საზოგადოება
„ისრაელში წასვლით ოჯახი გადავრჩინე, თორემ იარაღი რომ დაგედოთ ჩემთვის და გეთქვათ, წადი! გეტყოდით, ისროლეთ!..“-რობერტ აჯიაშვილი
„ისრაელში წასვლით ოჯახი გადავრჩინე, თორემ იარაღი რომ დაგედოთ ჩემთვის და გეთქვათ, წადი! გეტყოდით, ისროლეთ!..“-რობერტ აჯიაშვილი

26 საუკუნის წინ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაული თემი ძვირფასი განძით, ელია წინასწარმეტყველის ხალენით ქართლს მოადგა და მცხეთის მამასახლისს თავშესაფარი სთხოვა... არავინ იცის განსაკუთრებით რამ იმოქმედა, მაგრამ ფაქტია, რომ მცხეთის  კარი და  გული მათთვის სამუდამოდ გაიღო... ამ  საოცარი შეხვედრის შემდეგ ისტორიული ჩარხი კანონზომიერად დატრიალდა.... გადის საუკუნეები და ქართველი ებრაელების, ელიოზ მცხეთელის და ლონგინოზ კარსნელის მიერ იერუსალიმიდან უდიდესი სასოებით ჩამობრძანებულ უფლის კვართს ებრაელ სიდონიასთან ერთად სამუდამოდ იკრავს  მკერდში ქართული მიწა... ღვთის განგებით მცხეთა მეორე იერუსალიმად  იქცა... არც მანამდე და მითუმეტეს, არც მერე, ისტორიას არ ახსოვს არცერთი შავი ლაქა ამ ორი ერის ურთიერთობისა...

„იმიერიდან ჩვენც ისეთივე ერთგულები ვართ ამ მიწა-წყლის, როგორც აბორიგენი... იმიერიდან ჩვენს ისევე გვაწუხებს ქართული ტკივილები, როგორც მოყვასს... იმიერიდან ჩვენც ისევე გვიმღერიან „იავნანას“, როგორც თანაშეზრდილ და-ძმას, გაჭირვებისას ჩვენც ქართულად შევძახით „ვაიმე დედას“ და დალხინებისას „ვარჰალალოს“... ეს იყო იდეალური თანხვდენა, კავშირი ორი მაღალზნეობრივი და კულტურული ერისა...“- ამგვარი წინასიტყვაობა ახლავს თან „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიას, რომელის პრეზენტაციაც საქართველოს მწერალთა კავშირში გაიმართა. წიგნში  65 ქართველი ებრაელი პოეტის ლექსია შესული და ორი ერის 26 საუკუნოვან თანაცხოვრებას ეძღვნება. ბევრმა მათგანმა ლექსების წერა მხოლოდ სამშობლოდან სამშობლოში წასვლის შემდეგ, უდიდესი ნოსტალგიის ფონზე დაიწყო.

Sazogadoeba.ge-ს ქართველი ებრაელი პოეტი რობერტ აჯიაშვილი (ადარი) და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბაღათერ არაბული ესაუბრნენ:

-ბატონო რობერტ, რა ფენომენია  „26 საუკუნე“ და რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ ისრაელში ქართველი გქვიათ?

-ისრაელში ქართველი რომ მქვია, ეს ჩემი დიდი ეროვნული სიამაყეა. საქართველოში დავიბადეთ, საქართველოს მიწამ გამოგვკვება, ენა ქართულად ავიდგით, ჭირსა და ლხინში გარევა საქართველოში ვისწავლეთ, აქ მივანიჭეთ აზრი ჩვენს ცხოვრებას. სადაც არ უნდა წავიდეთ, ეს ჩვენი ტრადიცია ყველგან თან მიგვყვება, ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, სხვაგვარად, სულიერად გავღარიბდებით...

ჩვენი ფესვები ხომ ქართველი მშობლების და წინაპრების წიაღიდან მოდის. საქართველოს მიწამ უკუნითი უკუნისამდე გულში ჩაიხუტა  დედაჩემის ნეშტი „დამპალოს“ სასაფლაოზე. რა უფლება მაქვს ან რა გული მექნება, ის მიწა დავივიწყო, რომელმაც გულში ჩაიკრა დედაჩემი...

