სამართალი
ბერიას დროს 9,8% გამამართლებელი განაჩენი დაფიქსირდა, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულ სააკაშვილისდროინდელ 0,01 პროცენტს თითქმის ათასჯერ აღემატება! დაე, საზოგადოებამ თავად შეადაროს სააკაშვილის და ბერიას რეჟიმების დემოკრატიულობის ხარისხი”- გია მეფარიშვილი
ბერიას დროს 9,8% გამამართლებელი განაჩენი დაფიქსირდა, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულ სააკაშვილისდროინდელ 0,01 პროცენტს თითქმის ათასჯერ აღემატება! დაე, საზოგადოებამ თავად შეადაროს სააკაშვილის და ბერიას რეჟიმების დემოკრატიულობის ხარისხი”- გია მეფარიშვილი

ყოფილი გენერალური პროკურორი, პროფესორი გია მეფარიშვილი რეპრესიაში მას შემდეგ მოჰყვა, რაც  "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან სამართლიანობის აღდგენა და ჯალათების დასჯა იწინასწარმეტყველა.  რეჟიმი დიდი ხანია შეიცვალა, თუმცა ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო პროცესი საქართველოში არ გამართულა. არსებობს თუ არა პერსპექტივა, რომ სამართალმა ახლო მომავალში რეალურად იზეიმოს? "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან 5 წლის შემდეგ, გია მეფარიშვილს ისევ ამ კითხვით მივმართეთ:

- სამართლიანობის აღდგენის საკითხი საქართველოს ხელისუფლების წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევაა. 2012 წლის შემოდგომით, როცა სისხლიანი რეჟიმი შეიცვალა და ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ამომრჩეველთა წინაშე მათი მთავარი პირობა სამართლიანობის აღდგენა გახლდათ, რაც გულისხმობდა იმ დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვას, რომელიც 2003-2012 წლებში დადგა, იმ უკანონობათა აღმოფხვრას, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა ადამიანებისთვის ქონებათა ჩამორთმევა, უსაფუძვლო დაკავება-დაპატიმრებები, არაადამიანური მოპყრობები და სხვა მართლსაწინაარმდეგო ქმედებები, რითაც ასე "გვანებივრებდა" რეჟიმი და რაც გახლდათ რეზულტატი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკისა, რომლის გატარებით ისინი ძალაუფლებას იმყარებდნენ.

- მოდით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რეპრესიების მასშტაბები. ბატონო გია, 2003-2012 წლებში სულ რამდენი მსჯავრდებული იყო საქართველოში?

- 9 წლის განმავლობაში საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა 330 ათასი პირის მიმართ, რაც ქვეყნის მოსახლეობის 7,5 პროცენტია! დევნაში იგულისხმება არა მხოლოდ საქმის აღძვრა, არამედ ამ რაოდენობის ადამიანთა დაპატიმრებაც! რეპრესიები მთელი სიმძაფრით, 2005 წლიდან დაიწყო, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინდელი პარლამენტის ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობის ლოზუნგი გამოფინა და ყველა დამნაშავის ციხეში დამწყვდევისკენ მოუწოდა ძალოვნებს. ამას მოყვა სისხლის და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად გამკაცრება, კანონები პირდაპირი მნიშვნელობით, არაადამიანური გახდა, რასაც საბრალდებო მიმართულებით გადახრები და უამრავი ადამიანის უსაფუძვლოდ დაპატიმრება მოყვა. ქართველი კაცი მრავალ გაჭირვებას და მატერიალურ სიდუხჭირესაც შეეგუება, მაგრამ უსამართლობის განცდას ვერ აიტანს, უსამართლობის განცდით გამოწვეულ პროტესტს კი, რეზინის ტყვიები ვერ შეაჩერებს! მართლაც ასე მოხდა და საყოველთაო სახალხო პროტესტმა შედეგი გამოიღო - რეჟიმი შეიცვალა! ახალ ხელისუფლებას ჰქონდა ხალხის მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველაფერი უწყობდა ხელს, რათა სამართლიანობა აღედგინა. ამით იმედმიცემულმა რეპრესირებულმა ადამიანებმა თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით საჩივრებიც წარადგინეს.

- რამდენი მომჩივანი დაფიქსირდა?

- 3 წლის, ანუ, 2012-2015 წლების განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურაში 52.530 განცხადება შემოვიდა, მათი უმრავლესობა ადამიანის უფლებათა უსაფუძვლოდ დარღვევის, უკანონოდ დაკავებების, უკანონოდ მსჯავრდებების და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებს ასახავდა. წესით, თითოეული ფაქტის გარშემო გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და მომჩივანს კანონის ფარგლებში გასცემოდა პასუხი. განცხადებათა დიდი ნაწილი უსაფუძვლოდ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს ეხებოდა. რეჟიმის პირობებში ხომ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა ნორმად იქცა. საქართველოში, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენები ფაქტობრივად არ დგებოდა. მაგალითად, 2012 წელს პროცენტულად, მხოლოდ 0, 01 გამართლებელი განაჩენი გამოვიდა.

