საზოგადოება
ნინი რთველიაშვილი: კატა თავად მიდის სხეულის დაავადებულ ნაწილთან და წარმატებით მკურნალობს!
ნინი რთველიაშვილი: კატა თავად მიდის სხეულის დაავადებულ ნაწილთან და წარმატებით მკურნალობს!

ადამიანთან კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან მეგობრობს, თუმცა აქამდე იდუმალ ცხოველად რჩება. მისი სრულად მოთვინიერება შეუძლებელია, რადგან აქვს დამოუკიდებლობის მძაფრი შეგრძნება და ორიგინალური ხასიათი. როგორ უნდა მოვუაროთ, რა გავითვალისწინოთ ურთიერთობაში და რა უნდა ვიცოდეთ კატის შესახებ, თუ მას ოჯახის წევრად ვაქცევთ? ვესაუბრებით ნინი რთველიაშვილს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფისომოყვარულთა კლუბი დააარსა და საქართველოში კატების უფლების დაცვას შეუდგა:

- კატების მიმართ ინტერესი 10 წლის წინ გამიჩნდა, როცა ქუჩაში ნაპოვნი ფისო ვიშვილე. მან ჩემს ცნობიერებაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ უპატრონო კატებზე დავიწყე ზრუნვა, ახლახან კი, ფისომოყვარულთა კლუბის პარალელურად, ჩემს მეგობარ ბელა მაღრაძესთან ერთად კატების თავშესაფარიც დავაარსე. არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, თაშესაფარი მხოლოდ ინდივიდუალური შემოწირულობების ხარჯზე არსებობს, თუმცა ვახერხებთ, რამდენიმე ათეული კატა შევიფაროთ და ვუმკურნალოთ, შემდეგ, ის ბუნებრივ არეალში დავაბრუნოთ ან ოჯახში გავაშვილოთ. ჩვენი თავშესაფრიდან ძალიან ბევრმა კატამ მოსიყვარულე პატრონი შეიძინა.

- უპატრონო კატები ადამიანებს პრობლემებს უქმნიან?

- ქუჩის უსახლკარო ცხოველები მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა პრობლემას მსოფლიოს მასშტაბით ყველგან ქმნიან. მათი რაოდენობის შესამცირებლად, სტერილიზაცია საქართველოშიც მკვიდრდება, რადგან ურბანულ პირობებში სხვგვარად პოპულაციის რაოდენობის მართვა მხოლოდ ამაზე უფრო სასტიკი მეთოდით - ცხოველის დაძინებით არის შესაძლებელი. სტერილიზაციის შედეგად ცხოველი რჩება ჯანმრთელი, მხოლოდ გამრავლების უნარი ერთმევა. ადამიანმა აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველა უპატრონო ცხოველს ვერ მოუვლის, ვერ დააპურებს. უპატრონო ცხოველთა რაოდენობა რაღაც კონკრეტულ, გონივრულ ზღვრამდე თუ არ დავა, ყოველდღე ქუჩაში წავაწყდებით გასრესილ კატებსა და გადაყრილ კნუტებს.

- კატის ხასიათს კარგაც იცნობთ?

- პირველ რიგში, კატა სხვა ცხოველებისგან დამოუკიდებლობით გამოირჩევა, ეს თვისება მის გენეტიკაშია კოდირებული, რის გამოც იგი წვრთნას არ ექვემდებარება. . ძაღლი თუ მთლიანად პატრონზეა დამოკიდებული, კატას პატრონისგან დამოუკიდებლადაც იოლად შეუძლია საკვების მოპოვება, თუმცა ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ის პატრონის ერთგული არ არის. ძალიან ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როცა კატა თავისი გარდაცვლილი პატრონის საფლავს არ მოშორებია. ძალიან ხშირად, პატრონის სიკვდილიდან მოკლე ხანში მისი კატაც კვდება ხოლმე. ადამიანსა და კატას შორის მჭიდრო ენერგეტიკული კავშირი არსებობს. ცნობილია მოსაზრება, რომ ადგილი, სადაც კატა დასაძინებლად მოიკლათებს ხოლმე - ენერგეტიკულად ჯანმრთელია. კატას ადამიანი უყვარს, თუმცა მასთან დისტანციას ინარჩუნებს. კატა გონიერი და მოხერხებული ცხოველია. მას დიდი ინტუიცია და ალღო გააჩნია. ცნობილია, რომ კატები მკვეთრად შეიგრძნობენ საფრთხის სიახლოვეს, რიგ შემთხვევებში კი, მიწისძვრებს, წყალდიდობას და სხვა სტიქიურ უბედურებებსაც პროგნოზირებენ. ამ მოვლენების წინ ისინი წრიალებენ, უმიზეზოდ კნავიან, ნერვიულობენ და სხვა უცნაური ქცევებით იპყრობენ პატრონის ყურადღებას. კატა საკმაოდ გონიერია. ძაღლზე ადვილად ითვისებს საჭირო ჩვევებს და ხშირად განმაცვიფრებლად რთულ ქმედებას ასრულებს. აქვს საოცარი მეხსიერება - შეუძლიათ დაიმახსოვრონ მათთვის არასასიამოვნო მოვლენები, ადამიანები, რომლებმაც მას სხვადასხვა დროს საფრთხე შეუქმნეს და შემდგომში მუდამ გაერიდონ მათ.

