პოლიტიკა
„ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის იმედად დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს“ – ვინ და რატომ აშანტაჟებს ჭიათურელ მაღაროელებს და რა სარგებლობას მოიტანს მაღაროელი მერი
„ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის იმედად დარჩენილი  ნაციონალური მოძრაობა დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს“ – ვინ და რატომ აშანტაჟებს ჭიათურელ მაღაროელებს და რა სარგებლობას მოიტანს მაღაროელი მერი

არასტანდარტული, მეტ-ნაკლებად სუბიექტური ინტერვიუ

შესავლის მაგიერ

ეს ის თემაა, რომელსაც უემოციოდ ვერ დავწერ...  ვერც ობიექტურობას შევინარჩუნებ... ვერც კონკრეტული რესპონდენტის მიმართ დავფარავ გარკვეულ სიმპატიებს... არა იმიტომ, რომ ვეთანხმები (თუმცა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, არც უამისობა იგრძნობა), არც  იმიტომ, რომ ახალგაზრდული ენთუზიაზმით მოქმედებს და არც იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია (ეს უკანასკნელი აბსოლუტურად არ არის კავშირში ჩემს ემოციებთან), უბრალოდ იმიტომ, რომ დღეს ის ჩემს გასაკეთებელს აკეთებს...

შესავლის შესავალი

ჭიათურა -  ჩემი მშობლიური ქალაქი.  ადგილი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე... მიყვარს თითოეული ხე, სახლი, კლდე, რომელიც ამ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქთან მაკავშირებს... აქ ჩემი მშობლიური კერა და მამის საფლავია...

ერთ დღეს ეს ქალაქი იმ იმედით დავტოვე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ უკან შესაბამისი „ცოდნით შეიარაღებული“ დავბრუნდებოდი და მის განვითარებაზე ვიზრუნებდი. პროფესიაც ამ მიზნით შევარჩიე - იმის გამოსწორება მინდოდა, რაც იმ დროს ქალაქის პრობლემად  მეჩვენებოდა... მერე წამოვედი და ...

ახლა ინტერვიუს სწორედ იმ ადამიანთან ვწერ, რომელმაც ჩემი გასაკეთებელი გააკეთა - ყველაფერი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ მშობლიური ქალაქის განვითარებისთვის ებრძოლა... ეს ადრეც სცადა... ერთი წლის წინ... მაშინ არ გაუმართლა, თუმცა... ფარ-ხმალი არ დაყარა და...  გიორგი კასრაძე დღეს ისევ ჭიათურის მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის იბრძვის!!!

- ჭიათურას გადარჩენა სჭირდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მძიმე სოციალური ფონია, აღარ ვსაუბრობ ეკოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც მართლა კატასტროფულია. ისევ დგას წყლის პრობლემა და ისევ მოუგვარებელია მაღაროელთა უსაფრთხოების საკითხი... მე სწორად ამისთვის ვიბრძვი. სიით არ  ვაპირებ საკრებულოში „გაპარვას“. კენჭს ვიყრი ჭიათურის #1 მაჟორიტარულ ოლქში, ეს ძალიან რთული ოლქია. თუ ჩემი ხალხი მენდობა, მე მზად ვარ ვიბრძოლო მათთვის, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც არსებული რესურსით იქნება შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვარ აქ? ფულისთვის? თუ გავიმარჯვე, ხელფასი იმაზე ნაკლები მექნება, ვიდრე ძველი სამუშაო ადგილის შენარჩუნების შემთხვვაში შეიძლებოდა მქონოდა. ამიტომ ეს (ანუ ფინანსური რესურსი) არ შეიძლება იყოს ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. მე მიყვარს ეს ქალაქი, მტკივა და შესაბამისად, მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში... აი, სწორედ ამის გამო ვიბრძვი.

