საზოგადოება
„ნარმანიას რომ აჩვენეს, თავში შემოირტყა ხელი მეგრულად, - პირველი, რასაც გავაკეთებ, როდესაც ამირჩევთ, ეს გზა იქნებაო, მას შემდეგ აკეთებს და აკეთებს“ - რატომ ეშინიათ წვიმის ტაბახმელაში
„ნარმანიას რომ აჩვენეს, თავში შემოირტყა ხელი მეგრულად, - პირველი, რასაც გავაკეთებ, როდესაც ამირჩევთ, ეს გზა იქნებაო,  მას შემდეგ აკეთებს და აკეთებს“ - რატომ ეშინიათ წვიმის ტაბახმელაში

წვიმის ეშინიათ. ასეთ დროს სახლიდან გამოსვლა ჭირს და ამიტომ. რეზინის მაღალყელიანი ჩექმები, ანუ ე.წ. „ბოტები“  უნდა ჩაიცვან, ან ფეხსაცმელზე რამდენიმე პოლიეთილენის პარკი მოიხვიონ, რომ როგორმე ავტობუსამდე მიაღწიონ. მერე ამ ტალახიან და სველ “ბოტებს” იქ მაცხოვრებელ ნათესავს დაუტოვებენ, პოლიეთილენის პარკებს ბუნკერში ჩაყრიან და სამსახურისკენ ისე გაემგზავრებიან... საღამოს იგივე პროცედურების გავლა მოუწევთ, რომ როგორმე სახლამდე მიაღწიონ...

სოფელ ტაბახმელაში ე.წ. აგარაკების უბნის მაცხოვრებლები რამდენიმე წელია გზის ამ პატარა მონაკვეთის შეკეთებას უშედეგოდ ითხოვენ. სიტუაციის გამოსწორების იმედი 4 წლის წინ, წინასაარჩევნოდ მიეცათ. მაშინ დავით ნარმანია ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო.  ის სოფელს ესტუმრა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

„გვითხრა, პირველი, რასაც გავაკეთებ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ გზის შეკეთებას დავიწყებო“ - განაცხადა sazogadoeba.ge-სთან საუბარში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

4 წლის წინ გაცემული დაპირება მერობის ვადის მიწურულსაც არ შესრულებულა. გზის პატარა მონაკვეთი, რომელიც ადგილობრივებისთვის სერიოზული პრობლემა გახდა, დღემდე მოუგვარებელ საკითხად რჩება. სოფლის მაცხოვრებლებს მინიმალური მოთხოვნები აქვთ - უნდათ, როგორმე იმ ტალახს აუქციონ გვერდი, რომელიც სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ეღობებათ.

-„სოფელ ტაბახმელაში არის ერთი ე.წ. „აგარაკების უბანი“, აქ მდებარეობს ჩოლოყაშვილის ქუჩა. წვიმის სეზონზე ეს ადგილი „საფლობი“ ხდება. საშინელი, გაუვალი ტალახია, ისეთი ტბები დგას, რომ თუ ფეხზე პოლიეთილენის სამ-სამი პარკი არ ჩამოიცვი, ვერაფრით გაივლი. ხალხის გარკვეული ნაწილი დასაქმებულია. დილით თბილისში უწევთ ჩამოსვლა და საღამოს უკან ბრუნდებიან. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს იმხელა პრობლემა ხდება. ხალხი დადის რეზინის მაღალყელიანი ჩექმებით, მერე მოასფალტებული გზა რომ იწყება, ნათესავებთან ტოვებენ ამ ფეხსაცმელებს... პოლიეთილენის პარკებით მიდიან და მოდიან.

პრობლემის მოგვარება ყველანაირი გზით ვცადეთ. ადგილობრივ გამგეობას მივმართეთ. მან დახმარება ვერ შეძლო, გვითხრა, -მე არანაირი ბერკეტი არ მაქვსო. მერე მთაწმინდის რაიონის გამგეობაში გადავინაცვლეთ. რამდენჯერმე შევაწუხეთ, წერილიც დავწერეთ,  ტბორებს  სურათებიც გადავუღეთ და წარვუდგინეთ. თითქოს გულთან მიიტანეს, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, შემოდგომის ბიუჯეტი ამოწურულია და საგაზაფხულოდ ჩავსვამთო.  მოვიდა ეს გაზაფხულიც, შემდეგ შემოდგომა, ისევ გაზაფხული და ა.შ. ჩვენთვის ვერავინ მოიცალა მაინც.

ბოლოს ხრეშის დაყრას ვთხოვდით მარტო. ვეუბნებოდით, არ გვინდა ასფალტი, მოხრეშეთ, ან ერთი ბილიკი გაგვიკეთეთ, რომ ამ ტალახებს და ტბორებს გვერდი ავუქციოთ-თქო. ეს ელემენტარული ხომ მაინც შეიძლება გაკეთდეს? არანაირი რეაგირება არაა არავისგან დღემდე.

