ეკონომიკა
„სხვა ქვეყნებში ტენდერებში მაშინ იმარჯვებ, თუ მთავრობის კაცი ხარ, საქართველოში ეს ასე არაა“ - რატომ ჩადგა თურქი ბიზნესმენი ქართველი ფერმერების სამსახურში
„სხვა ქვეყნებში ტენდერებში მაშინ იმარჯვებ, თუ მთავრობის კაცი ხარ, საქართველოში ეს ასე არაა“  - რატომ  ჩადგა თურქი ბიზნესმენი ქართველი ფერმერების სამსახურში

 „მზა ჩითილი“, ანუ რევოლუციური პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

არსებული სიტუაცია

მოსაზრება 1.  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ქართული ენის შესწავლა არ უნდათ

ფაქტი - უმრავლესობას რუსულ ან ინგლისურ ენებზე ვესაუბრებით. ანუ საკომუნიკაციო ენას საქართველოში მცხოვრები ქართველები თვითონვე ვსწავლობთ უცხოელებთან ურთიერთობისთვის.

მოსაზრება 2.  არცერთი უცხოელი ბიზნესმენი არ ზრუნავს მასპინძელი ქვეყნის კეთილდღეობაზე, მთავარია, იყოს ბიზნესი და შესაძლებლობა ფულის კეთებისთვის.

ფაქტი - უკომენტაროდ!

თუმცა...

 

ერჰან ზორლუსთან ჩაწერილმა თითქმის ერთსაათიანმა ინტერვიუმ  ზემოჩამოთვლილი მოსაზრებები ერთ წამში გაანადგურა. ჩემმა თურქმა რესპონდენტმა ჩათვალა, რომ თურქული, რუსული და ინგლისურენოვანი თარჯიმნების იქ ყოფნის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ინტერვიუ  სწორედ იმ ენაზე უნდა ჩაგვეწერა, რა ენაზეც ამ ქვეყნის მოსახლეობა საუბრობდა. შესაბამისად, დიალოგი, რომელიც  მისივე სურვილით ქართულად დაიწყო, ინტერვიუს ხანგრძლივობის მიუხედავად,  ამავე ენაზე დასრულდა. მეტიც, ადგილობრივებისგან განსხვავებით, თურქი ბიზნესმენი, რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქეცაა, საქართველოს ხელისუფლების ხედვების პატივისმცემელი გამოდგა. ამბობს, რომ მთავრობამ იცის, რა არის კარგი ქვეყნისთვის და ხელშეწყობაც შესაბამისია. ბიზნესმენებმა კი, თავის მხრივ, მასპინძელ სახელმწიფოს ხელი საკუთარი საქმიანობით უნდა შეუწყონ.

ცოტა რამ ერჰან ზორლუს შესახებ

თურქეთში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ საქართველო და ქართველი ხალხი გაიცნო, აქაური ტრადიციები, კულტურა და მთლიანად, ქვეყანა შეიყვარა. მოგვიანებით ცოლ-შვილიც გვერდით დაიყენა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. როგორც თვითონ ამბობს, ენა ქართველ მეგობრებთან კომუნიკაციით ისწავლა, სუფრის აკადემიაც გაიარა, ქართული სადღეგრძელოებიც აითვისა და ქართული ადათ-წესების შესისხლხორცებაც  სცადა. შემდეგ პრიორიტეტული დარგი აირჩია და ბიზნესი წამოიწყო. თავიდან გაუჭირდა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი დალაგდა. ახლა საზოგადოებას კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. პროექტი, რომელიც ქვეყანას წარმატებისთვის სჭირდება და რომელიც ფერმერებს შრომითი შედეგიანობის მიღწევაში დაეხმარება, იანვრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება.

ერჰან ზორლუ: 1995 წლიდან ვმუშაობდი ტრაბზონის თვისუფალ ზონაში, „ფილიპ მორისი“ - ასეთი ფირმა იყო, სიგარეტებს ჰყიდდა. პირველად საქართველოში სწორედ ამ ფირმის საშუალებით ჩამოვედი. ძალიან მომეწონა ქვეყანა, ხალხსაც დავუმეგობრდი,  ცოტა ქართულიც ვისწავლე, ქართული ტრადიციების შესახებ შევიტყე და ისიც გავიგე, როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ აქ, ამ ქვეყანაში. 2-3 დღით ვესტუმრებოდი ხოლმე საქართველოს და ვბრუნდებოდი უკან, თურქეთში. იქ ჩემი მაღაზია მქონდა, სანაკალიზაციო და წყლის სისტემებს ვყიდდით. ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციაზეც მოვიდა ხმები. ამბობდნენ, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოაო, არც მაფიაა და ხელისუფლება ბიზნესმენებს ყველაფერში ხელს უწყობსო...  მეც ამ შანსის გამოყენება გადავწყვიტე.

