კულტურა
„ამ ერთი სატელეფონო ზარის შედეგია ის, რომ ჩაკრულო კოსმოსშია“ - საქართველოს NASA-ს ლეგენდები ესტუმრნენ
„ამ ერთი სატელეფონო ზარის შედეგია ის, რომ ჩაკრულო კოსმოსშია“ - საქართველოს NASA-ს ლეგენდები ესტუმრნენ

1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა.  დისკზე დატანილ 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ამ მოვლენიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს ლეგენდები ისტორიულ კოსმოსურ მისიას უკვე „ჩაკრულოს“ სამშობლოში გაიხსენებდნენ.

NASA-ს წარმომადგენლები საქართველოში სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფებიან. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული „ჩაკრულოს კვირეული“ რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის ძალისხმევით განხორციელდა. ღონისძიება ტექნოპარკის ტერიტორიაზე ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის სახელობის ლაბორატორიის გახსნით დაიწყო და  „სტარტაპ“-ებთან შეხვედრით გაგრძელდა. სტუმრებს შორის მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და NASA-ს ვოიაჯერის პროგრამის ყოფილი მენეჯერი ჯონ კასანი არიან.

რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი, ღონისძიების ორგანიზატორი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში  ჩემი თხოვნით ჩამოვიდა ნასას ორი ლეგენდა - ჯონ კასანი და რობ მენინგი. კასანი ვოიაჯერის პროგრამის მენეჯერი გახლდათ.  40 წლის წინ მან ტელეფონი აიღო და კარლ საგანს დაურეკა. ამ ერთი სატელეფონო ზარის შედეგია ის, რომ ჩაკრულო კოსმოსშია. რაც შეეხება რობ მენინგს, ის მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერია. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ეს ლეგენდარული მეცნიერები ქართველ ახალგაზრდებს შეხვდებიან. სტუდენტებს და მოსწავლეებს მათთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ. ეს მათთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. შეხვედრა დაგეგმილია ჯარისკაცებთანაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ადამიანების საქართველოში ყოფნა ქართველებისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ. შევეცდები, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევახვედრო და საზოგადოების დიდ ნაწილს შთამბეჭდავი საჩუქარი გავუკეთო.

-რამდენად გააცნობიერა საზოგადოებამ ამ ვიზიტის მნიშვნელობა?

-სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ამისთვის. ცოტა მეტი უნდა გაკეთებულიყო ალბათ. თუმცა დღევანდელი შეხვედრა არის გარანტია იმისა, რომ გაისად კიდევ მეტად ორგანიზებულად ჩატარდება ღონისძიება, მეტი ადამიანი დაგვიდგება გვერდით... ახლა მარტომ გავაკეთე ყველაფერი, მაგრამ ეს ხელის ჩაქნევის საფუძველს არ მაძლევს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს უფრო მეტი დაინტერესება იქნება და შედეგიც მოჰყვება შესაბამისი. ჩემთვის მთავარია, მეცნიერებამ დაიწყოს წინსვლა. ამ ეტაპზეც გვიცხადებენ მხარდაჭერას, იციან, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ, თუმცა ეს საკმარისი არაა...

ტექნოპარკი შთამბეჭდავი ადგილია და ადმინისტრაციისგან ნამდვილად წამოვიდა ხელშეწყობისა და მხარდაჭერის სურვილი. პრემიერ-მინისტრსაც უნდოდა აქ ყოფნა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოახერხა. ალბათ, მის მხარდაჭერას ვერ დავივიწყებ ვერასდროს. გიორგი კვირიკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ზუსტად ესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მეცნიერებასა და ზოგადად, მეცნიერების განვითარებას. მიხარია, რომ საქართველის ასეთი პრემიერი ჰყავს. აქ პოლიტიკა მართლა არაფერ შუაშია. ეს ადამიანი მართლა ხვდება, რომ ქვეყანა მეცნიერების გარეშე ვერ იარსებებს და მადლობა ამისთვის მას.


28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის „The Song“ ჩვენება და ერისიონის კონცერტი გაიმართება.

„ჩაკრულოს კვირეულის ფარგლებში“ ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

იხ. აგრეთვე: "ასე შორს ქართული კულტურა არავის გაუტანია"