პოლიტიკა
"ძნელია, თქვა, რომელი წვრთნა იქნება უკანასკნელი"-მოსკოვი ნატოს საზღვრთან ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას გეგმავს
"ძნელია, თქვა, რომელი წვრთნა იქნება უკანასკნელი"-მოსკოვი ნატოს საზღვრთან ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას გეგმავს

„ერდოღანს  ამოუვიდა ყელში და გული ერთდროულად აიყარა როგორც ევროკავშირზე, ისე ნატოზე და კურსი რუსეთისკენ  აიღო“- რატომ უცხადებენ  დაუმორჩილებლობას ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე თავად ევროკავშირის ქვეყნები?
 

მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი მწვავე ფაზაში გადადის. რუსეთ-ამერიკას შორის გართულებული დიპლომატიური ურთიერთობების კვალდაკვალ კუნთების თამაში გრძელდება. თუ ნატო უპრეცედენტოდ აძლიერებს სამხედრო შეიარაღებას ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, მოსკოვი ნატოს საზღვრის სიახლოვეს, ბელორუსსა და კალინინგრადში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას გეგმავს.  სანამდე გასტანს „შეთოფიარაღებული“ მშვიდობა ორ დაპირირისპირებულ მხარეს შორის და რომელი წვრთნა აღმოჩნდება უკანასკნელი, პროგნოზირება რთულია, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ დღეს მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ქვეშ რეალურად იმყოფება.

ბირთვული ომის საფრთხის კერა იქმნება კორეის ნახევარკუნძულზეც. სულ რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა. გამოცდის პროცესშია 10.000 კილომეტრზე მფრინავი რაკეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფხენიანი, როგორც კიმ ჩენ ირი იმუქრება, უკვე ამერიკასაც მისწვდება.

უაღრესად დაძაბულ საერთაშორისო ვითარების ფონზე ევროკავშირის კრიზისი სულ უფრო თვლშისაცემი ხდება. თურქეთ-ევროკავშირის გართულებული  ურთიერთობები პოლიტკორექტულობის საზღვრებს სცდება. ერდოღანი ბრიუსელს  „ფარისევლობასა და პოლიტიკურ ზნედაცემულობაში” ამხელს. თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, სურთ თუ არა თურქეთის წევრად მიღება. 

„თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

პარალელურად, მსოფლიოში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით სასტიკად ეწინააღმდეგებიან.

 „ჩვენ დავიცავთ თავს, ვინაიდან პოლონეთის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპული ინსტიტუტების ამგვარი მოუფიქრებელი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს არ შევასრულებთ“,- აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშკოვსკიმ. 

ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ პოლონეთს არანაირი წვლილი არ მიუძღვის ახლო აღმოსავლეთში  დატრიალებულ ტრაგედიაში და ლტოლვილები იმ ქვეყნებმა უნდა გაინაწილონ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ასეა თუ ისე, დასავლეთს, ერთ მხრივ, ულტრალიბერალიზმი და მეორე მხრივ, უცხო ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა ბუმერანგივით უბრუნდება.

მსოფლიოში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

-რუსეთი 14-20 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ბელორუსსა და  კალინინგრადში გამართავს. ეს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნაა ნატოს საზღვართან,  რა არის ამ წვრთნების მთავარი პოლიტიკური მიზანი და რამდენად შეიძლება იყოს ის საფრთხის შემცველი?

