ეკონომიკა
თემურ ბასილია: ბიტკოინი არის ახალი პირამიდა, რომელშიც ჩართულნი არიან მასები და იგი შესაძლოა, ხუხულასავით დაინგრეს!
თემურ ბასილია: ბიტკოინი არის ახალი პირამიდა, რომელშიც ჩართულნი არიან მასები და იგი შესაძლოა, ხუხულასავით დაინგრეს!

მსოფლიოს თანდათან იპყრობს ვირტუალური ფული, რომელსაც ბიტკოინი შეარქვეს. იგი ციფრულ ქონებას და ელექტრონული გადახდის ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ჯერჯერობით, ვერცერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, შესაბამისად, ვერც იბეგრება. ბოლო დროს ბიტკოინი საქართველოშიც გამოჩნდა. რასთან გვაქვს საქმე? სანდოა თუ არა ფულის გადახდის ასეთი მექანიზმი, რა დადებითი თუ უარყოფითი ნიუანსები ახასიათებს მას? ვესაუბრებით საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, ამჟამად ამერიკაში მყოფ პოლიტიკურ დევნილს, თემურ ბასილიას:

- ბიტკოინი მსოფლიოში ყველა მთავრობისგან დამოუკიდებელი და უკონტროლო გადარიცხვის სისტემაა, რომელიც ერთი შეხედვით, მარტივ პრინციპს ემყარება: ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლიათ ერთმანეთში ინფორმაცია უშუალოდ გაცვალონ შუალედური რგოლის, ანუ მთავარი სერვერის გვერდის ავლით, რაც საშუალებას იძლევა, ორმა მომხმარებელმა ერთმანეთთან სავაჭრო თუ ფინანსური ანგარიშსწორება აწარმოონ ყოველგვარი შუამავლის თუ გამაკონტროლებელი ორგანოს გარეშე. სავაჭრო ოპერაციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოქჩეინი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიტკოინს ვალუტად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.

- ასეთი სისტემა რამდენად მყარად შეიძლება აღვიქვათ?

- სიმყარის არანაირი გარანტიები არ არსებობს, ვინაიდან ბიტკოინის უკან არაფერი არ დგას. აი, მაგალითად, საქართველოში ფულს უშვებს ცენტრალური ეროვნული ბანკი. აშშ-ში - ფედრერალური სარეზერვო სისტემა. იმ ფულის უკან დგას აქტივები, ანუ ფული რაღაცით არის უზრუნველყოფილი. ბიტკოინი კი, არაფრით არის უზრუნველყოფილი და მისი სიმყარე მხოლოდ ადამიანებისგან ამ მექანიზმის მიმართ გამოხატულ ნდობას ეფუძნება. ეს ნდობა თუ რაიმე ფაქტორის გამო დაირღვევა, მთელი მექანიზმი ხუხულასავით ჩამოიშლება! ბიტკოინს ხშირად კრიპტოვალუტას, ანუ ელექტრონულ, ვირტუალურ ვალუტას უძახიან. ელექტრონული ფული რეალურად არ არსებობს, არსებობს მხოლოდ იდეაში! ელექტრონული გადახდის ეს საშუალება იაპონელმა სანტოში ნაკამოტომ გამოიგონა. თავიდან, საკუთარ გამოგონებას სერიოზულად არც კი აღიქვამდა, მაგრამ 2009 წელს ეს სისტემა კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვეს და ბიზნეს იდეა ამოქმედდა.

- ვთქვათ, ხელთ მაქვს ათასი ლარი და მინდა ბიტკოინით სხვა ქვეყანაში მყოფ მეგობარს გადავურიცხო. როგორ მოვახერხო?

- თქვენი ათასი ლარის უკან დგას საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ანუ, ნებისმიერ მოულოდნელ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება. ასევე, ამერიკული ფულის უკან დგას ფედერალური სარეზერვო სისტემა და ამერიკის მთავრობა. ბიტკოინის უკან კი, როგორც გითხარით - არაფერი და არავინ არ დგას! ამ ვირტუალურ ფულს მხოლოდ ბიტკოინის სისტემაში ჩართული ადამიანების ნდობა ამაგრებს. რაც მეტი ადამიანია ჩართული სისტემაში, მით მყარია იგი, მაგრამ ეს სიმყარეც ფარდობითია. თქვენ ათას ლარს ბიტკოინით ვერ გადარიცხავთ. საქართველოში ბიტკოინის წარმომადგენლებისგან უნდა შეიძინოთ მისი ექვივალენტი კრიპტოვალუტა და შემდეგ, თქვენი საჭიროების მიხედვით ის დააგროვოთ ან სურვილის შესაბამისად განკარგოთ. მაგალითად, საქართველოში ბითქოინების ყიდვა შეგიძლიათ ექსკლუზიურად www.eMoney.ge-ზე თქვენი ელექტრონული საფულის ბალანსით. ელექტრონული ვალუტის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბითქოინის მისამართი, რომელიც eMoney-ს ყველა მომხმარებელს დარეგისტრირების შემდეგ ავტომატურად აქვს მინიჭებული. სხვადასხვა ქვეყანაში ბიტკოინის წარმომადგენლებს რჩებათ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი, ისინი პრაქტიკულად არაფერს კარგავენ. ამიტომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ჯერჯერობით, პერსპექტიულ ბიზნესის საფუძვლად მიიჩნევა.

