საზოგადოება
„ტყეში გაჩენილ ხანძარს ოდითგან ბუნებისთვის სარგებელიც მოჰქონდა“ - ბაკურ ბერიტაშვილი
„ტყეში გაჩენილ ხანძარს ოდითგან ბუნებისთვის სარგებელიც მოჰქონდა“ - ბაკურ ბერიტაშვილი

პლანეტა კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ მოიცვა. ახლახან ჰიუსტონში საზარელი წყალდიდობა მოხდა და ქალაქის ქუჩებში ნიანგები დასეირნობდნენ. ჩვენს ტურფა ქვეყანაში კი ხანძრები მძვინვარებს. ყველა ამჩნევს, რომ წელიწადის ორი მშვენიერი ხავერდოვანი სეზონი - გაზაფხული და შემოდგომა - ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა! რა ელის კაცობრიობას? ვესაუბრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეროლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ - თანამშრომელს, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორ ბაკურ ბერიტაშვილს:

- დედაწაზე მომხდარი ყველა ცვლილება გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული. პლანეტის ატმოსფეროს ტემპერატურამ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საშუალოდ 1 გრადუსით მოიმატა.

- რამ განაპირობა ეს კატაკლიზმი?

- დედამიწის ატმოსფერო ტემპერატურის ცვლილების დღე-ღამურ ამპლიტუდას არეგულირებს. შედარებისთვის, მთვარეზე, სადაც საერთოდ არ არის ატმოსფერო, დღის საათებში უკიდურესად მცხუნვარე მზეა და ტემპერატურა ძალიან მაღალია, მაგრამ როგორც კი მზე ჰორიზონტს მოეფარება, მომენტალურად იწყება აცივება ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. გასული მეოცე საუკუნე გახლდათ შიდაწვის ძრავების საუკუნე. კაცობრიონამ ენერგიის მისაღებად ჩიჩქნა მიწა, ამოიღო ნავთობი, ქვანახშირი, რაც ძრავების საწვავს წარმოადგენს. შიდაწვის ძრავები ატმოსფეროში კოლოსალური რაოდენობით ნახშირბადს გამოისვრიან, რომელიც დაუყოვნებლივ, ჰაერში არსებულ ჟანგბადს უერთდება და ნახშირორჟანგი (CO2) წარმოიქმნება. გასულ საუკუნეში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ 40 % - ით მოიმატა. ნახშირორჟანგი ხომ დედამიწის ერთგვარი საბანია, რომელიც ღამის საათებში გაგრილებას, კოსმოსში პლანეტის ტემპერატურის კარგვას ხელს უშლის. ამჟამად, დედამიწა ღამის საათებში ვეღარ ცივდება ისე, როგორც თუნდაც, ერთი საუკუნით ადრე. მაშინ ღამეები იყო უფრო ცივი და ტემპერატურა ამის ხარჯზე ბალანსდებოდა. ახლა კი, დედამიწის ტემპერატურამ ღამის ტემპერატურის ხარჯზე იმატა. აი, მთავარი მექანიზმი, რამაც პლანეტაზე კლიმატის გლობალური ცვლილებები გამოიწვია!

- ხანძრების მომრავლებას ეს პროცესი განაპირობებს?

- არა. ხანძრები ამ მოვლენის მხოლოდ მეორადი გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, ღამით გვეხურა ისეთი საბანი, რომელშიც არც გვციოდა და არც გვცხელოდა, მაგრამ მას დაემატა თითქმის იმხელა სხვა საბანი და დაგვცხა! გლობალური მასშტაბით, ამ "მეორე საბანმა" ანუ, შიდაწვის ძრავების მიზეზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის მატებამ ჩვენი პლანეტის ტემპერატურა საშუალოდ 1 გრადუსით გაზარდა! ეს პლანეტის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად აისახება. კონკრეტულად საქართველოში კი, საშუალო ტემპერატურამ ნახევარი გრადუსით მოიმატა. ეს ჩვენთვის კატასტროფული არ არის. გვალვით გამოწვეული ხანძრები საქართველოში ადრეც იყო. 100 წელიწადზე მეტია საქართველოში მეტეო დაკვირვებები მიმდინარეობს და აღრიცხულია შემთხვევები, როცა 3 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - გარდაბანში და იორის ზეგანზე წვიმა საერთოდ არ მოვიდა, მაგრამ მაშინ ეს სულ სხვა - ბუნებრივი რყევადობის მიზეზით ხდებოდა, ამჟამად კი ახალი გამომწვევი დაემატა.

