საზოგადოება
თამაზ ჭეიშვილი: კარგად შექეიფიანებულმა ტრამპს ვუთხარი - როგორ გეკადრებათ, ბატონო ტრამპ, ამაში ფულს როგორ გამოგართმევთ-მეთქი!
თამაზ ჭეიშვილი: კარგად შექეიფიანებულმა ტრამპს ვუთხარი - როგორ გეკადრებათ, ბატონო ტრამპ, ამაში ფულს როგორ გამოგართმევთ-მეთქი!

უამრავმა აქამდე უცნობმა დაავადებამ იჩინა თავი. რა განაპირობებს მის აღმოცენებას და რაგორია ყველა დაავდაებასთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი? ვესაუბრებით მწერალსა და ჟურნალისტს, ექსტრასენსორული მეთოდებით მკურნალს, ბრაზილიის საპატიო მაკუმბას, თამაზ ჭეიშვილს:

- მაკუმბა ბრაზილიურად, სახალხო მკურნალს ნიშნავს. ეს არის საპატიო წოდება, რომელიც, ბრაზილიელმა ხალხმა მომანიჭა. როცა პერესტროიკა დაიწყო, ბრაზილიიდან იქ მცხოვრები ჩემი ბავშვობის მეგობარი შემეხმიანა - აქ ჩამოდი, ერთობლივი სეანსები ჩაატარე და საარსებო წყაროს ყოველთვის იშოვნიო. ასე გავხდი ბრაზილიის მოქალაქე და ჩემს ნიჭს იმ ქვეყანაში მივეცი ასპარეზე.იმავე პერიოდში, ბრაზილიაში ყველასთვის საყვარელ მომღერალს, ორლანდოს - პოლი ნეირო რადიკულიტი დაემართა, წელს ქვემოთ მოწყდა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. შემომთავაზეს, რომ ჩემი უნარი მის მოსარჩენად გამომეცადა. პაციენტს სეანსი საჯაროდ - ჟურნალისტების კამერების თანხლებით ჩავუტარე. შემდეგ, ვუბრძანე, ინვალიდის ეტლიდან წამომდგარიყო. მართლაც, განცვიფრებული საზოგადოების წინაშე, ორლანდომ გაიარა! მაშინვე სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს. 500 მილიონი კაცის თანდასწრებით, დიქტორმა მოულოდნელად, პირდაპირ ეთერში რაიმე სხვა სასწაულის ჩადენა მომთხოვა.

- მეტისმეტი მოუსურვებიათ. მოთხოვნამ დაგაბნიათ?

- გამოგიტყდებით და, მართლაც დავიბენი. სასწაულის მოხდენა ადვილი არ გახლავთ. საბედნიეროდ, გამახსენდა, რომ ბრაზილიელები ადვილად თვრებიან, ერთი ჭიქაც ყოფნით. არადა, იქ ისეთი რომ დაბალგრადუსიანი ღვინო იშოვება, ჩვენში ბავშვსაც რომ ვერ მოეკიდება. ჰოდა, გადავწყვიტე, ღვინის მიმართ ქართველი კაცის ტრადიციული მეგობრობა სასწაულად გამესაღებინა. გადაცემის წამყვანს მივუგე, 1 ლიტრი ბრაზილიური ღვინო მომიტანეთ, აქვე ბოლომდე დავლევ და არ დავთვრები მეთქი. მართლაც პროდიუსერი გავარდა, მაღაზიიდან 1 ლიტრი ღვინო მოიტანა დ აყოველი შემთხვევისთვის ექიმიც მოიყოლა. ავიღე და განცვიფრებული საზოგადოების თვალწინ სულმოუთქმელად დავცალე. აბა, ის ღვინო რას დამაკლებდა! ამ ორმა ამბავმა მთელ ბრაზილიაში ცნობილ კაცად მაქცია, ჯადოქარს მეძახდნენ. სახლიდან მშვიდად ვეღარ გამოვდიოდი, ხალხი მეხვეოდა და მოძრაობის აღსადგენად პოლიციის ჩარევა ხდებოდა საჭირო.

- რადიკულიტს მართლა ასე ადვილად არჩენთ? ამას როგორ ახერხებთ?

- როგორც ცნობილი ჯუნა დავითაშვილი აკეთებდა, ისე ვიქცევი. 38 წლის წინ აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელებს გააჩნიათ ენერგია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დაავადებისგან კურნავს და ამისთვის დაავადების ხარისხის გათვალისწინებით, უკონტაქტო მასაჟის რამდენიმე სეანსი სრულიად საკმარისია. ჩემი ნიჭი მსოფლიოში განთქმულმა ექსტრასენსმა, ლუსია ჯინჭარაძემ აღმოაჩინა. მომავლის პროგნოზირებასაც ვახერხებ, თუმცა უზარმაზარ შინაგან ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი. ბავშვობაში მეცხრე კლასის ჩათვლით ხუთოსანი ვიყავი, რადგან წინასწარ ვიცოდი, როდის გამიძახებდნენ და რას მკითხავდნენ. ლუსია ჯინჭარაძემ მისცა ჩემს ნიჭს გასაქანი, შემდეგ მოსკოვში, რადიოლოკაციის მამას ლეგენდარულ იური კობზარევს შემახვერდრეს, რომელიც პარანორმალური მოვლენების კვლევით იყო დაკავებული. მისი დახმარებით, რუსეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი ელიტა გავიცანი, ხალხის მკურნალობაც მოსკოვში დავიწყე. ამის მერე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე უამრავი ადამიანი განვკურნე. უცხოეთში უზარმაზარი ჰონორარები მქონდა და უზრუნველად ცხოვრება შემეძლო, მაგრამ ნოსტალგიამ არ მომასვენა და ჩემს გაჭირვებულ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება მაიძულა.

