პოლიტიკა
„დიდი გამოფხიზლებაა საჭირო! თუ ქვეყანა გარედან მართულ ლიბერალურ ძალებს არ წავართვით, 10 წლის შემდეგ დავით აღმაშენებელიც ვერ შეძლებს ჩვენს გადარჩენას“-თემურ შაშიაშვილი
„დიდი გამოფხიზლებაა საჭირო! თუ ქვეყანა გარედან მართულ ლიბერალურ ძალებს არ წავართვით, 10 წლის შემდეგ დავით აღმაშენებელიც ვერ შეძლებს ჩვენს გადარჩენას“-თემურ შაშიაშვილი

ულტრაკონსერვატორული განწყობების ქვეყნის არჩევნებში მოსახლეობის სიმპათიებს მხოლოდ ულტრალიბერალური მიმართულების ძალები იმსახურებენ- ასეთი პარადოქსალურია საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების დედააზრი. რა მანქანებით ხდება ამგვარი ილუზორული სურათის გამოძერწვა, ფსიქოლოგიურ-სოციოლოგიური კვლევის საგანია. თუმცა, იმ მსოფლიოში, სადაც დასავლეთის მიერ უცხო ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია მაქინაციური მეთოდებით  „დემოკრატის დაცვად“ წარმატებით საღდება, გასაკვირი და გამოსაკვლევი შეიძლება, არც არაფერი იყოს. ვალებში ჩამხრჩვალი ქართული სახელმწიფოსა და ხალხისთვის „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ ამავე  ტექნოლოგიებით მიჩეჩებულ სატყუარად რჩება. უამრავი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების ფონზე საქართველოს ხელისუფლება თავს არ ეკუთვნის, ან პირიქით, თავს არ ეკუთვნის შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ეს შედეგს ოდნავადაც არ ცვლის.

რა პერსპექტივა აქვს უცხო ძალის დიქტატის ქვეშ მყოფ ქვეყანას? როგორ და რა მიზნით მიმდინარეობდა მოსახლეობის მასიური გაღატაკება საქართველოში? ვინ ლობირებდა ამ პროცესს? რას სთხოვდა ბეიკერი შევარდნაძეს და რაზე არიან რუსეთი და ამერიკა შეთანხმებული საქართველოსთან მიმართებაში? ამ და სხვა საინტერესო  სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს  პარტია „თეთრების“ ლიდერი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება:

-ბატონო თემურ, რას იტყვით პოსტარჩევნებისეულ პოლიტიკურ რეალობაზე? ადგილობრივი არჩევნების შედეგები რამდენად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ განწყობებს?  

-კითხვაზე, არჩევნების შედეგები შეესაბამება თუ არა ქვეყანაში არსებულ რეალობას, ჩემი პასუხი მარტივია, თუ ხალხის განწყობა მართლაც ასეთია, ეს დაღუპული საქართველოა. თუკი ქვეყანა მხარს  „ოცნებას“, ნაცებს და მის ნატეხებს უჭერს მართლაც, მოაზროვნე ადამიანებს ძალიან სერიოზული დაფიქრება მართებთ, ეს უფსკრულის გზაა. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში ასეთი განწყობა იყოს. დასავლეთიდან მართული სამი პოლიტიკური ძალა არა მარტო პარლამენტის, არამედ რეგიონების დონეზეც რჩება. როგორც ვატყობ, საქართველოში არჩევნები არასდროს ჩატარებულა.  როცა „მოქალაქეთა კავშირი“ მთელს საქართველოში იმარჯვებდა, იმერეთში ორი რაიონის გარდა, ყველგან მარცხდებოდა. იმერეთშიც ყალბდებოდა, მაგრამ მე არ ვმონაწილეობდი, ხელს ვუშლიდი და ახლა ზღაპრებს ნუ მიყვება ნურავინ...

-თვლით, რომ არჩევნები გაყალბდა?

-გაყალბების ათასი მეთოდი არსებობს, ვინც მაშინ აყალბებდა, ისინი არისნ დღესაც, ქუთაისში მთავარი გამყალბებლები ვინც იყვნენ და ვებრძოდი, ის ხალხია დღესაც. რეალურად არაფერი შეცვლილა. ესენი ყველა ხელისუფლების მონები არიან. ამ არჩევნებს ვერავინ შეცვლის, წინ საპარლამენტო არჩევნებია. მე რომ მიმეღო მონაწილეობა და მაშინ გამეკეთებინა ეს შეფასება, იფიქრებდნენ, რომ განაწყებებული ვარ, მაგრამ ახლა ამას ვერ იტყვიან.

საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიუჯეტის  ხარჯზე. ბიუჯეტი კი ძირითადად ნასესხები ფულით არის შევსებული. შემოსავლების დეტალური ანალიზი რომ გავაკეთოთ, საიდან შემოდის ბიუჯეტში ფული, მივხვდებით, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ხელისუფლებაში მომუშავეთა გადახდილი საშემოსავლო უფრო მეტია, ვიდრე სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების.

მე პრაქტიკოსი პიროვნება ვარ, მოსვენებას არ მივცემ ფინანსთა სამინისტროს. ნახეთ, წამლის ბიზნესიდან და პენსიონერებიდან რამდენი შემოდის და მერე მითხარით, არის თუ არა სამედიცინო მომსახურეობა საქართველოში უფასო. მარტივ რამეს  გეტყვით, ჩემი ოჯახის მაგალითზე,  ბლეფარიტის მკურანლობა 600 ლარი დაჯდა. ეს არის თვალის დაავადება, რომელიც თურმე  60 წელს გადაცილებულების 80%-ს აქვს, მოდებულია ასევე ახალგაზრდებში და ბავშვებში. 2 მილიარდი ლარი სჭირდება წელიწადში ორჯერ მკურანლობის გავლას. აი, აქამდე მივიყვანეთ ადამიანები. ანუ, რა თანხაც შედის წამლების ბიზნესიდან ბიუჯეტში, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც ეკონომიკა აძლევს ბიუჯეტს.

მედიცინა ბიუჯეტის ყველაზე დიდი შემავსებელია, მოსახლეობის 80% არა აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საარსებო მინიმუმის 50%ც კი.

ატყუებენ ხალხს, სინამდვილეში ჯანდაცვა უფასო არ არის, პენსიონერიც კი თავის პენსიას აფინანსებს. ყველა პენსიონერი ერთად რასაც ხარჯავს, ეს გაცილებით მეტია იმაზე, რასაც ბიუჯრეტი პენსიის სახით გასცემს. ასეთ ქვეყანაში ვართ ჩვენ, ეს არის მონური ფსიქოლოგია. ჩვენ მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ცუდად ვცხოვრობთ, ცუდად ვცხოვრობთ იმიტომ, რომ მონები და გლახები  ვართ, ეს არის სიმართლე. 

ახლა რომ იძახიან კორუფცია მოისპოო,  კი, მაგრამ, შეიძლება რომ იუსტიციაში აღებული ცნობების საფასური გაცილებით მეტს აძლევდეს ბიუჯეტს, ვიდრე ეკონომიკა?

ქვეყანაში არ იცნობენ სპორტსმენს, მწერალს, მეცნიერს, მოღვაწეს და იცნობენ ნებისმიერი რანგის პოლიტიკოს, ეს გადატრიალებაა, ეს გააკეთეს ტელევიზიებმა. აი, მაგალითად, სოსო ორჯონიკიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ეკონომიკაში, დიდი განთლების და გამოცდილების ადამიანი. ის არის მოსკოვის ყოფილი ვიცემერი, ამ კაცმა ააშენა „moskva siti”.  აღიარებულია, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ აშენებულა მსოფლიოში, ეს ქართველმა კაცმა გააკეთა. ვის აინტერებს? თუ სადმე გინახავთ? თუ ამერიკას არ მოსწონს, ბიძინასთვისაც მიუღებელია, ვინც ბიძინას არ მოსწონს, მისი გუნდისთვის მიუღებელია. ამერიკას მოსწონს ბოკერია, ტყუილად არ ლაპარაკობენ ბოკერია-ივანიშვილის ურთიერთობაზე, ისინი ერთი ცენტრიდან იმართებიან, ამიტომ არჩევნები დამთავრდა ისე, როგორც აინტერესებდა იმ ცენტრს.

საქართველოში ხელისუფლების შეფასების კრიტერიუმი არის არასწორი. ხალხმა არ იცის, რომ ხელისუფლება მსახურია, ხელისუფლება უფროსი ჰგონია  და ისიც გვეუფროსება. საქართველოში ვირჩევთ ხალხს, რომლებიც კი არ გვემსახურებიან, გვეუფროსებიან. ისინი, ვინც ჩვენი მსახური უნდა იყოს, ფუფუნებაში ცხოვრობს და ჩვენ  უფსკრულის პირას ვართ.