დაგვახრჩო ნოსტალგიამ, ჩემო კარგო, სასუნთქი გზები გვაქვს გადაკეტილი...  ჩვენ გადაბმულები ვართ ქართველობასთან, მე წასვლით მხოლოდ ოჯახი გადავრჩინე, თორემ იარაღი რომ დაგედოთ ჩემთვის და გეთქვათ „წადი!“ გეტყოდით, ისროლეთ...

აქ არის ჩემი ისრაელი...ყველგან ვამბობ, მე ეროვნებით ქართველი ვარ, სარწმუნოებით ვარ  ებრაელი. აი, ეს არის 26 საუკუნე,  სისხლში და ხორცში გამჯდარი...

-როგორ ფიქრობთ, შემთხვევითი იყო ის შეხვედრა, რომელიც 26 საუკუნის წინ ჩვენს შორის შედგა, შემთხვევითი იყო ის ფაქტი, რომ ებრაელმა დევნილებმა უდიდესი წინასწარმეტყველის და  წმინდანის ელია თეზბიტელის ხალენი მტრისგან გამოსარადიდებლად დიდი სასოებით საქართველოში ჩამოაბრძანეს?

-ეს უკვე განგებამ ინება ასე, კანონზომიერება იყო ასეთი, დიდი მიზიდულობის ძალა ამოქმედდა და ახლო აღმოსავლეთიდან გამორიყული ჩვენი თემი კავკასიას მოადგა, მათ მცხეთის მამასახლისმა გაუღო კარი.... მას შემდეგ საუკუნეები  გრძელდება ეს სიყვარული...

ქართული გვარის ვარ, აჯიაშვილი, გვარის შეცვლის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ თუ იქაურ გვარს არ მივიღებდით, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ისინი სულ სხვა მენტალიტეტის ხალხია, ამ შემთხვევაში ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, მე აჯიაშვილი ვარ და აჯიაშვილად დავრჩები ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ადარი  მხოლოდ იმის გამო გავხდი, რომ ბავშვებისთვის იქ გზა გამეკვლია, სხვანაირად მომავალი არ ექნებოდათ. მე აწი, ამ ხნის კაცს, ვინ შემცვლის, ვინ გადამაგვარებს, ჩემში ყველაფერი ქართულია, ქართულად ვმღერით, ვცეკვავთ, ქართულ სუფრებს ვაკეთებთ, ქართულ ქორწილებს ვიხდით, ქართულად ვწერთ ლექსებს, ჩემო ბატონო...

-რა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისტორიას არ ახსოვს არცერთი შავი ლაქა ქართულ-ებრაული ურთიერთობებისა, თუ გიფიქრიათ ამაზე?

-„არ გაუკეთო სხვას ის, რასაც შენთვის არ ისურვებდი“- ქართველებიც და ებრაელებიც სწორედ ამ წიაღიდან მოდიან, ეს იყო მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენს შორის შავ კატას არასოდეს გაუვლია. ქართველების და ებრაელების გულები ერთმანეთთან ყოველთვის წმინდა სიყვარულით  იყო შეერთებული.

ძალიან გვაკლია საქართველო და საქართველოსაც აკლია აქედან წასული ებრაელები. ჩვენ ერთ ოჯახში ვიზრდებოდით, სიყვარულს, რომელიც ქართველებმა გვაჩუქეს, არასოდეს დავივიწყებთ. ქართველი ებრაელები ძალიან ერთგულები და მადლიერები ვართ საქართველოსი. უდიდესი მანკიერებაა, როდესაც ადამიანი უმადურია. ისრაელში ებრაელები 70 ქვეყნიდან არიან ჩასულები, ქართველი ებრაელები ერთადერთი თემი ვართ, რომლებიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს  მივტირით,  დანარჩენები  აგინებენ  ქვეყანებს, სადაც მანამდე ცხოვრობდნენ.  დამიჯერეთ, გულწრფელი ვარ, სიმართლეს გეუბნებით.

სულ ვფიქრობ, რა ძალა იყო ის, რომ ქართველმა  ხალხმა 26 საუკუნე ასე შეგვინახა? 

