პოლიტიკა
მამა დავითი: ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის კრავის გამარჯვებით დამთავრდება!
მამა დავითი: ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის კრავის გამარჯვებით დამთავრდება!

20 საუკუნეზე მეტია, რაც კაცობრიობა იმ ზნეობრივი კოდექსის ფარგლებში მოაბიჯებს, რომელიც ქრისტემ დააწესა, მაგრამ ბოლო დროს საქართველოშიც მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ზნეობრივი კოდექსის გადასინჯვას მოითხოვენ.

"ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა! ქრისტე აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმდენად ჩამორჩება ამ მეინსტრიმსა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, მან ეს ჯერ არ იცის." - ამტკიცებს ყოფილი ბერ-მონაზონი, ლაშა ომარაშვილი, რომელმაც ეკლესიას ზურგი აქცია და ახლა რესპუბლიკური პარტიის ეგიდით არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. 

ქრისტეს მრწამსის სანაცვლოდ, როგორ მორალს სთავაზობენ საზოგადოებას ლიბერასტები? ვესაუბრებით ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ქვლივიძეს:

- წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ქრისტე არის მარადიული, ანი და ჰოე. ქრისტე თავად არის ღვთის სიტყვა და ის 25 დეკემბერს კი არ მოევლინა სამყაროს, არამედ, როგორც ღვთის სიტყვა, ამ სამყაროს მამასთან ერთად ქმნიდა! შემდეგ მან თავი დაიმდაბლა, დედამიწაზე ჩამოვიდა, კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად ჯვარზე გაეკრა, ეშმაკის ტყვეობაში მყოფი ადამიანები საკუთარი სისხლით გამოისყიდა და ადამიანებს კვლავ სამოთხეში დაბრუნების საშუალება მისცა! მაგრამ კაცობრიობის უმადურობა იქამდე მიდის, რომ თავის მხსნელს უარყოფს და ამ უმადურობის განსაკითხავად, ისევ ქრისტე მოვა დედამიწაზე.

- რა შეიძლება მათ ვუპასუხოთ, ვინც ამტკიცებს, რომ "ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა"?

- ვიდრე ამაზე გიპასუხებდეთ, გეტყვით, რომ "ყოფილი ბერი" ბუნებაში არ არსებობს. ადამიანი რომელიც ერთხელ აღთქმას დადებს და ბერად აღიკვეცება, ამ აღთქმას რომც უღალატოს, სიცოცხლის ბოლომდე ბერად რჩება. ცოლიც რომ მოიყვანოს, ასეთი ოჯახები ყოველთვის უბედურები არიან, რადგან ვინც ბერობის და მონაზვნობის აღთქმას დებს, ის ჯვარს ქრისტეზე იწერს, ხოლო მეუღლის მოღალატე თუ ოჯახს ღალატობს, ბერობის აღთქმის მოღალატე პირდაპირ ქრისტეს ღალატობს. ამის მიუხედავად, მაინც ბერად რჩება და ღვთის წინაშე სწორედ ამ საშინელი ცოდვის სიმძიმით განიკითხება, შესაბამისად, უმკაცრესად მიეზღვება! ისტორიაში ასეთი უამრავი მაგალითია ცნობილი! რუსთაველის დარი მოაზროვნე და მგოსანი ქართველ ერს და ცივილიზებულ კაცობრიობას არ ჰყოლია. იგი თამარის მეფობის დროს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ ახლებურად რომ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა, მაგრამ ასეთი დაფასების, სიმდიდრის და გონების კაცმა ყოველი ამქვეყნიური სიამე მიატოვა და სიცოცხლის ბოლო წლები ღმერთს მიუძღვნა! იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში არის ფრესკა, სადაც შოთა რუსთაველი იოანე დამასკელის და მაქსიმე აღმსარებელის ფეხებთან არის გამოსახული, რაც მიგვანიშნებს, რომ ამხელა დონის მოაზროვნე საერო ლიტერატურას ღვთის სარწმუნოებასთან შედარებით ასე მცირედ თვლიდა. არ მგონია, ლაშა ომარაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ "ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა" - რუსთაველზე დიდი მოაზროვნე ბრძანდებოდეს! მე ვაპირებ, ამ კაცს შევხვდე და გადარჩენის მიზნით ხელი გავუწოდო, რადგან ვერ აცნობიერებს, რამხელა სასჯელი ემუქრება. ქრისტე ღაღადებს, ვინც ჩემსკენ მომავალ თუნდაც ერთ კაცს დააბრკოლებს, მისთვის უმჯობესია, კისერზე წისქვილის ქვა დაკიდონ და ზღვაში გადაადონ, ვიდრე ღვთის რისხვამ უწიოს, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას აუცილებლად, მეტიც მოეთხოვებაო! ერთი ეგ არის, თუ შეინანებს, ქრისტე მას დიდსულოვნად აპატიებს ისე, როგორც პატიობდა უდიდეს მწვალებელს, გერასიმე იორდანელს, რომელიც სინანულის მერე წმინდანად იქცა და ლონგინოზ ასისთავს, რომელმაც ჯვარცმულ ქრისტეს ფერდი შუბით განუგმირა, თუმცა ასევე სინანულის შედეგად, თავადაც ჯვარს ეცვა, საკუთარი ნებით ავიდა ჯვარზე გასაკრავად! არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ქრისტეს მოწყალებას, მთავარია, ცოდვილმა გულწრფელად შეინანოს იგი! ქრისტეს მიმდევრების სასტიკი მდევნელი სავლეც, სინანულის შემდეგ წმინდანად იქცა და პავლე ეწოდა!