ამონარიდი სტატიიდან (9.09.2016 წ)

დაბინძურებული გარემო, დანგრეული გზები, დაბალი სოციალური ფონი და  წყალი გრაფიკით - კლდეში ჩასმული, ერთ დროს ძალიან ლამაზი,  „შავი ოქროს“ ქალაქი მხსნელს ითხოვს.

შევარდნაძის დროს დანგრეული, „ნაციონალების“ მიერ  წინახედშეღებილი და „ქართული ოცნების“ პირობებში, „ნგრევაშენარჩუნებული“  იმერეთის ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი არსებობისთვის ბრძოლას განაგრძობს.  სტატუსჩამორთმეული ქალაქი უკეთესის მოლოდინით წინასაარჩევნო რბოლაში უკვე მერამდენედ ჩაერთო….

კანდიდატებს შორის 22 წლის ახალგაზრდაცაა წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი ადგილობრივმა მოსახლეობამ  „პატრიოტთა ალიანსს“ თავად შესთავაზა. პარტიის ლიდერმა, რომელმაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად,  ჭიათურის 7000 მაცხოვრებლის ხელმოწერაც მიიღო,  საზოგადოების აზრი გაითვალისწინა და  ახალგაზრდა, მოტივირებული, ენთუზიასტი და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული გიორგი კასრაძე მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

ჭიათურაში დაბადებულმა და გაზრდილმა ყმაწვილმა რაიონის პრობლემების სიღრმისეულად გაცნობა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ცოტა ხანში მშობლიურ მხარეში თითოეული ქუჩის, თითოეული კორპუსის, თითოეული სოფლის მაცხოვრებლის ყოველდღიურობაში არცთუ სახარბიელო რეალობა აღმოაჩინა. შეეცადა ჭიათურლებს იმ რესურსით დახმარებოდა, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა -„ობიექტივის“ ეთერით  შესაბამისი უწყებებისა თუ კონკრეტული პირებისთვის ადგილობრივი მაცხოვრებლების  ყოფითი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუდმივ რეჟიმში დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა შესაბამის სტრუქტურებს, შეძლებისდაგვარად,  მათზე რეაგირებას აიძულებდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. ამას ხალხის მიერ მისი კანდიდატურის დასახელება, ასევე პარტიის ლიდერების მხარდაჭერაც  დაემატა. შესაბამისად,მოტივირებულმა ახალგაზრდამაც სამოქმედო სფეროს შეცვლა და მშობლიური მხარის გადარჩენაში მეტი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

მცირე ასაკის მიუხედავად, გიორგის ყველა ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისება აღმოაჩნდა.  გონებრივ შესაძლებლობებსა და ლიდერულ უნარ-ჩვევებს ვიზუალური სახასიათო შტრიხები და დახვეწილი მანერებიც დაერთო. ჭიათურლების გარკვეულმა ნაწილმა გიორგის ნდობა უკვე გამოუცხადა. ახლა ამის დოკუმენტურად გაფორმება და დეკლარირებულად წარმოდგენაა საჭირო. თუმცა, მანამდე  კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ყველაფერთან ერთად,  კონკურენტების შემოტევებსაც უნდა გაუძლოს.  როგორც ახალგაზრდა კანდიდატი sazogadoeba.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, მის წინააღმდეგ ოპონენტებს ერთადერთი „არგუმენტი“ აქვთ შემონახული და ეს მის პატარა ასაკს გულისხმობს.

იხ. სრულად

- გიორგი, შეიცვალა რამე შარშანდელთან შედარებით? ახლა რა არგუმენტებით გებრძვიან ოპონენტები?

