პოლიტიკა
"მიკეთებდნენ დახვრეტის იმიტაციას, თავზე ცელოფანის პარკს მაცმევდნენ, მაერთებდნენ ელექტროშოკერზე.."- ვის დაევალა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია და ვინ მოაწყო 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქება "იმელის" შენობასთან?
"მიკეთებდნენ დახვრეტის იმიტაციას, თავზე ცელოფანის პარკს მაცმევდნენ, მაერთებდნენ ელექტროშოკერზე.."- ვის დაევალა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია და ვინ მოაწყო 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქება "იმელის" შენობასთან?

1995 წლის 29 აგვისტოს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია გამაყრუებელმა ხმამ შეძრა. იმელის ეზოში მდგარი ნივა მოულოდნელად სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამსახურეობრივი მანქანით, გაზ 31-ით ჭიშკარში გამოდიოდა. შევარდნაძე გადარჩა, აფეთქება კი მრავალი იმ ცვლილების საფუძვლად იქცა, რამაც მისი ძალაუფლება გაამყარა. რა იყო ეს -  ნამდვილი ტერაქტი თუ იმიტაცია? 22 წლის შემდეგ ჩემს მეგობარს სწორედ ამის დასადგენად მივმართე, უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს, გიორგი ტატუნაშვილს, (პიროვნება რეალურია, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო პირობითი სახელით და გვარით ვიხსენიებ), რომელიც შევარდნაძის რეჟიმმა ამ აფეთქების ორგანიზებისთვის გაასამართლა, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა და არნახული ტანჯვა-წამება განაცდევინა. საუბარი დევნილი კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოებასაც შეეხო. თუ სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდებიან, ჩემი რესპონდენტი მზად არის, ჩვენებაშიც დაადასტუროს, რასაც აქ მოგვითხრობს!

- თავიდანვე უნდა გითხრათ, შევარდნაძემ წინდაწინ იცოდა, რომ ააფეთქებდნენ! უფრო მეტიც - ტერორისტული აქტის იმიტაციის გეგმა უშუალოდ მისი მონაწილეობით იქნა შემუშავებული, თუმცა, ბოლო მომენტში მოვლენების განვითარება მაფიქრებინებს, რომ ვიღაცები ამ იმიტირებული ტერაქტის რეალურში გადაზრდას შეეცადნენ.

- მოდით, თავიდან დავიწყოთ. რაში დასჭირდა შევარდნაძეს ტერაქტის იმიტაცია?

- გავიხსენოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ ამ პერიოდს.. რუს სამხედროებში პიკს აღწევს შევარდნაძის და გორბაჩოვის მიმართ სიძულვილი, მათ თავიანთი უბედურების სათავედ მიიჩნევენ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გერმანიიდან საბჭოთა ჯარები გამოიყვანეს და ათასობით სამხედრო არა მხოლოდ დაუსაქმებელი, არამედ, ჭერის გარეშეც დარჩა, რადგან მათთვის სახლების ასაშენებლად გამოყოფილი თანხები ისევ და ისევ გორბაჩოვმა და შევარდნაძემ ჩაიჯიბეს, სამხედროები კი პირში ჩალაგამოვლებულები დატოვეს... პარალელურად, სოხუმის დაცემით და აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული ვნებათაღელვა ქართველ საზოგადოებაში ძლიერდება. ფაქტობრივად დაკარგულია ცხინვალი, ქვეყანაში უამრავი ლტოლვილია, ეკონომიკა დანგრეულია. ჯერ არ მინავლებულა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გადატრიალებით დამხობისა და სამეგრელოს ეგზეკუციების გამო მოსახლეობაში არსებული პროტესტის მუხტი, პერიოდულად, ზვიდისტები ხალხმრავალ მანიფესტაციებს აწყობენ.. შევარდნაძე ვერც ოსებთან და აფხაზებთან, ვერც რუსებთან პოულობს საერთო ენას, ამასობაში, არჩევნები ახლოვდება! უკვე იკვეთება, რომ პირწმინდად დამარცხდება მეტოქე პატიაშვილთან, იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელს 9 აპრილის ტვირთი ამძიმებს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ანტიშევარდნაძისტულად განწყობილი ძალების და შეიარაღებული დაჯგუფებების გაერთიანებაში. საჭიროა რადიკალური ზომა, რათა ვითარება კვლავ შევარდნაძის სასარგებლოდ შეიცვალოს, დაკარგული წონასწორობა აღიდგინოს და მოწინააღმდეგეების ერთიანობა დაშალოს.. აი, ამ დროს მწიფდება იმიტირებული აფეთქების მოწყობის გეგმა, რის შემდეგაც შევარდნაძეს რადიკალური ზომების გატარების საშუალება მიეცემა!