-ქართველი ებრაელების პოეზიას ფონად გასდევს ნოსტალგია და უდიდესი სიყვარული საქართველოსადმი. „უაფხაზეთოდ მკერდმოჭრილი დავიარები“.... „და აი, ახლაც  ისრაელის მცხუნვარე მზის ქვეშ, ხმელთა ზღვის პირას თქვენზე ვფიქრობ, ბედს არ ვნებდები...“ ეს სტრიქონებია თქვენი ლექსიდან... რას ნიშნავს აფხაზეთი ქართველი ებრაელისთვის?

-როგორც თქვენ გტანჯავთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენც  ისე გვტანჯავს მკერდმოჭრილი საქართველო. აფხაზეთში ხშირად მიხდებოდა მივლინებით წასვლა, ბზიფის ხიდს რომ გადავკვეთდი,  გული საშინლად  მიწყებდა ცემას, ძალიან მიყვარს ჩემი აფხაზეთი, მაგრამ ღმერთი დიდია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს მიწებს...დრო უნდა ყველაფერს...

ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია, რომელიც ჩვენ გამოვეცით  არის ყივილი საქართველოსადმი. ამ პოეზიაში ჩანს  დიდი სიყვარული, მადლიერება და ნოსტალგია ქართველი ერის მიმართ.

-ლექსებს მხოლოდ ქართულად წერთ?

- დიახ, ადრე რუსულადაც ვწერდი, მაგრამ პროტესტის ნიშნად შევწყვიტე, ამჯამად მხოლოდ ქართულად ვწერ, ივრითი იმდენად არა მაქვს ათვისებული, რომ ლექსები ვწერო...

-საოცარი ფაქტია ის, რომ სხვადასხვა დიასპორის ებრაელებისგან განსხვავებით, ქართველი ებრაელებს თავიანთი სალაპარაკო ენა არ შეუქმნიათ.  ისე როგორც, მაგალითად, ესპანელმა ებრაელებმა შექმნეს ლადინო, აშქენაზებმა-იდიში, აფრიკაში დაბადებულებმა-ამჰარითი და ა.შ. გამონაკლისს მხოლოდ ქართველი ებრაელები წარმოადგენთ...

-ერთადერთი, რაც ჩვენ გვასულგდგმულებს, ქართული მეტყველებაა. ჩვენ „აი ია“-ზე, „თხა და გიგოზე“, „ნაცარქექიაზე“ გავიზარდეთ. ოთხი შვილიშვილი მყავს, როცა ერთ-ერთმა ქართული ანბანის შესწავლა მოინდომა,  გაზეთებიდან ქართული ასოები ამოჭრა და ივრითული შესატყვისი მიუწერა. თქვენ წარმოიდგინეთ,  ორ კვირაში ბავშვმა ქართულად ლაპარაკი თავისით დაიწყო. ეს არის ფენომენი,  რომელიც შთამომავლობას სისხლში აქვს გამჯდარი და თაობიდან თაობაზე გადადის.

-საქართველოს მწერალთა კავშირმა მოგენიჭათ წოდება „საქართველოს დესპანი ისრაელში“, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

-საქართველოს დესპანის წოდება ჩემთვის მსუბუქი ტვირთი არ არის. იმის გამო, რომ მე უზომოდ მიყვარს ჩემი ბავშვობის სამშობლო,  უზომოდ მიყვარს ეს ბრწყინვალე ხალხი, ქართველობა, მინდა ერთ-ერთი მათგანი ვიყო, ვინც საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურულ ურთიერთობებს გააღრმავებს. ისრაელის კულტურის სამინისტროს შევაწუხებ და ოფიციალურ დონეზე გავაკეთებ ყველფერს, რასაც ჩემი საქართველო მეტყვის...

24 წელია, რაც ისრაელში ვცხოვრობ და ამდენივე წელია ვმუშაობ ელეტროკომპანიაში. იქ ფანტასტიკურ სფეროს განეკუთვნება ამდენ ხანს ერთსა და იმავე ადგილზე იმუშაოს კაცმა, მაგრამ ქართული მენტალიტეტი მეხმარება, თანამშრომლებს ქართულს ვასწავლი,  ლექსებსაც ვუკითხავ ხოლმე ქართულად  და ჯერჯერობით მტოვებენ, არ მაგდებენ...

-ბატონო რობერტ, ორ ათეულ წელზე მეტია წასული ხართ საქართველოდან, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა აქ ამ ხნის განმავლობაში, რა არის თქვენთვის ყველაზე უფრო თვალშისაცემი?