-ეს წვრთნები გზავნილია ნატოსადმი და დასავლეთისადმი,  ვინაიდან გულხედაკრეფილი ნატოც არ არის, ის აძლიერებს სამხედრო კოტიგენტს და ახალი შეიარაღება შეაქვს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. რასაკვირველია, რუსეთი ამას პასუხის გარეშე არ დატოვებდა. ჯერჯერობით მხოლოდ წვრთნებია, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულდება. რუსეთი გამოიყენებს თავის ანკლავს და ბირთვული იარაღის პლაცდარმად აქცევს. ჯერჯერობით დიდი ომი მოსალოდნელი არ არის. ამ ეტაპზე ორივე მხარე ერთმანეთისადმი გამაფრთხილებელი გზავნილებით კმაყოფილდება. უკვე ისეა, რომ არცერთი მხარე უპასუხოდ არ ტოვებს მეორე მხარის ქმედებას. შემოდგომისათვის ნატოსაც აქვს მასშტაბური წვრთნები დაგეგმილი ბალტიისპირეთის მონაწილეობით, მთავარი ისაა, რომ ხვეულები მრავლდება. ეს წვრთნები კონფრონტაციის მორიგი ხვეულია. საფრთხის შემცველია თვითონ ტენდენცია, ძნელია, თქვა, რომელი წვრთნა იქნება უკანასკნელი, ეს მშვიდობისკენ არ არის მიმართული და დაპირისპირებას აძლიერებს.

- რა შეიძლება გვითხრათ თურქეთ- ევროკავშირის გართულებულ  ურთიერთობებზე? ერდოღანმა ბრიუსელს  მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, სურთ თუ არა თურქეთის წევრად მიღება. თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“,-აცხადებს თურქეთის ლიდერი. რა იგულისხმა ერდოღანმა „ევროკავშირის ჭეშმარიტ სახეში“, ორმაგი სტანდარტი თუ კიდევ სხვა რამ?

 -რა არის იცით, ერდოღანსაც ამოუვიდა ყელში, ყველაფერს აქვს საზღვარი, გარდა ევროჩინოვნიკების ცინიზმისა და ორპირობისა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან პირდებიან თურქეთს ევროკავშირის წევრობას. ადრე საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დესტენმა პირდაპირ განაცხადა, რომ თურქეთი არ არის ევროპული ფასეულობების ქვეყანა და  ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. ერდოღანმა მიგრანტების პრობლემა კარგად გამოიყენა, როდესაც საზღვარი გახსნა და მილიონი მიგრანტი ევროპას, ძირითადად, გერმანიას შეუსია. შემდეგ მოხდა ფულზე გარიგება, ერდოღანმა რამდენიმე მილიარდი მიიღო, თანაც ევროკავშირში გაწევრიანებას დაპირდნენ. ერდოღანიც არ არის სულელი, ხედავს, რომ ევროკავშირში არავინ აპირებს დაპირების შესრულებას, ეს ჩვენ ვართ მხოლოდ ასეთი გულუბრყვილოები და ნდობით აღსავსენი. რამდენი წელია გვეუბნებიან, კარგი ბიჭები ხართ, ღიაა ნატოს და ევროკავშირის კარი, მაგრამ ამ ღია კარში არავინ გვიშვებს. ეს პროცესი პარალელურად ნატოსთანაც მიდის. გულგრილობა შეინიშნება თურქეთისგან ნატოსთან მიმართებაში. ნატომ თავისი სახე მართლა გამოავლინა, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. მაშინ ერდოღანი ბრიუსელში ჩავიდა, იქ კი დახმარების ნაცვლად პირდაპირ უთხრეს, პოლიტიკურად შენთან ვართ, მაგრამ შენი გულისთვის რუსეთთან ომს არ დავიწყებთო. ეს იყო ცივი შხაპი ერდოღანისათვის, ამიტომ მან გული ერთდროულად აიყარა როგორც ევროკავშირზე, ისე ნატოზე და კურსი რუსეთისკენ  აიღო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ რუსეთს ბოდიშს არ მოუხდიდა, მაგრამ ბოდიშიც მოუხადა, პუტინს სოჩაშიც ეწვია და ერთობლივ პროექტებზე აქტიური მოლაპარაკებებიც გააჩაღა.

