პოლიტიკა
"სოსო ოსორაული მოკლულია! მკვლელებს ხელს ვადებ!"-დავით ნემსაძე
"სოსო ოსორაული მოკლულია! მკვლელებს ხელს ვადებ!"-დავით ნემსაძე

აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი სოსო ოსორაული თვენახევრის წინ თანმხლებ ბადრაგთან ერთად დახვრიტეს სწორედ მაშინ, როცა საქართველოსთვის გადმოსაცემად წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მოყავდათ! მფრინავი რამდენიმე კვირის წინ ცოცხალი რომ იყო, ამის შესახებ მე "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც განვაცხადე, მაგრამ შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა. მკვლელობა შეკვეთილია და მასში ნაცების კვალი მოჩანს! ოსორაული მოკლეს, რადგან მას ნაცები რამდენიმე მძიმე დანაშაულში უნდა ემხილებინა - ამ სკანდალური განცხადებით დაიწყო ჩვენთან საუბარი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ:

- სოსო ოსორაულის სიკვდილი მნიშვნელოვანწილად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის კისერზეა. 2008 წლის ომის გმირი მფრინავი, რომლის სახელსაც მეორე ქვეითთა ბრიგადის ორი ბატალიონის მტრის ალყიდან დახსნა უკავშირდება, სწორედ თინა ხიდაშელმა აიძულა გათავისუფლების პატაკი დაეწერა. ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი, რადგან განხორციელდა ქართული სამხედრო ავიაციის გამიზნული ნგრევა, ოსორაულთან ერთად შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს სხვა კვალიფიციური მფრინავები, ასევე, ტექნიკური სფეროს მუშაკები, რადიოინჟინრები და ბორტინჟინრები. ეს ადამიანები იძულებულნი გახდნენ, საარსებო წყარო უცხო ქვეყნებში ეძებნათ და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ასეთი ხალხი სჭირდებათ კონგოში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს - სახელისუფლო ძალებს უპირისპირდება შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც "23 მარტის მოძრაობის" სახელით არის ცნობილი. სოსო სხვის ომში მონაწილეობის მისაღებად არ წასულა. გაემგზავრა როგორც სამხედრო ინსტრუქტორი, მაგრამ მისდა მოულოდნელად, საბრძოლო მოქმედებებში ჩართული აღმოჩნდა. აქ მთავარი ის არის, რომ მფრინავების საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებაც და მათი კონგოში გადინებაც ერთიანი თრაფიკული დანაშაულებრივი სქემის ფარგლებში მოხდა, რაზე დაყრდნობითაც, მავანი დიდ ფულს შოულობს!

- სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აქამდე არსად გაჟღერებულა. თქვენ რის საფუძველზე ამტკიცებთ ?

- რამდენიმე თვის წინ, როდესაც აფრიკაში დაკარგული სოსო ოსორაულის ბედით ქართველი საზოგადოება აქტიურად დაინტერესდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ნებისმიერ პირთან, ვისაც სოსოს გარშემო რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ექნებოდა. ვმეგობრობ რამდენიმე ქართველ მფრინავთან, რომლებიც დღემდე კონგოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. ამ მფრინავებთან ერთად წლების განმავლობაში ქართულ ავიაციაში ვიმსახურე, ისინი მენდობიან და პერიოდულად მაწვდიდნენ სოსოს ტყვეობის შესახებ მათთვის ცნობილ ინფორმაციებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიხარულით მიიღო ჩემი მხრიდან გამოთქმული თანამშრომლობის სურვილი. სხვა სამხედრო ექსპერტებთან ერთად პერიოდულად ვმონაწილეობდი სამინისტროში გამართულ შეხვედრებში, სადაც მოპოვებული ინფორმაციები ჯამდებოდა და ზუსტად ვიცი, რომ ოსორაულის ტყვეობიდან დახსნის მიზნით ამ უწყებამ ყველაფერი იღონა - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ კონგოში, კავშირი დაამყარეს როგორც ხელისუფლებასთან, ისე "23 მარტის მოძრაობასთან" და მიაღწიეს სოსოს გადმოცემის შეთანხმებას. ორჯერ იყო გადმოცემის მცდელობა. ერთხელ ჩაიშალა, მეორე - სოსოს სიკვდილით დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ათიოდე დღის წინ საკუთარი თვალით ვნახე ფოტოსურათი, რომელზეც დახვრეტილი სოსო ოსორაულია გამოსახული, საფეთქლის არეში მიბჯენით ცეცხლნასროლი ჭრილობა მოუჩანს,ზედ კი, "23 მარტის მოძრაობის" შავკანიანი მეომრის დახვრეტილი ცხედარი ადევს!

- იქნებ, ეს სურათი ფოტომონტაჟია?

- სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარი თვალით ვნახე ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია რომ ფოტო, რომელზეც ასახულია ლიკვიდირებული პოლკოვნიკი სოსო ოსორაული, მონტაჟის და ფალსიფიკაციის ნიშნებს არ შეიცავს!

- თუ სოსო ოსორაული დაღუპულია, რად მალავს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

- როგორც ვიცი, ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. სახელმწიფო დამატებით ინფორმაციებს აგროვებს ოსორაულის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და ალბათ ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას. საკუთარი თვალით ნანახი დოკუმენტები ჩემთვის სრულიად საკმარისია, რათა სოსოს დაღუპვა ვირწმუნო. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით თვენახევრის წინ სოსო დახვრიტა სპეციალურად მიგზავნილმა სალიკვიდაციო ჯგუფმა, რომელიც არც ხელისუფლებას და არც ამბოხებულებს არ წარმოადგენდა. კონგოს ოფიციალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს იმ რეგიონს, სადაც სოსო ოსორაულის ქართული მხარისთვის გადაცემის მიზნით მომავალი ამბოხებულები ტყვესთან ერთად დაბანკდნენ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიკვიდაციაში ხელისუფლება იყოს გარეული. არც ამბოხებულების ცალსახად დადანაშაულება იქნებოდა ლოგიკური, რადგან მათ თავად გამოთქვეს ქართული მხარისთვის სოსოს გადმოცემის სურვილი. არსებობს მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები, სადაც ამბოხებულები საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებას მადლობას უხდიან საკუთარი მოქალაქის მიმართ ზრუნვის გამო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამბოხებულთა მხრიდან კეთილი ნება და სოსოს გადმოცემის მცდელობა ადრეც იყო. ჯგუფი, რომელსაც სოსო გადმოსაცემად მოჰყავდა, მაშინაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე - ჩამქრალი ვულკანის მახლობლად დაბანაკდა. გადმოცემა ჩაიშალა, რადგან ბანაკთან არცთუ ახლოს, სახელისუფლო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკება მოხდა, მაგრამ ჯგუფი სიფრთხილის მიზნით იძულებული გახდა, დისლოკაციის ადგილს გაცლოდა.

- ზუსტად ვიცით, რომ ორიოდე თვის წინ სოსო ცოცხალი იყო?

- დოკუმენტები არსებობს. საკუთარი თვალით ვნახე ვიდეოკადრები, ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაული მადლობას როგორ უხდის სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩს, ბექა დვალს და საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებას იმის გამო, რომ შეწუხდნენ და ამხელა მანძილი გამოიარეს მის დასახსნელად. იქვე დამაკმაყოფილებლად აღწერს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამშობლოში დაბრუნების იმედს გამოთქვამს. გამაჩნია სხვა ინფორმაციაც: ჩემი გავლენიანი ამერიკელი ნაცნობი საკუთარი არხებით კონგოს მეზობელ ტოგოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მინისტრს დახმარების თხოვნით დაუკავშირდა, რომელიც სოსოს ტყვეობიდან დახსნის საქმეში ჩაება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. არსებობს წერილი, რომელშიც ეს მინისტრი სწუხს, რომ სოსოს გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან "მის ლიკვიდაციაში საოცრად ბნელი, კრიმინალური ძალები იყვნენ ჩართულნი"!

- ვისზე მიანიშნებს?

- ამაზე ამ წერილში არაფერს ამბობს, თუმცა სოსოს ტყვედ ჩავარდნის გარემოებების გაანალიზებამ შესაძლოა მრავალ საიდუმლოს ახადოს ფარდა. სოსო და მეორე ქართველი მფინავი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი "ენვერის" საქმის ფიგურანტი ყოფილი პოლიტპატიმარი, უფროსი ლეიტანტი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი "მი-24" საბრძოლო ვერტმფრენებით კივუს პროვინციაში დაზვერვის მიზნით გაფრინდნენ, თუმცა ორივე საბრძოლო მანქანა მიწას 10 წუთის ინტერვალით ისე დაენარცხა, რომ ამბოხებულთა მხრიდან არც ჭურვი, არც რაკეტა არ მოხვედრია . ოფიციალური ვერსიით ორივე ვერტმფრენს საწვავი ავზების ამქაჩებმა უმტყუნა, რამაც ძრავების გათიშვა გამოიწვია. სამხედრო ექსპერტების აზრით, უმიზეზოდ და მითუმეტეს მიყოლებით - სამხედრო ბორტებზე მსგავსი გამორიცხულია. ფაქტია, რომ ქართველი მფრინავები ვიღაცამ სასიკვდილოდ წინდაწინ გაიმეტა! თურმე მათთან ერთად მესამე ქართველი მფრინავიც უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გაჯიქებულა და ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი უთქვამს. ჯერ პლუჟნიკოვის ბორტი დაენარცხა მიწას. იგი ოსორაულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაეროს თანამშრომლებმა გაარიდეს საფრთხეს, მაგრამ 10 წუთში სოსოს ვერტმფრენიც ჩამოვარდა და ამბოხებულებმა მისი ტყვედ ჩაგდება მოახერხეს.

