პოლიტიკა
გვანჯი მანია: სპორტის ახალი ქართული სახეობა "მენჩურუა" მთელს მსოფლიოში უნდა გავრცელდეს!
გვანჯი მანია: სპორტის ახალი ქართული სახეობა "მენჩურუა" მთელს მსოფლიოში უნდა გავრცელდეს!

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები - ვინ არიან ისინი, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით საზოგადოებას აკვირვებენ და რომელთა უნარები ხშირად, მეცნიერულ ახსნას არც ექვემდებარება? მათ მიმართ მსოფლიოში ყოველთვის არსებობდა საზოგადოების ცხოველი ინტერესი, მრავალი მათგანი კი, გინესის რეკორდთა ამსახველ წიგნშიც მოხვდა. ასეთი ფენომენები თურმე საქართველოშიც მრავლად არიან და საზოგადოებისგან აღიარებას მოთმინებით ელოდებიან, ვესაუბრებით მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობ კავშირ "გიორგის" თავმჯდომარეს, ჟურნალისტ გვანჯი მანიას:

- ეს კავშირი 1991 წლის იანვარში დავაარსე. 26 წელია საქართველოში ვეძებთ ისეთ ფენომენებს და რეკორდებს, რომლებიც მსოფლიოში არსებულს უტოლდება ან აღემატება. ჩვენ ისეთ მიღწევებსაც ვიძიებთ, რომლებიც გინესის წიგნში არ ისახება. ასე, მაგალითად, მე-20 საუკუნეში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რეკორდი დაამყარა - იგი ხუთჯერ გახლდათ დაკრძალული - ორჯერ სამეგრელოში, ორჯერ გროზნოში და ბოლოს - მთაწმინდაზე! ეს ფრიად სამწუხარო ფაქტი ზვიად გამსახურდიას კი არა, იმ საზოგადოებას აკნინებს, რომელმაც ეროვნულ იდეალებს და სამშობლოს თავისუფლებას შეწირული პრეზიდენტი ასეთი ხვედრისთვის გაიმეტა. გინესის რეკორდთა ამსახველი წიგნი სავსეა უცნაური შემთხვევებით, თუმცა ჩვენი კავშირი არ ინტერსდება საშიში ან უზნეო ფენომენებით. მხოლოდ ამაღლებულით და ისეთი მოვლენებით ვინტერესდებით, რასაც საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა ან ზნეობრივი მაგალითის მიცემა შეუძლია.

- თქვენთვის მიუღებელი  როგორი რეკორდებია?

- ადამიანებს ხშირად, ყურადღების მიპყრობა ნებისმიერი საშუალებით სურთ. მაგალითად, ჩვენ არ დავინტერესდით პირით, რომელმაც სახელის გათქმის მიზნით ყურის ბეწვი ერთი მტკაველით გაიზარდა! არ იქნება ლამაზი, ქართველმა კაცმა ამგვარად მიიპყროს ყურადღება.ჩვენ ისეთ მიღწევებს ვეძებთ, რომელთა გამოფენა არ შეგვრცხვება და ერს ასახელებს. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა კაცი ირწმუნებოდა, კენჭს თერთმეტსართულიანი სახლის გადაღმა გადავისვრიო. წავიყვანეთ შესამოწმებლად, თუმცა გამოცდა თანამედროვე "ჯოტია ცაავამაც" ვერ ჩააბარა.

- მაშ როგორი მიღწევები გაინტერესებთ?

- მაგალითად, ჩვენ 2005 წელს წარვადგინეთ ცნობილი მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი, რომელმაც განუწყვეტლივ დაუკრა გიტარაზე 36 საათის განმავლობაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ მისი მიღწევა სათანადოდ ვერ აისახა, ვინაიდან ქალაქში დენი გაითიშა და თემურმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა. ადგილი ჰქონდა საბოტაჟსაც, რადგან გვიმტყუნა გენერატორმაც, რომელიც დენის გათიშვისთანავე საგანგებოდ - ასეთი შემთხვევისთვის გვქონდა გამზადებული.
ჩვენ გამოვიყვანეთ კომპოზიტორი სერგო ჟვანია, რომელმაც 7 დღის განმავლობაში 1001 ნაწარმოები შეასრულა!

- აწმყო დროშიც არსებობენ უცნაური რეკორდსმენები?

- ქართველ ქალს აქამდე უწყვეტ რეჟიმში 10 კილომეტრიც არ გაუცურავს. 2013 წელს გამოჩნდა გოგონა, რუსუდან გორდეზიანი, რომელმაც სარფიდან ანაკლიამდე 73 კილომეტრი გაცურა. ეს მონაცემი საქართველოში მამაკაცების მიერ დამყარებულ რეკორდს 13 კილომეტრით აღემატება. ამ მხრივ, ქალის მიერ მსოფლიოში დამყარებული რეკორდი 200 კილომეტრია. რუსუდანმა გამოთქვა სურვილი, სამი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლივ გადაეცურა შავი ზღვა ჩრდილოეთ თურქეთიდან ყირიმამდე, მინიმუმ 270 კილომეტრი! ამ მიზნით იგი სათანადოდ კიდეც მოემზადა, მაგრამ ვერ მოხერხდა სპონსორის პოვნა... ეს გოგონა ჯუმბერ ლეჟავამ აღმოაჩინა - კაცმა, რომელიც გინესის წიგნში 14 რეკორდით შევიდა! საქართველოში ჯუმბერის სემდეგ, რეკორდების რაოდენობის მხრივ არის ძალოსანი კახი კახიაშვილი, მისი 9 რეკორდი არის გინესის წიგნში აღწერილი.