ყველა ფულიან კაცს პარლამენტში უნდა შესვლა, იმიტომ, რომ თავის ფულს სხვანაირად ვერ იცავს. პარმალენტში ზოგი ფულის საშოვნელად მიდის, ზოგი- ფულის  დასაცავად. არსად ასე არ ხდება.

დავოსის კონფერენციაზე მეცნიერები  მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონვენგენციის თეორიაა მსოფლიოს მომავალი, არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმი, ეს არის კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელ კონკურენციას პლუს სოციალიზმისთვის დამახაიათებელი- დაცული ადამიანი.

„ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული“- ეს მესმოდა მე ყველა ხელისუფლების დროს. კი, მაგრამ თუ ასეა, ხალხი უარესად რატომ ცხოვრობს?  ვერავინ გაბედა თქმა იმისა, რომ არავითარი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, საჭიროა განვითარების ბიუჯეტი, რომელიც შეიცავს სოციალურ ბიუჯეტსაც. ჭკვიანი ადამიანები ბიუჯეტს ისე არ გაანაწილებენ, როგორც ეს დღეს ხდება.

-პრიორიტეტები როგორ უნდა   განაწილდეს?

-განვითარებაზე უნდა იყოს მორგებული, მარტივად გეტყვით, ივანიშვილთან პირველი კონფლიქტი ჩემი გუბერნატორობის დროს მოხდა, შემომითვალა, რა სულ უკმაყოფილო ხარ, 20 მილიონ დოლარს ვხარჯავ საჩხერის შენახვაზე ყოველწლიურადო. მე შევუთვალე, ღუპავ საჩხერეს, 20 მილიონის სამუშაო ადგილი შექმენი და საჩხერეზე მდიდარი რეგიონი არ იქნება მსოფლიოშიმეთქი. 500 მილიონზე მეტი აქვს საჩხერეში დახარჯული ბიძინა ივანიშვილს, ამ ფულით რომ სამუშაო ადგილები შეექმნა, წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა? ჩადით და ნახეთ, დღეს რა ხდება. საქართველოში ფულის დარიგების პოლიტიკამ პროგრესი შეაჩერა. სისტემა სრულად შესაცვლელია, ჩვენს ბიუჯეტს რომ გადახედავ, სამუშაო ადგილს არ ქმნის არაფერი. ამიტომაც ვამბობ, ეს არჩევნები არაფრის მომცემი იყო. ისეთი კორუფციაა ჩვენს ქვეყანაში ადილობრივ დონეზე, რომ არჩევნებს სიცოცხლის ფასად არ დათმობედნენ.

ქუთაისში წყლის პრობლემის გადაწყვეტას ჩემ დროს 10 მილიონი სჭირდებოდა. მდინარე რაჩხას ჩამოვიყვანდი, გზაზე რამდენიმე კილოვატ ელექტროენერგიას შევქმნიდი და 50 სართულიანი სახლიც რომ აშენებულიყო, წყალი თვითდინებით ავიდოდა. ამ თანხის გამოყოფას ვეხვეწებოდი მაშინდელ ხელისუფლებას, მაგრამ მტრობდნენ, რადგან „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი არ ვყოფილვარ არასოდეს. ახლა 500 მილიონია დახარჯული და წყალი მაინც არ არის. ქუთაისში დავით აღმაშენებლის პროსპექტი გავხსენით, მერე სააკაშვილმა ოტია იოსელიანის მიერ დარგული ხეები ამოთხარა და უცხოური შემოიტანა, ჩვენთან ქართული ხომ არაფერი უნდათ. გელათის აკადემია აღვადგინეთ, გზები იმდენი დავაგეთ, სხვა დროს რომ არ დაგებულა. ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთ თეთრს არ ვიღებდი.  პრეზიდენტის ხელფასი რომ იყო 8 დოლარის შესაბამისი კუპონი, მე მაშინ  100$-ის შესაბამის კუპონს ვიღებდი, სხვა სისტემა მქონდა შემუშავებული, აი, ამას ნიშნავს განვითარების ბიუჯეტი.