- რა არის ბუნებრივი რყევადობა?

- მაგალითად, თბილისში საუკუნის მანძილზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ნალექთა წლიური საშუალო მაჩვენებელი არის 500 მილიმეტრი, მაგრამ ზოგ წელს ეს მაჩვენებელი 300, ზოგჯერ კი, 800 მილიმეტრია. საქართველოში ამჟამად ბუნებრივად დგას გვალვის პერიოდი, რაშიც არაჩვეულებრივი არაფერია, მაგრამ თუ ადრე ასეთი გვალვები 20-30 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა და ახლა ყოველ 2-3 წელიწადში ხდება, უკვე იმას ნიშნავს, რომ გლობალურმა დათბობამაც თავი აშკარად იჩინა! ამის ობიექტური ინდიკატორებია მყინვარები, სადაც თეთრი საფარი სულ უფრო სწრაფად გარბის ჩვენგან მაღლა და ზემოთ. ასეთი ტემპით, 100 წლის შემდეგ კავკასიონზე მყინვარები აღარ იქნება. 20-30 წლის წინ კილიმანჯაროზე არსებული უშველებელი მყინვარიდან დღეს ერთი ციცქნა არის დარჩენილი! პარალელურად, გლობალური დათბობა დედამიწის პოლუსებზე ყინულის საფარის დნობას იწვევს. ანტარქტიდაზე ყინულის უზარმაზარი მთები პირდაპირ ცვივა ოკეანეში!

- ამ შემთხვევაში დედამიწაზე წყლის დონე იმატებს.. ნოეს ჟამი ხომ არ დაგვიბრუნდება?

- ბიბლიაში აღწერილი ნოეს პერიოდის წარღვნა - აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ მაშინდელი კატაკლიზმები სხვა მიზეზით - ტექტონიკური ძვრებით იყო გამოწვეული. დედამიწის ქერქი ცოცხალი არსებასავით არის, მუდმივად მოძრაობს - ხან ზემოთ, ხან ქვემოთ იწევს. შავი ზღვის ადგილზე, ღრმულში, შესანიშნავი, განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. მერე გიბრალტარი ჩაიწია, გაირღვა, ატლანტის ოკეანე რეგიონში შემოვარდა და ეს ცივილიზაცია დაფარა. წყალი უფრო შორსაც - დღევანდელ ციმბირამდე შეიჭრა, თუმცა მერე დედამიწის ქერქი ისევ ზემოთ ამოიწია, წყალმაც უკან დაიხია და ნაკვალევზე არალის და კასპიის ზღვები უზარმაზარი "გუბეების" სახით დატოვა. ეს პროცესი არცთუ დიდი ხნის, დაახლოებით, 5-6 ათასი წლის წინ მოხდა. შავი ზღვის ფსკერზე და აკვატორიაში დღემდე პოულობენ ქალაქების ნაშთებს. ამის პარალელურად, აცივებამ წყლის დიდი რაოდენობა დედამიწის პოლუსებთან ყინულად აქცია, ანუ, ჩვენი პლანეტა მართლაც ცოცხალი არსებასავით, მუდმივად სუნთქავს, მოძრაობს, პერიოდულად, გამყინვარებები და დათბობები ახასიათებს. ამჟამადაც, გლობალური დათბობის ჟამი დგას. დამდნარი პოლუსების ყინულეთი და მყინვარები პლანეტაზე ყოველწლიურად წყლის დონის 2-3 მილიმეტრით მატებას განაპირობებს, ანუ ოკეანე ისედაც მცირე ხმელეთს ერთგვარი მცოცავი ოკუპაციით უტევს.

- ამასობაში, ხანძრებით გადაბუგულ ჩვენს ტყეებს წვიმა ღვთის წყალობასავით ენატრებათ..

- სხვათაშორის, ტყეში გაჩენილ ხანძარს ოდითგან, ბუნებისთვის სარგებელიც მოქონდა, რადგან ანადგურებდა ნაირგვარ ხოჭოებს, რომლებიც მცენარეებს უჩნდებოდათ და ნახანძრალზე 50 წლის შემდეგ ჩნდებოდა ახალი ტყე, რომელიც თავისუფალი იყო ლაფნიჭამიისგან და სხვა მავნებლებისგან.. ანუ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ გვალვით გამოწვეული ხანძრის საშუალებით, ბუნება ერთგვარ თვითდეზინფექციას იტარებს ხოლმე.