მოკლედ, ჩამოვედი. მინდოდა, მენახა, გაამართლებდა თუ არა ეს ბიზნესი საქართველოშიც. ვიპოვე ადგილი ელიავას ბაზრობასთან და გავხსენი მაღაზია. ვყიდდი საირიგაციო სისტემებს, მაგრამ  ამაზე დიდი მოთხოვნა არ იყო, არავის სჭირდებოდა თითქოს. როდესაც პროდუქტს ვინმეს ვთავაზობდი, მეუბნებოდნენ, - ეს რანაირი შლანგია, „დირკები“ აქვს, ვერ გამოვიყენებთო... ხელი არ ჩამიქნევია, ვიცოდი, რომ სიახლეს რთულად იღებენ ადამიანები, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ის აუცილებლად უნდა დანერგილიყო. პირველ წელს გაუჭირდა მაღაზიას, თუმცა... მერე ყველაფერი შეიცვალა.  ერთი კაცი მოვიდა გორიდან, იცოდა, რამდენად შედეგიანი იყო მსგავსი ტექნოლოგიები, ჰოლანდიაში იყო ნამუშევარი და იყიდა შლანგები. მეორე წელს, როდესაც უკვე ნახეს სისტემის შედეგი, ავტობუსით ჩამოვიდა ხალხი. ახლა, ამ მხრივ, ჩვენ პირველები ვართ.

კონკურენციას არ უშინდება, ტენდერებშიც გაბედულად მონაწილეობს, ფიქრობს, რომ გამარჯვებისთვის ნეპოტიზმი სულაც არ არის საჭირო. ამბობს, რომ აქ მთავრობა საქმეს და ხარისხს აფასებს.

-ზოგადად, სიახლეები მიყვარს, იმ სფეროს ათვისება, სადაც კონკურენცია არაა, მიყვარს ის, რაც ინოვაციურია. საქართველოს ხელისუფლებაც ხელს გვიწყობს. ჩვენ ხშირად ვერთვებით ტენდერებში, ვმონაწილეობთ კონკურსებში და თუ ჩვენი შეთავაზება სხვებზე უკეთესი იქნება, ხარისხი ნორმალური და ფასებიც მისაღები - გამარჯვების პრობლემაც არ არსებობს. სხვაგან ეს ასე არ ხდება. სხვაგან ნაცნობობის ინსტიტუტი მოქმედებს, თუ მთავრობის კაცი ხარ, მაშინ შენთან ტენდერები მოდის, თუ არადა, არაა არაფერი... საქართველოში ასე არაა. აქ, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი და თანაბარი  შანსია.

ჩვენ უკვე ვართ ჩართული რამდენიმე აქტივობაში. მაგალითად, არსებობს ასეთი პროექტი „დანერგე მომავალი“, მთავრობა აფინანსებს ნაწილობრივ: 70%- ნერგების და 50% - საირიგაციო სისტემების მიმართულებით. ჩვენც ვართ ამ სისტემაში და ბევრი პროექტიც განვახორციელეთ უკვე ამ კუთხით.

არაოპტიმისტური ჩანართი

ეს საქართველოა...

დაბალი სოციალური ფონი, უმუშევრობის მაღალი დონე და იმედი, რომელსაც ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ამყარებს...

გლეხების მიერ მიწაში ჩაღვრილი ოფლი და ვირუსების, ფაროსანების, ჭია-ღუებისა თუ უამინდობის  მიერ ბუნებრივად განადგურებული მოსავალი - მრავალი  პასუხგაუცემელი კითხვა და საშუალება, რომელიც უალტერნატივო შრომის მიზნობრიობას იშვიათად ამართლებს.