- როგორც მახსოვს, თქვენი ნიჭით ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გააკვირვეთ... როგორ მოხდა ეს ამბავი?

- 1991 წელი დგებოდა. ამერიკაში ქართველი ებრაელის, მილიონერ გივი ბენცვის მიწვევით ვიმყოფებოდი, რათა მისი ოჯახის წევრებისთვის მემკურნალა. ახალ წელს ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში, ლონგ-აილენდზე მდებარე გივის აპარტამენტებში უნდა შევხვედროდი. ის იყო, წვეულება დაიწყო, რომ გივის ტელეფონმა დაურეკა. დონალდ ტრამპის ადმინისტრატორი ვარ, შევიტყვეთ, რომ თქვენთან სტუმრად იმყოფება სასწაულთმოქმედი ქართველი მკურნალი, რომლის დახმარებაც სასწრაფოდ გვჭირდება, ვინაიდან ბატონი ტრამპის მეჯლისზე მყოფ სტუმარს მოულოდნელად რადიკულიტის შეტევა დაემართაო. უარი არ მითქვამს. მცირე ხანში, გივის აპარტამენტის სახურავზე ვერტმფრენი დაჯდა, მასში მოვკალათდი და გავხდი პირველი ქართველი, რომელმაც ღამის მანჰეტენი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან დაინახა! ხანმოკლე ფრენის შემდეგ, ჩვენი ვერტმფრენი ტრამპ თაუერის სახურავზე დაეშვა. ლიფტით ჩავედით საოცრად მდიდრულ დარბაზში, სადაც როიალზე დამხობილი ულამაზესი გოგონა, ტრამპის მეგობრის ტკივილებისგან ხმამაღლა მოსთქვამდა. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მის მორჩენას შევძლებდი. წელზე ხელი დავადე. ვუთხარი, ათამდე დაითვალე და გასწორდი მეთქი. ჩემი ხელის სიმხურვალემ მოარჩინა. წუთიც არ იყო გასული, წელში გაიმართა და განცვიფრებულ საზოგადოებაში მქუხარე ოვაციებმა იხუვლა! ხალხი გარს შემომეხვია. ყველას ჩემთან ერთად დალევა სურდა. რამდენიმე ბოთლი შამპანური გამოვცალე და ცოტა შევბარბაცდი.

- ტრამპიც იქ იყო?

- დიახ. ტრამპი ექსცენტრული კაცია. ამ ამბით გახარებულმა ყირა გაჭიმა და ხელებზე იარა! მერე ღიმილით მომიახლოვდა - მაჩვენე შენი ხელები, ასეთი რა ძალა გაგაჩნიაო. შემდეგ, ღიმილით მკითხა - თქვენი ჰონორარი რამდენი იქნებაო და, სმოკინგის ჯიბიდან ჩეკები და ავტოკალამი დააძრო. კარგად შექეიფიანებულს, ქართული ამპარტავნება დამემართა. მილიარდელს პირზე ღიმილითა და ენის ბორძიკით ვუთხარი - როგორ გეკადრებათ, ბატონო ტრამპ, ამაში ფულს როგორ გამოგართმევთ მეთქი. - მაშინ, დიდი მადლობა, ვერტმფრენი კი, საჭიროების ადგილზე მიგაფრენთო - მიპასუხა და გულითადად დამემშვიდობა. ბენცვის აპარტამენტამდე სულ ღიღინ-ღიღინით ვიფრინე. ქეიფის თავი აღარ მქონდა და პირდაპირ დასაძინებლად გავემართე. დილით კი, ნაბახუსევზე აზრზე რომ მოვედი, შუბლზე ხელი შემოვირტყი, როცა ჩეკები და მილიარდერი ტრამპის ღიმილიანი მზერა გამახსენდა!

- იქნებ, ახლა შეახსნოთ, რომ თქვენი ვალი მართებს?

- არ მგონია, ახლა გამიხსენოს...

- არაუშავს, კიდევ დასჭირდება თქვენი თავი. თქვენ ვის აღიარებთ მაღალი დონის ექსტრასენსად?

