სხვადასხვა
ჩვენი პოტენციალის მკვლელები - 4 საშიში ფრაზა
ჩვენი პოტენციალის მკვლელები - 4 საშიში ფრაზა

არსებობს 4 ფრაზა, რომელიც ჩვენს პოტენციალს კლავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ ხმამაღლა წარმოვთქვამთ, ან გულში ვიმეორებთ. სწორედ ამ დროს ტვინს ვუგზავნით სიგნალს და ვარწმუნებთ, რომ ჩვენი ცნობიერი არსებულს უნდა შეეგუოს და მომავლისთვის აღარ იბრძოლოს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ საშიშ ფრაზებს საკმაოდ ხშირად წამოვთქვამთ და ამით ხელს ვუშლით საკუთარ თავს, ბოლომდე, ანუ 100%-ით, გამოვავლინოთ ჩვენივე პოტენციალი.  ასეთ დროს ნეოროფსიქოლოგები განგაშს ტეხენ და პაციენტებს ურჩევენ, მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ იმ საშიშროებისგან, რომელიც საკუთარ თავს შეუქმნეს.

ფრაზა №1:  „სუსტი ჯანმრთელობა მაქვს“, ან „ცუდ გენებს ვატარებ“

სადმე გინახავთ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ჩვენ საუკუნეში? საკმარისია, მიხვიდეთ ექიმთან და უამრავ გადახრას და შესაძლო პათოლოგიას  აღმოგიჩენენ. საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძლიერია თქვენი ორგანიზმი, საქმე იმაშია, თქვენ როგორ იყენებთ ამ ორგანიზმს.

 „ჩემი ბებია კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა, ბიძას კუჭის წყლული აღმოაჩნდა, ჩვენს სანათესაოში ყველას კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს, აი, მეც მუცელი მტკივა და ეს ყველაფერი გენებია“ და ა.შ.  სრული აბსურდია. ხანდახან დასკვნებს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ვაკეთებთ, შემდეგ ჩვენვე გვჯერა მათი და საბოლოოდ ვიღებთ კიდეც მოსალოდნენ შედეგს. ეს იგივეა, რაც პლაცებოს ეფექტი, ოღონდ პირიქით.

თუ თქვენ რეალურად გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, პირველ რიგში, ისწავლეთ, როგორ გახდეთ თქვენი ემოციების და ხასიათის მმართველები. სხვა შემთხვევაში მათი მსხვერპლნი გახდებით. უნდა აირჩიოთ, რა გსურთ: იყოთ მმართველი, თუ იყოთ მსხვერპლი. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.  

საკუთარ წიგნში „როგორ ვიცხოვროთ წელიწადში 365 დღე“ ექიმი შინდლერი წერს:

„დღეს საავადმყოფოს ოთხი საწოლიდან სამი უჭირავთ ემოციური საფუძვლის მქონე დაავადებების მსხვერპლთ.

გავიხსენოთ, რამდენი მაგალითი გვაქვს კაცობრიობის ისტორიაში, როდესც ხეიბრებმა, სასიკვდილო დიაგნოზის მქონე ადამიანებმა და ა.შ. შეძლეს და დაამარცხეს საშინელი სენი. მათ მოახერხეს და გააგრძელეს ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება...

ისწავლეთ საკუთარი სხეულის მართვა და სწორად გამოყენება.. ეს მნიშვნელოვანია...

 

არის ერთი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთი ხელი აქვს და  შესანიშნავად თამაშობს გოლფს, ის ამბობს: ერთი ხელი + სწორი დამოკიდებულება ბევრად მეტია ვიდრე ორი ხელი + მცდარი დამოკიდებულებაო“... და ეს ნამდვილად ასეა...  

ფრაზა №2:  „მე არასაკმარისად ჭკვიანი ვარ“

შეიძლება არასაკმარისი ცოდნა გაქვთ, ან თუნდაც გამოცდილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ამოცანის გადაჭრა არ შეგიძლიათ. ხელის ჩაქნევა ამ მიზეზით საკუთარი ქმედების იდეალური გამართლება ნამდვილად არაა.

ერთ დღეს ყველაზე ჭკვიანი ადამიანები  ჰენრი ფორდთან მივიდნენ. უნდოდათ,  ეჩვენებინათ, რამდენად სულელი და გაუნათლებელი იყო ის. სხვადასხვა სფეროდან კითხვებს უსვამდნენ. ჰენრიც უსმენდა. მოისმენდა კითხვას, შემდეგ აიღებდა ყურმილს, გადარეკავდა სპეციალისტთან და პასუხობდა შეკითხვას. ამ ისტორიის მორალი მარტივია: ყველაფრის ცოდნა და ყველა სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა - ეს ორი სხვადასხვა რამაა.