შედეგად, დაუმუშავებელი მიწები, იმპორტირებული ბოსტნეული და უმოქმედოდ, მოლოდინის რეჟიმში დარჩენილი გაღარიბებული საზოგადოება, რომელიც იმედს ისევ საზღვრებს მიღმა არსებულ ტერიტორიებზე ამყარებს.

თუმცა...

***

არსებობს გამოსავალიც.  ის, რაც გლეხობას უჭირს, სხვა ქვეყნებში მოუგვარებელ პრობლემად აღარ ითვლება. ტექნოლოგიას, რომელიც მოსავალს განადგურებისგან დაიცავს, საქართველოში ათვისება სჭირდება. თურქმა ბიზნესმენმა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში საზღვრებს მიღმა აპრობირებული მეთოდების დანერგვა დაიწყო, ქართველი ფერმერების „მზა ჩითილებით“ განებივრებაც გადაწყვიტა.

- ეს რევოლუციური პროექტია, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგია ჯერჯერობით არ არსებობს. პრობლემა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ანალოგიური სიმწვავით დგას. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.  პროექტის არსი კი რთულად გასაგები არაა. ბოსტნეულის, მაგალითად, პომიდვრის ჯანსაღ ფესვზე მეორე პომიდვრის ჯანსაღი ყლორტის დამყნობა ხდება. შედეგად ჯანსაღი პროდუქტი მიიღება. ბუნებრივია, ეს მთლად ასე მარტივი გასაკეთებელიც არაა, ყველაფერს მოსამზადებელი სამუშაოები და სწორად შესრულება სჭირდება, მაგალითად, ნიადაგის კვლევა, ვირუსებისგან გაწმენდა და ა.შ., მაგრამ საბოლოოდ სასურველი შედეგი დგება. ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან წარმატებულად წარიმართება. პროექტში 2 მილიონიანი ინვესტიცია იდება. აქედან ნახევარი საქართველოს მთავრობამ დაგვახმარა. ხუთწლიანი უპროცენტო კრედიტი გამოგვიყო. ზოგადად, საქართველოში იციან, რა არის საჭირო მათი ქვეყნისთვის, ამიტომაც უწყობენ ხელს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

ეს ტექნოლოგია, დიდი ხანია, ჩინეთშია აპრობირებული, იქ მიწა დეფიციტია. ამიტომ ძალიან პატარა ადგილზე დიდი მოსავლის მიღება სჭირდებათ. ჰოდა, მიაგნეს ხერხს. შემდეგ ეს ტექნოლოგია ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში, ევროპაში, თურქეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. შედეგით ყველა კმაყოფილია.

მაგალითისთვის გეტყვით, თუ კახელი გლეხი მოიყვანს მიწის კონკრეტულ მონაკვეთზე საზამთროს, მეორე წელს იქ სხვა რამე უნდა დათესოს, დავუშვათ, ხორბალი. მხოლოდ ყოველ მეოთხე წელს შეიძლება დაითესოს საზამთრო იმავე მონაკვეთზე. მაგრამ თუ დამყნობილი საზამთროა, მაშინ პრობლემა არაა, ერთსა და იმავე ადგილზე შეიძლება მოიყვანოს, იმიტომ, რომ ის ნებისმიერ ვირუსზე ძლიერი გამოდის. 

მეურნეობის მშენებლობა უკვე დაიწყო. კონსტრუქცია აგებულია. ორ თვეში პრეზენტაციაც გაიმართება. დასასაქმებელი ადამიანიც ბევრია, თუმცა ერჰან ზორლუ საქმეში სტუდენტების ჩართვასაც აპირებს. ამბობს, რომ ახალგაზრდობას - ხელშეწყობა, მეცნიერებას კი განვითარება სჭირდება. 