- ვინ შეიმუშავა ეს გეგმა?

- არსებობს მტკიცებულებები, რომ შევარდნაძემ ეს ბინძური გეგმა შს მაშინდელ მინისტრთან, აწ გარდაცვლილ შოთა კვირაიასთან ერთად შეიმუშავა. კვირაიას იგი ენდობოდა, რადგან თავიდანვე ისარგებლა მისი სასტიკი ბუნებით, ჩაადენინა მრავალი დანაშაული და კომპრომატებით დახუნძლულს, სხვა გზა აღარ დაუტოვა, ვიდრე პატრონის ერთგულებისა.. ამის მიუხედავად, იმიტირებული აფეთქებამ ეჭვები აღძრა, რომ კვირაიამ გეგმას გადაუხვია და შევარდნაძის ლიკვიდაციას რეალურად შეეცადა! ამ აფეთქების შედეგად შევარდანაძე მართლაც რომ დაღუპულიყო, შოთა კვირაია ხელისუფლებაში პოზიციებს გაიმყარებდა, გადარჩენის შემთხვევაში კი, შევარდნაძის ფრთის ქვეშ დარჩებოდა. მას ორივე ვარიანტი აწყობდა! საქმე იმაშია, რომ აღნიშნული აფეთქება შევარდნაძისთვის მთლად უხიფათოდ არ დასრულებულა, მისი მანქანის საბარგული მნიშვნელოვნად დაზიანდა. არადა, სრული იმიტაციის შემთხვევაში აფეთქება მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა შევარდნაძის მანქანა ყუმბარად ქცეულ ნივას საიმედო მანძილით დაშორდებოდა! მართალია, ნივაში ასეფეთქებელი ნივთიერება იმგვარად იყო დამონტაჟებული, რომ აფეთქების ტალღა გვერდზე კი არა, ზემოთ იყო მიმართული, მაგრამ პოტენციურად, სიცოცხლისთვის მაინც საშიში იყო, თუ სამიზნე აფეთქების ეპიცენტრის ახლოს აღმოჩნდებოდა. ვინც პულტს თითი დააჭირა, ან დილეტანტი იყო, ან შევარდნაძის მანქანის დისტანციაზე გასვლას მიანმიმართულად არ დაელოდა, იმ იმედით, რომ სახელმწიფოს მეთაურს რეალურად იმსხვერპლებდა!

- თქვენ რა როლი მიგიძღვით ამ გეგმის შემუშავებასა თუ აღსრულებაში? როგორ აღმოჩნდით ამ ავანტიურაში ჩათრეული?

- აფეთქებიდან 22 წლის შემდეგ საჯაროდ ვაცხადებ, რომ აღნიშნულ აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ მქონია, აფეთქების მომენტისთვის საქართველოდან შორს - მოსკოვში ვიმყოფებოდი. ჩემი დაპატიმრებით შევარდნაძის რეჟიმი შეეცადა, აღნიშნული ტერაქტის მომზადება და განხორციელება უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძისთვის გადაებრალებინა და მისი დევნის საფუძველები შეექმნა! არადა, აფეთქების მომენტისთვის არც იგორ გიორგაძე იმყოფებოდა საქართველოში! სასამართლოს სხდომებზე გაირკვა, რომ პულტი, რითაც აფეთქება განხორციელდა, შოთა კვირაიას დაცვის უფროსმა სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგას" ბაზაზე გამოსცადა!

- იგორ გიორგაძე რატომ გახდა შევარდნაძისთვის მიუღებელი?

- იგორ გიორგაძე იმ პერიოდში პირდაპირ აცხადებდა, რომ არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებდა, ხოლო გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება შევარდნაძის მმართველობის დასასრულს მოასწავებდა. თუმცა, გიორგაძის მიმართ უნდობლობის მთავარი საფუძველი მაინც ის გახლდათ, რომ მან არ შეარულა დევნილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის მიზნით გაცემული ზეპირი ბრძანება! იგორ გიორგაძემ მოგვიანებით არც იმ აქტს მოაწერა ხელი, რომლითაც ზვიად გამსახურდია თვითმკვლელად გამოცხადდა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ზვიადს თავი არ მოუკლავს!!! სამეგრელოში ზვიადის გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაციები გვქონდა. უფრო მეტსაც გეტყვით - მე იმ პერიოდში უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური გახლდით, რომელსაც ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის სახლში თავშეფარებული პრეზიდენტი ალყაში ჰყავდა მოქცეული. მაშინ უშუალოდ იგორ გიორგაძეს ვექვემდებარებოდი და აღნიშნული სიტუაციის შესახებ მოვახსენე. გიორგაძემ, თავის მხრივ, შევარდნაძეს შეატყობინა, გამსახურდია ალყაში გვყვავს, ხვალ თბილისში ჩამოვიყვანთო. სატელეფონო საუბარი ჩემი და რამდენიმე პირის თანდასწრებით შედგა. საკუთარი ყურით გავიგონე, რაც უპასუხა შევარდნაძემ - ცოცხალი გამსახურდია მე თბილისში არ მჭირდებაო! ეს ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ბრძანებას ნიშნავდა. ბატონმა იგორმა საუბრის დასრულებისთანავე მიბრძანა, ალყა მომეხსნა და ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმის უკლებლივ ყველა წევრი დაუყოვნებლივ, თბილისში წამომეყვანა!