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა IQ ტესტ(ებ)ი, რომელიც ინტელექტის კოეფიციენტს ითვლის. დაბალი შედეგი ბევრისთვის თვითშეფასების დაბალ მაჩვენებლამდე დადის. რეალურად კი ეს დეპრესიის მიზეზი არაა, რადგან ინტელექტის კოეფიციენტი თავისთავად არანაირი ფასეულობას არ წარმოადგენს,  ხოლო უნარი - მიიყვანო დაწყებული საქმე ბოლომდე და მიიღო სასურველი შედეგი,  საკმაოდ ძვირი ღირს.

ამიტომ პრობლემასთან შეჯახებისას, პირველ რიგში, დაფიქრდით, რა ძლიერი თვისებების მატარებლები ხართ და აუცილებლად იპოვით მას,  რაც ყველა ამოცანის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. არსებობს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უამრავი მეთოდი და ყოველ ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი.

იყავით დარწმუნებულები საკუთარ ძალებში, ენდეთ ინტუიციას და იაზროვნედ პოზიტიურად, რადგან თქვენი წარმატების 90%-ს სწორედ თქვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება განსაზღვრავს.

 

ფრაზა №3: „ზედმეტად მოხუცი ვარ“, ან „ზედმეტად ახალგაზრდა ვარ“

ამ ფრაზებით საკუთარი მარცხის გამართლებას ბევრი ადამიანი ცდილობს, თუმცა  ეს გასამართლებელი საბუთი ნამდვილად არაა.

იდეალური დრო, გააკეთო საყვარელი ან/და საჭირო საქმე, არის აქ და ახლა.  არ არსებობს მოქმედებისთვის სხვა დრო, რადგან წარსული უკვე აღარაა, ხოლო მომავალი ყოველთვის იქნება სადღაც „ხვალ“.

ისტორია იცნობს უამრავ მაგალითს, როდესაც „ზედმეტად ახალგაზრდამ“ ან „ზედმეტად მოხუცმა“ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც ისურვა.

მაგალითად, ჟანა დარკი, რომელიც, დაახლოებით, 17 წლის იყო, როდესაც პირველად გაუძღვა ჯარს. შეგიძლიათ, მიპასუხოთ, როგორ გაყვნენ გამოცდილი ჯარისკაცები სოფლელ გოგონას?

მეორე მაგალითი: ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა ანა მერი რობერტსონ მოზესმა მხატვრის კარიერა 70 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქმარი დაკრძალა. მისი პერსონალური გამოფენა კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოეწყო, ხოლო 90 წლის ასაკში მან იმაზე მეტი თანხა გამოიმუშავა, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჯამურად.

კარგად დაფიქრდით, ხომ არ ინანებთ სასიკვდილო სარეცელზე მყოფნი, რომ ვერ მოახერხეთ საყვარელი საქმის დაწყება?  თუ კი, მაშინ მოიშორეთ ყველანაირი ეჭვი და მიეგებეთ ოცნებას. მოქმედება არასდროს არაა არც ადრე, არც გვიან.

ფრაზა №4: „არასდროს მიმართლებს“ ან „ასეთი ბედი მაქვს“

შემთხვევითობა შემთხვევითი არაა. თუ იმ მოვლენების ჯაჭვს გადახედავთ, რომელიც მანამდე შეგემთხვათ, სანამ რეალურად რაღაც გამოგივიდოდათ, დაინახავთ მთელ რიგ კანონზომიერებას. აღმოაჩენთ, რომ ყოველი წარმატების უკან დგას მომზადება, დაგეგმვა, მიზნისკენ სწრაფვა,  თავდადებული შრომა და რწმენა იმისა, რომ ოდესღაც ყველაფერი გამოვა.

შეეცადეთ, გააღვივოთ საკუთარ თავში ის თვისებები, რომელიც საჭიროა გამარჯვებისთვის, მოიქეცით, როგორც გამარჯვებული და მალე თქვენც გაგიღიმებთ იღბალი. თქვენი ცხოვრების შეცვლა ხომ მხოლოდ თქვენივე ცნობიერების შეცვლით არის შესაძლებელი.

 

loading...