- პროექტის მეორე ეტაპი ჰიბრიდული თესლებია. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია,  გადარჩევა, გამოყვანა, რეაბილიტაციაა აუცილებელი.  ერთი კილო თესლი ოქროზე ძვირია. არც ეს ტექნოლოგიაა ჯერჯერობით დანერგილი საქართველოში. თუმცა ეს შედარებით ხანგრძლივი პერსპექტივაა. დაახლოებით, ორი წელიწადი სჭირდება ლაბორატორიულ სამუშაოებს. მარტო 2-3 წელი გენეტიკური კოდების გამოყვანისთვის არის საჭირო. აუცილებელია, სტუდენტები ჩავრთოთ სამუშაოებში. ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. დაახლოებით, 50 ადამიანზეა საუბარი. მომავალში საქართველოში თესლის ბაზა გაკეთდება. ეს დიდ მოსავალს მოგვცემს. ბუნებრივია, მიზნობრივი აუდიტორია მარტო ქართული არ იქნება, ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებსაც მოვამარაგებთ. მაგალითად, ჩითილების ექსპორტი საფრთხილო თემაა. ხანგრძლივი დრო გზაში სერიოზული პრობლემაა, ჩითილი ფუჭდება, ამიტომ აზერბაიჯანს სხვა ქვეყნებიდან ჩითილების შემოტანა არ აწყობს, საქართველო კი ამ მხრივ კარგ პოზიციაზეა. თუ ჩვენ მზა, ხარისხიანი ჩითილები გვექნება, ორივე სახელმწიფო მოგებული დარჩება.

სხვათა შორის, მსგავსი ტიპის სათბურის გაკეთება სააკაშვილის დროს სცადეს ბათუმში, მაგრამ ტექნოლოგია არ იცოდნენ და შესაბამისად, არაფერი გამოუვიდათ.

- და თქვენი თანამშრომლები ამ მხრივ უკვე მომზადებულები არიან? ანუ რისკი არ არსებობს თქვენს შემთხვევაში?

- ჩვენ მოწვეული სპეციალისტებიც გვყავს და აქაური აგრონომებიც არიან ჩართულები. მრავალწიანი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, საქმეს საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს. ეს ძალიან საჭირო სფეროა, მე მას კარგად ვიცნობ, ვნახე შედეგიც, ახლა ვცდილობ ეს საქართველოში დავნერგო. ვფიქრობ, ნულოვანი რისკი არსებობს, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, როგორც რუსები იტყვიან, Кто не рискует, тот не пьет шампанского…

გარდა ამისა, მე ვიცი, რა მდგომარეობაა საქართველოში სოფლის მეურნეობის მხრივ, ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვაქვს ფილიალები და გვყავს კლიენტები. სწორედ მათგან მაქვს ინფორმაცია, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას. ერთადერთი რისკი ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგრამ ეს, შესაძლოა, მხოლოდ პირველ წელს გაგრძელდეს. მეორე წელს უკვე შედეგის ხილვის შესაძლებლობა იქნება და ბუნებრივია, რისკის დონე ამ მხრივაც საგრძნობლად დაიკლებს. ფერმერი საკუთარი თვალით ნახავს სხვაობას ჩვენ მიერ გაკეთებულსა და მის მიერ მოყვანილ მოსავალს შორის.

- საცდელი სამუშაოები უკვე ჩატარდა? თუ ეს ჯერ უბრალოდ პროექტის დონეზეა, რომელიც საცდელი სამუშაოების პარალელურად უნდა განხორციელდეს?

- ამ პროექტისთვის წელიწადნახევარი ვემზადებოდი, თურქეთში შევისწავლე ყველა ის დეტალი, რაც სამუშაოს სწორად წარმართვისთვის დამჭირებოდა. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, ადგილი შევარჩიე, სახელმწიფოს პოზიციაც გავიგე და ნებართვაც მივიღე. კონსტრუქცია უკვე მშენებლობის პროცესშია. ორი თვე დარჩა და შედეგს ყველანი ერთად ვიხილავთ.

კონსულტაცია, ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება, გარანტია და მონიტორინგი - ეს ის სერვისებია, რომელსაც თურქი ბიზნესმენი ქართველებს უკვე რამდენიმე წელია სთავაზობს. ის, რაც უკვე მოქმედ მაღაზიაში მუშაობის სტანდარტად ითვლება, სულ მალე „მზა ჩითილის“ სავიზიტო ბარათადაც იქცევა. დღეს თუ მომხმარებელი საირიგაციო სისტემების სრულ პროექტს, კონსულტაციიდან დაწყებული სისტემის დაგეგმვა-აწყობა-განხორციელებით დამთავრებული, ერთ მაღაზიაში იღებს და მომსახურებითაც კმაყოფილია, ანალოგიური სერვისი „მზა ჩითილის“ შემთხვევაშიც გაანებივრებს. ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერის, გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი სიახლე - „გამოძახების“ სერვისიც ამოქმედდება.