- კატის ორიენტაციაზე ლეგენდები დადის..

- დიახ, კატას შეუძლია შორი მანძილიდანაც მოაგნოს სახლს. არავის უკვირს, როცა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დატოვებული კატა ბრუნდება შინ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ სახლიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრის სიშორეზე მყოფ ოჯახს დაეკარგა კატა, თუმცა რამდენიმე კვირის ხეტიალის სემდეგ ფისომ სახლს თავისით მოაგნო. უფრო შორი მანძილიდან კატის დაბრუნების შესახებაც მსმენია ისტორიები.

- რას ურჩევთ პატრონებს, რომლებიც რამდენიმე კვირით ვთქვათ, აგარაკზე წასვლას აპირებენ? თავიანთი ფისო თან წაიყვანონ?

- არსებობს კატების სასტუმროები და არსებობენ დამტოვებლებიც, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ ოთახებში გარკვეული ანაზღაურების საფასურად იტოვებენ და უვლიან კატებს, ზრუნავენ და ართობენ კიდეც მათ.

- კატა ბუნებით აგრესიულია?

- თუ თავდაცვის მდგომარეობაში არ ჩააყენებთ, კატა აგრესიული არასოდეს იქნება. მუდამ ცდილობს, საფრთხეს კი არ შეებრძოლოს, არამედ გაეცალოს. კატა ბრაზდება, როდესაც ადამიანი, ვისაც არ ენდობა, დაჭერას, ხელში აყვანას ან მასზე სხვაგვარ ზემოქმედებას ცდილობს, ან როცა საფრთხე ექმნება მის კნუტებს. ამ დროსაც კი, კატის მხრიდან თავდასხმა მხოლოდ თავდაცვითი მდგომარეობის გამოძახილია. კატა ყველა ადამიანს არ აფერებინებს. მხოლოდ მისთვის სანდოებს უჩერდება საალერსოდ.

- არც ცოფიანი კატა არის საშიში?

- ცოფის დროს ყველა ცხოველი საშიშია, თუმცა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, რაც კატის გაცოფების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. რამდენჯერმე ჩვენც გვქონდა შემთხვევა, როცა კატის ცოფზე მივიტანეთ ეჭვი, მაგრამ დაღუპვის შემდეგ როცა სინჯები აიღეს, არც ერთხელ ცოფი არ დადასტურდა.

- რატომ მიაჩნიათ ადამიანებს, რომ არ უნდა გააგრძელონ გზა, თუ კატა გადაურბენთ?

- რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება ცრურწმენაა. ცრურწმენაა შავი კატისგან დათარსვის შიშიც, თუმცა ასეთი კატა დიდი ენერგეტიკის მქონედ ითვლება და ჩემი დაკვირვებით, ყველაზე უცნაური, სხვა კატებისგან ტემპერამენტითა ქცევებითაც გამორჩეულია. შავ კატას ერთგვარი მისტიური ელფერი მართლაც აქვს. იყო შემთხვევა, როცა საოპერაციოდ გამზადებულ შავ კატაზე დიდი ძაღლისთვის საკმარისმა ნარკოზის დოზამაც ვერ იმოქმედა.

- მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ზომის კატები რომელია?

