პოლიტიკა
„დიდი ალბათობით გამარჯვება მმართველ გუნდს დარჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი მას ენდობა, უბრალოდ, სხვების მიმართ უფრო მეტი უნდობლობაა“ - არჩილ გამზარდია
„დიდი ალბათობით გამარჯვება მმართველ გუნდს დარჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი მას ენდობა, უბრალოდ, სხვების მიმართ უფრო მეტი უნდობლობაა“ - არჩილ გამზარდია

წინასაარჩევნო გარემო ასეთი ცხელი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) არასდროს ყოფილა. პოლიტიკურმა გვალვებმა, შეიძლება ითქვას, ოპონენტებთან ერთად, ტყეებსაც მუსრი გაავლო. ერთმანეთის მიმართ წამოსროლილმა “ფანტასტიკურმა” ბრალდებებმა და მუდმივმა თავდასხმებმა უცნაური ელფერი მიიღო. ზოგმა შიმშილობა გადაწყვიტა, ზოგმა არჩევნების ბოიკოტირება მოიფიქრა, ზოგმა არასასურველი კანდიდატების ჩადენილ თუ ჩაუდენელ ამბებში დადანაშაულება დაიწყო. რესპუბლიკურ პარტიას კი უცებ გონება გაუნათდა და მოულოდნელად დაასკვნა,  რომ მერი სრულიად თბილისმა არა პიროვნული ღირსებების, არამედ მისი განსხვავებული ორიენტაციის გამო უნდა აირჩიოს. და სანამ ეს უკანასკნელი იმაზე ბჭობდა, რამდენად მზად იყო ქართული საზოგადოება ამ „განსხვავებულის“ მისაღებად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საზოგადოება ახალი იუმორისტული მონოლოგით და „გუგავა მოვა“ დაპირებებით გაართო. პარალელურად, მოშიმშილეებმა კარვები გაშალეს, აქციები დაიწყეს, დებატებში ერთმანეთი დაჭამეს, კომპრომატები აფრიალეს, მუშტებიც იქნიეს, გაჭირვებული ხალხითაც „იმარიაჟეს“, გაზრდილ კრიმინალზეც მიგვითითეს, თურქებსა და ირანელებს ქვეყნიდან გაძევებითაც დაემუქრნენ და „სასწაულებს ჩავიდენ“ დაპირებებითაც გამოგვკვებეს...

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, მაგრამ ამას პოლიტიკურ ამინდზე სულაც არ უმოქმედია. მეტიც, პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფმა აქტიურმა ექპერტ-სინოპტიკოსებმა სიტუაციის გაუარესება და ტემპერატურის მკვეთრად მატებაც იწინასწარმეტყველეს. პროგნოზი სარწმუნო მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა სასიკვდილო შიმშილობა დააანონსა.

პოლიტიკურ ველს მიღმა კი არც ისე სახარბიელო სიტუაციაა: ტყეები გადამწვარია, ტერიტორიები - ოკუპირებული, საზოგადოება - სოციალურად დაუცველი, ეკონომიკური ვითარება - მძიმე, ადამიანური რესურსი - დეფიციტური, პროფესიონალიზმი - სანთლით საძებნი, კრიმინალი - გაზრდილი, ხედვა - ცალმხრივი და მკვეთრად უარყოფითი, ურთიერთობები - დაძაბული...

მოკლედ, „რუსთავი 2“-ს თუ დავუჯერებთ, უიმედო მდგომარეობაა...  რაც შეეხება საკუთარ თვალებს, ვერც მას ვენდობით მაინცდამაინც, რადგან ის, რაც ჩანს, ხშირად განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად არის...  

„საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის“  დირექტორი, ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გაზარდია თვლის, რომ ყველაფერი რეალურად არც ისე ცუდადაა, რადგან არსებული სტატისტიკა ამის თქმის საფუძველს არ გვაძლევს.

- ზოგადად, როდესაც სიტუაციის სიმძიმეზე ვსაუბრობთ, მაგალითად, ვამტკიცებთ, რომ კრიმინალი გაზრდილია, უნდა არსებობდეს შესაბამისი სტატისტიკაც. ამ ეტაპზე არსებული მონაცემები კი ამის თქმის საფუძველს არ გვაძლევს. უბრალოდ, არის რამდენიმე მძიმე შემთხვევა, რომელიც მედიით გავრცელდა. მაგრამ სანამ ამ მოსაზრებას შესაბამისი კვლევები და სტატისტიკური მონაცემები არ დაადასტურებს, კრიმინალის მატების კვალიფიკაციის მიკერება არასწორია. არასწორია მისი პოლიტიკურ ჭრილში განხილვაც, პოლიტიკური ელფერის მიცემა და მის ჩამდენზე, როგორც პოლიტიკურ სუბიექტზე, მტკიცებით ფორმაში საუბარი. ალბათობა ყველაფრის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როდესაც არ ვიცით, ვინ ჩაიდინა კრიმინალი, საუბარი იმაზე, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის გაკეთებულია, არ მიმაჩნია გამართლებულად.

