საზოგადოება
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

„მითხრეს, სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენო, ორი წლის წინ ჩემი 2 და 6 წლის შვილები წარმოადგენდნენ საფრთხეს. თუ ისაა საფრთხე, რომ სომეხი ვარ, მაშინ სათქმელი არაფერი მაქვს... ხელისუფლებას არაფერში ვადანაშაულებ, უბრალოდ, რამდენიმე ჩინოვნიკი ურევს ყველაფერს. მინდა, სახელმწიფო თვითონ გაერკვეს და დასაჯოს ყველა, ვინც  დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული“

რამდენიმე დღის წინ საქართველოდან გავიდა და უკან შემოსვლა ვერ შეძლო. აქ ოჯახი და ნათესავები ჰყავს. უთხრეს, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენო, თუმცა რატომ - ეს არ დაუკონკრეტებიათ. მერე ქვეყნიდან ოჯახიც გაიყვანა. მათი აქ დატოვების შეეშინდა. საქმეში მეგობრები ჩართო, 25 აგვისტოს კი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხელისუფლებას საქმის არსის გარკვევაში დახმარება სთხოვა.

„საქართველოს ტერიტორიიდან სამი დღის წინ გავედი და უკან აღარ შემომიშვეს. მითხრეს, ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენო. ეს სრული აბსურდია. ჩემი ოჯახიც გავიყვანე ქვეყნიდან იმიტომ, რომ არ ვიცი, რას უნდა ველოდო. მე იქ (საქართველოში) ოჯახი მყავს, სახლი მაქვს, იქ ვცხოვრობ, სხვაგან არც სახლი მაქვს და არც სამუშაო, არაფერი მაქვს... ბევრი მეუბნება, - უნდა მოითმინოო, სამი დღეა ვითმენ, მაგრამ... მინდა გამცენ პასუხი, რატომ წარმოვადგენ საფრთხეს. 2-3 წლის წინ  საფრთხედ ჩემი 2 და 6 წლის შვილები წარმოადგინეს, ახლა - მე. თუ რამე მაქვს დაშავებული, რაიმე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული მაქვს ჩადენილი, მზად ვარ, პასუხი ვაგო, მზად ვარ,  ბოდიში მოვიხადო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტირელიგიური არ გამიკეთებია გარდა იმისა, რომ ხელს ვუწყობდი სპორტის განვითარებას, რეგიონის განვითარებს, მინდოდა რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გამეუმჯობესებინა. ახლა ვიმყოფები ერევანში საქართველოს საელჩოში, მივმართე დიპლომატიური დახმარებისთვის. მიპასუხეს, -დაწერეთ წერილი და შეიძლება ორი დღის, ან ერთი თვის, ან შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გიპასუხონო. მინდა, კონკრეტულად ვინმესგან გავიგო, რის საფუძველზე წარმოვადგენ საფრთხეს ქვეყნისთვის ან რამესთვის საერთოდ. თუ საფრთხე ისაა, რომ ეროვნებით სომეხი ვარ, მაშინ ჩუმად ვარ!“- აღნიშნა ვიდეომიმართვაში.

იხ. ვიდეო

ახალქალაქის მაცხოვრებლის, ადამ აივაზიანის პრობლემის შესახებ ინფორმაცია რედაქციაში გუშინ, 30 აგვისტოს შემოვიდა. ადამი ჯერ კიდევ საზღვრის მიღმა იმყოფებოდა. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესი მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის გაშუქებით არ შემოფარგლულა, სამცხე-ჯავახეთში ადრე არსებული სეპარატისტული მოძრაობების გათვალისწინებით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თავად ის მიზეზი გახლდათ, რომლის გამოც მისი ქვეყანაში შემოსვლა ვეღარ მოხერხდა. ეს ჩვენთვის არც  შს სამინისტროში განუმარტავთ.

„ეს პერსონალური ინფორმაციაა საზღვრის კვეთაზე და საჯარო ინფორმაციის ბიუროს მიმართეთ... სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, სხვა დროს თუ რამეს შევძლებ, აუცილებლად დაგეხმარებით“- ასე გვიპასუხა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია მღებრიშვილმა.

„აქ რაღაც გაუგებრობაა” - განგვიმარტა უფლებადამცველმა ინგა ბერიკაშვილმა, - თუ ის ადამიანი, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ, საქართველოს მოქალაქეა, ქვეყანაში მისი არშემოშვების უფლება არ აქვთ. თუ დამნაშავეა, უნდა დააკაონ, საფრთხე უნდა აღკვეთონ...  ჩვენ ის უნდა გავარკვიოთ, ზემონახსენები პიროვნება საქართველოს მოქალაქეა თუ - არა... თუმცა... ზოგადად,  ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება,  შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან.  ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, საფუძველი უნდა იყოს დასაბუთებული” - აღნიშნა ინგა ბერიკაშვილმა.

