პოლიტიკა
„ჩრ. კორეამ ბალახი ჭამა და ბირთვული ბომბი შექმნა, რათა ამერიკელი ბანდიტებისგან თავი დაეცვა“- შეიძლება თუ არა, რომ ფხენიანის გარშემო შექმნილმა დაძაბულობამ მესამე მსოფლიო ომი წარმოშვას?
„ჩრ. კორეამ ბალახი ჭამა და ბირთვული ბომბი შექმნა, რათა ამერიკელი ბანდიტებისგან თავი დაეცვა“- შეიძლება თუ არა, რომ ფხენიანის გარშემო შექმნილმა დაძაბულობამ მესამე მსოფლიო ომი წარმოშვას?

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციები დედამიწის თითქმის ყველა ცხელ წერტილთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბური ომის ზღვარზე ამყოფებს. ახლო აღმოსავლეთის გარდა კონფლიქტის არანაკლებ სახიფათო კერაა შექმნილი კორეის ნახევარკუნძულზეც.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ჩრდ. კორეის ბირთვული პრობლემა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას, ყოველგვარი წინაპირობების წაყენების გარეშე.

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტს, ის აცხადებს, რომ  ფხენიანთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. „თუ აშშ-ს ობიექტებს რეგიონში რაიმე დაუშავდება, ჩრდილო კორეას ისეთი რამ ელის, რაც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს,”-აცხადებს ტრამპი.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სულ უფრო იძაბება. აშშ-მა რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აშშ-ის ანტირუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებს.  „ჩვენ მკაცრ პასუხს გავცემთ იმას, რაც ზიანს გვაყენებს ჩვენ და რაც ნაკარნახევია აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭების სურვილით“, - აცხადებს ლავროვი.

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირებას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და რა ასახვა ექნება საქართველოზე? შესაძლოა თუ არა, რომ ჩრ.კორეაში შექმნილი ვითარება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს? რამდენად უნდა ჰქონდეს საქართველოს თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის იმედი? რატომ წაიღო უკან საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისადმი გაგზავნილი თხოვნა ხანძრის ჩაქრობის თაობაზე? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება:     

-რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა. ლავროვის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის ანტირუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებს. სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი და რა ასახვა ექნება საქართველოზე?

-საქართველოსთან მიმართებაში ცხადია, ძალიან ცუდად აისახება, იმიტომ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები უბრძანებს, ეს კი ძალიან აღიზიანებს მოსკოვს. ამერიკასა და რუსეთს შორის  დაძაბულობას ექნება თავისი კულიმინაცია, შემდეგ კი  ტემპერატურა ნელ-ნელა დაიწევს, მაგრამ ის რომ, საქართველო შეერთებული შტატების პოლიტიკის გამტარებელია, რუსეთს ეს არ დაავიწყდება. არა მგონია, ამან რაიმე დადებითი მოუტანოს საქართველოს.

-როგორ შეაფასებდით კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებას? არსებობს საშიშროება თუ არა იმისა, რომ  ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს?

-ამერიკის გამოისობით ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას ზედიზედ აწარმოებს. ახლა დავუკვირდეთ ასეთ რამეს, სამხრეთ კორეა, შეიარაღების საქმეში ხარჯავს 40 მლრდ დოლარს და  შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო მანევრებს ატარებს. სეული, ფხენიანს  სულ 25 კილომეტრით არის დაშორებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ გამოდგა საფრთხე ჩრ. კორეისთვის და მან ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გააგრძელა. სულ ახლახანს, ამ ბალისტიკურმა რაკეტამ დილის 6 საათზე იაპონიას გადაუფრინა და ოკეანეში მშვიდობიანად ჩაეშვა. ყველა დამფრთხალი ელოდებოდა ამ რაკეტის გაშვებას, მხედველობაში მყავს, როგორც იაპონიის ხელისუფლება, ისე გარკვეული წრეები. იაპონიამ დილის 6 საათზე განგაში გამოაცხადა  და  ხალხს მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდა. ამ ხალხმა არც იცოდა, რა თავშესაფრაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პირობითია. ამ რაკეტამ 550 სიმაღლეზე გადაუფრინა იაპონიის ტერიტორიას. ეს საჰაერო საზღვრის დარღვევად არ ითვლება, რადგან დარღვევად 100 კმ-ს ქვემოთ გაშვება შეიძლება მხოლოდ ჩაითვალოს. წარმოიდგინეთ, რომ არც შეერთებულ შტატებს, არც იაპოინიას და არც არავის არა აქვს იმის საშუალება, რომ ამ სიმაღლეზე მფრინავი რაკეტა ჩამოაგდოს.