- და ვერც წინასაარჩევნოდ გახშირებულ ხანძრებს მისცემთ დივერსიის კვალიფიკაციას? არც ეს გეჩვენებათ საეჭვოდ?

- ბუნებრივია, ამაზე პასუხის გაცემაც შეუძლებელია. მე არ ვარ გამომძიებელი და შესაბამისად, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ხანძრების ასეთი რაოდენობა, მინიმუმ, შეკითხვებს ბადებს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, შეგვიძლია არა დივერსიის კვალიფიკაციაზე, არამედ მის ალბათობაზე ვისაუბროთ.  პროფესიული შეხედულება ამასთან დაკავშირებით ვერ მექნება, თუმცა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, დივერსიის ალბათობა ძალიან მაღალია.

- ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის პროტესტი კონკრეტული მოთხოვნებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწის გაყიდვის დაუშვებლობისა და არალეგალი უცხოელების საქართველოში ყოფნის მიზანშეუწონლობის საკითხი...

- ზოგადად, თუ ვისაუბრებთ არალეგალებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გონივრული და ფრთხილი პოლიტიკა და ამაში გასაკვირიც არაფერია.  სახელმწიფო ცდილობს, რომ არალეგალ მიგრანტებთან იყოს ფრთხილი, მაგრამ თუ მხედველობაში გაქვთ  "ქართული მარშის" მოთხოვნები, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად ვიზიარებ ეთნიზაციას. ანუ მათ მიერ გაჟღერებულ მესიჯებში იკვეთება კონკრეტული ეთნიკური ჯგუფები, რომელთა მიმართაც გამოხატულია განსაკუთრებული ნეგატივი.  ეს რომ იყოს უფრო განზოგადებული და სახელმწიფოს ზოგადად სთხოვდნენ არალეგალ მიგრანტებთან უფრო დაკვირვებული პოლიტის გატარებას და ა.შ. სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ თუ სახელმწიფო რომელიმე ეთნიკურ ჯგუფებს გამოარჩევს ნეგატიური კუთხით, ეს თავისთავად არასწორი იქნება.

-  მძიმე სოციალური ფონის, საპროტესტო აქციების, შიმშილობების, მარშებისა და ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული სხვა მრავალი ქმედების ფონზე, როგორ ფიქრობთ, საზოგადობა კვლავ ენდობა მოქმედ მთავრობას? აქვს შანსი, მაგალითად, კალაძეს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში? მისცემს ხალხი ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ზოგადად?

- ნდობა და ხმის მიცემა ყოველთვის, ასე ვთქვათ, ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. მაგ: შეიძლება ამომრჩევლის ნაწილი არ ენდობოდეს ერთ კონკრეტულ კანდიდატს, ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ვიღაცას კიდევ უფრო მეტად არ ენდობოდეს. ასეთ შემთხვევებში, შედარების პრინციპით, სრული დნობა-უნდობლობის მიუხედავად, ვიღაცები მაინც გაიმარჯვებენ. როგორც წესი ჩვენთან ტენდენციაა, რომ ხელისუფლებები დასაწყისში იღებენ საზოგადოების სრულ დნობა, შემდგომ მათი ნდობა მცირდება. უბრალოდ, გააჩნია, ხელისუფლება რა მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს საბოლოო ჯამში. მაგალითად,  შევარდნაძის დროს ფინალში უკვე შეუძლებელი გახდა მისი მხარდაჭერა, ასე იყო ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაშიც.  ჯერჯერობით გარკვეული ლიმიტი, როგორც ჩანს, კიდევ აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, მძიმე რადიკალური წინააღმდეგობა მის მიმართ არ არსებობს ამ ეტაპზე, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ნდობის ფაქტორი ამომრჩეველში დიდია. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ ხმების უმრავლესობა მაინც ამ პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს. დიდი ალბათობით გამარჯვება მაინც მმართველ გუნდს დარჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი მას ენდობა. უბრალოდ, სხვების მიმართ კიდევ მეტი უნდობლობაა...