იგივე გაიმეორა ჩვენთან საუბარში იურისტმა ლევან ჭიღლაძემაც. მისი  თქმით, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე უცხოელი მოქალაქის უფლებები გათანაბრებულია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

„საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია, თუ  საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. მაგრამ ეს ფაქტიც მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული, ანუ ასე მარტივად არ შეიძლება იყოს მიღებული. სტატუსის მქონე უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ხოლო საკითხის განხილვა იწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე. თავის მხრივ,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენისას პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს, რომ აქვს ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება. ამ შემთხვევაში კი, პირს, რომელიც, თითქოსდა საფრთხეს წარმოადგენს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“ - განმარტა ლევან ჭიღლაძემ.

ჩვენი საუბრიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ  ადამ აივაზიანის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ შევიტყეთ და დეტალების დაზუსტება მასთან გადავწყვიტეთ.

ადამ აივაზიანი: მადლობელი ვარ, რომ ჩემი საქმით დაინტერესდით. ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ. ახლა უკვე აქ ვარ, ჩემს სამშობლოში.

- აგიხსნეს, რის გამოც არ გიშვებდნენ ქვეყანაში?

- სამი დღის წინ მომცეს საბუთი, რომელზეც მიმაგრებული იყო სტატუსი: საფრთხე სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, მეტი არავის არაფერი უთქვამს. 

- და ახლა რა გითხრეს, აღარ წარმოადგენთ საფრთხეს?

- არა, 3-4 დღეში საფრთხემ ჩაიარა, როგორც ჩანს. საბაჟოზეც არაფერი აუხსნიათ, უბრალოდ, მაცნობეს, რომ შემეძლო საქართველოში შემოსვლა, ოფიციალურად არავის დავკავშირებივარ, ახლა კი ვაპირებ გარკვევას, რადგან ეს იმიჯზეც მოქმედებს. მინდა განმიმარტონ, რის საფუძველზე არ მიშვებდნენ ქვეყანაში, ვინ გასცა ბრძანება, მინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. თუ მე ვარ დამნაშავე, მე დავისჯები, თუ არადა - სხვები...

მირჩიეს, რომ მატერიალური და მორალური დანაკარგის კომპენსაცია მომეთხოვა, მაგრამ ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებ. ვფიქრობ, სჯობს, სახელმწიფო თვითონ გაერკვეს, ვინ არის დაკავებული დეზინფორმაციის გავრცელებით და დასაჯოს დამნაშავეები.

- ახლა რა სტატუსი გაქვთ, საქართველოს მოქალაქე ხართ?  

- არა, 2007 წლამდე ვიყავი, 3 წელი შსს-ს რეგიონის „სპეცნაზის“ ხელმძღვანელის მოადგილედაც ვიმუშავე და რადგანაც მაშინ კანონმდებლობაში რაღაც შეიცვალა,  თან მე რუსეთის მოქალაქეც ვიყავი, როგორც კანონმორჩილმა, ჩავაბარე დოკუმენტები, უარი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ მერე თავიდან მეთხოვა. 36 წელია, აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე და არსად წავსულვარ. ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი ოჯახი - ცოლი და ორი შვილი. ჯერ მე მითხრეს უარი მოქალაქეობაზე, მერე ჩემს ცოლ-შვილს. ცხოვრების უფლებაზეც მიიღო უარი ოჯახმა, საფუძველიც აუხსნეს, - რომ ისინი, ჩემი მეუღლე და შვილები - 2 წლის ქალიშვილი და 6 წლის ვაჟი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.  

- 2 წლის ბავშვი  წარმოადგენდა საფრთხეს ქვეყნისთვის?

- დიახ, მუდმივი ცხოვრების უფლებაზე უარი ორი წლის წინ სწორედ ამ მოტივით გვითხრეს. მაგრამ შემდეგ სასამართლო პროცესი მოვიგეთ და მეც და ჩემმა ოჯახმაც ეს უფლება მოვიპოვეთ. 

- დავუბრუნდეთ დღევანდელ თემას... რადგან საქართველოში შემოგიშვეს, ე.ი. სახელმწიფომ აღიარა, რომ თქვენ ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენთ?

