საზოგადოება
„წესიერი მონადირეები გაჭირვებულ არსებას არ კლავენ, პირიქით, მას გადარჩენაში ეხმარებიან!“- დავით ბოკუჩავა
„წესიერი მონადირეები გაჭირვებულ არსებას არ კლავენ, პირიქით, მას გადარჩენაში ეხმარებიან!“- დავით ბოკუჩავა

აგვისტოს მესამე შაბათიდან საქართველოში ნადირობის სეზონი დაიწყო, რომელიც გაზაფხულამდე გაგრძელდება. რისი გათვალისწინება მართებთ მონადირეებს, რა იკრძალება ნადირობის დროს და რა ცვლილებებია მოსალოდნელი კანონმდებლობაში? ვესაუბრებით საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია "მონკავშირის" პრეზიდენტს, ცნობილ ჟურნალისტს, დავით ბოკუჩავას:

- ორგანიზაცია "მონკავშირი" 120 წლისაა. იგი დიდ თავადს, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმას დაუარსებია და "წესიერ მონადირეთა ამხანაგობა" შეურქმევია. წესიერი - იმიტომ, რომ ნადირობას თავისი ეთიკა გააჩნია და წესირი, ანუ ნამდვილი მონადირეები ყველა ეპოქაში იმთავითვე ემიჯნებოდნენ ბრაკონიერობას. ერთხანობას, ამ გაერთიანებას ცნობილი პოეტი, პაოლო იაშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო წევრები გახლდნენ თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწენი, ნადირობის ტრფიალის - დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ჩათვლით. საქართველოში ნადირობას დიდი ტრადიციები აქვს. ათასწლეულების წინ, ადამიანები საკვების მოსაპოვებლად ნადირობდნენ, ამჯერად კი, ეს სპორტი და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. "მონკავშირი" ამჟამად 45 ათასამდე წევრს ითვლის, მათ შორის ქალებიც ბევრნი არიან. ნადირობა ისეთი აზარტული საქმეა, რომ მონადირეს სიგარეტის მოწევის სურვილიც კი ავიწყდება. ნანადირევი საკმაოდ გემრიელია, თუმცა უხეში ხორცი აქვს და რომ დარბილდეს და ფერმაც არ შეგვაშფოთოს, თავისებური დამუშავება სჭირდება. მართალია, მსხვერპლს და სისხლს უკავშირდება, მაგრამ მონადირე მკვლელი არ გახლავთ, უღალატო მეგობრად ითვლება. ნადირობა ტურისტების მოზიდვის საშუალებაც გახლავთ, თუმცა უცხოელებს ძირითადად, დათვზე, ჯიხვზე, ნიამორსა და არჩვზე ნადირობა აინტერესებთ, რაც ჩვენში დაშვებული არ არის.

- ნადირობა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება?

- არა. არსებობს ნადირობის სეზონი, რომელიც აგვისტოს მესამე შაბათიდან იწყება და 1 მარტამდე გრძელდება. ამის შემდეგ, სეზონი იხურება, რადგან ცხოველებსა და ფრინველებში შეწყვილებისა და ბუდობის დრო დგება, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ნადირობის პირობები რიგი ფაქტორების გავლენით მაინც იცვლება. საქართველოში ყველაზე ხშირად ხომ, გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობენ. თუ აქამდე იხვი და ბატი ჩვენს ტერიტორიაზე თებერვლის შუა რიცხვებში შემოფრინდებოდა ხოლმე, ახლა მარტის შუა რიცხვებში შემოდიან და ეს გარემოება კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა აისახოს. გარეულ ღორზე სხვა პირობები ვრცელდება და ნადირობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდეა დაშვებული. შემდეგ გარეულ ღორებს და კურდღლებს შეწყვილების პერიოდი უდგებათ და მაკეობის დროს მათი მოკვლა არ შეიძლება. წლევანდელმა გვალვებმა ნადირობის ხარისხზე ცუდად იმოქმედა. თითქმის აღარ მოიპოვება მწყერი, რომელიც ჩვენში მუდამ მრავლად იყო.

- ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ნადირობა?

- საქართველოში აბორიგენულად მცხოვრებ ფრინველებსა და ცხოველებზე ნადირობა მხოლოდ სანადირო მეურნეობებში შეიძლება, რომელთა რაოდენობა ოცამდეა. ეს არცთუ ცოტაა, მაგრამ მთელ ტერიტორიას მაინც არ მოიცავს. ამიტომ ვცდილობთ ახალი მეურნეობები შევქმნათ. იორზე 2 სანადირო მეურნეობაა, ლაგოდეხში და კახეთის სხვა რაიონებშიც, რამდენიმე მეურნეობაა. ამ მხრივ, სამეგრელოში გვიჭირს. გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა აბორიგენ ცხოველთა საშენი, ვზრუნავთ ხობის და ზუგდიდის რაიონებში კოლხური ხოხბის მომრავლებაზე. ჩაფიქრებული გვაქვს, რომ ამავე რეგიონში გარეული კურდღლის საშენი შევქმნათ, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. კურდღელი ხომ ადვილად მრავლდება და ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანადირო ობიექტია. მსხვილფეხა ცხოველებს რაც ეხება, დაშვებულია გარეულ ღორსა და შველზე ნადირობა, თუმცა მხოლოდ იმ სანადირო მეურნეობებში, სადაც მათი რაოდენობა სათანადო ზღვარს მიაღწევს. ვიდრე საბჭოთა კავშირი არსებობდა და რესპუბლიკებს შორის საზღვრები არ იყო, ქართველი მონადირეები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ხშირად ნადირობდნენ, ჩრდილო კავკასიაში, დაღესტანის და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, მაგრამ ახლა ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან სხვა ქვეყანაში ამ მიზნით გამგზავრება ვიზების გაფორმებას და სხვა სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება, თანაც, უცხო ქვეყანაში შესვლა მარტივი არ არის. ეს სერვისი მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. კატეგორიულად დაუშვებელია ნადირობა ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარსემო 500 მეტრიან ზონაში, ასევე ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. წესიერი მონადირეებისგან განსხვავებით, ბრაკონიერები წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საშუალებით ნადირობენ ყველა ცხოველსა თუ ფრინველზე, რაზეც ხელი მიუწვდებათ, მაგრამ მათ წინააღმდეგ ჩვენი კანონმდებლობა მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.

