პოლიტიკა
„საქართველო საერთაშორისო გარიგებების მსხვერპლი შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ვერც გავიგოთ, რა გარიგება შედგა და რაში რა გაიცვლა“ - სოსო მანჯავიძე
„საქართველო საერთაშორისო გარიგებების მსხვერპლი  შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ვერც გავიგოთ, რა გარიგება შედგა და რაში რა გაიცვლა“ - სოსო მანჯავიძე

ჩვენს თვალწინ მიმდინარე მსოფლიოს ახალი გადანაწილების ფონზე უკრაინის მოვლენები ძლიერ გეოპოლიტიკურ რყევებს ასახვს. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი, რომლის გეგმითაც შეერთებული შტატები დღესაც ხელმძღვანელობს, წერს, რომ რუსეთი დამარცხდება მაშინ, როცა მას ხელიდან გამოეცლება უკრაინა. ამერიკული გეოპოლიტიკური თეორიების მიხედვით, მსოფლიო ბატონობისათვის აუცილებელია ევრაზიის კონტინენტის სანაპირო ზონებზე კონტროლის განხორციელება, რუსეთის ოკეანეში გასვლისთვის ხელის შეშლა და რუსეთის ჩაკეტვა, რათა მთელი საზღვაო სივრცის ბატონ-პატრონობა შეერთებულ შტატებს დარჩეს. ამ გეგმას ,,ანაკონდას" სახელი ეწოდა, რადაგანაც ის  რუსეთის გარშემო რკალის შემორტყმას და თანდათან შევიწროებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიის კონტინენტზე კრემლის პოლიტიკური სვლები გარკვეულ შემთხვევებში სწორედ თავდაცვის მიზნით არის განპირობებული. მთავარ ძალის ცენტრებს შორის შორის გამუდმებულ ჭიდილს კი დედამიწის მრავალ წერტილში სისხლის მდინარები მოაქვს.

უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებასა და  საქართველოს წინაშე არსებულ  საფრთხეებზე sazogadoeba.ge-დედაქალაქის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, მსოფლიოს ახალი გადანაწილების ფონზე ხომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, გეოპოლიტიკური რყევების შედეგია?

-ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა არის ცენტრალური ევროპის და ევროპის უდიდესი სახელმწიფო. ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის  მამა ჯონ მაკკინდერი ამბობდა: „ვისაც ეკუთვნის ცენტრალური ევროპა, მას ეკუთვნის ევრაზია და ვისაც ეკუთვნის ევრაზია, ის ბატონობს მსოფლიოზე.” ამას იმეორებდა ძალიან ბევრი გეოპოლიტიკოსი ვიდრე ბზეჟინსკამდე. ბუნებრივია, გადანაწილებები ძალის ცენტრებს შორის ხდება, ასეთი ძალის ცენტრი დღეს არის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ასევე ევროკავშირი, თუმცა ევროკავშირი ძალიან ამორფული გაერთიანებაა, რომ თავისი ინტერესები დაიცვას შეერთებულ შტატებს, ანგლოსაქსურ სამყაროსა და რუსეთ-ჩინეთს შორის. ევროკავშირი მათ შორის დაპირისპირებას უფრო ასახავს. რაც შეეხება საკუთრივ უკრაინას, რა თქმა უნდა, უკრაინა არის ძალებს შორის ჭიდილის საგანი. იქ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის რბილი ძალის გამოყენებით მოხდა ფერადი რევოლუცია.  რუსეთმა ამას  ე.წ. ჰიბრიდული ომი დაუპირისპირა.

-რა როლი აქვს ამ პროცესში სააკაშვილს და რა ძალები დგანან მის უკან?

-პირველი, რაც  ნათლად გამოჩნდა, არის ის, რომ სააკაშვილმა  ლაკმუსის ფუნქცია შეასრულა, მან აჩვენა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე, ისინი აბსოლუტურად მოუმზადებლები შეხვდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას. უკრაინა  მისი პრეზიდენტის მეთაურობით სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა. ბუნებრივია, ამან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ისედაც დაბალი ნდობის კიდევ უფრო დაცემა გამოიწვია.

მოგეხსენებათ, ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილმა იქ  მართლაც მასტერკლასი ჩაატარა და ამის არდანახვა შეუძლებელია.

-ავანტურას გულისხმობთ?