ჩვენი მოქმედი მერი რომ ამოვიდა სოფელში, როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა, აჩვენეს ეს გზა, მანაც თავში შემოირტყა ხელი მეგრულად, - პირველი, რასაც გავაკეთებ, როდესაც ამირჩევთ და კაბინეტში შევალ, ეს გზა იქნებაო. მას შემდეგ აკეთებს და აკეთებს. ძველი ხელისუფლების დროს იყო და არავინ არაფერს აკეთებდა, მაშინ ვიცოდით კიდეც, რომ არ გააკეთებდნენ და აღარც ვიღებდით ხმას. მოვიდა ახალი ხელისუფლება და მოგვეცა იმედი. მას შემდეგ ვითხოვთ, ვითხოვთ, ვითხოვთ, მაგრამ სულ ტყუილად... აბსოლუტურად რეაგირების გარეშე რჩება ყველაფერი.

ახლა ცხელი ამინდებია და არაა პრობლემა, მაგრამ სექტემბრიდან წვიმები დაიწყება და...

ერთი სამი დღის უკან გაგვიკეთეს წყალი. ეს კარგია, კი ბატონო და მადლობა ამისთვის. მაგრამ  ხომ გადაითხარა, გადმოითხარა და დარჩა ის მიწა იქ...  იმის შემდეგ უარესი მდგომარეობა შეიქმნა გზაზე.

მერე თითქოს დაიწყეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით. ამას გვერდი აუქციეს და სადაც ხალხი არ ცხოვრობს, იქ აგებდნენ გზას. კაცმა არ იცის, რისთვის აკეთებდნენ ამას. ერთი თვის წინ კი იმ გზის გაკეთებაც მიატოვეს.

სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ხმას არაფერზე ვიღებთ. ეს გაგვიკეთონ და დანარჩენს თვითონ მივხედავთ. არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სოფლის გამგებელთან. ის ვერაფრით დაგვეხმარება, თუ არ იქნება ზემდგომების კეთილი ნება და დაფინანსება.

სხვათა შორის, მერიის ვებგვერდზე რამდენჯერმე ავტვირთეთ ფოტოები, რომელშიც ასახული იყო არსებული მდგომარეობა. მაგრამ 5 წუთში გააქრეს. ვფიქრობ, არ უნდოდათ, ეს ყველაფერი მერის ყურამდე მისულიყო. ხალხი იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ ამბობენ, არჩევნებზე საერთოდ არ წავალთო. აქ, დაახლოებით, 50-მდე მოსახლე ცხოვრობს, მათ თბილისში ჰყავთ ოჯახები კიდევ, ნათესავები, ახლობლები.. ანუ იმ 50 მოსახლის უკან 500-მდე ამომრჩეველია.... ამ ადამიანებს ძალიან უყვართ სოფელში სტუმრობა, აქ კარგი ჰაერია, კარგი ადგილია დასასვენებლად, მაგრამ ვერ ამოდიან, ისეთი ტალახი და ლაფი ხვდება მომსვლელს...  

თუ არ გაითვალისწინებენ ამომრჩევლების მოთხოვნას, მით უმეტეს, როდესაც ეს მოთხოვნები ასეთი მცირე და ადვილად შესასრულებელია, მათ თვითონვე გაუჭირდებათ არჩევნებში გამარჯვება. სულ 250 მეტრია, ალბათ, ავტობუსიდან ჩვენს სახლებამდე და ზუსტად ამ მონაკვეთზეა გაუვალი ტალახი და ლაფი. ისეთი ტბები დგას, რომ თუ შემოვლითი გზებით არ ვიარეთ, იმ გზაზე გავლა შეუძლებელი ხდება. რას ვითხოვთ ასეთს? ხრეშის დაყრას და თუ ესეც პრობლემაა, საცალფეხო ბილიკის გაკეთებას მაინც, როგორმე ავტობუსების გაჩერებამდე მისვლა რომ შევძლოთ. არ მგონია, რომ ეს ასე რთულად გასაკეთებელი იყოს.“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ.

მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ, ტაბახმელაში არსებულ პრობლემაზე სასაუბროდ მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, გელა ერაძესთან (ქალაქის ნომერზე) დაკავშირება ვცადეთ, თუმცა აქაც ვერაფერი გავაწყეთ - რამდენიმედღიანი დაჟინებული მცდელობის შემდეგ მრავალჯერადი  ზარი უპასუხოდ, მოსახლეობა იმედგაცრუებულად, ხოლო კითხვა  ისევ პასუხგაუცემლად დარჩა... შემდეგ კი „მომსახურების ზონიდან გასვლის“ ფაქტი ზაფხულის ცხელ დღეებს, შვებულების პერიოდს და დასვენების სურვილს (ამის უფლება ყველას აქვს) დავუკავშირეთ და მცდელობაც შევწყვიტეთ...

ბოლოს კი, წინასაარჩევნოდ გაცემული, მაგრამ ჯერ კიდევ შეუსრულებელი და სავარაუდოდ,  (გა)დავიწყებული დაპირების შესახებ მოკრძალებული კითხვით დავით ნარმანიასაც მივმართეთ. პასუხმა არ დააყოვნა, - ჩვენს დაპირებებზე და შესრულებაზე შემაჯამებელ ანგარიშში ვისაუბრებთ და მოგიწვევთ, ხოლო  მანამდე გექნებათ კითხვები, ნონა ყანდიაშვილს შეეხმიანეთო...

კითხვები ა(ღა)რ გვაქვს...

 

 

 

loading...