პოლიტიკა
„ამერიკული სტრატეგიის მიხედვით, დედამიწაზე დიდი სახელმწიფოები აღარ უნდა არსებობდეს და დანაწევრებული ქვეყნები ტრანსსახელმწიფოებრივი ცენტრების მიერ იმართებოდეს“ -კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვება თუ არა შეუქცევადი პროცესები მსოფლიოში?
„ამერიკული სტრატეგიის მიხედვით, დედამიწაზე დიდი სახელმწიფოები აღარ უნდა არსებობდეს და დანაწევრებული ქვეყნები ტრანსსახელმწიფოებრივი ცენტრების მიერ იმართებოდეს“ -კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვება თუ არა შეუქცევადი პროცესები მსოფლიოში?

კატალონიელთა ისტორიული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის მსოფლიოს ახლებური ჩამოყალიბების ფონზე, კიდევ უფრო აქტიურდება. მე-15 საუკუნეში არაგონისა და კასტილიის შერწყმის შედეგად შექმნილ ესპანეთის სამეფოს თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით, დაშლის საფრთხე ემუქრება. სეპარატიზმის აჩრდილი კატალონიის გარდა ბასკეთის, გალისიის,  ანდალუსიის, ვალენსიისა და ასტურიის რეგიონებშიც დაძრწის.

უდიდესი  რეალური საფრთხეების გათვალიწინებით, ოფიციალური მადრიდი კატალონიის დამოუკიდებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება ჩატარებულ რეფერენდუმს, სადაც დამოუკიდებლობას 90,18%-მა დაუჭირა მხარი, არ სცნობს. რეფერენდუმის მსვლელობისას ვითარება უკიდურესად იძაბება და პოლიციასთან მომხდარი შეტაკებისას ორივე მხარე ზარალდება.

ესპანეთის პრემიერმინისტრი კატალონიის  ლიდერს კარლეს პუჩდემონს ულტიმატუმს უყენებს. „თუ კატალონია 19 ოქტომბრამდე არ იტყვის უარს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, ის მუხლი ამოქმედდება, რომელიც ავტონომიური რეგიონისთვის მმართველობის ჩამორთმევას ითვალისწინებს“,-აცხადებს მარიანო რახოი.   

სახელმწიფოს მეფემ, ფელიპე მეექვსემ რეფერენდუმს "მიუღებელი დაუმორჩილებლობა" უწოდა და „ესპანეთის ერთიანობის განადგურების მცდელობად“ შეაფასა.   

დიდია ალბათობა იმისა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დომინოს პრინციპით განვითარდეს და არა მარტო ესპანეთი და ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვას. კოსოვოს პრეცედენტი, რომელიც კატალონიის მოვლენების დეტონატორად იქცა, დასავლეთს შესაძლოა, საკმაოდ ძვირად დაუჯდეს.

მოჰყვება თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადებას  სეპარატისტული მოძრაობების წახალისება და შეუქცევადი პროცესები მსოფლიოში? რამდენას უქმნის საფრთხეს კატალონიაში მიმდინარე მოვლენები ევროპის ერთიანობას? ემუქრება თუ არა რუსეთს სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერება, რაც ჩრდილო კავკასიის აფეთქებას გამოიწვევს? რომელ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს აწყობთ სახელმწიფოების დანაწევრება და როგორ აისახება მთელი ეს პროცესები საქართველოზე? Sazogadoeba.ge-თბილისის საკრებულოს წევრი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, რითია გამოწვეული ამ ეტაპზე კატალონიელთა გააქტიურება დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით? როგორია საერთო ფონი ამ პროცესისა და ვის მხარეს არის ისტორიული სამართლიანობა?