- ყველაზე დიდი ზომის კატად მეინ კუნი ითვლება. მისი სიმაღლე მეტრს აჭარბებს, ხოლო წონით 15 კილოგრამსაც შეიძლება მიაღწიოს. დიდი ზომის გახლავთ სავანაც, რომელიც იმავდროულად, ყველაზე ძვირადღირებულადაც არის ცნობილი. ჯუჯა ჯიშები კატებში არ არსებობს, არსებობს შედარებით ტანმომცრო კატები, მაგალითად ბამბინო. არიან მოკლეფეხება და კუდმოკლე, ასევე მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი კატებიც.

- ელიტარულ საზოგადოებაში რომელი ჯიშის კატაა მოდაში?

- მოდური კატები მართლაც არსებობენ. უკანასკნელი ათი 
წლის მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა შოტლანდიური ჯიშის ფისო - შოტლანდიური ფოლდი. მანამდე, სპარსულ კატაზე იყო აქცენტები. ყველას ოცნებაა, ჰყავდეს ბენგალური კატა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და საქართველოში სულ რამდენიმეა. პოპულარულია სიამის კატაც. 2006 წელს ამერიკაში გამოიყვანეს უბეწვო, ელფის ჯიშის კატა, რომელიც წარმოუდგენლად მეგობრული, ჭკვიანი, ცელქი და ერთგულია, თუმცა მუდმივად შეწუხებული გამომეტყველება აქვს. სავანას ჯიშის კატის ღირებულება 28 ათას დოლარს აღწევს, მაგრამ ჯიშიანი და ძვირადღირებული კატები ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეტისებზე გაცილებით სუსტები არიან და მუდმივი ზრუნვა ესაჭიროებათ. ცნობილია, რომ მათ გარკვეული გენეტიკური სისუსტეებიც გააჩნიათ.

- ყოველთვის მაინტერესებდა, კატა ვალერიანის წვეთებს რატომ ეტანება?

- კატაბალახას სუნი ძალიან ჰგავს ფერომენის სუნს, რომელსაც სქესობრივარდ მომწიფებული კატის შარდი შეიცავს. კატების უმეტესობას კატაბალახა მხოლოდ ემოციურად კი არ აღაგზნებს, ჰორმონალურ ფონზეც მოქმედებს. ამას გარდა, კატაბალახა შეიცავს ნივთიერება აქტინიდინს, რომელიც კატებში იწვევს შეჩვევას. მინდა პატრონები გავაფრთხილო - ნუ მისცემთ თქვენს ფისოს ვალერიანის წვეთებს. ამან სეიძლება , ჰალუცინაციებიც კი გამოიწვიოს. ვალერიანის წვეთებით მთვრალი კატა გორაობს, უცნაურ ხმებს გამოსცემს, არაადეკვატურად იქცევა, თავს ესხმის წარმოსახვით მიზანს ან გაურბის არარსებულ მტერს, რამაც შეიძლება მის სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე. მოკლედ, ვალერიანის წვეთები კატაზე ნარკოტიკივით მოქმედებს.

- მართალია თუ არა, რომ ნებისმიერი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი კატა მიწაზე უვნებლად დახტება?

- ძალიან იშვიათად მომხდარა, რომ დიდი სიმაღლიდან კატის ვარდნა მშვიდობიანად დასრულებულა. კატა არ დაზიანდება ისეთი სიმაღლიდან ვარდნისას, როცა გადმოხტომის გადაწყვეტილებას თავად იღებს, მაგრამ როცა მაღალი სართულიდან მას მოისვრიან, ის აუცილებლად დაიღუპება ან დაინვალიდდება. არავის ვურჩევ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას.

- კატის მხრიდან თვითმკურნალობაზე რას გვეტყვით?

- როცა კატას საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს, ის ეძებს გარკვეულ ბალახს და მიირთმევს, რის შედეგადაც იუმჯობესებენ საკვების გადამუშავების პროცესს, ხან კი, გულს ირევენ და ამაქვთ საკვები, რამაც დისკომფორტი შეუქმნა. სახლის პირობებში ამ მიზნით დიასახლისები კატას სპეციალურად, ხორბალს უთესავენ ლამბაქზე. თუმცა, მაინც მითად მიმაჩნია, რომ კატებს ასე ეფექტურად შეუძლიათ თვითმკურნალობა. რეალურად კატა ავადდება ციროზით, ფილტვების ანთებით, თირკმელების უკმარისობით, სიმსივნის ნებისმიერი ფორმით და ყველა იმ ავადმყოფობით, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს ინფარქტის ჩათვლით. ახლახან იძულებული გავხდით, ექიმთან დასაზინებლად მიგვეყვანა დიაბეტიანი კატა, რომელიც იმდენად იტანჯებოდა, რომ სიკვდილი მისთვის ხსნა გახლდათ.