-რა თქმა უნდა, მე ვერ ვიხსენებ უფრო ეფექტურ მოქმედებას, იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნული რეიტინგი აიწია, გარკვეული ძალების კონსოლიდაცია შეძლო და ახალ რევოლუციას აანონსებს უკრაინაში. ის პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებით უნდა შეიცვალოს. მოგეხსენებათ, არჩევნები უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში რევოლუციურ პერსპექტივას ყოველთვის ატარებს, ამას მოჰყვება ხოლმე ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, სახალხო გამოსვლები და ა.შ.   

მესამე საკითხია ის, რომ უკრაინა თავისთავად ძალიან მყიფე წარმონაქმნია. ნებისმიერი გადანაწილება დღეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის შიდა არეულობის და რეგიონების დაუმორჩილებლობის ფონზე. ამის მაპროვოცირებელი იყო ის ცნობილი რევოლუცია, რომელიც იანუკოვიჩის გადაგდებით დასრულდა.  უკრაინა უკვე სამ დეფაქტო ნაწილად არის გაყოფილი, ყირიმი რუსეთმა მიიერთა, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთში  ორი არაღიარებული რესპუბლიკა შეიქმნა, რომლის უკანაც რუსეთი დგას, ჩვენთვის კარგად ცნობილი მწარე გამოცდილების შესაბამისად.

თუ მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სასურველ მადესტაბილიზირებელ პროცესს მიაღწია, რომ გახდეს ფაქტორი, უკრაინაში ეს აუცილებლად  ახალი დაპირისპირების მიზეზი იქნება. თუ მან მოახერხა გარკვეული ძალების კონსოლიდაცია და ამ ძალების ცენტრი გახდა, ბუნებრივია, ეს შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს. მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა მკვეთრად ანტიპუტინურია და ის მოღალატეებს ეძახის უკრაინის მართლაც ოლიგარქიულ მმართველობას, შესაბამისად, უკრაინელ ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ  ბრძოლისკენ მოუწოდებს.

რა შეიძლება გამოწვიოს ამან, ძნელი საპროგნოზო არ არის, სამოქალაქო დაპირისპირება  შემდგომ დეზინტეგრაციულ პროცესებს აუცილებლად გამოიწვევს. უკრაინაში მარტო რუსეთის ინტერესები არ იკვეთება, ლვოვის ოლქი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტამდე პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო, ანუ, პოლონელებსაც აქვთ ინტერესები და ისტორიული პრეტენზიები. ასევე იქ არის უნგრელებით დასახლებული მხარეები, საკუთარი ინტერესები აქვს რუმინეთსაც. უკრაინას სადავო საკითხები ფაქტიურად, ყველა მეზობელთან გააჩნია. მოგეხსენებათ, არსებობს, მოლდავეთ-დნეპრისპირეთის საკითხიც, რომელიც ასევე საკმაოდ მწვავედ დგას. ბუნებრივია, გადანაწილების ცდუნება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეიძლება გაუჩნდეს და კიდეც აქვთ გაჩენილი დიდი ხანია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის შეჭრა უკრაინაში მრავალი მიზეზით არის განპირობებული და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში შეიძლება არასასურველი მოვლენები გამოიწვიოს.

-საბოლო ჯამში ეს პროცესები რუსეთის დასუსტებისკენ არის მიმართული?

-კი ბატონო, საერთოდ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება ძალიან მძიმედ მოქმედებს რუსეთზეც, ვინაიდან რუსეთს ორი სისხლმდენი იარა აქვს გაჩენილი დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღაიარებული რესპუბლიკების სახით. ამ შემთხვევაში რუსეთი ვერც წინ მიდის და ვერც უკან, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული.

-სააკაშვილის როლთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ქმედებები უკრაინაში რუსეთ-ამერიკის გარიგებას ასახავს...