- ახლა უფრო რთულადაა საქმე. შეიძლება ითქვას, შუა გაიკრიფა. ჩვენ დავრჩით, ანუ „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფი - „ევროპული საქართველო“ და „ოცნება“.  არის ასევე ვაშაძის პარტია, რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ჭიათურაში. საქმე ისაა, რომ შარშან თითქმის ყველა პარტიას ჰყავდა კანდიდატი წარმოდენილი, წელს, ამ მხრივ, დეფიციტია, თუმცა შარშანდელთან შედარებით, წელს ბევრად  ბინძური მეთოდებით გვებრძვიან. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსიდან“ ჭიათურის მერობისთვის იბრძოლებს ღვაწლმოსილი, მებრძოლი, შეუპოვარი სამთოელი ამირან მაჩიტიძე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. ჭიათურას დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება სამთოელი მერი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის მაღაროელთა პრობლემები. ადამიანი, რომელსაც ამ ადამიანების ერთგულება შეეძლება. ბატონი ამირანი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. მასზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ერთ ფაქტს მოგახსენებთ. ამირან მაჩიტიძე ითხვისის მაღაროს დირექტორი გახლდათ. „ჯორჯიან მანგანეზის“, მაშინდელი „ჭიათურმანგანუმის“, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ხელმძღვანელი პირი ადმინისტრაციის მეგობარი უნდა ყოფილიყო და არა მაღაროელების, შესაბამისად, ის გაათავისუფლა სამსახურიდან. იცით, როგორ მოიქცა იქ მომუშავე 200-მდე მუშა? აჭედა მაღაროს კარი და გააჩერა სამუშაო პროცესი. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ამირან მაჩიტიძე არ დააბრუნეს ძველ პოზიციაზე. აი, ასეთი მხარდაჭერა აღმოუჩინა მაშინ კოლექტივმა, გააპროტესტა გადაწყვეტილება და მიაღწია შედეგს. რატომ? იმიტომ, რომ ის ძალიან ღირსეული პიროვნებაა. დღეს მე ჭიათურაში არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც მასზე უარყოფითად ისაუბრებს. და როდესაც ასეთი ადამიანია კანდიდატი, ბუნებრივია, ოპონენტების მხრიდან წნეხი მაღალი იქნება.

და კიდევ, იცით, რატომ არის სამთოელი მერი საჭირო? იმიტომ, რომ ჭიათურა ამაზეა დამოკიდებული. თუ მაღაროდან მიღებული შემოსავალი გაქრება, მაგალითად, 2 მილიონი, ჩათვალეთ, რომ ვერცერთი მაღაროელი ვეღარ აიღებს ხელფასს, ეს ორი მილიონი გაქრება ჭიათურის ეკონომიკიდან, ვერ იმუშავებს ვერაფერი, ვერცერთი ობიექტი, რომელიც ფულთან არის კავშირში, აღარ გვექნება მაღაზია, ტრანსპორტი, აღმოჩნდება, რომ ჭიათურა დაასრულებს არსებობას.

როდესაც 2016 წელს ვხვდებოდი მოსახლეობას, ვეუბნებოდი, რომ  სერიოზული ცვლილებები იყო საჭირო და თუ ჩვენ დავაგვიანებდით რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ეს უარყოფითად აისახებოდა ჭიათურაზე და სიტუაცია უფრო დამძიმდებოდა. ჩემი სიტყვები ახდა. თუ მაშინ 18 კოოპერატივი მუშაობდა, დღეს მანგანუმის 22 სარეცხია და აქედან მხოლოდ 5 ადამიანია ადგილობრივი. არიან ჩამოსულები ჩეჩნეთიდან, თბილისიდან, სამეგრელოდან  და ა.შ. მიმდინარეობს მანგანუმის მტაცებლურად მოპოვება. საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ციცქიშვილის მიერ გაცემულია ისეთი ნებართვები, რომელიც ყოვლად წარმოუდგენელ კანონდარღვევებს შეიცავს. დღეს ყველა მანგანუმის მოპოვების მსურველ ფირმას აქვს საშუალება, ჭიათურაში დაიწყოს მანგანუმის წარმოება, მისი ექსპლუატაცია. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა, არ არიან ადგილობრივები და ამიტომ.