- ვის შეიძლებოდა ქართველი მფრინავები სასიკვდილოდ გაემეტებინა?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ოსორაულის ბიოგრაფია. მისი გამეტება შეეძლოთ მათ, ვის შესახებაც კომპრომატებს ფლობდა. არსებობს დაკითხვის ოქმები, რომელშიც ახლახან დაღუპული მფრინავი განმარტავდა, 2006 წლის ზაფხულში როგორ უბრძანა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა - "დაედუღებინა კოდორის ხეობის, კონკრეტულად სოფელ ჩხალთის მშვიდობიანი მოსახლეობა"! ბუნებრივია, ასეთი ბრძანება სააკაშვილის გარეშე არ გაიცემოდა! ოსორაულმა ის არ შეასრულა და ბაზაზე დაუხარჯავი აღჭურვილობით დაბრუნდა, რითაც რეჟიმი აღაშფოთა. ოსორაულს და კიდევ 2 მფრინავს თურმე ოქრუაშვილმა სულ "სამშობლოს მოღალატეები" უძახა, ხოლო სამხედრო პოლიციამ ისინი სენაკის კომენდატურაში წაიყვანა და მთელი ღამე კითხავდნენ გმირებს, რომლებმაც თანამემამულეების ჩახოცვაზე უარი განაცხადეს. მეორე დღესაც გაუგზავნიათ ჩხალთის დასაბომბად და მფრინავებმა დაუსახლებელი მთების მიმართულებით გაისროლეს ჭურვები, რათა ბაზაზე ამჯერად ცარიელები დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რეჟიმმა აგენტურის დახმარებით გაშიფრა და სამივე სამსახურიდან დაითხოვა. მერე სოსო ისევ დააბრუნეს, რადგან როგორც კვალიფიციური სამხედრო მფრინავი - შეუცვლელი იყო! იმ პერიოდში ვერ გაბედეს დაპატიმრება, თუმცა 2010 წელს სოსო ოსორაულის ნაწილში ჩაატარეს სპეცოპერაცია, სახელწოდებით "ენვერი", როდესაც სრულიად უდანაშაულო, ომგამოვლილი სამხედრო მფრინავები, მათ შორის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი - სამშობლოს ღალატის, ბორჯომის ხეობის გადაწვის, რუსებთან თანამსრომლობის და ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრეს, სოსო კი სამსახურიდან ხელმეორედ დაითხოვეს! სოსოს და რეპრესირებული მფრინავების წამებაში მონაწილე თანამშრომლები კი, დღემდე რჩებიან თანამდებობებზე. სოსო ოსორაულმა იცოდა იარაღის კონტრაბანდაში სააკაშვილის რეჟიმის მონაწილეობის შესახებ. სააკაშვილს სოსოსთან პირადი დაპირისპირებაც ჰქონდა - ნაწილის მეთაურობიდან ინგლისურის არცოდნის გამო ჩამოაქვეითა.

- ოსორაულის ოჯახს თუ აქვს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია?

- ჩემთვის ცნობილია, რომ 14 აგვისტოს სოსოს ძმა, სამხედრო ავიაციის მფრინავი გიორგი ოსორაული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ძმის ლიკვიდაციის ამსახველი ის დოკუმენტები აჩვენეს, რომელზეც მე მოგახსენეთ. ჩემი წყაროები მატყობინებენ, რომ სოსოს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ნაცებიც და აპირებენ, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრონ, მოსახლეობაში ხელისუფლების უმოქმედობის გამო აქციები ააგორონ.

- გიორგი ოსორაული 18 აგვისტოს ფეისბუქის პოსტით ძმას დაბადების დღეს ულოცავს და ოჯახში მშვიდობიანად დაბრუნებას უსურვებს.. რა გამოდის? არ სჯერა მტიცებულებების, რაც თქვენი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 აგვისტოს უჩვენეს?