- სააკაშვილის ქმედება, მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება ევროპის სივრცეებში  ადასტურებს, რომ ის „ინტერნაციონალური“ ფიგურაა, ვინაიდან შეუძლია სუვერენული სახელმწიფოს საზღვარი მთელი მსოფლიოს მედიის თვალწინ გადაარღვიოს. მას ევროკავშირის დეპუტატებისა და გარკვეული ამერიკელი სენატორების მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.  მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, რომ ადამიანი ჯერ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მერე მეორე ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ოლქის გუბერნატორი, შემდეგ აპატრიდი გახდა, დაარღვია საზღვარი და ჩამოგდებით ემუქრება პრეზიდენტს, რომელმაც თავის დროზე ჩაიყვანა და გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილი პარადოქსალური ფიგურაა, ბუნებრივია, ის მარტო არ მოქმედებს და გარკვეული ძალების შეთანხმებების გარეშე ვერც იმოქმედებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი კონსტანტები და სტანდარტული მიდგომები პოლიტიკაში დამაბნეველია, ეს მოძრავი დიაგრამაა. იგივე შეერთებული შტატების პოლიტიკური პასეანსი ძალიან შეიცვალა, მართალია სააკაშვილის მხარდამჭერი სენატორების პოლიტიკური წონა ადრე მეტი იყო, მაგრამ ისინი ისეთი ძლიერები მაინც არიან, რომ თავიანთ პროტეჟეს გარკვეული ქოლგა გადააფარონ, მანამ, სანამ ის დასჭირდებათ.

რუსეთ-ამერიკის შეთანხმებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნეოლიბერალური ფლანგის გავლენები რუსეთშიც ძალინ ძლიერია და ზოგადად, პოლიტიკაში ძალიან ბევრი ნახევარტონები და ნიუანსებია. ამ ნიუანსების გათვალისწინების გარეშე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება სასაცილოა. ძალიან რთულად შედგენილია ეს ყველაფერი, მითუმეტეს, როცა საქმე  ისეთ არაორდინალურ პროცესებს ეხება, როგორსაც თვალს ვადევნებთ დღეს უკრაინაში, მართლაც, საოცარი მოვლენები ხდება.

-დგას თუ არა უკრაინა სამოქალაქო ომის წინ?

-რა თქმა უნდა, უკრაინაში ეს საფრთხე პერმანენტულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, სადაც 15 მლნ რუსი ცხოვრობს, რომლებიც ფსიქოლოგიურადაც რუსული სამყაროს ნაწილი არიან. საითკენ იქნებიან ისინი, ხომ გესმით? ეს კარგია თუ ცუდი, ამაზე არ ვლაპარაკობ, ემოციებით ნუ გულშემატკივრობენ, თითქოს ფეხბურთი იყოს,  ეს არასერიოზულია. ასეთი რეალობაა, იქ კიდევ უამრავი პრობლემაა სხვა ეთნოსებთან დაკავშირებით, დონეცკის და ლუგანსკის გარდა არის ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის ოლქი  და სხვ. ანუ, ამ ვითარებაში ყოველთვის არის ამის გაღვივების საფრთხე,  რა თქმა უნდა, ეს მუდმივმოქმედი ნაღმია. დიდი სახელმწიფოები თავის თავში ყოველთვის შეიცავენ რღვევის წინაპირობებს და ნიშნებს, რომლებიც სახელმწიფოს დასუსტების შემთხვევაში მომენტალურად იჩენს ხოლმე თავს.

-რა გავლენას იქონიებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოზე და ელით თუ არა სააკაშვილის ექსტრადირებას თბილისში?

-სააკაშვილის ექსტრადირებას ნაკლებად ველი, რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, უშუალო  გავლენას იქონიებს. მისმა ასეთმა ტრიუმფმა  „ნაციონალური მოძრაობის“ გამოღვიძება და გამხნევება გამოიწვია. აგრესია, რითიც ისინი გამოირჩეოდნენ,  „გვირაბით“ არშემდგარი შემოსვლის გამო ცოტა მიჩქმალული ჰქონდათ, ახლა კვლავ გაიღვიძა მათში ამ იმედებმა, რევანში კი მაინცდამაინც დაადებითი მოვლენა არ არის, მითუმეტეს იმ ძალის რევანში, რომელმაც სახელმწიფო სისტემის ტერორით  დაგვამახსოვრა თავი.

თუ სააკაშვილმა იმ მიზანს მიაღწია, რომელზედაც ნაც.მოძრაობის წევრები ოცნებობენ, ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება საქართველოსთვის. წარმატებული სააკაშვილი უკრაინაში, რომლის ხელშიც ძალიან დიდი რესურსი აღმოჩნდება, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ქარაფშუტული მეჩვენება ის გამონათქვამები, რომ სააკაშვილი წარსულია. ფაქტია, არ არის წარსული. მოვლენების განვითარების არცერთი სცენარი არ უნდა გამოგვრჩეს. ქვეყნის უშიშროების ორგანოებმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ, რომ მოულოდნელი ფაქტების წინაშე არ დავდგეთ, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც პატარა სახელმწიფო, საერთაშორისო გარიგებების მსხვერპლი   შეიძლება ისე გავხდეთ, რომ ვერც გავიგოთ, რა გარიგება შედგა, რაში რა გაიცვლა და ვის შორის.