-ზუსტად ერთი წლის წინ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. მაშინ საუბარი იყო მრავალ პრობლემაზე, მათ შორის წყლის სისტემის გაუმართაობაზე. ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- არაფერი შეცვლილა. იგივე პრობლემებია ზუსტად.  მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა დაგვიწუნა წყლის პროექტი და ის 13 მილიონი ლარი, რომელიც ჭიათურის წყლის სისტემის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, სხვა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა - ჭიათურის გამგეობამ და საკრებულომ ვერ შეძლეს სრულყოფილი პროექტის შექმნა.

2016 წელს რეგიონალური განვითარების მინისტრი ბრძანდებოდა ჭიათურაში და მოსახლეობას დაპირდა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევის შემთხვევაში, წყლის პრობლემაც მოგვარდებოდა, მაგრამ...  დღეს ეს საკითხი ისევ გადაუჭრელია.

-ჭიათურაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ძალიან რთულად იდგა ინფრასტრუქტურის საკითხი... ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში მოხდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მხოლოდ ნაწილობრივ შეღებვა, ანუ იმ ნაწილის, რომის დანახვაც ცენტრალური  გზიდან იყო შესაძლებელი... მეორე მხარეს კი გახედვაც არ შეიძლებოდა...

- 2016 წელს, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჭიათურამ აირჩია გამგებელიც, ზურაბ კუპატაძე. მან ბოლო 8 თვის განმავლობაში მოახერხა ის, რაც ვერ შეძლეს წინა ხელისუფლებებმა ერთად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მისი მმართველობის პერიოდში. მოხერხდა განათების ქსელის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ქუჩების ფასადები ცენტრალურ უბნებში, განათდა ისტორიული შენობები... მაგრამ... როგორც აღმოჩნდა, ქართულ ოცნებას საქმეზე ორიენტირებული ხელმძღვანელი არ სჭირდება.  მას სჭირდება მართვადი მმართველი, ადამიანი, რომელიც შეძლებს ლავირებას სხვადასხვა სიტუაციებში. მე გულწრფელად მინდა ვკითხო ჩემს ჭიათურელებს - ბატონი პაატა ნადირაძე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ პიროვნულად და რომელიც გახლდათ იმერეთის ვიცეგუბერნატორი, იყო ნომერ მეორე პირი და კურირებდა არა მხოლოდ ერთ ქალაქს, არამედ მთელ რეგიონს, რატომ დათანხმდა რანგით დაბალ საფეხურს? და კიდევ მეტად საინტერესოა, შეძლებს კი იმაზე მეტის გაკეთებას ამ პოსტზე, ვიდრე ეს შეეძლო ვიცეგუბერნატორის სავარძლიდან?  ვიცეგუბერნატორს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია თუ ქალაქის მერს? გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ბატონი პაატა ნადირაძის მიერ ჭიათურაში განხორციელებულ არცერთ პროექტს არ ვიცნობ და არც სხვა მეგულება ასეთი არავინ.   

- ჭიათურა ძალიან ღარიბი ქალაქია, მას დახმარება მართლა სჭირდება, სოციალური ფონი, მრავალი წელია, უკვე ძალიან მძიმეა...

-დიახ, ოფიციალურად 39 ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს ჭიათურაში და აქედან ოფიციალურად 12 ათასი ადამიანი იღებს შემწეობას, 12 ათასი კი მომლოდინეთა რიგებშია. მუნიციპალიტეტის მონაცემებით, 70%-ზე მეტი არის შიმშილის ზღვარზე. ერთ დროს ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტი თავისი ბუნებრივი რესურსებით დღეს ასე მძიმე მდგომარეობაშია.  ელემენტარული შედარება რომ მოვიყვანოთ, ქუთაისში ცხოვრობს 150 ათასი ადამიანი და 8 ათასი იღებს მხოლოდ ამ შემწეობას, ეს არის 10%-ზე ნაკლები (7-8%),  ჭიათურის მოსახლეობის 30%  ოფიციალურად იღებს შემწეობას, 30% - მომლოდინეთა რეჟიმშია ხოლო 10% - ზღვარზე იმყოფება. გამოდის, რომ მთელი რაიონი უმძიმეს მდგომარეობაშია. თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შევცვალეთ, გარწმუნებთ, რომ 2020 წლისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება  ჭიათურის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