- საქართველოში გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა ადრე დამაკმაყოფილებელი იყო?

- გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მიხედვით, ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირში - არასდროს არემატებოდა 1 პროცენტს. გორბაჩოვის პრიოდში, როდესაც ასეთი განაჩენების რაოდენობამ 1,5 პროცენტს მიაღწია, ეს მაშინ უდიდეს პროგრესად ჩაითვალა. ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1- 1,5 პროცენტს შორის მერყეობდა, მაგრამ რაც საქართველოში 2003-2012 წლებში ამ თვალსაზრისით ხდებოდა, მსოფლიოში პრეცედენტი არ მოეძებნება! საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს შეგახსენებთ: 1937-1938 წლებში, როდესაც საქართველოში ლავრენტი ბერიას მიერ ორგანიზებული რეპრესიები მძვინვარებდა, რაც საკუთარ კისერზე 72 ათასმა ადამიანმა იწვნია - 9,8 პროცენტი გამამართლებელი განაჩენი დაფიქსირდა, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულ სააკაშვილის დროინდელ 0,01 პროცენტს თითქმის ათასჯერ აღემატება! დაე, საზოგადოებამ თავად შეადაროს ერთმანეთს სააკაშვილის და ბერიას რეჟიმების დემოკრატიულობის ხარისხი.

- ამჟამად რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოდის საქართველოს სასამართლოებში? დემოკრატიულ ქვეყნებში როგორი სტატისტიკა გვაქვს?

- სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ, გამამრთლებელი განაჩენების სიმრავლე და იმის დემონსტრაციაა, თუ რამდენად ობიექტურად შეუძლია მას სახელმწიფოს დამსჯელ ორგანოებთან გამკლავება. ამჟამად, სასამართლოებში მნიშვნელოვანი ძვრებია, მაგრამ ყველაფერი ისე მაინც არ არის, როგორც უნდა იყოს. სასამართლოს პირველ რიგში, სიმართლის დაცვის ფუნქცია უნდა გააჩნდეს. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელმა განაჩენებმა რახანია 30 ათასს გადააჭარბა. დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, გამამართლებელი განაჩენი 60-70 პროცენტში დგება ხოლმე. ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. კანონით რეგლამენტირებული არ არის, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ დამოუკიდებელ სასამართლოებში განხილული საქმეთა ნახევარი მაინც გამამართლებელი განაჩენით უნდა მთავრდებოდეს.

- რა ხდება იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში უფლებადარღვეულმა მოქალაქეებმა პროკურატურაში შეიტანეს?

- ვერ ვიტყვი, რომ ახალ ხელისუფლებას ამ მოქალაქეთა დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. შეიქმნა პროექტები, სადაც გამოყენებული იყო სამართლიანობის აღდგენის საკითხებში ესპანეთის და ჩილეს მაგალითები. პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელსაც ასეთ ფაქტებზე რეაგირება დაევალა, ისინი თავს არ ზოგავენ, მაგრამ შედეგი ზღვაში წვეთია. ყველა მოსამართლე, პროკურორი თუ ძალოვანი უწყების თანამსრომელი, რომლებიც რეპრესიებში რებულობდნენ მონაწილეობას - ამჟამად კვლავ თანამდებობებზე იმყოფებიან. მათ მორალური ასპექტითაც არ უგიათ პასუხი. 2004-2012 წლებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ფარგლებში, ქონების ჩამორთმევაზე და მსგავს საკითხებზე საქმეების გახილვა უკვე ვეღარ მოხდება, რადგან ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია. ვადების გადახედვას არავინ აპირებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მათ გადახედვას მოქმედი კანონმდებლობა ჯერ კიდევ ითვალისწინებს. სხვათაშორის, თავის დროზე ეს ვადები ნაცებმა 15 წლამდე თვითონ გაზარდეს, რათა შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკებზე ზემოქმედების საშუალება დაეტოვებინათ, ახლა კი, ეს აქლემი მათვე უბრუნდებათ. კანონი და ვადებიც, ჯერჯერობით იძლევა საშუალებას, გადაიხედოს მოქალაქეს საქმე და მოხდეს მისი რეაბილიტაცია, თუ დადასტურდა, რომ მას უკანონოდ დასდეს მსჯავრი.