-აღსანიშნავია, რომ პროცესები უკრაინაში ამერიკულ-უკრაინული სამხედრო წვრთნების ფონზე მიმდინარეობს. შეერთებული შტატები რუსეთს ძალიან მიუახლოვდა, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

-შეერთებული შტატების სტრატეგია იყო და რჩება ე.წ. ანაკონდას რკალის პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ ადმირალ მეჰენის მიერ არის შემუშავებული მე-19 საუკუნეში. რას ნიშნავს ეს? ამერიკა არის კლასიკური საზღვაო იმპერია, ის ცდილობს კონტინენტალურ სიღრმეებში შეკეტოს კლასიკური კონტინენტალური იმპერია, რუსეთის სახით, ამერიკელი გეოპოლიტიკოსები დღესაც მაკკინდერის გეგმით სარგებლობენ, ანუ, რა არის ამერიკელების ტაქტიკა? ეს არის ალყის შემორტყმის პოლიტიკა ბაზებით, უახლოესი ტექნოლოგიებით, ისინი ძალიან ეფექტურად მართავენ ქვეყნებს და ამ ქვეყნების ელიტებს მათი ინტერესების შესაბამისად ამუშავებენ. რომ დავაკვირდეთ, თითქოს არაფერს ნიშნავს ერთი, ან ათი ბატალიონი ნატოს ძალა რუსეთის საზღვართან, მაგრამ ეს მუდმივ  დაძაბულობას ქმნის. ამას მივუმატოთ კიდევ ინფორმაციულ- ეკონომიკური ომი და პლუს, რუსეთის გარშემო ყველა ქვეყანაში ჩაყენებული ჯარი. ეს რუსეთში ძალიან დიდ დაძაბულობას იწვევს, ამავე დროს მიდის პირდაპირი დაფინანსება ანტიპუტინური ძალებისა, აი, ეს ბრძოლაა. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურია დღევანდელ ვითარებაში ასეთი მეთოდები და რა შედეგს მოიტანს ის. რუსეთის ისტორიას თუ გადავხედავთ, რევოლუცია და შიდა დესტაბილიზაცია იწყებოდა მაშინ, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდებოდა. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რუსეთმა შეიერთა ყირიმი, ამასთან, იმპერიულად განწყობილი რუსების მიერ აღიქმება, რომ რუსეთმა შეიერთა აფხაზეთიც და ცხინვალიც, აღმოსავლეთ უკრაინაში აწარმოებს ომს, რომელსაც წარმატებულად წარმოსახავენ. ასევე სირიაში  რუსეთის ჩარევამ მოგეხსენებათ, რა შედეგებს მიაღწია, რუსეთში ეს  წარმოჩინდება, როგორც ეპოქალური გამარჯვება და გარკვეულწილად, აქ მათ ნამდვილად აქვთ სატრაბახო. აქედან გამომდინარე, არავინ იცის, რამდენად ეფექტური გახდება  „ანაკონდას რკალის“ პოლიტიკა და სამხედრო-საინფორმაციო- ეკონომიკური რკალი რუსეთის წინააღმდეგ.

-გამოდის, რუსეთი თავს იცავს და გარკვეულ პოლიტიკურ-სამხედრო სვლებს თავდაცვის მიზნით ახორციელებს...

-საერთოდ ასეთ ბრძოლაში, როდესაც იმპერიები ებრძვიან ერთმანეთს, თავდაცვა, მართალი და მტყუანი რეალობას  არ ასახავს. კანონზომიერებაა ასეთი, თუ არ იბრძვი ახლის მოსაპოვებლად, კარგავ იმას, რაც გაქვს. ეს მუდმივი ბრძოლის კანონია. სამწუხაროდ, სამყარო ასეა მოწყობილი. მშვიდობა მხოლოდ გარკვეული ბრძოლის შედეგებს ასახავს, შემდეგ კი დიდი მღელვარებები და დიდი გადანაწილებები იწყება. ვხედავთ, ჩვენს თვალწინ როგორ ხდება ხალხთა დიდი გადასახლებები, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის რღვევა, სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილებები. ეს არეულობების პერიოდი ახალი ზავით დამთავრდება, მაგრამ არეულობა შეიძლება 20-25 წელიწადს გაგრძელდეს, შემდეგ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა კონფიგურაციის მსოფლიოს. მე-19 საუკუნეში ვინ წარმოიდგენდა მაგალითად, ბალკანეთის ასეთ რუკას, ან საბჭოთა კავშირის დაშლას. ადამიანები ვერ თვლიან რა მოულოდნელობით შეიძლება იყოს აღსავსე ისტორიული პროცესების ჭიუხები და ნაპრალები.

-სირიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, რუსეთი საკუთარ ინტერესებს სამხედრო ძალის მეშვეობით იცავს და საკმაოდ წარმატებულადაც. იქნება თუ არა ეს რეგიონში მშვიდობის დამყარების გარანტი?

-სირიაში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, „იგილის“ უკანასკნელი ბასტიონის და მისი ბირთვის განადგურების შემდეგ, ბევრი თვლის, რომ იქ მშვიდობა დამყარდება, დევნილები უკან დაბრუნდებიან და ა.შ. მაგრამ  ეს სრულიად გულუბრყვილო იმედებია, პირიქით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების მთავარი ბენეფიციარი გახლავთ ირანი და მისი სატელიტები „ჰამასი“,  „ჰეზბოლა“ და შიიტური მოსახლეობა. ირანი არის სახელმწიფო, რომელმაც ქართლ-კახეთს გენოციდი არაერთხელ  მოუწყო  და მუდმივად მიისწრაფოდა, შეეცვალა დემოგრაფიული და რელიგიური სურათი, ეს ჩვენთან ბევრს ავიწყდება.  ირანი ანალოგიურ მეთოდებს იყენებს დღესაც და კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენებს, როდესაც  “იგილი“ განადგურდება. ირანი ამ შემთხვევაში მიისწრაფვის შექმნას ორმაგი შიიტური რკალი, ერთ მხრივ, ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე და მეორე- სამხრეთის მიმართულებით. ირანის მისწრაფებაა მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, სუნიზმის ცენტრი საუდის არაბეთი და ირანის მიერ „მცირე სატანად“ მიჩნეული ისრაელი რკალში მოაქციოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა პროცესები მიდის იემენში, სადაც ხუსიტების აჯანყება საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ირანი შეეცდება შეცვალოს ეთნიკურ-დემოგრაფიულ-რელიგიური სურათი სირიაში. სირიას მოგეხსენებათ, მართავენ ალავიტები, სუნიტები შიიტებსა და  ალავიტებს მიიჩნევენ უწმინდურებად, ღმერთის საძაგელ სექტად, რომელიც არათუ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არამედ სიცოცხლესაც არ იმსახურებენ. შესაბამისად, აქ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს. ცხადია, საერო სახელმწიფო იქ ვეღარ შედგება იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო. სუნიტური მოსახლეობა აწყობს სისხლიან აჯანყებებს ალავიტური მმართველობის წინააღმდეგ, შესაბამისად, ირანი თავისი ბატონობის განსამტკიცებლად შეეცდება ერაყელი შიიტები დასავლეთ სირიის ყველაზე ნაყოფიერ მიწებზე დაასახლოს. ჩვენ თვალს ვადევნებთ, „იგილის“ მხეცობებს, მასობრივ ეგზეკუციებს, თავის მოჭრებს და ბარბაროსობებს, ანალოგიური ზღვარგადასული სისასტიკით მოქმედებენ იქ შიიტური ირანისგან ხელდასმული ძალები და ასადის არმიაც,  ისინი ერთმანეთს ვალში არ რჩებიან.  ამ პროცესების ბენეფიციარები არიან ქურთებიც...

-ერაყის ქურთების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას რამდენიმე დღის წინ ისრაელმა მხარი ოფიციალურად დაუჭირა  ...

-დიახ, ეს ცნობილი ამბავი იყო, ისინი არათუ ავტონომიას, არამედ სახელმწიფოს ქმნიან. სირიაში არის  ქურთული ანკლავი, რომელიც ჩრდილოეთიდან ებრძვის „იგილს“. ბუნებრივია, არცერთ პასეანსში ქურთები მესამეხარისხოვანი როლის შესრულებას არ დათანხმდებიან.