- რამდენი კნუტი უჩნდება კატას?

- ჯიშიან კატებს ცოტა, მეტისებს კი შედარებით ბევრი უჩნდებათ. გვინახავს, როცა კატამ მხოლოდ ერთი კნუტი გააჩინა და ისეთი იშვიათი სემთხვევაც გვახსოვს, როცა 8 კნუტი მოავლინა.

- კატა ადვილად მოსავლელია?

- მეტისი მართლაც ადვილად მოსავლელია, ჯიშიანს შედარებით მეტი ზრუნვა სჭირდება. ყველა კატა აუცილებლად უნდა დამუშავდეს ჭიების და რწყილების საწინააღმდეგო საშუალებებით. ვაქცინაცია - წელიწადში ერთხელ საკმარისია. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ის უნდა დავბანოთ. უფრო ხშირად საჭირო არ არის, რადგან კატა სისუფთავის მოყვარულია და ყოველდრე თვითონაც იბანს პირს და სხეულს. თუ ტუალეტის ალაგს, რომელიც ვარცლში ჩაყრილ სილას წარმოადგენს - არ მოვუწესრიგებთ და სათანადოდ არ გავუსუფთავებთ, იქ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეც უარს იტყვის.

- რატომ სიამოვნებთ კატასთან კონტაქტი მაღალწნევიან ადამიანებს?

- ბოლო დროს ოფიციალურად დამკვიდრდა ტერმინი ფელინოთერაპია, რომელიც განიმარტება, როგორც კატებით მკურნალობა. მეცნიერები ამ ტენდენციას სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან ვერ ამოეხსნათ ავადმყოფობაზე კატის გავლენის მექანიზმი, თუმცა ერთმა სემთხვევამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა, როცა ლონდონში ექსპერიმენტის ჩატარების დროს, კატამ გვერდით ჩაუარა დაბალი სიხშირის გენერატორს და ხელსაწყო მყისვე მწყობრიდან გამოვიდა. შემდეგ ამ კატას გაუზომეს ელექტრო მაგნიტური ველი და აღმოჩნდა, რომ ეს ველი ძვირადღირებულ გენარატორზე უფრო ძლიერი ჰქონია. ექსპერიმენტი გაგრძელდა ქრონიკული ანთებითი სნეულებების მქონე პაციენტებზე, ვისაც დაბალი სიხშირის დენით მკურნალობდნენ და აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტთაგან, რომლებსაც მტკივან ადგილებთან კატა მიუსვეს - ყველა გამოჯანმრთელდა, ხოლო ვისაც მხოლოდ გენერატორით მკურნალობდნენ, მხოლოდ მათი ნახევარი გამოკეთდა. ახლა უკვე ზუსტად დადგენილია, რომ ფუმფულა ფისოებს სრულიად რეალურად შეუძლიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განკურნება და სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების მოგვარება. ამიტომ მსოფლიოს დიდ ქალაქებში იხსნება კატების კაფეები, სადაც პაციენტები ოთხფეხა მკურნალებთან ვიზიტებზე დაიარებიან. კატა აურაკამერის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ადამიანის აურაში სუსტ წერტილებს ამჩნევს და თავად მოდის სხეულის იმ ნაწილთან, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება და წარმატებით მკურნალობს კიდეც.

- ამ ინტერვიუს შემდეგ მრავალ მკითხველს მოუნდება თქვენთან კომუნიკაცია და კონსულტაციები. სად და როგორ დაგიკავშირდნენ?

- ფეისბუქზე რეგისტრირებულია ფისომოყვარულთა კლუბი. ეს არის ჯგუფი, რომელიც 35 ათასამდე წევრს აერთიანებს. ვისაც თავის ფისოსთან, მის მკურნალობასთან, ხასიათთან ან მოვლის თავისებურებებთან დაკავშირებით კითხვები დაებადება, შეუძლია ამ ჯგუფში დასვას და კომპეტენტურ პასუხს უმოკლეს დროში მიიღებს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...