-კატალონიელთა ახლანდელი გააქტიურება ზოგადად ამ რეგიონის ისტორიის კონტექსტში ზის. კატალონიური ნაციონალიზმი მინავლებული არასოდეს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან დიდი რეპრესიები გაიარეს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის იმპერია არაგონის მეფის ფერდინანდისა და კასტილიის დედოფლის იზაბელას დინასტიური ქორწინების შედეგად შეიქმნა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ესპანური მემკვიდრეობისათვის წარმოებული ომის შედეგად, სადაც ბურბონებმა გაიმარჯვეს, არაგონის გვირგვინის უფლებები და ინსტიტუციები  საკმაოდ უხეში ფორმით გაუქმდა და  უნიტარულ ესპანეთს შეერწყა. აქედან მოდის პოლიტიზირებული ისტორიის ასეთი რომანტიკული, საკმაოდ არგუმენტირებული ნარატივი. ასე, რომ ბოლო სამი საუკუნის მანძილზე კატალონიამ ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. პირველი, როდესაც მხარი დაუჭირა არაგონის ჰერცოგს ბურბონების წინააღმდეგ, რასაც ფილიპე მეხუთის მიერ კატალონელთა უფლებების შეკვეცა მოჰყვა და მეორედ, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს,როდესაც მათ რესპუბლიკელთა მხარე დაიჭირეს ფრანკოს წინააღმდეგ, რასაც ასევე  რეპრესიები და ავტონომიის გაუქმება მოჰყვა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ კატალონიას ძალიან მდიდარი და ძველი ისტორია აქვს, რომელიც სხვათაშორის, საქართველოს ისტორიასაც ჩამოჰგავს. თვითონ კატალონიური ნაციონალისტური წრეები კატალონიად არა მარტო დღევანდელ ავტონომიურ წარმონაქმნს აღიქვამენ, არამედ არაგონის ტერიტორიის დიდ ნაწილს და საფრანგეთის კატალონიასაც (აღმოსავლეთ პირინეებს), ბალეარის კუნძულებს და ვალენსიას თვლიან, ანუ, მათ თვალთახედვაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებია.

როგორ ფიქრობთ, მოვლენები დომინოს პრინციპით განვითარდება? კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვება თუ არა სეპარატისტული მოძრაობების წახალისება და შეუქცევადი პროცესები ევროპაში?

-რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ავტომატურად ასე მოხდება, პირველ რიგში, კი  ევროპის ტერიტორიაზე. საერთოდ, დომინოს პრინციპი მსოფლიოში უკვე მოქმედებს. პოტსდამის შემდგომი მდგომარეობა შეცვლილია, ეს საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო და დღემდე გრძელდება, მაგრამ დრამატულ სტადიაში ახლა გადადის. ამ იდეების რეალიზაცია გამოიწვევს არა მარტო ესპანეთის წაშლას რუკაზე, არამედ უდიდეს პრობლემებს შეუქმნის მომიჯნავე ქვეყნებსაც. ანალოგიური პრობლემები აქვს საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას, გერმანიას და ა.შ. მე არაფერს ვლაპარაკობ ბალკანეთის ქვეყნებზე და საქართველოზე ხომ ვიცით და ვიცით.

უნდა გვესმოდეს, რომ სეპარატისტული იდეების იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენ დღევანდელი ევროპის რუკა აღარ გვექნება, მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს, ვინაიდან უამრავი ისეთი მოძრაობებია ევროპაში, რომლის შესახებაც ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება არც გაუგია. ამიტომ ევროკავშირმა რომ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. საფრთხე ემუქრება ევროპის იმ ქვეყნებს, რომელებიც ევროკავშირს შეადგენენ. იმ პოლიტიკური რუკის რღვევა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მთელს მსოფლიოზე აისახება.

-კოსოვოს პრეცედენტი იყო თუ არა ბიძგი კატალონიისთვის და უდიდესი შეცდომა, რომელიც დასავლეთმა დაუშვა?

-რა თქმა უნდა, ასეა, კატალონიის მოვლენები გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მანამდე იყო კოსოვო, შოტლანდიის რეფერენდუმის მცდელობა, ეს  იმ ევროპაში ხდება, რომელსაც სტაბილურობის ეტალონად განიხილავენ. 

კოსოვოს პრეცედენტი შეცდომა იყო  თუ მიზანმიმართული მოქმედება, კიდევ საკითხავია, მაგრამ ეს იყო მთავარი ნაღმი, რომელმაც მსოფლიო მოწყობა ააფეთქა. ალბანელებმა, რომლებმაც თავის დროზე კოსოვო დაიპყრეს და იქ დასახლდნენ, სერბიას ტერიტორია წაგლიჯეს.