- როგორც ექსპერტი, როგორ აფასებთ ბიტკოინით სარგებლობასთან დაკავშირებულ რისკებს?

- მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად იზრდება იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინსაც ცნობენ, თუმცა პირადად მე არასოდეს მქონია ბიტკოინთან შეხება და სკეპტიკურად ვარ ასეთი სიახლეების მიმართ განწყობილი. იმის მიუხედავად, რომ ყოველი ტრანზაქცია არის დაშიფრული და შედგება ასოებითა და ციფრებით აწყობილი ურთულესი კოდისგან, ანუ თითოეული ბიტკოინის უკან 31,000 ხაზიანი კომპიუტერული კოდი დგას, ის საიმედოდ მაინც არ მიმაჩნია. ბიტკოინით მოსარგებლე ადამიანი ხან მოგებული დარჩება და ხან წაგებული. ეს არის ახალი პირამიდა, რომელშიც ჩართულნი არიან ადამიანების მასები და ამდენად, არ არის გამორიცხული, ამ პირამიდამ არსებობა დაასრულოს იმგვარად, როგორც მისმა წინამორბედმა სხვა პირამიდებმა. ალბათ, სწორედ ამიტომ ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ფინანსისტმა, ჯეიმ დაიმონდმა, რომელიც გპ მორგანის ბანკის პრეზიდენტი ბრძანდება, რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ დაითხოვს კომპანიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც ამ კრიპტოვალუტასთან რაიმე შეხება ექნება. იგი თვლის, რომ ეს არის ახალი აფერა.

- რა შეიძლება იყოს აფერის მექანიზმი?

- თანხის დაგროვება! როდესაც თანხა რაღაც რაოდენობას მიაღწევს, შესაძლოა, ბიტკოინის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდეს და ადამიანებმა, ვისაც ამ კრიპტოვალუტაში თავიანთი რესურსი აქვთ ჩადებული, სერიოზული ღირებულების ქონება დაკარგონ. უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგრამ საქართველოში 90-იან წლებში ხშირად მომხდარა, რომ მავანი საფინანსო ორგანიზაცია მოქალაქეებს არარეალურად დიდ პროცენტებს პირდებოდა, ფულს აგროვებდა და შემდეგ ამ ადამიანებს კუდის რიკამდე გატყვაბულებს ტოვებდა!

- როგორ უყურებენ ბიტკოინის მოძალებას წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებებში?

- მათი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. მაგალითად, აშშ კატეგორიული წინააღმდეგია, სადმე ხდებოდეს გადარიცხვა, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია. სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს ხშირად აჯარიმებენ არასწორი მოქმედებისთვის და გადასახადების დამალვისთვის. აშშ-ს მთავრობის პრიორიტეტია, რომ საფინანსო სისტემა მაქსიმალურად გახსნილი იყოს, შემცირდეს ე.წ. ობშორული ზონები, ეფექტურად იმოქმედოს ამა თუ იმ ქვეყნის, ვთქვათ - ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულმა ემბარგოებმა.. რომ ეს ყველაფერი იყოს კონტროლირებადი, რაც ბიტკოინის შემთხვევაში ვერ მუშაობს! სამაგიეროდ, ამ კრიპტოვალუტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ რუსეთში. რუსეთი აქტიურად მონაწილეობს ბიტკოინის სისტემაში, რითაც თავიდან იცილებს პრობლემებს, რაც ხელს უშლის სანქციებით შეზღუდულ სხვა ქვეყნებთან - სირიასთან და ირანთან ურთიერთობებში. ამ საშიშროებაზე დღესდღეობით უკვე ხშირად საუბრობენ აშშის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მაღალჩინოსნები. ისინი წერენ რომ არაკონტროლირებადი საგადასახადო სისტემის მოძებნა რუსეთის ინტერესებშია, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. ამდენად, ბიტკოინი მალე შესაძლოა, აშშ-ს და რუსეთს შორის მკვეთრი დაპირისპირების ახალ საფუძვლად იქცეს! აშშ და მისი პარტნიორები მაქსიმალურად შეეცდებიან იმ ქვეყნების შეზღუდვას, ვინც ბიტკოინს უჭერენ მხარს. 
ამას გარდა, ბიტკოინი ის სისტემაა, რომლითაც შესაძლებელია კრიმინალური ფულის გათეთრება.

- რას ურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს?

- ვურჩევ, იყვნენ ფრთხილად! თავის არჩევანში ყველა თავისუფალია, მაგრამ თუ მაინცდამაინც ბიტკოინში მოისურვებენ ფულის დაბანდებას, მთელ თავის სახსრებს იქ ნუ ჩადებენ. ამ სისტემამ შეიძლება, რამდენიმე წელი შეუფერხებლად იმუშაოს და დიდი თანხებიც აღმოჩნდეს მოზიდული, მაგრამ მე პირადად, არ ვაპირებ, ამ კრიპტოვალუტასთან ოდესმე კონტაქტი ვიქონიო. ადრე თუ გვიან მოიფიქრებენ მექანიზმს, რომელიც ამ სისტემასაც გააკონტროლებს. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ბიტკოინი დიდი სკანდალით დასრულდეს და ასეულათასობით ადამიანის გაკოტრება გამოიწვიოს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო "ასავალ-დასავალი"