- საგარეო საქმეთა სამინისტროში მე მოვითხოვე ინფორმაცია, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რამდენად იყო ინფორმირებული გიორგი ოსორაული და წარმომიდგინეს მასზე დაშვებული საშვების სრული ნუსხა. თითოეული ვიზიტის დროს მას სრულად მიეწოდებოდა ყველა ის ინფორმაცია, რასაც სამინისტრო სოსოს შესახებ ფლობდა. მე მითხრეს, რომ გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა ელჩ ბექა დვალთან შეხვედრაზე, ვინც უშუალოდ მუშაობდა ტყვეობიდან სოსოს გამოსახსნელად. საგარეო საქმეთა უწყებაში სახტად დარჩნენ, როცა გიორგიმ განაცხადა - სააკაშვილი შეძლებდა ჩემი ძმის გადარჩენასო! მეც და სოსოს ოსორაულის ყველა თანამებრძოლი შევშფოთდით, როცა გიორგი ოსორაული ნაცების - გია ბარამიძის, გოგა ონიანის და კობა ხაბაზის გარემოცვაში დავინახეთ. ისინი ერთად იდგნენ აქციაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სოსოს დროულად დახსნას მოითხოვდნენ. "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მინდა საჯაროდ მივმართო გიორგი ოსორაულს: რა გინდა მათ გვერდით, ვინც შენი ძმა პოლიტიკური რეპრესიების ქარცეცხლში გამოატარა და ფაქტობრივად, სამშობლოდან გააძევა? ვერ ხვდები, რომ სწორედ ნაცები არიან სოსო ოსორაულის მკვლელობის შემკვეთები?

- ასე რატომ მიგაჩნიათ?

- რომ სოსო იარაღის კონტრაბანდის, ჩხალთის დაბომბვის, აგვისტოს ომის და "ენვერის" საქმის ეპიზოდებზე ჩვენებების მიცემას აპირებდა, რის შედეგადაც სააკაშვილის ჩათვლით, ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსანები პასუხისმგებლობას ვერ აირიდებდნენ. ამიტომაც, ნაცებმა მისი ლიკვიდაცია კონგოში მოქმედ უკონტროლო კრიმინალურ ბანდებს დაუკვეთეს! ახლა პირდაპირ ვაცხადებ, ლიკვიდაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ სამხედრო მფრინავს ემუქრება, რომელსაც კონგოს ხელისუფლებამ დაცვაც კი დაუნიშნა!

- პლუჟნიკოვზე მიგვანიშნებთ?

- მაპატიეთ, მაგრამ დაკონკრეტების უფლება არ მაქვს! გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი დღემდე მსახურობს კონგოს შეიარაღებულ ძალებში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსო უკვე დაღუპული იყო, როცა კონკრეტული ნაცები, რომელთა ვინაობას ამჯერად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროდ ვერ დავასახელებ, უკავშირდებოდნენ კონგოში მყოფ ქართველ მფრინავებს და არწმუნებდნენ - სოსო ცოცხალია, მისი დახსნის მიზნით სამოძრაო თანხა გვჭირდებაო. წვრილმან თანხებს კონკრეტულ ანგარიშებზე არიცხინებდნენ, მაგრამ ეს ფულის გამოძალვას კი არა, იმ მიზანს ემსახურება, ოსორაულის სიცოცხლის დამაჯერებელი განწყობა სექტემბრამდე შენარჩუნდეს, ვიდრე ნაცები სოსოს სიკვდილში საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებენ. როგორც კი მფრინავებს სოსოს სიკვდილის ამბავი შევატყობინე, გამომძალველები უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ! ამ ინტერვიუს ახლა იმიტომ გაძლევთ, რათა ნაცებს პოლიტიკური სპეკულაციის სექტემბრისთვის საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიებები ჩავუშალო!

- სოსოს ოსორაულის სიკვდილის ნამდვილი მიზეზები ოდესმე გაირკვევა?

- ამისთვის აუცილებელია, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. გამოძიებით უნდა დადგინდეს: 1.რამდენი კვალიფიციური სამხედრო გავიდა ქვეყნიდან; 2. რა სახეობის სპეციალისტები იყვნენ ისინი; 3. მათ შორის რამდენი ირიცხება დაღუპულად, რამდენი - უგზოუკლოდ დაკარგულად! მათი პირადი საქმეები დაცულია შეიარაღებული ძალების კადრების სამსახურში და ე.წ. კომისარიატებში. მეომრების თრაფიკული ექსპორტი დღემდე იმავე, აპრობირებული წესით ხდება, რადგან მათ არ სჭირდებათ არც მომზადება, არც გადამზადება. საკმარისია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან გაყრა! შემდეგ მოდიან "ბნელი, კრიმინალური ძალები" და ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად სხვის ომში მიჰყავთ. არ გამოვრიცხავ, ამ ბინძურ ბიზნესში შეგნებულად მონაწილეობენ ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ხიდაშელის მსგავსად ხან "რეფორმებს" იწყებენ, ხან კი გამიზნულად ქმნიან ისეთ გარემოებას, რომ ჩვენს კვალიფიციურ სამხედროებს საკუთარ სამშობლოში აღარ დაედგომებოდეთ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"