-პირველი,  რაც თვალში მხვდება ისაა, რომ დანაღვლებულია ქართველი ხალხი... კარგად ვხედავ და გულისტკივილით აღვიქვამ, რომ  ქალსა თუ  ვაჟკაცს თვალები სევდიანი აქვს. რატომ არის გაქცეული საზღვაგარეთ ამდენი ქართველი? რატომ კნინდება მათი მუშაობა საზღვარგარეთ? მიდიან, მზიმე სამუშაოს ასრულებენ, ამას ხომ აქაური გაჭირვებული ცხოვრება აიძულებს, საიდან მოდის ეს? რატომ ხდება ასე? ერთობა უნდა საქართველოს, გამთლიანება უნდა, მაგრამ ქვეყანა ისე არ გამთლიანდება, თუ ქართველი ხალხი არ გაერთიანდა.

- მთავარ პრობლემას საზოგადოებაში არსებულ განხეთქილებაში ხედავთ?

-დიახ, ასეა... ან რა ჯადო ადევს იმ საკამს, ვინც დაჯდება ყველა ერთი და იგივე რომ აკეთებს... ისრაელში პრეზიდენტს იჭერენ, თუ კანონს არღვევს, პრემიერმინისტრს ციხეში სვამენ...  პრემიერები და პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ კანონი არ იცვლება, ეს არის ქვეყნის სიძლიერე. აქ რა ხდება? არ გეწყონოთ, დაჯდება პრეზიდენტი და დაიწყებს ჭრა-კერვას, რომ კონსტიტუცია თავის მდგომარეობას მოარგოს. ეს ღუპავს ქვეყანას, ეს ღუპავს ხალხს!  კანონი ერთი უნდა იყოს, როგორც მუშისათვის, ისე პრეზიდენტისათვის.  ისრაელში ხანდახან ცხოველი არ გადადის წითელ შუქზე, კანონი მძვინვარებს.

ქართველების ნაწილი ჩივის, ებრაელები 26 საუკუნე შევინახეთ და ახლა ისრაელი საზღვარზე არ გვიშვებს, გვაპატიმრებსო, ასე არ არის, იქ არის მოსაცდელი ოთახი,  ვისაც საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ უახლოესი რეისით საქართველოში აბრუნებენ.  საქართველოს საზღვარი გახსნილი აქვს ირანთან, თურქეთთან, სადაც ამდენი უბედურება და ტერორისული აქტი ხდება და რა უნდა დღეს ქართული პასპორტის ყიდვას? სულ არაფერი, ისრაელის სასაზღვრო სისტემაში ვერავინ ჩაერევა, გარდა კანონის და მესაზღვრისა, თვით პრეზიდენტიც კი. ისრაელის სასაზღვრო ძალა ძალიან ფრთხილობს, მითუმეტეს მკაცრად აყენებენ საკითხს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვისაც ირანთან და თურქეთთან საზღვარი გახსნილი აქვს. სახელმწიფო ფრთხილობს, უამრავი ტერორისტი  ცდილობს შემოსვლას, შიგნით მტერი ჰყავს  ორი მილიონი არაბის სახით,  გარეთაც მტერი ჰყავს მთელი ოკეანე არაბული სახელმწიფოებისა, შუბლზე ხომ არავის გვაწერია, ვინ ვართ...

კი, არის შეცდომებიც, გამორიცხული არაფერია, როდესაც ვიღაცას არ უშვებენ, მერე კონფლიქტი წარმოიქმნება. მე მთლად არ ვამართლებ ისრაელის სასაზღვრო სისტემას, თუ ვინმე შემოსაშვები არ არის, ეს  საელჩოებში უნდა გადაწყდეს, ადამიანები არ უნდა გაწვალდნენ. ასეა თუ ისე, ისრაელის მხრიდან ეს საკითხი დასახვეწია.  ჩვენ მესაზღვრის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გვაქვს, იქ მარტო კანონი და მესაზღვრე მოქმედებს, მაგრამ მერწმუნეთ, ქართველი ებრაელების გული თქვენთვის ყოველთვის ღიაა...

მე  საყოველთაოდ ისრაელის სახელმწიფოს სახელით ვერ ვილაპარაკებ, ჩემი თემის, ქართველ ებრაელთა სახელით ვამბობ, რომ ამ ორ ერს შორის წყალს ვერავინ აამღვრევს, არ არსებობს დღეს ძალა, რომელიც ამ ურთიერთობას ჩრდილი მიაყენებს, ეს გამორიცხულია...