ეს უნდა გაითვალისწინოს ქართულმა საზოგადოებამ. ხომ შეიძლებოდა რაკეტა არ წასულიყო  გეგმის მიხედვით, რაც ჩრდ. კორეის რაკეტებს ხშირად ემართებათ და იაპონიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილიყო? ეს ხომ იქნებოდა დამანგრეველი? ამერიკელები აცხადებდნენ, რომ დაიცავდნენ მოკავშირეებს და დაიცვეს? 

-იმის თქმა გსურთ, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის იმედი არ უნდა გვქონდეს?

-მე იმის თქმა მინდა, რომ  2008 წლის ავანტიურა, რომელიც საქართველოში მოხდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო. სააკაშვილს კი არ დაუწყია ომი, ომი შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. სააკაშვილი არც ისეთი გიჟია, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ თავის თავზე აეღო ეს ყველაფერი. მან ის ომი ამერიკელთა დაჯინებული მოთხოვნით წამოიწყო. რატომ ურეკავდა  ბუშს გამწარებული სააკაშვილი? იმიტომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას, პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ამერიკის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს.

ძალიან გთხოვთ, ნუ ატყუებთ საზოგადოებას! თქვენ არ გგულისხმობთ,  ქართული პრესა ნუ ატყუებს საზოგადოებას! აგრესია იყო ქართული, რაც  ტალიავინის კომისიამ დაამტკიცა, რუსეთი იყო ჩათრეული ამ პროცესში. სისულელეა იმის მტკიცება, რაც უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მეორე დღესვე თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ აგრესია საქართველოს ხელისუფლების ხელით განახორციელა.

-რა მიზნით, ბატონო ჰამლეტ?

-მიზანი იყო რუსეთის გამოწვევა და საქართველოს პერმანენტულ ცხელ წერტილად  გადაქცევა, ისე, როგორც უკრაინაში შექმნა შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საწინააღმდეგო ცხელი კერა და 2014 წლიდან მოყოლებული ხედავთ, რა ამბავია. ანალოგიურის მოწყობა სურდათ მათ საქართველოშიც.

შეერთებულ შტატებს თქვენ იცნობთ საღეჭი რეზინებით და ა.შ. მე ამერიკანისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ეს ქვეყანა. არაერთხელ ვყოფილვარ ამერიკაში და ძალიან მჭიდრო კონტაქტები მქონდა ამერიკელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან, მათ შორის შეხვედრილი ვარ მაკკეინსაც. ვიცი, რით სუნთქავს ეს ხალხი, ეს არის ანტიჰუმანიზმი და მხოლოდ საკუთარი პოზიციების განმტკიცებაზე ზრუნვა, არავითარი სხვა. ეს არის ის, რასაც  ობამა ამბობდა მთელი რვა წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლის შესახებ მსოფლიოში, ჯერ ამერიკა და შემდეგ მილიონ კილომეტრს ქვევით- დანარჩენი მსოფლიო. ეს რას ნიშნავს? ვინმე უკვირდება ამას? ამერიკელები დიდი ხანია არ არიან ისეთები, როგორიც ქართულ საზოგადოებას გონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ალან დალესი არ დაწერდა იმ გეგმას, თუ როგორ უნდა გარდაქმნა მსოფლიო მოტყუებით, ქრთამით, გარყვნილებით და ა.შ.