თანამედროვე ტენდენცია  ძალთა ისეთ განლაგებებს აფორმებს, რომელიც  ძალიან დიდ წინააღმდეგობებს იწვევს და გამოიწვევს კიდევ მომავალში. თუმცა, როდესაც  რუსები კოსოვოზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ პირველი პრეცედენტი აფხაზეთსა და დნეპრისპირეთში მათ დაუშვეს, როდესაც სეპარატიზმს ხელი შეუწყვეს, რასაც მოჰყვა მერე კოსოვო, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არა მარტო ევროპული მოვლენაა, ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის დამოუკდებლობის გამოცხადება კატალონიის პროცესების პარალელურად უნდა განვიხილოთ.

-ვის აწყობს, რომელ გეოპოლიტიკურ ძალებს აწყობს სახელმწიფოების ასე დანაწევრება?

- შორ პესპექტივაში რომ განვიხილოთ, ეს არავის აწყობს, ვინაიდან არ არსებობს დიდი სახელწიფო, რომელსაც სეპარატიზმის საფრთხე არ ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი სახელმწიფო ამას არ ფიქრობს. ერთმანეთის ტერიტორიაზე სეპარატიზმის აღმოცენებას ხელს უწყობენ და შემდეგ იგივეს თვითონვე ღებულობენ. ნებისმიერს სახელწიფოს, რუსეთს, იტალიას, ჩინეთს თუ აფრიკის ქვეყნებს, ყველას აქვს მსგავსი პრობლემები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინი ერთმანეთს ხშირად სწორედ სეპარატიზმის მეშვეობით ერჩიან. ხდება ის, რომ მთავარი  გეოპოლიტიკური მოთამაშეები ამ პროცესებს თავიანთი ინტერესებისთვის და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებენ, საბოლოო ჯამში, კი მოგებული არავინ რჩება.

-საითკენ მიდის ეს ყველაფერი?

-ტენდენცია  იქითკენ მიდის, რომ ყველა რელიგიურ-ეთნიკურ პოლიტიკურ ჯგუფს თავისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჰქონდეს, ეს  სხვადასხვა გეოპოლიტიკურ კვლევებში გაჯერებულია. სწორედ ამერიკული სტრატეგია იხრება იქითკენ, რომ დედამიწაზე დიდი სახელმწიფოები აღარ არსებობდეს, იყოს ისეთი წარმონაქმნები, სადაც ეთნოსის ეთნიკური საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებს შეესაბამება და ასე დანაწევრებული ქვეყნები ტრანსსახელმწიფოებრივი საერთაშორისო ცენტრების მიერ იმართებოდეს, ეს დიდი საიდუმლო არავისთვის არ არის. ცუდია ის, რომ ასეთი მიდგომები ისტორიას არ ითვალისწინებს. მსოფლიოში 1945 წლამდე 70 სახელმწიფო იყო, დღეს მათი რიცხვი 195 შეადგენს, გარდა ამისა, კიდევ 10 ქვეყანის სტატუსი გაურკვეველია.  

ასეთი კონცეფციის და ტენდენციის არსებობა მსოფლიოში დღეს  ნათლად ჩანს, ამას ხელს უწყობს ის დიდი წინააღმდეგობები, რომლებიც  ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ფორმირების პროცესშია ჩადებული.

-მადრიდი კატალონიას ავტონომიის ჩამორთმევით ემუქრება, თუ  ჟენერალიტეტი  დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარს არ იტყვის. როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

-კატალონია დეფაქტოდ ისედაც დამოუკიდებელია, რამდენად შორს წავა ესპანეთის ხელისუფლება და რა ღონისძიებებს განახორციელებს, ვერ გეტყვით. ესპანური კანონმდებლობა კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში სერიოზულ სანქციებს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება და მონარქია  კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეგუოს, რადგან ეს ესპანეთის სიკვდილს გამოიწვევს. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და  კომპრომისები ნაკლებად იქნება.