- მაგრამ რად ვამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ 2004-2012 წლებზე? ნუთუ, მანამდე სასამართლოებში უკანონო მსჯავრი არ გამოქონდათ?

- რა თქმა უნდა, მანამდეც იყო უხეში სასამართლო შეცდომები. სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. 1991-1992 წლების მოვლენების შეფასების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 200 წლის 20 აპრილს გამოსცა დადგენილება, რომლის ერთ-ერთი ავტორი გახლავართ. მასში მკვეთრად იყო ნათქვამი, რომ მოხდა კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის დამხობა და ამ ფაქტს მიეცა შეფასება. ასე მოხდა ესპანეთსა და ჩილეში, რის შემდეგაც იმ ქვეყნებში სამოქალაქო შერიგების პროცესი განვითარდა. მაგრამ 2004-2012 წლებში განსაკუთრებით დაგროვდა უკანონოდ მსჯავრდების ფაქტები, ამიტომ მათი განხილვის პირობების მიზნით რეჟიმის შეცვლისთანავე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდა. სამწუხაროდ, სიტუაცია იმგვარად არ განვითარდა, როგორც მაშინ ვიწინასწარმეტყველე. 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეფასებაც კი არ მოხდა, არც ნიურნბერგის მსგავსი პროცესი გაიმართა.

- რა მიზეზით?

- პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეჩერების მიზეზი გახლავთ საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ამ მიზნით ხორციელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების მმართველი წრეები პირდაპირ აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას აღარ მოუბრუნდნენ, გვთავაზობენ, დავივიწყოთ ძველი პრობლემები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ.

- რა უფლებით წყვეტენ ისინი რეპრესირებული ქართველი ხალხის მაგივრად?

- დაე, მკითხველმა თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამას აკეთებს რამდენიმე ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და ცალკეული პოლიტიკოსები. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ლობისტური საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წევრები საჯაროდ აღიარებენ, რომ მათგან ზეწოლას ვერ უძლებენ. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კონცეფცია ჩავარდა. ადრე თუ გვიან, სამართლიანობა მაინც აღდგება და თუ ვერ აღადგენს ოცნების ხელისუფლება, იმდენად დიდია საზოგადოების დაკვეთა და იმდენად მტკივნეულია ეს პრობლემა, რომ ამას აღასრულებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ოცნებას შეცვლის. ბოლოს და ბოლოს. 200-მდე პოლიტპატიმარი აღიარა საქართველოს პარლამენტმა და თითო-ოროლას გარდა, მათი საქმეები სასამართლოებს არც განუხილავთ! პროკურატურის ინსტიტუციური განვითარების ფონდში და თავდაცვის ფონდში მიყოლებით შედიოდა ადამიანების მიერ "ნაჩუქარი" ქონება, რაც სინამდვილეში, წართმეული გახლდათ საპროცესო შეთანხმებების სანაცვლოდ! რატომ არ დაინტერესდნენ ჩვენი უცხოელი კეთილისმსურველები, რა მეთოდებით აიძულებდა მაშინდელი ხელისუფლება, კერძო სამართლის ამ ფონდებში ადამიანებს მთელი თავისი სარჩო-საბადებლის შეტანას?! ამ ფონდებმა 2008 წლამდე იარსებეს და დიდძალი რესურსის მობილიზაცია შეძლეს - საუბარია მილიარდებზე! ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, რეჟიმის მიერ ნაძარცვი ქონება, რადგან ციხიდან მსხვერპლს მხოლოდ მაშინ უშვებდნენ, თუ აღნიშნულ ფონდებში ქონებას შეიტანდა და შესაბამის ქვითარს წარადგენდა! დაე, მკითხველმა თავად იფიქროს, რამდენად უანგაროდ ახორციელებენ სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების მიზნით ზეწოლას კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენს ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ, სამართლიანობის ცნება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბითაც ფარდობითია, მაგრამ ისტორიის განვითარების დიალექტიკა გვკარნახობს, რომ სამართალი მაინც აღდგება!

- სააკაშვილი წარდგება ქართული სასამართლოს წინაშე?

- გიმეორებთ, რომ ამისთვის უწინარესად აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2004-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცემა. ახლა შესაძლოა, ამის გაკეთება დაგვიანებულიც იყოს. თავის დროზე ხომ, გათვლა იმაზე გაკეთდა, მრავალი დანაშაული დავიწყებას მისცემოდა. სააკაშვილს ისტორია აუცილებლად დაუნდობლად განსჯის! მაგრამ განსჯის თუ არა სასამართლო - ეს ისევ და ისევ ქართველი საზოგადოების შესაბამის ერთსულოვან ნებაზე იქნება დამოკიდებული.


ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...