ასე რომ, არ და ვერ დაიცვა შეერთებულმა შტატებმა თავისი მოკავშირე, ძმა და მეგობარი იაპონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრ. კორეაში ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია, პატარა ქვეყანამ, რომელიც არის დამოუკიდებელი, სუვერენული, მოახერხა ის, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა. რას ნიშნავს ეს? ტრამპი ამბობდა, რომ კორეას დავსჯით და დედას ვუტირებთო, მთელი საზღვაო ფლოტი მიაყენა, პარალელურად სამკვირიანი სამხედრო წვრთნები გამართა. მერე რა  ამით? დაფრთხა ჩრდილოეთ კორეა და გული წაუვიდა? ზედიზედ ოთხი ბალისტიკური რაკეტის გაშვება დააფიქსირა. კორეამ ბალახი ჭამა და ბირთვული ბომბი შექმნა, იმიტომ, რომ ამერიკელი ბანდიტებისგან თავი დაიცვას. ახლა ამერიკა ფაქტიურად ჩიხშია მოქცეული, არ იცის რა გააკეთოს. თუ თავს დაესხმება, როგორც ეს ზოგიერთი დეგენერატს სურს, ვერ მოერევა. ჩრდ. კორეა ის სახელმწიფოა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გაანადგუროს პროამერიკული სამხრეთ კორეა, იქ არსებული 26 სამხედრო ბაზა და ა.შ. ეს კოლოსალურ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს. არის ვინმე ამაზე წამსვლელი? ამერიკაში პირწავარდნილი რეაქციონერები  მაკკეინი და ლინდსი გრენი ამის მოსურნეები არიან. მაგალითად, გრენმა თქვა ასეთი სისულელე, მერე რა, იყოს ომი კორეაში, ის ჩვენგან ძალიან შორს არისო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი მენტალიტეტის ადამინს შეიძლება ქართული საზოგადოება ელაპარაკოს? კაცი ამბობს, ჭირსაც წაუღია კორეა, ჩვენ ამერიკელები შორს ვართ იქედანო. გავავლოთ ახლა პარალელი კორეასა და საქართველოს შორის, იგივეს არ იტყვის საქართველოზე? საქართველოზე რა, ჯვარი აქვს დაწერილი?

-რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემა მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რაც შეეხება ტრამპს, მისი განცხადებით, ფხენიანთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რა შანსები არსებობს ასეთ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტისა?

-თუ  ამერიკელთა ასეთი სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გაგრძელდა საგარეო პოლიტიკისადმი, ვითარება შეიძლება დაიძაბოს და კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს. ომის გასაჩაღებლად  ერთი პატარა ნაპერწკალი სრულიად საკმარისია.

-ეს არის ის  გეოგრაფიულ-პოლიტიკური წერტილი, საიდანაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურად წამოვიდეს?

-სრულიად თავისუფლად... მესამე მსოფლიო ომი ჩვეულებრივი ომი არ იქნება, ეს იქნება ბირთვული ომი. ეს რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფეთქებად რეგიონად ითვლება ახლო აღმოსავლეთის შემდეგ, იქ არის სადავო კუნძულები ჩინეთის ზღვაში. გარდა ამისა, ამერიკელთა გამოისობით უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება ქმნის დაძაბულობას უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგოდ. ახლო აღმოსავლეთში  სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და ა. შ. საქართველო არ არის შორს ამ ცხელი წერტილებიდან, თანაც, საქართველო ყურმოჭრილი მონაა ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენი გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოს ხსნა თურმე არის ის, რომ როგორმე თავი შეყონ ნატოში, რაც აქ ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებას ნიშნავს. ეს ყველაფერი არის რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რუსეთი ასეთ თამაშს არ აიტანს. მას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას შესვლას ნატოში უარყოფითად აღიქვმას და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ჯერ ერთი, ამ ქვეყანებს ნატოსა და ევროკავშირში კარს არავინ გაუღებს.

ბანდიტ და ფაშისტ პოროშენკოს განცხადებას, რომ უკრაინა თურმე უკვე ნატოს წევრიც არის და ევროკავშირის, ევროკავშირის თავმჯდომარემ პირდაპირ უპასუხა, რომ უკრაინა არც არის და კარგა ხანი არც იქნება ნატოს და ევროკავშირის წევრი. რაც ითქვა უკრაინის  მისამართით, იგივე ითქმის საქართველოზეც. ნუ ვეტენებით ჩვენ ნურსად, არ არის ეს ჩვენი გზა, არ დაუშვებს ამას რუსეთი. რუსეთს ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს, ასე რომ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

დღეს მთელი მსოფლიო მიჩერებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე და კორეის ნახევრაკუნძულზე, სადაც მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ და ჩვენს ირგვლიც ყველაფერი იყოს ანთებული. ამას დღეს საქართველოში საფრთხედ არავინ თვლის, ვინაიდან ბრიყვები ვართ და არ ვიცით, რა ხდება ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გვაინტერესებს კალაძე იქნება თბილისის მერი, თუ ელისაშვილი, სხვა მეტი პრობლემა ჩვენთვის არ არსებობს.