დასავლეთი თურქეთს ევროპულ ქვეყნად არ თვლის. ევროპა ეჭვის თვალით უყურებს თურქეთს, მითუმეტეს ახლა, ამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ, როდესაც ციხეებში ადგილი აღარ დარჩა, დაპატიმრებებს ბოლო არ უჩანს. ევროპამ ეს მომენტი გამოიყენა და ერდოღანის პასუხიც ასეთია, მითუმეტეს, რომ თურქეთს რუსეთი ჰყავს უკვე ალტერნატივის სახით.

-მიგრანტები ახსენეთ...პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი ლტოლვილების მათ ქვეყნებში ჩასახლებას ეწინააღმდეგებიან. „პოლონეთი არ ჩაასახლებს თავის ტერიტორიაზე ლტოლვილებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამგვარი მკაცრი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშკოვსკიმ გააკეთა. რაზე მიანიშნებს  ეს ფაქტი და რამდენად სიმპტომატურია, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე თავად ევროკავშირის ქვეყნები უცხადებენ დაუმორჩილებლობას?

- კი, ევროკავშირს კრიზისი არაერთხელ ჰქონია, მაგრამ რესურსი თვითონ იმდენად დიდი აქვს, რომ ამ კრიზისს გადაიტანს. მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით კვოტები დაწესდა, საქმე იქმდე მივიდა, რომ უნგრეთმა განაცხადა,  ჩვენ მიგრანტებს მივიღებთ, მაგრამ მხოლოდ ქრისტიანებსო. ამ დროს მიგრანტების 99% მუსლიმანია. მიგრანტები თვითონაც ხელს უწყობენ მათდამი ასეთ დამოკიდებულებას.  სირიის ომი შემდგომ ტალღაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 10-15 წლის წინ ჩასახლებულები თავს იკლავენ და არავითარ შემთხვევაში არ ხდებიან ევროპელები. თავიანთი რელიგიით, ადათით ცხოვრობენ და პირიქით, ევროპის გამუსლიმანებას თხოულობენ.  სკოლებში ჰიჯაბებს, მოლას და მუსლიმანურად ლოცვას ითხოვენ. გერმანიაში მე თვითონ მინახავს სკოლა, რომლის მოწაფეთა 80% მუსლიმანია...

-შეიძლება ვთქვათ, რომ ეს, ერთი მხრივ,  ულტრალიბერალიზმის , მეორე მხრივ კი  დასავლეთის მიერ სხვა ქვეყნების საქმეებში უხეში ჩარევის შედეგია, რაც ხდება? სხვათა შორის, პოლონეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლონეთს მონაწილეობს არ მიუღია ახლო აღმოსავლეთში დატრიალებულ ტრაგედიაში და ლტოლვილები  იმ კოალიციის წევრმა ქვეყნებმა გაინაწილონ, რომელთა ხელიც ურევია მათ უბედურებაში...

- პოლონეთის ამ განცხადებას ბრიუსელი  ნაციონალიზმად და სეპარატიზმად თვლის. 65 ქვეყანა შედის იმ კოალიციაში, იმათ გაინაწილონ, მაგრამ ყველას ევროპა და გერმანია უნდა. წელიწადნახევრის წინ მერკელმა, იცით, რა შეღავათები დაუწესა? - უფასო ბინა, სწავლა, სამსახურით უზრუნველყოფა და ყოველდღე ჯიბის ფული, ერთი სიტყვით, კომუნიზმი, მაგრამ იმ უფასო კურსებზე არ დადიოდნენ და გერმანულს პრინციპულად არ სწავლობდნენ. კი, ამბობენ, რომ ყველა მუსლიმანი არ არის ტერორისტიო, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ტერორისტი რომ მუსლიმანია?  ქრისტიანს ერთი ტერორისტული აქტი არ ჩაუდენია, სულ ყველა მუსლიმანია და როდემდე? ყველაფერს აქვს საზღვარი.