ესპანეთს  შეუძლია დაეყრდნოს საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის პოზიციას, რომელთაც კატალონიის დამოუკიდებლობა კატეგორიულად არ აწყობთ. შესაბამისად, ესპანეთის ხელისფლებას ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. იმედია, პროცესები კატალონიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებამდე არ მივა, ეს კატასტროფულ, დრამატულ  შედეგებს გამოიწვევს.  

ესპანეთი ამას ისევე ვერ შეეგუება, როგორც ერაყი, თურქეთი და ირანი ვერ შეეგუებიან ქურთისტანის შექმნას. ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში უპრეცედენტო ალიანსების ჩამოყალიბება  რალფ პეტერსის რუკაზე ასახული სტრატეგიის წინააღმდეგ მოხდა. ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ვიხილეთ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა, ირანისა და რუსეთის უპრეცედენტო დიპლომატიური კონტაქტები და  ერდოღანის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა,  ეს სწორედ ქურთისტანის რეფერენდუმის შემდეგი პროცესი იყო. ჩვენ ასევე ვიხილეთ საუდის არბეთის მეფის ვიზიტი მოსკოვში, რაც  თავისი მასშტაბებით და შედეგებით ასევე სრულიად უპრეცედენტოა.

-ევროპაში სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერების  შემთხვევაში ექმნება თუ არა რუსეთს სარფრთხე ჩრდილოკავკასიის სახით?

-თუ რუსეთი პოლიტიკურად დასუსტდა, მას უზარმაზარი პრობლემები შეექმნება არამარტო ჩრდილოკავკასიაში. რუსეთი ტერიტორიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მიხედვით საერთოდ რეკორდსმენია. ჩვენ გავვიწყდება მაგალითად, რომ არსებობს თათარისტანი, ასევე ბურიათია, შიდა მონღოლეთი, რომელიც ჩინეთშია მოქცეული, ბაიკალის ავტონომიური ოლქი და თვითონ მონღოლეთი. ყველაფერი ურთიერთკავშირშია, მაგრამ, როდესაც რუსეთი თავს პოლიტიკურად ძლიერად გრძნობს, მაშინ ეს პრობლემები მას არ აწუხებს.

-დედამიწა ძალიან „დაპატარავდა“ და ერთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დანარჩენ სახელმწიფოებზე ავტომატურად აისახება. ჩვენს ინტერესს ბუნებრივია, საქართველო  წარმოადგენს, მით უფრო, რომ საქართველოსთვის სეპარატიზმის პრობლემა კარგად ნაცნობი და მტკივნეულია. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიული სამართლიანობის პრინციპს თანამედროვე გეოპოლიტიკა არ ითვალიწინებს, აისახება თუ არა უარყოფითად კატალონიის მოვლენები საქართველოზე?

-ამ საქმეში ჩვენ პიონერები ვიყავით, რუსეთმა და არამარტო რუსეთმა თავის დროზე ისარგებლა ქართული სახელმწიფოს სისუსტით და წაგვართვეს ტერიტორიები. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ აფხაზეთში ჩვენს მიმართ ეთნიკური წმენდა განხორციელდა, მაშინ, როდესაც, მაგალითად,  ყირიმში ეთნიკურ წმენდას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში ჩვენ  უფრო მყარი უფლებები გვაქვს პრეტენზიები განვაცხადოთ.

დღეს მსოფლიო ფაქტიურად, არაღიარებული სახელმწიფოების აღიარებისკენ მიდის. უნდა ვაცნობიერებდეთ,რომ დღეს სუსტ სახელმწიფოთა სუვერენიტეტები არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას სეპარატისტული მოძრაობებისათვის, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით ჩვენთვის. ამიტომ არ უნდა შევაზღუდინოთ თავი მარგინალი ლიბერალების დამღუპველ მანტრებს და ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად ყველა რესურსი ინტეგრირებულად უნდა გამოვიყენოთ.

