში უკვე აჰყავთ პენსიონრებიც. ადრე ამის პრაქტიკა არ იყო.  რატომ?  იმიტომ, რომ ახალგაზრდობა წავიდა ქვეყნიდან.

ესტონეთშიც მძიმე ვითარებაა ამ მხრივ. ჩვენ იქ ფილიალი გვქონდა გახსნილი. იგივე პრობლემაა - ახალგაზრდობა, ფაქტობრივად, გადის ქვეყნიდან. მაქ აქვთ ქარხნები, რომლებიც თავად ააშენეს, მაგრამ ევროკავშირმა მათთვის არც ერთი ქარხანა არ ააშენა, არ შექმნა სამუშაო ადგილები წარმოებაში.

ეს პროცესი მათ მარტო საქართველოსთვის კი არ ჩართეს, ყველა პატარა ქვეყნისთვის აამოქმედეს - ესტონეთიც პატარაა და ისინი იქიდანაც  ისრუტავენ ახალგაზრდობას. პოლონეთიდან მხოლოდ ბრიტანეთში 2 მილიონი ახალგაზრდაა გადასული.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განვითარებული ქვეყნები განვითარებადიდან ისრუტავენ ახალგაზრდობას. საბოლოოდ კი ჩვენ ვიღებთ დანგრეულ ეკონომიკას განვითარებად ქვეყანაში.

- ვთქვათ, გვაქვს საკმარისი რესურსი, მათ შორის ადამიანურიც, მაგრამ პროფესიონალიზმი? ეს ხომ ნამდვილად გვაკლია?

-არა, მთლად ასეც არაა. პროფესიონალი კადრები გვაკლია, მაგრამ მენეჯმენტის კუთხით. ჩვენ ძალიან კარგი საშუალებები გვაქვს სწორად განვითარებისთვის.  გვაქვს ენერგორესურსები, გვაქვს ტურიზმის განვითარების საშუალება, გვაქვს სოფლის მეურნეობა, გვაქვს სატრანზიტო დერეფანი. ეს ოთხი მიმართულება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ. სომხეთისთვის უფრო რთული სიტუაციაა, აზერბაიჯანისთვისა და ესტონეთისთვისაც, ვიდრე ჩვენთვის.  

-მაგრამ აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენზე უკეთესად გრძნობენ თავს...

-აზერბაიჯანსაც გაუჭირდა...

-ეს მსოფლიო ბაზრის გავლენაა.. როგორც კი სიტუაცია ბაზარზე დარეგულირდება, აზერბაიჯანზეც აისახება.

-კი, მაგრამ ამას წლების სჭირდება. თან მათ მხოლოდ ნავთობი აქვთ. ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ენერგორესურსები გვაქვს, ტურიზმიც პერსპექტიული სფეროა, ლოგისტიკა... ამ მხრივ, ჰოლანდიასაც იგივე პოზიცია აქვს, ლოგისტიკური ქვეყანა, საკუთარი პორტებითა და შესაძლებლობებით.

მოკლედ, პრობლემის მოგვარებაა აუცილებელი. ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, მაგრამ ამაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. ჯერ არ ვიცი, რა გზა იქნება უკეთესი.  ეს მსჯელობის საკითხი უნდა გახდეს.

-იმის თქმა გნებავთ, რომ არსებობს პრობლემა და არსებობს გამოსვალი, მაგრამ როგორ მივიდეთ პრობლემიდან გამოსავლამდე, ეს ცალკე პრობლემაა?

- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს, დასაქმდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამას ხელისუფლების კეთილი ნება და არსებული, ადგილობრივი რესურსის სწორად გამოყენება სჭირდება. მთავარი ამ ეტაპზე ისაა, რომ  დავძრათ პროცესი.

 

loading...