- საქართველოში ასეთი ერთადერთი ადამიანი ვიცი - პროფესიით ექიმი გია სულაქველიძე. ლეგენდარული ჯუნა დავითაშვილი აღარ არის... იყო დრო, როცა ყველა ექსტრასენსობას იბრალებდა, მაგრამ ნამდვილი ექსტრასენსი - იშვიათობაა. ეს არის უნარი, რომელსაც, ძალიანაც რომ უნდოდეს, პატრონი ვერ დამალავს. მე უკვე ხელის დადებით შემიძლია ვიგრძნო, თუ ადამიანს სხეულის რა ადგილზე აწუხებს პრობლემა. ახლახან გარდაიცვალა ალან ჩუმაკი, რომელიც ჩემი აღმოჩენილია. ის სტადიონებზე ატარებდა სეანსებს, ტელესეანსებითაც, უამრავ ადამიანს კურნავდა. პირველად ტელეეკრანიდან მამუკა არეშიძის და ნანა ჯაფარიძის გადაცემა "საღამო მშვიდობისათი" წარსდგა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა - რეკავდა ასობით ადამიანი და იუწყებოდა, რომ სწორედ ამ გადაცემის ცქერის შემდეგ განიკურნენ! ამ გადაცემის შემდეგ გაუხსნეს მას გზა რუსეთის ტელევიზიებში და ჩუმაკმა დისტანციურად შეძლო ათეულათასობით ადამიანის განკურნება!

- აზრის დისტანციურად გადაცემა ერთეულებს მხოლოდ შეუძლიათ?

- ადამიანს უამრავი უნარი აქვს, რომელიც ევოლუციამ და ცივილიზაციამ შეასუსტა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, ამავე ფაქტორებმა გამოიწვიეს ბუნებაში რიგი ბალანსების დარღვევა, რასაც ეკოლოგიური კატასტროფებიც მოყვა. ბრაზილიაში არის ცივილიზაციას მოწყვეტილი ერთი დასახლება, სადაც ადამიანებს გარკვეულ დისტანციაზე ერთმანეთთან აზრებით საუბარი შეუძლიათ. ადამიანი დაბადების მომენტში, მოულოდნელად სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოხვედრის გამო მიღებული სტრესის შედეგად კარგავს უამრავ უნარს, რომელიც მას შემოქმედმა უბოძა... კაცობრიობა უკვე ზრუნავს ამ სტრესის შესასუსტებლად და ცნობილია წყალში მშობიარობის მეთოდი, როცა ჩვილი წყლის გარემოდან წყალში გადმოდის და ამგვარად, ნაკლები სტრესით იბადება. ცნობილია, რომ ამგვარად დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად აღმოაჩნდებათ ხოლმე უცნაური უნარები. 


- ბოლო პერიოდში უამრავმა, აქამდე სრულიად უცნობმა ავადმყოფობამ იჩინა თავი. რა განაპირობებს დაავადებების გავრცელებას?

- საზოგადოებაში დაგროვდა დიდძალი რეაქცია, რომელიც ჯაჭვური რეაქციის სახით სხვადასხვა სფეროში იჩენს თავს. როცა მილიონობით ადამიანი აგრესიული ხდება, მათი განწყობა ბუნებასაც გადაეცემა და შემდეგ ეს აგრესია საზოგადოებას უკანვე უბრუნდება! გარწმუნებთ, შვიდმა მილიარდმა ადამიანმა ერთდროულად რომ ისურვოს, ეიფელის კოშკი წამებში მოიღუნება, რადგან აზრს და სიტყვას უდიდესი ენერგია გააჩნია, რომელიც სამყაროში უკვალოდ არასოდეს იკარგება! ამიტომ, ადამიანი საკუთარ აზრებთან და სურვილებთანაც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან შეიძლება კეთილი სურვილიც აუხდეს და სხვისთვის ზიანის მომტანიც! არსებობენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრების მატერიალიზება შეუძლიათ. პირადად მე, მართალია, გამაძლიერებლების საშუალებით, მაგრამ მაინც - დისტანციურად მომიხერხებია მოსკოვში 5 ვირთხისთვის გულისცემის შეჩერება და თუ ეს შესაძლებელია ცხოველზე, გამოდის, დისტანციურად ადამიანის მკვლელობაც არ არის უტოპია!

- თქვენნაირი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს  არ შეუძლიათ, რომ საზოგადოება აგრესიის მოძალებისგან განკურნონ?

- მე სადაც ვახერხებ, ამას ისედაც ვაკეთებ! შემთხვევით არ არის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია - საქართველოში მუდამ მოჭარბებულად იყო ადამიანური სითბო, ღიმილი და სიყვარული! ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია, სამყაროს დადებითი ენერგია შემატოს. ადამიანებო, თუ გსურთ, დაკარგული ჯანმრთელობა აღიდგინოთ, გაემიჯნეთ ბოღმას და სიძულვილს, გაიღიმეთ! ერთმანეთს სიკეთე და სიხარული გულწრფელად უსურვეთ! თქვენი ენერგია აუცილებლად გამოიღებს შედეგს და უმოკლეს ხანში უკან სიხარულად დაგიბრუნდებათ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

loading...