- რატომ არ სჯეროდა იგორ გიორგაძეს ზვიადის თვითმკვლელობა?

- გვქონდა კულუარული ინფორმაციები, რომ შოთა კვირაიამ გენერალ გია გულუას პირდაპირ დაავალა დევნილი პრეზიდენტის ლიკვიდაცია! კვირაია ამ საკითხს შევარდნაძესთან შეუთანხმებლად არ და ვერ გადაწყვეტდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გია გულუა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ზვიადის მკვლელობის კვალი კვირაიამდე და შევარდნაძემდე არ მისულიყო! ვიდრე იგორ გიორგაძეს დაქვემდებარებული უშიშროების სპეცრაზმები სამეგრელოში ვიმყოფებოდით, ყოველდღიურად დევნილი პრეზიდენტის თითოეული ნაბიჯის შესახებ მოგვდიოდა ინფორმაცია. დიახ, იგორ გიორგაძე აპირებდა დევნილი პრეზიდენტის შეპყრობას, მაგრამ როცა მისი ლიკვიდაციის ორაზროვანი ბრძანება მიიღო, ზუსტად გათვალა, რომ თუ ამ დავალებას შეასრულებდა, მერე პრეზიდენტის მოშორების მთელ პასუხისმგებლობას შევარდნაძე მას აკიდებდა, თავად კი, თავს გამსახურდიას თანამოაზრედ გამოაცხადებდა. თავის მხრივ, ალყის მოხსნის შემდეგ შევარდნაძემაც უკვე ზუსტად იცოდა, რომ იგორი მისი გავლენის სფეროდან გასული იყო და ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ზეპირი ბრძანება ადრე თუ გვიან წინ დახვდებოდა. სხვათაშორის, იგორმა შევარდნაძეს არც ლოთი ქობალიას ლიკვიდაციის მოთხოვნა შეუსრულა, უკრაინაში შეიპყრო და ისე ჩამოიყვანა. ანალოგიურად მოიქცა თენგიზ კიტოვნთან დაკავშირებითაც. შევარდნაძეს იგორ გიორგაძე ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ მიაჩნდა, პოზიციებს ვერასოდეს მოიმაგრებდა, თუ იგორს ვერ ჩამოიცილებდა. ტერაქტის იმიტაცია და იგორ გიორგაძისთვის მისი გადაბრალებაც ამიტომ დაისახა მიზნად!

- პირადად თქვენ რა ბრალდება წაგიყენეს?

- უშიშროების უმაღლესი სკოლა მაქვს გავლილი და დეტალურად მაქვს ნასწავლი ანტიტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის აფეთქებების მოწყობა. დამაჯერებლობისთვის, ჯერ უნდოდათ, ჩემთვის დაებრალებინათ ბომბის შექმნაც და პულტზე ხელის დაჭერაც, მაგრამ როცა გაიგეს, რომ აფეთქების მომენტში თბილისში ჩემი არყოფნა დოკუმენტურად დასტურდებოდა, მხოლოდ მანქანისგან ბომბის შექმნა შემტენეს. დღემდე სასაცილოდ ჩანს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მანქანაში იდო 40 კილოგრამი ტროტილი და 4-5 ცალი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი მონ-100, ამდენივე მონ-50 იდო. 5 კი არა, ნივის კარებში 1 მონ-100 - ც არ შეეტევა! ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტია იმიტაციაში კვირაიასთან ერთად ამჟამად გარდაცლილი გენერალი ავთო იოსელიანიც მონაწილეობდა. მან ერთხელ კიდეც თქვა - ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არავინ იყო, ვისთვისაც ეს ინფორმაცია უნდა მეთქვაო! წარმოიდგინეთ გარემოება: აფეთქებამდე 2 თვით ადრე გიორგაძე საქართველოდან წასულია, უშიშროების მინისტრის ფუნქციებს ფაქტობრივად, მისი მოადგილე ავთო იოსელიანი ასრულებს, რომელმაც ყველაფერი იცის და შევარდნაძეს ამას არ ეუბნება!

- რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ ტერაქტის იმიტაცია შევარდნაძემ კვირაიასთან შეათანხმა?

- ასებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც კადრში ჩანს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალთან, რეუტთან ერთად მოქეიფე, მთვრალი შოთა კვირაია, რომელიც ამ გეგმის შესახებ ყვება! ფაქტობრივად, იმ ჩანაწერის მიხედვით შოთა კვირაია ყველაფერში გამოტყდა!

- თუ აფეთქება შევარდნაძის მანქანის სიახლოვეს მოხდა, რატომ არავინ დაიღუპა?

- მე უშიშროების კვალიფიციური თანამშრომელი გახლავართ. კარგად ვერკვევი ასაფეთქებელ მოწყობილობებში. ამ შემთხვევაში ისე იყო დამონტაჟებული, რომ აფეთქების ტალღა გვერდით კი არა, ზემოთ იყო მიმართული. მართლაც, ტალღამ დაანგრია მაღლა აივნები და ჩაამსხვრია შუშები, შევარდნაძის მანქანა კი შედარებით უვნებლად გადარჩა. ყველაზე დიდ განცვიფრებას იწვევს გარემოება, რომ თუ მართლაც აპირებდნენ მკვლელობას, ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ საგანგებოდ შერჩეული პირები, რომლებიც აფეთქების შემდეგ საკონტროლო გასროლას განახორციელებდნენ, მაგრამ მსგავსი არავინ ჩანდა! აფეთქების შესახებ მოსკოვში ყოფნისას ტელევიზიით შევიტყვე. როცა დამიჭირეს, სასტიკი წამების გზით მაიძულებდნენ, დამეწერა ცრუ აღიარებით ჩვენება, რომ აფეთქების დავალება პირადად იგორ გიორგაძისგან მივიღე, რადგან იმ დროს მისი დაცვის უფროსი გახლდით. შემდეგ, მოდგომა შეცვალეს და ახალი ვერსიის თანახმად, ჩემგან მოითხოვდნენ მეთქვა, რომ აღნიშნული დავალება გიორგაძის მოადგილესგან, თემურ ხაჩიშვილისგან მივიღე! ცემა-ტყეპაზე და ძვლების დამტვრევაზე აღარაფერს ვამბობ, მიკეთებდნენ დახვრეტის იმიტაციას, თავზე ცელოფანის პარკს მაცმევდნენ, მაერთებდნენ ელექტროშოკერზე.. საქმეში სხვა კაზუსიც იყო: როცა ბომბი იქმნება, იწერება მისი პარამეტრები - გრადუსები და სექტორები. სამიზნე რომელ გრადუსსა თუ სექტორში უნდა იმყოფებოდეს - იცის მხოლოდ ბომბის შემქმნელმა! არადა, ჩემი აფეთქების ადგილზე ყოფნის დამადასტურებელი ვერანაირი არგუმენტი სასამართლომ ვერ დადო, გარდა წამების გზით მიღებული აღიარებითი ჩვენებებისა!

- რეალურად, რა მოიგო შევარდნაძემ? ოდესმე შევიტყობთ, სინამდვილეში რა მოხდა 1995 წლის 29 აგვისტოს?

- ამ ტერაქტის ინსცენირებით, შევარდნაძემ 2 კურდღელი მოკლა - ერთდროულად მოიცილა იგორ გიორგაძე და ჯაბა იოსელიანი. განიმტკიცა ძალაუფლება და არჩევნებიც საკუთარ ინტერესებზე მოირგო! შევარდნაძეს როგორც აწყობდა, ისე ლაპარაკობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ აღიარა - არასოდეს მითქვამს, რომ იგორ გიორგაძემ ამაფეთქაო! სიმართლე მერეღა გაცხადდება, რაც კვირაიას და რეუტის კადრები გასაჯაროვდება!

ბოლოთქმა:

ამ საქმეში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანები იოლად მიხვდებიან ვინ დგას პირობითი სახელის და გვარის - "გიორგი ტატუნაშვილის" მიღმა. ის მზად გახლავთ, რაც გვიამბო, ჩვენებაშიც გაიმეოროს და საქართველოს უახლოესი ისტორიის ბუნდოვნებით მოცულ რამდენიმე პასაჟს ნათელი მოჰფინოს. აქვე გეტყვით, რომ როცა ეს ამბები ხდებოდა, "გიორგი ტატუნაშვილს" საერთოდ არ ვიცნობდი, მეტიც - ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებში ვიმყოფებოდით და ჩვენი სვე-ბედი მაშინ გადაიკვეთა, როცა  შევარდნაძე მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ, სააკაშვილმა შეცვალა.

ესაუბრა ზაზა დავითაია