-პენტაგონმა ტრამპის განკარგულება, ტრანსგენდერებს აეკრძალოთ არმიაში სამსახური, დაბლოკა. მისი თითქმის ყოველი გადაწყვეტილება წნეხის ქვეშ ექცევა. შეერთებული შტატები ტრანსგენდერებით აპირებს  რუსეთთან გეოპოლიტიკური ომის მოგებას?

-იცით რაშია საქმე? ტრანსგენდერების რაოდენობა იმდენია ამერიკის შეერთბული შტატების არმიაში, თქვენი მოწონებული. ძალიან ბევრნი არიან და მინდა გითხრათ, რომ ეს ტრანსგენდერები გადაკეთებულები არიან და გადაუკეთებლები და ცისფერები რამდენია, ვინ დათვლის.  შეერთებულმა შტტებს როგორც ამბობენ, ჰყავს ნომერ პირველი არმია მსოფლიოში, უაღრესად თანამედროვე შეიარაღებით, თუმცა ეს არავის გამოუცდია. ამერიკამ უკვე 16 წელია ჩაისვარა ავღანეთში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერაფერი გააკეთა, დამარცხდა, ისე როგორც ერაყსა და სირიაში. ე.ი ეს არ არის ის არმია, მართალია, დიდი რეკლამა აქვს, მაგრამ  დიდ რეკლამას ასეთი სისუსტეები მოჰყვება ხოლმე.

შეერთებული შტატები დღემდე ამტკიცებს, რომ  იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. ორი დღის წინ იყო ინტერვიუ პიროვნებასთან, რომელმაც დატოვა ისლამური სახელმწიფოს რიგები და სირიის სამთავრობო ჯარების მხარეს გადავიდა. ის პირდაპირ ასახელებს ამერიკელების გვარებს, რომელებიც აფინანსებენ და მონაწილეობას იღებენ ტერორისტებთან ერთად ბრძოლაში. ამერიკელები დღემდე აწვდიან ტერორისტებს იარაღს, მათ შორის ქიმიურს და ყველაფერ ამას ბაშარ ასადს აბრალებენ. აი, ასეთი სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტაები.

-სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინ შტატებმა ყატარი ჯერ ტერორისტების შეიარაღებაში ამხილა, სანქციები დაუწესა, რამდენიმე დღის შემდეგ კი  20 მილიარდიანი ხელშეკრულება გაუფორმა დოჰას იარაღის მიყიდვის თაობაზე

-იცით რაშია საქმე, ეს ყველაფერი არის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკანისტი ვარ და სხვანაირად უნდა ვილაპარაკო, ამას ვიტყვი ყოველთვის, სანამ პირში სული მექნება. ვხედავ რა, ამ ბანდიტების მოქმედებას, მსოფლიო განუკითხაობას და მათ დიდ სურვილს, რომ ყველაფერი  ფულს და დიდებას დაუკავშირონ, მე არ შემიძლია ვთქვა რაიმე დადებითი. ეს ქვეყანა არის ბანდიტების შექმნილი და ახლაც ბანიდიტების ზეობა გრძელდება.

-საქართველოს რომ დავუბრუნდეთ... რას ნიშნავს ყოველდღიურად ახალ-ახალი ხანძარის  კერის გაჩენა? ეთანხმებით თუ არა ვერსიას დივერსიის შესახებ?

-არავითარი დივერსია, ეს ხელისუფლება ებრძვის ვიღაც დივერსანტებს, რომლებიც ბუნებაში არ არსებობენ, რომ თავი გაიმართლონ. ეს არის ელემენტარული სიბრიყვე და ხელისუფლების უქნარობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ. სულ მოშლილია ყველა სამსახური. ხელისუფლებას, რომლის მეხანძრეს ნიჩაბი არა აქვს, რაზე უნდა ელაპარაკო.

-წინა ხელისუფლებაზეც არსებობს ეჭვი...

