მოქალაქის ტრიბუნა
წინასაარჩევნო მარათონი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის სერიოზულ ფაზაში გადადის - დავით ასათიანი, ლევან ჯანაშია , დავით ლანჩავა ვის აირჩევს ადვოკატთა კორპუსი?
წინასაარჩევნო  მარათონი ადვოკატთა  ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის  სერიოზულ ფაზაში გადადის  - დავით ასათიანი, ლევან  ჯანაშია , დავით ლანჩავა   ვის აირჩევს  ადვოკატთა კორპუსი?
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.  


 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა   კრიტიკულ ფაზაში გადადის. ყველა კანდიდატი ამომრჩევლებისთვის  საკუთარი პროგრამის უპირატესობის წარმოჩენასა და   ახალი ხედვის შეთავაზებას   ცდილობს. 

საზოგადოებამ იცის, რა გზა გაიარა უფლებადამცველმა კორპუსმა დღემდე. ახლა იმდენად  აკადემიურად გამოვიყურებით საერთაშორისო დონეზეც კი  ბევრი ქვეყნის ადვოკატთა კორპუსსაც შეშურდებოდა. გვაქვს  დამოუკიდებელი ოფისი, სასწავლო ცენტრი, ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციებს  სწორედ რომ დიდია  ბატონი  ზაზა ხატიაშვილის როლი ამ  საქმეში, მაგრამ წინ საქმე  კიდევ ბევრია.  

                                   პრობლემებისა და გამოწვევების კვალდაკვალ

დღეს, მართალია,  ადვოკატებს  აღარ იჭერენ, უკანონოდ ბრალს არავის  სდებენ, მაგრამ თითო-ოროლა  შემთხვევა ამ ინსტიტუტის მესვეურთა მიმართ  უფლებების შელახვის  ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან  მაინც იჩენს  ხოლმე თავს.   ბუნებრივია, როცა უკვე შემდგარი  მძლავრი ინსტიტუტი ხარ, სახელმწიფოს  სურვილი, დაამყაროს შენზე კონტროლი,  ერთობ  დიდია. ჩემმა კოლეგა ადვოკატებმა, რომლებიც თავმჯდომარეობისათვის  ბრძოლის მარათონის  ხაზს კვეთენ,  უნდა გააცნობიერონ  ის პრობლემები, რაც  ჩვეულებრივ მათ კოლეგებს  აწუხებთ. ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კანდიდატისგან,  როგორ აპირებენ,  დაარეგულირონ  კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა საკანონმდებლო  დონეზე.  მხოლოდ ხელშეკრულება  ამისთვის საკმარისი არ არის.  ხშირად ე.წ. კლიენტები ადვოკატებს სთხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს კანონით არის ნებადართული.

საზოგადოების  სამართლებრივი შეგნება ძალიან დაბალია, წარსული მენტალიტეტი ,როდესაც ადვოკატი კორუფციულ საქმეებს წუთებში  აგვარებდა  ქართულ საზოგადოებაში ისევ ცოცხალია  და ამ ფონზე თანამედროვე ადვოკატის როლი კლიენტის თვალში უმწეოდ გამოიყურება. ძნელია, აუხსნა კლიენტს, რომ ასეთი რამ აღარ  ხდება და   რომ მოსამართლესთან კომუნიკაცია აკრძალულია. თავმჯდომარეობის კანდიდატებს  მიუწევთ შეისწავლონ, გამოიკითხონ  თითოეული ადვოკატის აზრი. არ არის  ჩატარებული სიღრმისეული კვლევები თითოეული პრობლემის  შესახებ,  მხოლოდ ბანალური ფრაზები კი არაფრის მომტანია.

 ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა  ერთ-ერთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა -„მსურს ჩემი  თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ  ღირსეულმა  კანდიდატმა გააგრძელოს  ეს მემკვიდრეობაო და ადვოკატთა კოლეგიას   თავმჯდომარეობის პოსტზე ბ-ნ დავით  ასათიანის   კანდიდატურა წარუდგინა. ადვოკატურა   ბ-ნ ზაზას ალბათ ავიწყდება, რომ   ბოლომდე  თავდებად ვერავის დაუდგები, თუმცა ეჭვი არც  ბ-ნი ასათიანის  გულწრფელობაში გვეპარება. გულწრფელობა და სურვილი იქით იყოს და მან არაერთი მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა  პრეზენტაციაზე. ნიშანდობლივი იყო ერთ-ერთი მათგანი: “გეთანხმებით და ვამბობთ იმას, რომ  გვქონდა ადვოკატებთან კომუნიკაციის პრობლემა. „დიახ, დღეს ადვოკატთა რიგებში არაერთი  იურისტია, რომელთაც დიდი,   პროფესიული, ცხოვრებისეული  გზა განვლეს, თუმცა ადვოკატთა  კორპუსი ნაკლებად იცნობს მათ. რატომ ? იმიტომ, რომ  ასოციაციას  არ ჰქონდა  და არ აქვს მათთან სწორი კომუნიკაცია.  ხშირად  შერჩევით  ურთიერთობებზეც  საუბრობენ ადვოკატები. ფაქტი ჯიუტია - ასოციაციის  ფოტოები, შეხვედრები,  საერთაშორისო კონფერენციები ხომ   ერთი და იგივე ხალხზე, ნაცნობ სახეებზე მიუთითებს, რისი ფუფუნებაც  რიგით ადვოკატებს არ აქვთ.   ვინაიდან  სერიოზული  ინსტიტუტი ვართ,  მნიშვნელოვანია,  რომ საერთაშორისო ასპარეზზეც აკადემიურად გამოვიყურებოდეთ!

დიახ,  პრობლემები უამრავია,  მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის რომელ კანდიდატზე დებს ფსონს  სახელმწიფო? ვინ იქნება მისი ფავორიტი? ამის გარკვევა, ალბათ, ძნელი არ იქნება  არჩევნებამდე, თუმცა,  ინტერესი ხელისუფლების მხრიდან რომ დიდია, ფაქტია. რა იქნება ბ-ნ ზაზა ხატიაშვილის შემდეგ? იმავე რიხითა  და შემართებით გააგრძელებს ახალი თავმჯდომარე  ადვოკატთა უფლებების დაცვას? ეს ჯერ არავინ იცის . ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ, ადვოკატები, გავაგრძელებთ თავმჯდომარეობის კანდიტატებზე  დაკვირვებას და  ვფიქრობთ,  არჩევანიც სამართლიანი იქნება.