აქ არის ისრაელიც, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა და არ დაუშვებს ირანთან უშუალო შეხებას, მისთვის ასადი და მისი მოკავშირე ირანი სასიკვდილო საფრთხეა და ხედავთ, ბოლო პერიოდში რა მეთოდებით იბრძვის. ის ბოლო დაბომბვა, რომელიც მათ განახორციელეს, სწორედ ირანიდან სარაკეტო შეიარაღების  მოწოდების გასანეიტრალებლად იყო მიმართული. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა როგორ ყოველთვის, ძალიან ეფექტური რეიდი განახორციელეს, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მეთოდებით ირანის შეჩერება, არავინ იცის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ირანი ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო. თეირანი ახლა სარაკეტო ტექნოლოგიებს ფლობს და ძალიან სერიოზულად გაწვრთნილი  არმია ჰყავს. ანუ, ირანის ისე განადგურება, როგორც თავის დროზე ეგვიპტეს დაემართა, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა. ირანი არის 80 მილიონიანი სახელმწიფო, რომელიც არის შიიტური სამყაროს ლიდერი.

სახეზე გვაქვს როგორც ირანსა და ისრაელს, ასევე ირანსა და საუდის არაბეთს შორის ისტორიული დაპირისპირება დაპირისპირება. ამას ემატება ისიც, რომ სამმილიონ ნახევარი სუნიტი დევნილი უკან აღარ დაბრუნდება და კვლავ ევროპას მიაწყდება და ჩრდილოეთ ამერიკას მიაწყდება. ანუ, სირიის კონფლიქტი კიდევ დიდხანს დარჩება დეტონატორად მთელი ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოსთვის.

რაც შეეხება კიდევ ერთ აქტანტს, თურქეთს, ანკარა მოსკოვთან დაპირისპირების შიშით ასადის ჩამოსაგდებად მოქმედებებს აღარ აგრძელებს. მათ ეს შეაჩერეს, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან მოსისხლე მტრებად და ამის შესახებ ღიად აცხადებენ. თურქეთს კიდევ უფრო ღრმა პრობლემა აქვს იმით, რომ ფაქტიურად, უკვე შეიქმნა ერაყის ქურთისტანი და არ შეიძლება ამან თავისი გაგრძელება არ ჰპოვოს. მიუხედავად ქურთებს შორის განსხვავებებისა, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას  ქურთების ბრძოლაში თურქეთის ტერიტორიაზე, შექმნან თავიანთი სახელმწიფო. ანუ, ეს პრობლემები გამწვავდება და შეიძლება ძალიან მალე მივიღოთ ძლიერი ქურთული ცენტრი და შორს აღარ იქნება ის დრო, როდესაც მივიღებთ „დიდ ქურთისტანს“, რომელიც არის კოშმარი ყველა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოსთვის. ეს იქნება უდიდესი სახელმწიფო არა მარტო ნავთობის და გაზის მარაგით, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წლის რესურსებით, დიდი შუამდინარული მდინარეები სწორედ ქურთებით დასახლებულ ადგილებში იღებენ სათავეს.

-თუ პროცესები მართლაც ასე განვითარდა, „დიდი ქურთისტანის“ იდეის ხორცშესხმა როგორ აისახება საქართველოზე?

-ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, დემოგრაფიული ექსპანსია არის ყველაზე დიდი საფრთხე. ჩვენ გვიდგას დემოგრაფიული ზამთარი. მრავალი მიზეზის გამო ეკონომიკურად, პოლიტიკურად და დემოგრაფიულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მიგრაციული ტალღები, რომელმაც ამდენი პრობლემა შექმნა ევროპაში ყველა შესაძლებელი მეთოდებით ქვეყანას თავიდან უნდა ავაცილოთ. მე ვსაუბრობდი ირანის ეთნიკურ წმენდებზე, რომელიც ახასიათებს ყველა დიდ იმპერიას, იგივე რუსეთმა ეთნიკური წმენდით არ მიაღწია აფხაზეთსა და ცხინვალში დემოგრაფიული სურათის შეცვლას? შაჰ-აბასიც, რომელიც ზოგს წარსული ჰგონია, ამის ცოცხალი მაგალითია. იგივე თურქეთი, რომელიც ახლა სტრატეგიულ მეგობრად მოგვევლინა, მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს დაქვემდებარებული ტერიტორია, ისტორიული  მესხეთ-ჯავახეთის ნაწილი, ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, ბასიანი მიიერთა...გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი რომ ავიღოთ  ირკვევა, რომ იქ მილიონ ექვსასიათასი ქართველი ცხოვრობდა, იმ პერიოდისთვის ეს ძალიან დიდი ციფრი იყო და დღეს ხომ ხედავთ, რა ხდება...  ასეთი დემოგრაფიული ექსპანსიიები დიდი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი შესაბამისი კანონებით. ეს არის ნომერ პირველი საფრთხე. ამავე დროს უნდა მივიღოთ კანონი ქართველი ემიგრანტების დაბრუნების შესახებ და ხელი უნდა შევუწყოთ  ქართულ დიასპორას, კავშირი იქონიონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან.  ამ მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. ყველა რესურსი უნდა ვეძებოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ იმ დიდ გლობალურ მსოფლიო გადანაწილებაში, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.

პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი დაბრუნების შესახებ,რომელიც შემუშავებული მაქვს და გულისხმობს საქართველოდან გასული მოქალაქეებისათვის დაბრუნების იგივე პირობების შექმნას, რაც ისრაელმა უზრუნველყო.

სწორედ ამ კანონის სულის შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ დაუყონებლივ და დაუფიქრებელ დაბრუნებაზე არაა საუბარი,არამედ სამშობლოსთან უწყვეტ კავშირზე და მის ცხოვრებაში თანამონაწილეობაზე.

საქართველოს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ყველა იმ ადამიანის პატრონაჟი, ვინც თავს ქართველად თვლის.

ორმაგი მოქალაქეობა უნდა მიეცეს საქართველოდან გასულ ადამიანებს,რომლებიც ფლობენ ქართულ ენას, იციან და პატივს სცემენ ჩვენი კულტურის საფუძვლებს.( მაგ.შვეიცარიული მოდელი) გზა გაეხსნას,წახალისდეს და უპირატესობა მიეცეს უცხოეთში არსებულ ქართულ კაპიტალს საქართველოში ინვესტირებისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ყველა იმ სახელმწიფოსთან,სადაც ცხოვრობენ საქართველოდან გასული მოქალაქეები, რათა მათთვის ლეგალურ შრომის ბაზარზე იქნას გამოყოფილი კვოტა და ეს ამ სამინისტროს მუშაობის პრიორიტეტი უნდა გახდეს.ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომლექსური ღონისძიებებიდან, რომელთა განხორციელება აუცილებელია, რათა ქართველები გამოვიდეთ ამ ჩიხიდან,გადავრჩეთ და განვითარდეთ.

-ხედავთ პოლიტიკურ ნებას  დღევადელ ხელისუფლებაში, რომ ეს საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული?

-პიროვნულად, რა თქმა უნდა, თვითონ ქართველები არიან და ხედავენ ამას, მაგრამ პოლიტიკურ ნებას ინსტიტუციურად ვერ გამოხატავენ, ვინაიდან ამას გარკვეული ძალიხმევა სჭირდება. უნდა შეიქმნას სტრატეგიული კვლევის ცენტრი, რომელიც ამ ინტერესებს დააჯგუფებს და რეკომენდაციებს გაუწევს უშიშროების ორგანოებს, თუ როგორ იმოქმედონ ინტეგრირებულად და კომპლექსურად.

-და თავისუფალი ნება ალბათ...

-რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება და ამ ნების გატანის სურვილი. არ არის ისეთი ვითარება, რომ გამოსავალი არ არსებობდეს, გამოსავალს ღმერთი ყოველთვის გიტოვებს, თუ შენ შესაბამის ნებას გამოამჟღავნებ და იშრომებ იმისათვის, რომ გადარჩე.

ამავე დროს სასწრაფოდ ჩამოსაცილებელი და გასანეიტრალებელია გაურკვეველი ძალების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ დესტრუქციულ მოქმედებებს აწარმოებენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ისინი ახორციელებენ ავადმყოფურ, ნეოლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში.  სოროსის ორგანიზაციები და სხვა  ამგვარი ძალები სასწრაფოდ  გასანეიტრალებლები არიან.  ამის მცედლობები არის, თუმცა ეს არასაკმარისია, ძალიან ოპერატიული ქმედებებია საჭირო,  თორემ  მერე უკვე ძალიან გვიან იქნება.

 

 

 

 

loading...