-საერთოდ გამორიცხული არაფერია, მაგრამ მათ არა აქვთ ამის შესაძლებლობა. ორი თვის განმავლობაში წვიმა არ ყოფილა, წვეთი არ ჩამოვარდნილა და პატარა მოქმედებაც საკმარისია იმისათვის, რომ ბალახს ცეცხლი მოეკიდოს.

-როგორ ფიქრობთ რატომ არ მიიღო საქართველოს მთავრობამ რუსეთისგან დახმარება? თვლით თუ არა, რომ ამ საქმეში მართლაც ამერიკის ელჩის ხელი და ზოგადად ამერიკის პოლიტიკა ურევია, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება არ მოხდეს?

 -თქვენს კითხვაში არის პასუხიც. თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებამ დახმარების თხოვნის ნოტით მიმართა რუსეთს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მერე თვითონ შეეშინდათ ამ მოთხოვნის და თავისი სიტყვა უკან წამოიღეს. ამ დროს უკვე რუსებმა გაამზადეს ორი თვითმფრინავი, რომლის ორი გაფრენაც საკმარისი იქნებოდა დასაწყისში ცეცხლის ჩასაქრობად. შეეშინდათ, იმიტომ, რომ ამერიკელებმა თითი დაუქნიეს, ააყროყინეს ოპოზიცია,  ნაციონალების სახით. ეს ხელისუფლება იმდენად მშიშარა და ჩასვრილია, მაშინვე შეცვალეს პოზიცია. ამერიკას სულ ფეხებზე ჰკიდია გადაიწვები შენ თუ არა, არ დაანებეს რუსეთს დახმარება, გაჭიანურდა ეს პროცესი, რასაც  120.000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გადაბუგვა მოჰყვა. რუსეთის სამაშველო თვითმფრინავი რომ ჩამოფრენილიყო,  ორი გაფრენა სრულიად საკმარისი იქნებოდა ხანძრის ჩასაქრობად. სამწუხაროდ, ეს დამფრთხალმა კვირიკაშვილმა ვერ გააკეთა, შეეშინდა, თითქოს მის ბაღჩა-ბაღში ყოფილიყო ხანძარი გაჩენილი. ეს არის საქართველოს კუთვნილება, არც შეერთებულ შტატებს, არც კვირიკაშვილს და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ასე გულგრილად, ვიღაცის ხათრის გაწევის გამო საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს უნიკალური ბუნება. კი, ბრძანა კვირიკაშვილმა, რომ 15-20 წლის განმავლობაში აღვადგენთ იმ ტერიტორიასო, მაგრამ ვერ აღადგენენ, იმიტომ რომ ხანძარი მარტო მიწის ზედაპირს კი არ უჩნდება, არამედ მიწის ქვევით,  ერთ მეტრზე ხდება მთლიანად ბიოსამყაროს გამოწვა. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პასუხისგებაში უნდა მიეცეს საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებისთვის, რაც მათ მიიღეს. სომხეთი რას ჩაგიქრობს ორი კაცით, ან აზერბაიჯანი ერთი ვეტმფრენით? ყველაზე დიდი გამოცდილება ამ რეგიონში აქვს რუსეთს, რომელიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე ებრძვის თავის ტერიტორიაზე ხანძრებს. გარდა ამისა, რუსული ავიაცია და რუსი მაშველები არიან პირველი მოთხოვნილების ობიექტები ლათინო ამერიკიდან დაწყებული, სამხრეთ აზიის ჩათვლით. აქ არის პროფესიონალებზე ლაპარაკი და არა დილეტანტებზე, გაცილებით უფრო პროფესიონალებზე, ვიდრე თუნდაც ამერიკელი მეხანძრეები არიან. ეს არის დანაშაული, როდესაც ამას არ იყენებ. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე,  რუსეთი ჩვენი მტერია თუ არა, ჯერ ერთი, არ არის მტერი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, აქ არის შენი ქვეყანა. როდესაც რუსეთს ჯერ სთხოვ და შემდეგ უარს ეუბნები ხანძრის ჩაქრობაზე, რუსეთს კი არ ეუბნები უარს, შენ საქართველოს ეუბნები უარს გადარჩენაზე. ამისთვის პასუხი უნდა აგოს კვირიკაშვილმა და მთელმა ხელისუფლებამ. 

 

 

 

loading...