საქართველოს ხელისუფლებამ ალღო უნდა აუღოს არსებულ ვითარებას და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას, პროცესის მიმართ მოქნილი და ადაპტირებულები უნდა ვიყოთ. უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა იმაზე უფრო მეტად დაზარალებული არ დავრჩეთ, ვიდრე დღეს ვართ. 

 

ევროპის გაერთიანეული ოლქები - ხედი ზემოდან

ევროპის რუკა, სადაც ჩანს პოლიტიკური მოძრაობები რეგიონალური თვითგამორკვევის უფლებების გაფართოების კუთხით. ადგილობრივი ეთნოკულტურების ავტონომიზაცია, დამოუკიდებლობის მოპოვება, ან შეერთება სხვა სახელმწიფოსთან.

რუკა შექმნილია  „კონსერვატიული ჟურნალისტური ლიგის“  მიერ.  

კოსოვო, როგორც ევროპის პირველი გლოკალიზაცის მაგალითი. („გლოკალიზაცია“ ნიშნავს გლობალურისა და ლოკალურის შერწყმას, ეს არის გლობალიზაცია, რომელსაც გააჩნია საზღვრები).

ნიშნების მნიშვნელობა:

მუქი დაჩრდილვა: რეგიონები ძლიერი სეპარატისტული მოძრაობებით, რომელიც მიმართულია დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ. მაგ. შოტლანდია.

საშუალო დაჩრდილვა: რეგიონები, რომლთა მოსახლეობას ადგილობრივი და ეთნიკური ცნობიერება გააჩნია, მიდრეკილნი არიან ავტონომიცაზიის და უფლებების გაფართოებისკენ. მაგ. ანდალუსია

ღია ფერის დაჩრდილვა: ისტორიული ევროპის რეგიონები, საკუთარი მისიის ძლიერად განვითარებული შეგრძნებით. მაგალითად ოკსიტანია.

დაუჩრდილავი ადგილები: „მძინარე“ რეგიონები, რომლებიც თავს ნაციონალურ სახელმწიფოსთან აიდენტიფიცირებენ.

1. შოტლანდია                                       

2. ჩრდილოეთ ირლანდია

3.უელსი

4.კორნუოლი

5.კუნძული მენი

6.ფარერის კუნძულები

7.სკანია

8. ალანდის კუნძულები

9.ფრისლანდია

10.ფრანდლია

11. ვალონია

12. ბრიუსელი

13.ეიპენ-მალმედი

14. ბავარია

15.ალემანი

16.  ელზასი

17.რომანდია

18 სავოია

19.ნიცის რაიონები

20.ოკსიტანია

21. ბრეტანი

22.კორსიკა

23.ბასკეთი

24.ასტურია

25. გალისია

26.ანდალუსია.

27. არაგონი.

28.კატალონია

29.ვალენსია

30.სარდინია

31.სიცილია

32.პადანია

33.ლიგურია

34.ვენეტო

35.სამხრეთ ტიროლი

36.ვალ დოსტა

37.ისტრია

38.ბოსნია

30.სერბეთი

40.აღმოსავლეთ სლოვენია

41.ვოევოდინა

42. უნგრელების განსახლება ვოევოდინაში

43. სანჯაკი

44. კოსოვო

45. სერბეთის ოლქი, მიტროვიჩი

46.პრეშევო -ბუიანოვაც-მედვეჟია

47. ჩერნოგორია

48.დასვლეთ მაკედონია

49. ჩრდილოეტ ეპიუსი

50.საბერძნეთის მაკედონია

51.ტრანსილვანია

52.ვალახია

53.რუმინეთის მოლდოვეთი

54.ბუკოვინა

55.ბესარაბია

56. პრიდნესტროვიე

57.გაგაუზია

58.ბუჯაკი

59.კარპატების რუსეთი

60. უნგრელების განსახლება სლოვაკეთში

61. პრიაშევშინა

62. ლემკოვშინა

63. მორავია

64.სილეზია

65.ლუჟიცი

66.კაშუბი

67.ნადსიანიე

68.ხოლმშინა

69. პოდლესიე

70.ვილენშინა

71.ჟემაიტია

72.ლატგალია

73.იდა-ვირუმაა

 

loading...