-ამ პრობლემებზე ღიად საუბრობდით „ობიექტივის“ ეთერში. საზოგადოებას შეეძლო, გაეგო, რა ვითარება იყო რეალურად ჭიათურაში, როგორ ცხოვრობდა იქაური მოსახლეობა და რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე იდგნენ ადგილობრივები... ახლა? ისევ მოწყდა „შავი ოქროს ქალაქი“ გარე სამყაროს?

- მინდა, გულწფელად გადავუხადო მადლობა „ობიექტივს“ იმისთვის, რომ მოგვცა  ამის საშუალება და დაგვითმო ეთერი. ჩვენ შევძელით იმ ვაკუუმის გარღვევა, რომელიც არსებობდა მანამდე ქალაქში. ჭიათურის საათი ობიექტივზე მას შემდეგ აღარ გადის, რაც 2016 წელს არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. სწორედ მაშინ დავემშვიდობე მაყურებელს. ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კოლეგები ისევ დაგვითმობენ ეთერს და მოგვცემენ საშუალებას, რომ არსებული პრობლემები მივიტანოთ ადრეატამდე.

- საუბრის დასაწყისში ბრძოლის ბინძური მეთოდები ახსენეთ... კონკრეტულად, რა გქონდათ მხედველობაში?

- დაშინება/მუქარა/შანტაჟი... მაგალითად, ხელისუფლება და ადმინისტრაცია პირდაპირ ითხოვს თანამშრომლებისგან, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ ამირან მაჩიტიძეს, რომ მუშა-მოსამსახურეები მობილიზებულები უნდა იყვნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად, დასაშინებლად კი განიხილავენ სამსახურიდან დათხოვნის ან უფრო რთულ სამსახურში გადაყვანის შესაძლებლობას, აგროვებენ ხელმოწერებს და ა.შ. ახლა ფაქტების მოპოვებას ვცდილობთ. ინფორმაცია უკვე გადავუგზავნეთ საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იშიფრება სატელეფონო ჩანაწერებიც...

- საქმეა აღძრული? თუ როგორ შიფრავთ ჩანაწერებს?

- არა, ვისაც ურეკავენ კონკრეტული მუქარით, თავისივე ინიციატივით იწერს ზარს და შესაბამისად, მისი სურვილის საფუძველზე გვაქვს წვდომაც ამ დიალოგებთან. არანაირ უკანონო ქმედებებს ადგილი არ აქვს.

-საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ პარტიულ სიაში არ ხართ.  ამ შემთხვევაში, ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, - რატომ არ იყრით კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი... ბოლოს და ბოლოს, ასეთ დროს არ იქნებით ასოცირებული არცერთ პარტიასთან და პიროვნული ღირსებებიც მეტად შესამჩნევი გახდება ამ ფონზე...

- მოდი, ასე ვთქვათ, პატრიოტთა ალიანსი დღეს წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ჭეშმარიტ იდეებს უზიარებს საზოგადოებას. დღეს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე არის სამი ძირითადი ძლიერი ძალა: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა (თავის განაყოფიანად) და პატრიოტთა ალიანსი. ვფიქრობ, ამ პარტიამ, ვგულისხმობ ალიანსს, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, შეიტანა საკუთარი წვლილი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში. ეს პარტია მაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაო გარკვეულ საკითხებზე, რომელიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. მაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა საპარლამენტო ფრაქციიდან. მაგალითად, ქალბატონმა ირმა ინაშვილმა მითხრა, რომ თუ გვექნებოდა საკანონმდებლო ინიციატივები მაღაროელთა შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, ისინი გაივლიდნენ ამას იურისტებთან და გაიტანდნენ შეაბამისი დამუშავების შემდეგ განსახილველად. ჩემთვის, როგორც ჭიათურელისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტში მეგულებოდეს ძალა, რომელიც ჭიათურელ მაღაროელთა ტკივილს აქცევს კანონპროექტად. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაღაროელები უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადებისგან და დარწმუნებული ვარ, ამას მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსი. საბოლოო ჯამში, იხილავს თუ არა ის დღის შუქს, არავინ იცის, ეს ხმათა უმრავლესობაზეა დამოკიდებული, თუმცა... 