- ქრისტიანობის თანამედროვე მდევნელთა მოტივაცია წინამორბედთა მსგავსია?

- მოტივაცია იგივეა, თუმცა მიდგომები და ვერაგობა თანამედროვე ჟამს დაიხვეწა.  ეკლესიაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ღვთის ამ საკრებულოს გაყიდიან. განა, თვით ქრისტეს მოციქული - იუდა - ასეთი არ იყო? 12 ადამიანში 1 იუდა ხშირად იჩენს თავს ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ეპოქაში, მაგრამ ეკლესია ყოველთვის სათანადო პასუხს სცემს მოღალატეებს. ეკლესია ის დედაბოძია, რომელსაც საქართველო ემყარება. მტერმა იცის, საქართველოს ვერ დაამარცხებს, თუ უწინ ეკლესიას არ მოერევა, ამიტომ ებრძვის მას გაშმაგებით, მაგრამ ეკლესია, როგორც მაცხოვარი ღაღადებს - თავკიდული ლოდია. ვინც ამ ლოდზე დაეცემა - დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დაეცემა, ის გაისრისება! ეკლესიასთან ყოველი მებრძოლი - დასაწყისშივე განწირულია! ნახეთ, რას კადრულობენ რესპუბლიკელები? მათ პატივით მიიღეს, წაახალისეს, გულში ჩაიხუტეს და დეპუტატად წარადგინეს ეკლესიას განდგომილი ბეჩავი - რომელმაც იესო ქრისტე მიატოვა! გამოჩნდა, რომ ამ ხალხის მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვება კი არა, ეკლესიასთან შებრძოლებაა. ყველა საზარელი ხვედრით აღესრულა, ვინც ეკლესიას დაუპირისპირდა! პიროვნება შეიძლება მოკლა და გაანადგურო, თუმცა ეკლესიას ვერავინ მოერევა, ეს ბრძოლა ყოველთვის, კრავის გამარჯვებით მთავრდება! წმიდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, რომ მეომრები ომში მხედრული სიმღერით, მხნედ მიდიან, თუმცა წინასწარ არ იციან, ბრძოლას მოიგებენ თუ წააგებენ... ქრისტიანებმა კი, უეჭველად უწყიან, რომ კრავი ნებისმიერ ომში გაიმარჯვებს!

- ნუთუ, ეს არ იციან ეკლესიისგან ზურგშექცეულებმა?

- ისინი შესაძლოა, ნაკითხები და მწიგნობრები ბრძანდებიან, მაგრამ არა განათლებულები, რამეთუ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ანალიზს ვერ აკეთებენ! ასე, მაგალითად, ქრისტეს ეპოქის მწიგნობრებმა ზეპირად იცოდნენ, რამდენი სიტყვა იყო ბიბლიაში,  მაგრამ მათი გონება ღვთის მადლით განათებული არ იყო, ამიტომ, მაცხოვარი ვერ ამოიცნეს და ის ჯვარზე გააკრეს! მოციქულთა უმრავლესობა უწიგნური იყო, მაგრამ შინაგანი სიწმინდის შედეგად მათზე სულიწმინდის მადლი გადმოვიდა და სახარება დააწერინა! თანამედროვე ღვთისმბრძოლებიც, მწიგნობრები არიან, მაგრამ რა დონის უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომ სამყაროს შემოქმედთან, ქრისტესთან შებრძოლება გაბედოს?!

- ან განა, ზნეობის რა კოდექსი უნდა შესთავაზონ ამ ხალხმა კაცობრიობას, რომ ის ქრისტიანულ ზნეობას ჩაენაცვლოს?

- ნათქვამია, რომ ბოლო, დიდი განდგომილების ჟამს, როცა დაგროვდება გარყვნილება და საზოგადოებრივი აზრი მომზადდება, დედამიწაზე მოვა ანტიქრისტე. მაგრამ მანამდე მისი მოციქულები ცდილობენ, დედამიწაზე შექმნან "ახალი ადამიანები", რომლებიც ანტიქრისტეს ტრიუმფით მიიღებენ და განადიდებენ. ანუ, დღეს მთელი ძალები სწორედ ასეთი, "ახალი ადამიანების" შესაქმნელად არის მიმართული! მაგრამ, რაც არ უნდა მცირე დავრჩეთ ქრისტეს მორწმუნენი, ანტიქრისტიანული ძალები ვერაფერს დაგვაკლებენ! ისინი ახალ ბაბილონის გოდოლს აშენებენ, მაგრამ ეს მშენებლობაც იმ ხვედრს გაიზიარებს, როგორი კრახითაც ძველი გოდოლის მშენებლობა დასრულდა, რადგან ქრისტეს მიერ მოწოდებული, დახვეწილი ზნეობის მაგივრად კაცობრიობას უზნეობას, გარყვნილებას და სულიერ დეგრადაციას სთავაზობენ, ხოლო ამ ბინძურ პოლიტიკას "თავისუფლების" ცნების საფარქვეშ ნიღბავენ!

- რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება?

- ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს "საკუთარი თავის უფალი"! ადამიანი, რომელიც ემონება საკუთარ ვნებებს, მრისხანებას, ვერცხლისმოყვარეობას, მრუშობას, გემოთმოყვარეობას - ვერასოდეს იქნება თავისუფალი, რადგან თავისუფლება, პირველ რიგში, საკუთარ ვნებებზე გამარჯვებას ნიშნავს! ეშმაკი ბოლო ჟამს, მთელი სიმძაფრით ეკვეთება კაცობრიობას, მაგრამ ის ვერ დაამარცხებს ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ ვნებებზე გაიმარჯვეს! 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...