- ბატონო ბაკურ, ტეხასის შტატი ახლახან, წყალმა დაფარა. ჰიუსტონის ქუჩებში კი, ნიანგები მოქალაქეებივით დაიარებოდნენ. ეს რისი ბრალია?

- ესეც დათბობასთან არის დაკავშირებული. ატმოსფეროში ტემპერატურის ნამატის სახით დაგროვილი ენერგია გამოსავალს ციკლონების ერთმანეთთან შეჯახებაში, ტორნადოების და ღრუბლების გაჩენაში გამოიხატება. უკვე 5 წელია, პატარ-პატარა ტორნადოები შავი ზღვის სანაპიროებზეც ჩნდება. ტორნადოები აქამდე ძირითადად, ამერიკაში, ოკლაჰომაში, ხდებოდა, სადაც კანადიდან შემოსული ცივი და მექსიკიდან შემოსული ცხელი ჰაერის მასები ეჯახება ერთმანეთს.

- ზოგი ვერსიით, კლიმატის ცვლილებას დედამიწის ღერძის დახრილობის შეცვლას უკავშირებენ. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს ჯერჯერობით, მხოლოდ ვერსიაა და ვერ დაგიდასტურებთ. ღერძის დახრის ცვლილებას აუცილებლად მოყვება მაგნიტური ველის ცვლილებაც, რაც კლიმატთან ერთად სხვა მნიშვნელოვან ცვლილებსაც გამოიწვევს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, ზაფხულში მზე უფრო მეტ ხანს გვინათებს, ვიდრე ზამთარში, რაც მოწმობს, რომ დედამიწის წარმოსახვითი ღერძი თავის ძველ ადგილზე რჩება. კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი მაინც ის არის, კაცობრიობამ უკონტროლოდ რომ ჩიჩქნა დედამიწა, უკონტროლოდ დაწვა ქვანახშირი და ნავთობი! ამიტომ, აუცილებელია ატმოსფეროში გამონაბოლქვების მინიმუმადე შემცირება და ენერგის ალტერნატიულ წყაროზე მასობრივად გადასვლა.

- საწვავის წვა დღემდე გრძელდება. ენერგიის მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყაროც, აქამდე არ ჩანს..

- როგორ არა? - ქარი და მზე! ჩინელები, გერმანელები და ფრანგები ენერგიის დაახლოებით 30 %-ს უკვე ქარისგან ღებულობენ და პერსპექტივაში, ქარს უფრო მეტის მოცემაც შეუძლია. ეს არის თითქმის უფასოდ მიღებული ენერგია, თუმცა ახლავს უარყოფითი მხარეებიც: დროთა განმავლობაში ქარის გენერატორების რაოდენობა გაიზრდება, რაც ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ჩიტებს მისი ზუზუნი არ სიამოვნებთ და გადაიხვეწებიან.. შესაბამისად გამრავლდებიან ის მავნებებლები, რომლითაც ეს ჩიტები იკვებებოდნენ და კაცობრიობა ახალი დილემების წინაშე დადგება, მაგრამ ეს იქნება მომავალში და კაცობრიობას ამ პრობლემის დაძლევაც მოუწევს, როგორც ამჯერად, ენერგიის მისაღებად საწვავის წყაროს ქარის და მზის გენერატორებით ანაცვლებს. მთავრდება ნავთობის და ქვანახშირის ხანა. 21-ე საუკუნე იქნება მზის და ქარის ენერგიის ათვისების ხანა! კაცობრიობა შეუდგება მზის და ქარის ენერგიის აკუმულატორებში შეგროვებას და შემდეგ სხვადასხვა საჭიროებით მის გამოყენებას!

- მაგრამ ენერგიის წყაროს ჩანაცვლება შეაჩერებს კი, იმ კატაკლიზმს, რაც ატმოსფეროს ტემპერატურის მატებით არის გამოწვეული?

- ამის შეჩერება ძალიან ძნელია, რადგან კაცობრიობამ განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში უზარმაზარი სისტემა ნებით თუ უნებლიეთ, წონასწორობიდან გამოიყვანა! ამ სისტემის დაბალანსებას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას 10 საუკუნემდე დასჭირდება. ამასობაში, კაცობრიობა იძულებული იქნება, შეეგუოს მდგომარეობას, რაც თავად გამოიწვია, ანუ შექმნას და დახვეწოს გვალვისგან და ხანძრებისგან თავდასაცავი კომუნიკაციები. კაცობრიობა ხომ, გაჩენის მომენტიდან ისედაც, ბუნებასთან შეგუების მდგომარეობაში იმყოფება!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"