- გეთანხმებით, მაგრამ... არ გეჩვენებათ, რომ დამოკიდებულება რიგ საკითხებთან მიმართებაში რადიკალურად შეცვლილია მაინც?

- არა... ვფიქრობ, ეს მათი ახლანდელი მდგომარეობით არის განპირობებული. შეიძლება ბევრად რადიკალური განცხადებები აკეთონ პარტიის იმ წევრებმა, რომლებიც  პარლამენტს გარეთ იმყოფებიან, მაგრამ როდესაც  პარლამენტში არიან, მათ აზრს სხვაგვარად გამოხატვა სჭირდება. პარლამენტის წევრობა მათ სხვა რამეს ავალდებულებს. პატრიოტთა ალიანსი აღარაა მხოლოდ ოპოზიციური პარტია, ის უკვე საპარლამენტო ფრაქციაა, მას თვალს ადევნებენ დასავლეთში და ა.შ. ზუსტად ვიცი, რა გაწყობები აქვს ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მათი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ერთი წუთითაც კი არ შერბილებულა. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობაც აღარ არის ისეთი საშიში, როგორც ადრე. გასულ წელს პარტია 27 ლიდერმა დატოვა, ხოლო ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის იმედად დარჩენილი  ნაციონალური მოძრაობა, ვფიქრობ, დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

- „პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ადანაშაულებენ რუსული პროპაგანდის წარმოებაში..  ამის მაგალითად მოჰყავთ ადა მარშანიას ბოლოდროინდელი გამოსვლები...

- ადა მარშანია არის ერთადერთი ეთნიკურად აფხაზი დეპუტატი პარლამენტში, მე თავადაც მაქვს კავშირი სამაჩაბლოსთან. ბაბუა ცხოვრობდა ახალშენში. იქ 2004 წელს ვიყავი ბოლოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ აურევდა ყველაფერს. შემდეგ გორის ტერაქტიც მოხდა და ვითარებაც დამძიმდა. 2004 წელსკი პერევის გავლით ჩვეულებრივად ჩავედი სოფელში. მეტიც, მაშინ იმაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ ხის კოტეჯები ჩაედგა ქართველი მოსახლეობას. ბაბუაც განიხილავდა ამ იდეებს.

ადა მარშანიას მამა იყო ადამიანი, რომელმაც თავი შესწირა ქართველთა და აფხაზთა ძმობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ამ ადამიანმა ქართვლთა და აფხაზთა დამეგობრებაში გაატარა. შეიძლება, ადა მარშანია უფრო რადიკალურია რიგ საკითხებში, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ მოწყვეტილია ფესვებს უკვე 25 წელია. და თუ ის ფიქრობს, რომ შეძლებს პირდაპირი დიალოგით აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის გამოსწორებას, რატომაც არა, ამის პრეცენდენტიც შეიძლება დავუშვათ. ახლა, ამ ეტაპზე ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ და დიალოგით მაინც გამოვიდეს რამე?

რაც შეეხება რუსეთს, აქაც ვიზიარებ მის მოსაზრებას. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ,რ ომ საერთაშორისო მხარდაჭერა არ დავკარგოთ, თორემ რუსეთის მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, რაღაც დათმობებზე წამოვიყვანოთ, ჩვენც წავიდეთ,  მაგრამ ფუნდამენტური არაფერი არ უნდა დავთმოთ.