გიორგი გაბუნია: ეს რევოლუციური პროექტია და თვითონვე ნახავთ, რამხელა ეფექტი ექნება. ჩვენ გლეხს საქმეს ვუიოლებთ - ფაქტობრივად, რამდენიმე თვე ვასვენებთ და შემდეგ გარანტირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უფრო მარტივად რომ ვისაუბროთ, თესლი, რომელიც მეურნეობაში გამოიყენება, ხშირ შემთხვევაში, დავირუსებულია. მისი გადარჩევა არ ხდება. ვირუსებია ნიადაგშიც. ამიტომ ნაყოფი ყოველთვის არ არის სასურველი რაოდენობის და ხარისხის. ჩითილი, როგორც ასეთი, საქართველოში არც არსებობს. თუ გლეხმა მოისურვა და მოიყვანა, ეს ღამეების თენების ფასად უნდა დაუჯდეს. ამას თავისებური მოვლა სჭირდება, ტემპერატურა რომ არ დაეცეს, მაგალითად და ა.შ. თუმცა, შესაძლოა, შედეგი სასურველი მაინც არ დადგეს. აუცილებელია მოდერნიზებული სათბურები, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ უფრო სხვა პროდუქტის მოყვანას ამჯობინებენ.

- და ვირუსებზე შემოწმება არ ხდება?

- არა, არ ხდება.

- მაშინ საიდან ვიცით, რომ დავირუსებულია?

- თუ თესლი დავირუსებულია, მისგან აღმოცენებული ჩითილი ეგრევე იკიდებს დაავადებებს.

- ანუ მხოლოდ გაზრდის შემდეგ ვხვდებით, რომ ვირუსის პრობლემა არსებობს?

- კი, ასეა. მიწა, სადაც ჩითილი გამოჰყავთ, უნდა იყოს გამოკვლეული, გაანალიზებული, მოიკლას ყველანაირი ბაქტერია და მერე ჩაიდოს ჩითილი. ჩვენს შემთხვევაში კი მიწა დაავადებულია, ასევე დავირუსებულია თესლი და გამოდის უხარისხო ჩითილი. ფაქტობრივად, ფერმერი ტყუილად შრომობს და საბოლოოდ, ხელში არაფერი უჭირავს.  ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ ვუიოლებთ შრომას. ორ თვეს მაინც ვასვენებთ. მან იცის, რომ მოგვცა შეკვეთა და ექნება იდეალური ჩითილი, რომელსაც ჩვენ თვითონვე მივუტანთ და დავურგავთ. ჩვენ გვექნება კატალოგი, საიდანაც ფერმერი მოახერხებს არჩევას, რომელი ჩითილი იქნება მისთვის მისაღები. ფასებიც განსხვავებული იქნება. თუმცა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ კარგად ვერ ერკვევა საქმეში, სხვა სახის სერვისიც იარსებებს. ჩვენ თვითონ გავუწევთ კონსულტაციას სტარტაპებს და შემდეგ უკვე მონიტორინგსაც ჩვენს თავზე ავიღებთ. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართოს და კლიენტი დარჩეს კმაყოფილი, ამიტომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ჩვენ სასწრაფო დახმარებასავით ვიქნებით, მივალთ ადგილზე და ყველანაირ პრობლემურ საკითხს მოვაგვარებთ. კონსულტაცია, ბუნებრივია, უფასო იქნება. რაც შეეხება ნიადაგის ანალიზს, რაც აუცილებელია, ეს თვითონ უნდა გააკეთონ ცალკეული კომპეტენტური ორგანიზაციების საშუალებით, მაგრამ მათი შრომის კიდევ უფრო გასაადვილებლად, ვფიქრობთ, რომ ეს სერვისიც ჩვენს თავზე ავიღოთ და ამ ორგანიზაციებთანაც თვითონვე ვითანამშრომლოთ. ჩვენ გავაკეთებთ კლიენტების ბაზას და აუცილებლად დავინტერესდებით მათი მეურნეობით. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელნი მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხზე, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ჩვენი რჩევების შესაბამისად წარიმართება.  ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია „მზა ჩითილი“ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საკუთარ სათქმელს საკმაოდ ხმამაღლა იტყვის. 

 

 

 

 

loading...