- მაინც, რა არის აკრძალული? რა უნდა ვიცოდეთ, რომ ბრაკონიერთა სიაში არ აღმოვჩნდეთ?

- აკრძალულია ნადირის და ფრინველის ბუდეების თუ ბუნაგების ხელყოფა, ფრინველთა კვერცხის შეგროვება. ნადირის და ფრინველის აღმოსაჩენად მცენარეული საფარის დაწვა დაუშვებელია. ასევე, აკრძალულია ნადირ-ფრინველის მოზიდვა სატყუარებით, სპეციალური ხმოვანი სიგნალის და პროჟექტორების, თუნდაც, მანქანის ანთებული ფარების გამოყენებით და ცეცხლის დანთებით, ნადირ-ფრინველის მოპოვება ბადეებით, კაკანათებით, მახეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, ორმოების გათხრით, სარეგვავებით, თოფების დაგუშაგებით, რადგან ამგვარად დაჭერილი არსება ტანჯვით კვდება. დაუშვებელია საწამლავით მოწამვლა. აკრძალულია ნადირის დევნა მანქანით, მოტოციკლით კატერით და ვერტმფრენით, ასევე, ძრავიანი ნავებით. ნადირობის დროს ძრავა აუცილებლად გამორთული უნდა იყოს. დაუშვებელია ნადირობა, როცა ხდება სტიქიური უბედურება, ანუ მაშინ, როცა წყალდიდობის, ხანძრის და დიდთოვლობის შედეგად შეშინებული და დევნილი ნადირ-ფრინველი თავის გარჩენას ცდილობს. წესიერი მონადირეები გაჭირვებულ არსებას არ კლავენ, პირიქით, მას გადარჩენაში ეხმარებიან. დაუშვებელია მონადირება, როცა მსხვერპლი შეფერხებულია მდინარის გადაცურვის ან სხვა დაბრკოლების გადალახვის გამო. მონადირების დროს აკრძალულია მსხვერპლის გაწამება და ნელი საშუალებით მოკვლა. ნადირობის არსი და სიამოვნება იმაშია, მონადირემ ძაღლი დაგეშოს, ფეხით იაროს, თოფით ინადიროს და არა - ნებისმიერი საშუალებით, რაც შეიძლება მეტი ნადირ-ფრინველი დახოცოს. 1996 წლიდან აკრძალულია მტაცებელ ცხოველებზე ნადირობა, თუმცა ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ, რადგან ხშირად, მტაცებელი ცხოველები უფრო მეტ ნადირ-ფრინველს ანადგურებენ, ვიდრე მონადირეები და თუნდაც ბრაკონიერები. მტაცებლები სოფლის მეურნეობასაც დიდ ზიანს აყენებენ და მათზე ნადირობის აკრძალვა უნდა გაუქმდეს.

- მონადირების რაოდენობის შეზღუდვები არსებობს?

- მონადირების კვოტას, მტაცებელი ცხოველების ჩათვლით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ადგენს, თუმცა მტაცებლების რაოდენობამ იმდენად მოიმატა, რომ ვფიქრობთ, მათი კვოტირება სხვაგვარად უნდა ისაზღვრებოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ნადირობა და თევზაობა რელაქსაციის საშუალებაა, რიგ შემთხვევბში ისეთი დადგენილებაც მოქმედებს, რომ ვთქვათ კალმახი - დაჭერის შემდეგ ისევ უნდა გაუშვათ, ანუ დატკბეთ დაჭერის პროცესით და მერე თავის სამყოფელში უვნებლად დააბრუნოთ.

- რა საბუთებია საჭირო, რათა სანადიროდ წასვლა კანონიერად შევძლოთ?

- ათეული წლებია, რაც გარემოს დაცვის სამინისტროში ნადირობის შესახებ კანონპროექტი იწერება და აქამდე გაჭიანურდა მისი დამუშავება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე პროექტი დასრულდება და ამოქმედების შემდეგ მონადირეთა წინაშე არსებულ უამრავ პრობლემას გაამარტივებს. რაც შეეხება საბუთებს - ერთჯერადი ლიცენზია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას მთელი წლის ვადით იძლევა - 10 ლარი ჯდება. მონადირეს უნდა გააჩნდეს სათანადოდ გაფორმებული იარაღი. ნადირობა საკმაოდ ხარჯიანი საქმეა, გადაადგილება, საწვავი, ტყვია-წამალი, ძაღლის გაწვრთნა - იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ დახარჯული რესურსი ღირს იმ სიამოვნებად, რასაც ნადირობის დროს იღებენ. 


ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...