უფრო მარტივად გეტყვით. მე რომ მაქვს სამოთახიანი ბინა და ერთი ოთახი მიითვისა მეზობელმა, მე ხომ არ გავიქცევი მეცხრე სართულის მეზობელთან , - მიშველე რამე-თქო, მივალ და შევეცდები, კონფლიქტის გარეშე მოვაგვარო შექმნილი ვითარება. ასეა სახლემწიფოებს შორისაც...

- კი მაგრამ, რატომ მეცხრე სართულის მეზობელთან?  სამართლებრივი მხარეც ხომ არსებობს? არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები... სახელმწიფოებს შორისაც დავა საერთაშორისო სამართლის მიხედვით იჭრება...

-ასეა, კი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 25 წლის განმავლობაში ამ სამართლებრივმა სტრუქტურებმა, ამ მხარემ, რომელზეც საუბრობთ, არანაირი შედეგი არ მოგვიტანა. ჩვენ გავასაჩივრეთ ბევრი რამ, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომი, შეიარაღებული თავდასხმა და ა.შ. მაგრამ რა მივიღეთ?  რა ვქნათ, შევეგუოთ ბედს? თუ ვცადოთ, იქნებ, ნებაყოფლობით დაგვიბრუნოს ის, რაც წაგვართვა მანამდე. ჩვენ რუსეთს ვერავინ მოგვაშორებს, ასეთი გეოსტრატეგიული მდგებარეობა გვარგუნა უფალმა და ასეთ მდებარეობაზე ვიქნებით მთელი არსებობის განმავლობაში. სწორედ ამიტომ უნდა ველაპარაკოთ რუსეთსაც, აფხაზებსაც, ოსებსაც, ამერიკასაც, ევროპასაც და ყველა პარტნიორ თუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსაც, ვისთან ლაპარაკიც ჩვენ მოგვცემს კონკრეტულ შედეგს. ჩვენ რომ დავუსხდეთ ახლა კუბას და ვესაუბროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაზე, მათ დაბრუნებაზე, მოგვცემს კი ეს კონკრეტულ შედეგს? ხომ არ იქნება ლოგიკური? ამიტომ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ მასთან, ვინც არის უშუალო კავშირში.

2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, მიხეილ საკააშვილმა ჩამოიყვანა ჩვენი მეგობარი  სახელმწიფოების პრეზიდენტები, მაშინ ხუთივემ გამოთქვა მხარდაჭერა, შეშფოთება და ა.შ. მაგრამ დაგვიბრუნა კი ამან ტერიტორიები? ჩვენ შეგვიძლია რუსეთს ყველა სასამართლო მოვუგოთ, მაგრამ თუ უშუალოდ მას არ დაველაპარაკებით, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. სხვაგვარად რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც გვიჩვენა. რამე მოაგვარა საერთაშორისო შეთანხმებებმა? რუსეთი მათ მუდმივად არღვევს.  ყველა ქვეყანა უწევს ანგარიშს რუსეთს, ყველა ელაპარაკება, ჩვენ - არა.. ნატოშიც არავინ გაგვაწევრიანებს მანამ, სანამ ეს არ უნდა რუსეთს. არც საფრანგეთი, არც იტალია, არც გერმანია საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ დაუჭერენ მხარს, რადგან ეს არ უნდა რუსეთს...

- თუ საერთაშორისო შეთანმებებს არღვევს,  მოლაპარაკებების შედეგების იგნორირებაში რა შეუშლის ხელს?

- გააჩნია, რა წინადადებებს შევთავაზებთ და რაზე დავითანხმებთ. აქ ბევრი რამ არის გასათვლელი. მას სჭირდება გარანტია, რომ ნატო არ ჩააყენებს ჯარს საზღვარზე და ამ მიმართულებითაც ღირს მუშაობის გაგრძელება.  მისაღებია ჩემთვის ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატი.  შესაძლოა,ამან გამოიღოს შედეგი, თუ არადა, რას ვკარგავთ? ამაზე უარესი რაღა იქნება?  მგონი, მცდელობად ღირს!!!