- სულ ახლახან თუ დაამყარა ვინმემ რეკორდი?

- დიახ, ეს მოხდა ბათუმში, 9 სექტემბერს და რეკორდის ავტორი გახლავთ 57 წლის ხაშურელი ბეგლარ ელბაქიძე, რომელსაც უკვე ვუწოდეთ ზღვად მავალი კაცი. იგი ორივე ხელს ზე აღმართავს და თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში მხოლოდ ფეხებით ცურავს, ფაქტობრივად, ზღვაზე მიაბიჯებს. რეკორდის დამყარების პროცესში ცალ ხელში საქართველოს პატარა ალამი ეკავა, მეორეში კი, ბათუმის სიმბოლო. 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მან წყალში ამგვარად 10 კილომეტრი და 500 მეტრი გაიარა! ეს არ გახლავთ მხოლოდ გინესის რეკორდი. კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი - აქამდე არავის გაუკეთებია! წყალთან დაკავსირებით ჩვენს ჯგუფს ორიგინალური მოსაზრება გააჩნია, რითაც ახლო მომავალში მსოფლიოს ყურადღებაას მივიპყრობთ.

- მაინც, რა მოსაზრება?

- მსოფლიოში სპორტის უამრავი საწყლოსნო სახეობაა, მარტო საქართველოში 60 - მდე ასეთი აღვრიცხეთ, მაგრამ აქედან სამს მივაქციეთ ყურადღება - ერთში ჰენრი კუპრაშვილმა ისახელა თავი, რომელმაც 2002წელს 3 საათსა და 15 წუთში ხელფეხშეკრულმა დარდანელი (12 კილომეტრი) გადაცურა. მეორე - ახლახან, ბეგლარ ელბაქიძის დამყარებული რეკორდი და მესამე, რისთვისაც დიდი ხანია ვემზადებით, ეს არის ჩვენს მიერ გამოგონილი სპორტის ახალი სახეობა, წყალჭიდი, მეგრულად - მენჩურუა. ახლა სპონსორს ვეძებთ. სულ რაღაც 104 ათასი ლარია საჭირო იმისთვის, რათა 7 წონითკატეგორიაში 200 სპორტსმენი გამოვიყვანოთ და მენჩურვას სახეობაში საქართველოს პირველი ჩემპიონატი მოვაწყოთ! ეს სახეობა კოლხ-იბერთა გენებშია და მერწმუნეთ, როგორც კი ჩემპიონატს გავმართავთ, სპორტის ამ ახალი სახეობით მყისვე დაინტერესდება მსოფლიოს სპორტული საზოგადოება და მოკლე ხანში ის ძალიან პოპულარული გახდება!

- რაში გამოიხატება მენჩურუას არსი?


- დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით არის მოცული, თუმცა ხმელეთზე პაექრობის პარალელურად, მსოფლიოში აქამდე არ არსებობს წყალში ორთაბრძოლის სახეობა. მენჩურუა - წყალში შეჭიდებაა, რომელიც რახანია იმართება ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. აქ არის ნაირ-ნაირი ილეთები. სპორტსმენი წყალში ხტის, მხარბეჭზე და თავზე დაწოლით მეტოქის წყალში ჩაძირვას ცდილობს. ორთაბრძოლა სრულდება, როცა ერთ მათგანს თავზე წყალი გადაუვლის. ჩვენ დიდ გამჭვირვალე აკვარიუმში გავმართავთ შეჯიბრს, ამ ქართული სახეობის შესახებ გადავიღებთ ფილმს და მსოფლიოს სპორტულ წრეებს მის დანერგვას შევთავაზებთ! ასავალ-დასავალის ფურცლებიდან მოვუწოდებ თბილისის ახალ მერს, კახა კალაძეს, ბიუჯეტიდან რესრსი გამოყოს და დაგვეხმაროს ამ მამულიშვილურ საქმეში.

- რაიმე ახალი რეკორდის დასამყარებლად ამჟამად ვინმე ემზადება?

- 46 წლის მაია ნაცვლიშვილი ბერინგის სრუტის ესტაფეტურ ცურვაში მონაწილეობის მისარებად ემზადება. იგი ახლაც ყოველდრე დადის თბილისის ზღვაზე და ვარჯოშობს, რადგან მოგეხსნებათ, ბერინგის სრუტეში საკმაოდ ცივი დახვდება წყლის ტემპერატურა. ამ პრესტიჟულ მარათონში მისი მონაწილეობა ქართული სპორტისთვის დიდი სახელის მომტანი გახდება, რამეთუ ძალზე იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ქალი, რომელსაც თავის ამგვარად გამოჩენა შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, 50 ათას დოლარამდე რესურსი მოძიებაა აუცილებელი, რათა სპორტსმენა ესტაფეტაში მონაწილეობის მიღება მოახერხოს.

- თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავ უცნაურ ადამიანს წაწყდომიხართ. ამჟამად თუ არიან ასეთები?

- რამდენიც გნებავთ! მაგალითად, არიან ისეთი უცნაური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სხეულზე ყოველგვარი წებოს გარეშე მიიმაგრონ კოვზი. ეს მოვლენა ისე გახშირდა, ბევრს აღარც უკვირს. ცნობილია მსოფლიო რეკორდი, როცა ადამიანს ერთდროულად, 52 კოვზი დაუმაგრებია სხეულზე. გამოჩნდა ხორვატიელი, რომელმაც 20 კოვზით მეტი დაიმაგრა, თუმცა ახალი რეკორდი ჯერ ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის. და აი, გამოჩნდა დმანისის მკვიდრი, 46 წლის მეფუტკრე ისმაილ კაზიმოვი, რომელიც ერთდროულად სხეულზე 160 კოვზს იმაგრებს! ამდენი კოვზი სხეულზე შეიძლება არც დაეტიოს, ამიტომ ისმაილი მათ აწყვილებს და ისე იმაგრებს! უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ათლეტიზმის დარბაზში ჩვენ უკვე შევამოწმეთ ეს ადამიანი, რომელმაც სხვა მიღწევითაც გაგვაკვირვა: გულზე მიიკრა ლითონის კაუჭიანი დაფა, რომელზეც ტონიანი ავტომობილი იყო გამობმული, გაქაჩა და ავტომობილი რამდენიმე მეტრით დაძრა ისე, რომ დაფა სხეულს არ მოშორებია!

- კიდევ ვის დაასახელებთ?

- კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც ფირდოუსის "შაჰ ნამეს" თავიდან ბოლომდე მარტო თარგმნიდა და ამ დიდი მისიას ცნობილმა პოეტმა და ასავალ-დასავალის ყოფილმა ჟურნალისტმა ბელა შალვაშვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი, რასაც 33 წელი შეალია! ეს რეკორდი მთელს მსოფლიოში უნდა გახმაურდეს!
75 წლის ცალფეხა კაცი, ზურაბ მამულაშვილი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ინვალიდი ფეხბურთელია ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, რომელიც ფეხბურთს დღემდე თამაშობს!
ახლახან გვაცნობეს 70 წელს გადაცილებული ქართველი მანდილოსნის შესახებ, რომელსაც არც ერთი ტეთრი ფერის თმა არ აქვს!
თბილისელ მანონ ყუბანეიშვილს შეუძლია 2017 საფორტეპიანო ნაწარმოები, ანუ 76 ქვეყნის 507 კომპოზიტორის ნაწარმოებები დაუკრას და თან იმავე ენაზე იმღეროს, რომელზეც სიმღერა დაიწერა!

- გონების უცნაურ შესაძლებლობებზე რას გვეტყვით?

- არის ასეთი ფენომენი - გალიდან დევნილი, ხაშურში მცხოვრები დავით ქობალია. მას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, მაგრამ ცოცხალი კალენდარია! შეუძლია ჩვენი წელთაღრიცხვით ან ჩვენს წელთაღრიცხავამდე თუ ნებისმიერ საუკუნეში ნებისმიერ თარიღს დაუსახელებთ, წამებში და ზუსტად გიპასუხოთ, იმ რიცხვში კვირის რომელი დღე იყო! ჩვენ ეს კაცი გამოვცადეთ მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მას დაუსვეს ათობით შეკითხვა და შეუმცდარი პასუხები მივიღეთ! მოხდა კურიოზიც - პასუხებს კომპიუტერი ამოწმებდა. კომპიუტერმა ორჯერ დააფიქსირა, რომ ქობალიას შეეშალა, თუმცა ქობალიამ დაიჟინა - კარგად გადაამოწმეთო და აღმოჩნდა რომ მას კი არა, თურმე კომპიუტერს შეშლია! ეს კაცი 5 წლის წინ საერთაშორისო მათემატიკურ კონგრესზე მიიწვიეს, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ მისი მგზავრობისთვის საჭირო თანხაც ვერ გაიმეტა.

- ქართველი რეკორდსმენების შესახებ ინფორმაცია სადმე ერთად თუ არის თავმოყრილი?

- 26 წლის განმავლობაში ჩვენ შევკრიბეთ მონაცემები და თუ დამფინანსებელი გამოჩნდება, მზად ვართ გამოვცეთ სამენოვანი წიგნი, რომელიც ყველა ქართველის ოჯახში სამაგიდო გახდება. წიგნს ქვია "საქართველო - ოქროს საწმისის ქვეყანა - ათასი მიღწევა, რეკორდი და ფენომენი." არა მხოლოდ ქართველი მკითხველი, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეც ამ წიგნიდან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ჩვენს თანამემამულეთა შესახებ უამრავ ინფორმაციას შეიტყობს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

 

 

loading...