რასაკვირველია, თვით მერკელიც კი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა, რომ მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადა. ახლა მერკელი წინასაარჩევნოდ იძულებულია მიგრანტების მიმართ თავისი პოლიტიკა მკვეთრად შეცვალოს, დაიწყო გასახლებები, უკვე რამდენიმე ათასი მიგრანტი გერმანიიდან გაასახლეს. ესენიც არ იქცევიან მაინცდამაინც წესიერად, ჩადიან გერმანიაში, უნდათ ყველა სიკეთე მიიღონ,  ამავე დროს თავიანთ მენტალიტეტს, ადათს გერმანულ საზოგადოებას თავს ახვევენ, ეს უკვე მოსახლეობას აღარ მოსწონს. რაც შეეხება პოლონეთს და უნგრეთს, პატარა ქვეყნები ამას უფრო მწვავედ განიცდიან, უნგრეთი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

ამის გასაღები არის თურქეთის ხელში, ერდოღანი იმუქრება.  ევროკავშირის ფულით მან ლტოლვილებისთვის დროებითი საცხოვრებლები ააშენა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს, მათ სულაც არ უნდათ თურქეთში ცხოვრება, ყველას ევროპა უნდა. აქეთ სუნიტები არიან, იქეთ-შიიტები, უკვე რელიგიური წინააღმდეგობაა. ერდოღანს შეუძლია უცებ გახსნას კარები და ყველანი ევროპაში შეუშვას. რა ელოდება მაშინ ევროპას ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, რომ ლტოლვილთა ნაკადი არ წყდება, პირიქით მატულობს. ახლა უკვე სოციალური მიგრანტები გამორბიან, იმიტომ კი არა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არამედ იმიტომ, რომ კარგი ცხოვრება უნდათ. ამისათვის ევროპა მზად არ არის.

ამ პროცესს პუტინი კარგად იყენებს, მან  ნორვეგიას შეუსია მიგრანტები, თანაც როგორ, ველოსიპედებით სუყველანი. ყოველდღე პატარა ქალაქის პოლიცია  200-300 ველოსიპედს აგროვებს. ეს ურთულესი პრობლემაა, მადლობა ღმერთს, ჩვენ მიგრანტებისთვის მიმზიდველები არა ვართ. თუ მოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე ევროპაში გადავიდნენ.

-თუმცა ძალიან თვალშისაცემია  მათი სიმრავლე აჭარაშიც, თბილისშიც...

-აჭარაში ძირითადად თურქები არიან, თბილისშიც არიან, რასაკვირველია, რაღაც ბარიერებია საჭირო, რადგან რასაც ევროპა აიტანს და გაუძლებს, საქართველო იმის ნახევარსაც  ვერ გაუძლებს. ამერიკა მიგრანტებისგან შექმნილი ქვეყანაა, მაგრამ ტრამპს ეშინია მათი და მექსიკას საზღვარს უკეტავს. ჩვენ პოლიტიკაც არ გაგვაჩნია, რამდენი შეიძლება შემოვუშვათ. პოლონეთსა და უნგრეთში ცდილობენ იმაზე ნაკლები შემოიყვანონ, ვიდრე ეს ევროკავშირმა განუსაზღვრათ. ჩვენთან ყველაფერი ქაოტურად არის,  რამდენი მიგრანტია შემოსული, ამის შესახებ ოფიციალური ცნობაც კი არ არსებობს.

-დაძაბული ვითარება და ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია შექმნილი კორეის ნახევარკუნძულზე. სულ რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა. თქვენ ხედავთ რეალურად ბირთვული ომის საფრთხეს?