-რა თქმა უნდა, მე საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ორი მოძმე ერის ერთმანეთთან დაახლოებას ვცდილობ.

ახალქალაქში დავიბადე და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველა აქ მყავს, დედ-მამაც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველო ჩემი სამშობლოა. აქვე გავხსენი კერძო პოლიკლინიკა, ამით სამუშაო ადგილები შევქმენი, შემდეგ იჯარით ავიღე ბაზრის ტერიტორია, გავაკეთე საცხობიც, სადაც სომხურ ლავაშს ყიდიან. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ისაა, რომ 2010 წელს აუქციონში მივიღე მონაწილეობა, სადაც ავიღე „მინერალური წყალი“, მას შემდეგ 7 წელი გავიდა. მთელი ჩემი ფული ამ საქმეში ჩავდე, მაგრამ ამ დრომდე არ მაძლევენ მიწის  ნაკვეთს, რომ მასზე ავაშენო ქარხანა წყლის საწარმოებლად. იმის ნაცვლად, რომ ხელი შემიწყონ, ჯარიმებს მაკისრებენ,  მეუბნებიან, უნდა აწარმოოო, მაგრამ ამის საშუალებას არ იძლევიან. ჰაერში ხომ არ ვაწარმოებ? 

- რით ხსნით ასეთ დამოკიდებულებას? რაიმე ტიპის პრობლემები ხომ არ გქონიათ ოდესმე სამართალდაცვავ სტრუქტურებთან, რომელიც შეძლებოდა გამხდარიყო თქვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი?

- ფაქტია, რომ ვიღაცას ჩემი საქმიანობა არ აწყობს. არ მოსწონს, რომ ვცდილობ სპორტის განვითარებას, ვარ რუსეთის და სომხეთის მოქალაქე. 2 თვის წინ კიდევ ერთხელ შევიტანე განცხადება საქართველოს მოქალაქეობაზე.  36 წელია, აქ ვცხოვრობ და ჩემი ბრალი არაა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მომცეს. ვფიქრობ, იმ ადამიანებზე მეტი უფლება მაქვს, რომლებსაც გაცილებით მცირე ხანი აქვთ საკუთარ სამშობლოში გატარებული.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს არაფერში ვადანაშაულებ. აქ არის რამდენიმე ჩინოვნიკის ბრალეულობა, რომელიც შეგნებულად ურევს ყველაფერს. არანაირი სერიოზული დაპირისპირება რომელიმე სამართალდამცველ სტრუქტურასთან არასდროს მქონია, პოლიტიკასთან შეხება არ მაქვს და არც მომავალში ვაპირებ. რამდენი თვის წინ მქონდა პრეტენზია საპატრულო პოლიციის მიმართ არა იმიტომ, რომ მხოლოდ მე მომექცნენ უსამართლოდ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, ასე იქცეოდნენ ახალქალაქში, მაგრამ  შემდეგ, რაც რამდენჯერმე მივმართე პრემიერმინისტრს, მათ მიმართ აღარანაირი პრეტენზია აღარ მაქვს. საპატრულო პოლიცია ჩვენთანაც ისე იქცევა, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით.

- არ შემიძლია, ეს კითხვა არ დავსვა. თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საქართველოში, ამდენი წელია, აქ ცხოვრობთ, თვლით,  რომ საქართველო თქვენი სამშობლოა, მაშინ რატომ არ ფლობთ ქართულ ენას?

- სწორი შეკითხვაა, თქვენს ადგილზე ამ კითხვას მეც დავსვამდი. საქმე იმაშია, რომ 1981 წელს დავიბადე, 87-ში შევედი სკოლაში.  მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და სახელმწიფო ენად რუსული ითვლებოდა. ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ განათლება რუსულ ენაზე უნდა მიმეღო. ახალქალაქის მოსახლეობის უმეტესობაც ეროვნებით სომეხია და ჩვენ ერთმანეთთანაც რუსულად ვლაპარაკობთ. ამიტომ ქართულის სწავლა ცოტა გაგვიჭირდა.

- ბრძანეთ, რომ სომხეთისა და რუსეთის მოქალაქე ხართ. საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი გაქვთ, მაგრამ სამმაგი მოქალაქეობა შეუძლებელია. თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებთ, მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოთ უარი. ხართ მზად ამისთვის?

-საქმე იმაშია, რომ ჩემთვის ეს არავის აუხსნია. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება იარსებებს, მე უარს ვიტყვი სომხეთის მოქალაქეობაზე და სიამოვნებით მივიღებ საქართველოს მოქალაქეობას.