და ერთს ვიტყვი კიდევ, სადაც არ უნდა ვიცხოვრო და როგორც არ უნდა ვიყო, საქართველოსა და მისი ბრწყინვალე ხალხის გარეშე ერთი წუთით არ მაცოცხლოს ღმერთმა, ამენ!   

მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული:   

„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“ არის ჰიმნი ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის შესახებ, რომელიც საუკუნეებს შემორჩება. ისინი დღესაც საქართველოთი  სულდგმულებენ. შვილებს, შვილიშვილებს ქართულად ზრდიან, საოცარი ნოსტალგიით ცხოვრობენ. ქართველების და ებრაელების მეგობრობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის. მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ჩვენ  მონათესავე ერები ვართ.

ანთოლოგია აკადემიკოს გივი ღამბაშიძის მხარდაჭერით გამოიცა. პროექტის ხელმძღვანელი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი შალვა წიწუაშვილია, რომელსაც  საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება მიენიჭა.

პრეზენტაციის მსვლელობისას ქართველი ებრაელები  უცხოეთიდან გვიკავშირდებოდნენ და ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ამერიკიდან სკაიპით ჩაგვერთო მეცნიერი დავით კრიხელი, რომელმაც მადლობა გადაგვიხადა და მთელს საქართველოს მოეფერა. ისრაელიდან ჩაგვერთნენ ძალიან საინტერესო პოეტები ნუგზარ ჯანაშვილი და  ნანა დავითაშვილი, იგივე ნანა დავარი. ნანა, ეს სამშობლოზე შეყვარებული პოეტი ქალი, ტიროდა. გვაჩვენა თავისი ოთახი, რომელიც ქართული დროშებით, წიგნებით და მხოლოდ ქართული აქსესუარებით აქვს მოწყობილი, ჟურნალ  „ცისკრის“ ყველა ნომერი დღემდე  აქვს შემონახული.

ქართველთა დიდ ქომაგს, ქველმოქმედს, შესანიშნავ პოეტსა და პიროვნებას რობერტ აჯიაშვილს.  „ისრაელში ქართული კულტურის დესპანის“ წოდება მივანიჭეთ და საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრად მივიღეთ. ასევე საპატიო წევრად მივიღეთ ძალიან პოეტი და ჟურნალისტი, არაერთი წიგნის ავტორი ნუგზარ ჯანაშვილი, რომლის მამა პოეტი ფირუზ ჯანაშვილი, ქართული კულტურულ-ლიტერატურული წრეების აქტიური წევრი იყო.  დღეს მისი შვილი აგრძელებს მამის გზას და საქართველოს სიყვარულზე არაერთი ლექსი აქვს შექმნილი. თითოეული ებრაელი ისრაელში საქართველოს ატარებს. ეს არის ფანტასტიკური მოვლენა.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ისრაელის საზღვარზე მომხდარ ინციდენტებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ვიღაც ჩინოვნიკის და მესაზღვრის ქართველ ებრაელებთან გაიგივება არასწორი და არასამართლიანია. ისინი ამ ქმედებებთან არაფერ შუაში არიან, პირიქით, თვითონაც ძალიან განიცდიან ასეთ ფაქტებს. მათ  ქართველის იქ შეშვებას არავინ ჰკითხავთ. ისრაელი პატარა ქვეყანაა, ძალიან ბევრი ხალხი რჩება და გამკაცრებულია კანონები. ჩვენსავით კი არ არის იქ, მოღებული რომ გვაქვს საზღვრები და  ვინ შემოდის და რისთვის, კაცმა არ იცის. ვფიქრობ, საზღვრებზე კონტროლი ჩვენთანაც გამკაცრებული უნდა იყოს. არ შეიძლება ამაში ქართველი ებრაელების დადანაშაულება, ისინი დღე და ღამე საქართველოზე ლოცულობენ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სამყაროში ერთმანეთის გვერდით დგომას. ჩვენი მეგობრობა უნდა არის მოდელი და მაგალითი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება ორი განსხვავებული რელიგიის ერს საუკუნეების განმავლობაში ასე უყვარდეს ერთმანეთი. 

loading...