-მე ერთ გამანადგურებელ დარტყმას ამერიკის მხრიდან არ გამოვრიცხავ, ვინაიდან დღეს  ამერიკას შეუძლია ერთხელ დაარტყას და პრობლემა გადაჭრას, მაგრამ ხვალ-ზეგ, უკვე შეუძლებელი იქნება. აქამდე კორეა ძირითადად რაკეტებს ქმნიდა, ახლა ბომბი გამოსცადა, რომელიც ხიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე სამჯერ ძლიერია.  ახლა უკვე 10.000 კილომეტრზე მფრინავი რაკეტა არის გამოცდის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ უკვე ამერიკასაც მისწვდება. ტრამპი თუ ერთ-ორ წელიწადს დააყოვნებს,  მერე უკვე გვიანი იქნება.  ჩანს, რომ დიპლომატიური გზით ფხენიანის შეჩერება შეუძლებელია. კი, ჩინეთი აცხადებს, რომ ჩრდ. კორეაზე ბირთვულ შეტევას არ დაუშვებენ, მაგრამ როგორ არ დაუშვებს? ამერიკას ომს დაუწყებს ჩინეთი?

-რუსეთი პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის მომხრეა, რაც  საკმაოდ რთული იქნება, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონი ძალისმიერ მეთოდს არ გამორიცხავს, ეს კი მარტივად  შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში...

-საქმეც ეს არის, რომ ჩიხური სიტუაციაა, ფხენიანი თითქოს ჯინაზე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკას სხვა გზა არ დაუტოვოს, გარდა სამხედრო დარტყმისა. კიმ ჩენ ირს იმედი აქვს, რომ ამერიკა დარტყმას ვერ გაბედავს, ვინაიდან რუსეთი და ჩინეთი, ეს ორი დიდი ბირთვული ქვეყანა წინააღმდეგნი არიან. ჩრ. კორეაში ბირთვული შეტევა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს მილიონობით ლტოლვილი შეესევა. უნდა ახლა ჩინეთს კორეიდან ლტოლვილები? თავისი მოსახლეობა აკლია? მართალია, რუსეთი დიპლომატიის მომხრეა, მაგრამ კიმ ჩენ ირთან დიპლომატია არ ჭრის. ტრამპის ახალი ინიციატივაა, რომ შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან გაწყვიტოს, რომელიც ფხენიანს ეხმარება. ამ დახმარებაში იგულისხმება ისიც, რომ რუსეთში მაგალითად, 200.000-მდე  ჩრ.კორეელი მსახურობს და ამ ფულს თავის ქვეყანაში გზავნის. ჩინეთი კი ეკონომიკურად ეხმარება. თუ რუსეთისთვის დიდი დანაკარგი არ იქნება ამერიკასთან ვაჭრობის გაწყვეტა, ჩინეთისთვის ეს შეიძლება ტრაგედია იყოს, რადგან ჩინეთის ძირითადი ბაზარი არის ამერიკა. ამიტომ თვის ბოლომდე უფრო ნათელი გახდება ყველაფერი. ახლა კრიტიკული სიტუაციაა. ტრამპის მრჩეველები ძირითადად მხოლოდ ამ  თემით არიან დაინტერესებულები. სირიის საკითხი მეორე პლანზე გადავიდა, თეთრი სახლისთვის დღეს ნომერ პირველი პრობლემა ჩრ. კორეაა. არ იციან რა ქნან, ისევ განაგრძონ ეს უშედეგო იწილო-ბიწილო მუქარები და სანქციები, თუ რისკზე წავიდნენ და დაარტყან, ისევე როგორც ისრაელი მოექცა ერაყს და სამხრეთ აფრიკას. ისრაელს ასეთ დროს ყოველთვის მზა პასუხი აქვს. ობამას ირანთან ხელშეკრულება რომ არ დაედო, ისრაელი მზად იყო დაერტყა ირანისთვის და ფაქტის წინაშე დაეყენებინა მსოფლიო. წავა ტრამპი ამაზე? ეს არის დღეს მსოფლიოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ინტრიგა. ტრამპმა უნდა მიიღოს ძალზე რთული გადაწყვეტილება, ან თავის მემკვიდრეებს უნდა დაუტოვოს  ეს პრობლემა თავსატეხად, ან სარისკო, მაგრამ ამერიკელ მკვლევართა აზრით, აუცილებელ და ერთადერთ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდეს.

 

 

 

loading...