სკოლები ისე გვქონდა რეფორმირებული, სააკაშვილის განათლების მინისტრი ლომაია რომ ჩავიდა, თქვა, ამდენს ჩვენ 20 წლის შემდეგ თუ შევძლებთ, ამის დაფინანსების თავი სად გვაქვსო. მაგალი თოდუამ მითხრა ერთხელ, ჩემი ხელფასით 450 კგ ხორცს ვიყიდიო. მაჩვენეთ დღეს რომელ ლექტორს შეუძლია ამდენი. 95-96 წლებში, ჩემი ქალაქის მერობის დროს 200-300 ლარი იყო მასწავლებლის ხელფასი. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ უნდა დამთავრდეს ფოჩიანი კანფეტებით ხალხის მოტყუება.

-...და რატომ არ იყარეთ კენჭი?

-ვერ ვიყრიდი, ვერ მოვიგებდი და გული დამწყდებოდა ქუთაისზე და ქუთაისელებზეც. ერთი ჰესი არ გაგვიყიდია ქუთაისში ჩემ დროს, მიწებს არ ვყიდდით. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გაყიდვისთვის შევარდნაძეს სასამართლოში ვუჩივლე, მოვუგე და დავიბრუნე. მერე როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, ისევე გაყიდა. ახლა რამეს რომ იტყვი, შენ დროს შუქი არ იყო, დაგიწერენ, პენსია არ რიგდებოდაო. 1996 წლის ბოლომდე ვიდრე იაკობიძე იყო მინისტრი, აბა ნახეთ ერთი თუ ოდესმე დაუგვიანია პენსიას. როგორც კი მოქლაქეთა კავშირის მინისტრები მოვიდნენ,  ისედაც დამშეული ხალხის კიდევ უფრო გაუბედურება დაიწყეს, რათა ადვილად ემართათ. ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამა, რომელსაც საქართველოში გაპარპაშებული ლიბერალი პოლიტიკოსები ასრულებენ. მათ ხალხი დააუძლურეს და დაამშიეს ისე, რომ  ხმა აღარაფერზე ამოუღიათ. შევარდნაძეს ერთი  ჰესის გაყიდვის ეშინოდა, ხალხი დაგვანგევსო. ახლა ყველა ჰესი გაყიდულია, ბატონებო, ვინმემ ხმა ამოიღო? თბილისში კვადრატული მეტრი მიწა არ არსებობს გაუყიდავი, უფრო მეტს გეტყვით, 9 მლნ კვადრატული მეტრზე აშენების უფლებაა გაცემული, რაც აწი უნდა აშენდეს.  ყველა დეპუტატს თავისი ამბიციები აქვს, ისინი რომ არ იყვნენ ჩარეული, ბინები ამდენი კი არ ეღირებოდა. 30% ჯდება ბინა, 70% აქვთ მოგება. საშუამავლო ფირმებში ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ნახეთ, |ქართუ ბანკიდან“ რა სეხები აქვთ გატანილი დეპუტატებს, შეჭამეს ხალხი.

შევარდნაძე მიეყიდა დასვლეთს, ნობელის პრემია უნდოდა მიეღო. ეშინოდა პოლიტბიუროს წევრობა არ წამოეძახებინათ და ამერიკაში მოქმედი „პეტერსონ ბელქნაფის“ სომხური ლობისტური ფირმიდან ჩამოიყვანა სააკაშვილი. შევარდნაძეს ვუთხარი, რომ ეს ხალხი  ქვეყანას დააქცევდა.  იაკობიძის მინიტრობისას მიღწეული ეკონომიკის ზრდის ტემპი რომ გაგრძელებულიყო, დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, მაგრამ გაგვყიდა შევარდნაძემ, მიეყიდა ლიბერალურ ღირებულებებს და  ყველაფერი ერთად გაიყიდა. ხელისუფლებაში მოიყვანეს ის, ვინც  ამერიკის გარკვეულ წრეებს აწყობდა და რომელთაც მსოფლიოზე ბატონობის პრეტენზია აქვთ. მათ თავიანთი მიზნები ამოძრავებთ და აკეთებენ  რაც უნდათ. ვინც ამერიკაში ერთი თვით სასწავლებლად წავიდა, გზა გაუხნეს. მე რომ გამეკეთებინა, რაც მათ შემომთავაზეს, დღეს პრეზიდენტი ვიქნებოდი, მაგრამ საქართველო უნდა გამეყიდა. ჩემს გარდა ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც არ გაყიდა ქვეყანა და ასეთი წესიერი ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გაანადგურა.   მაფიოზების ასეთი მხარდაჭერა ისტორიას ცოტა ახსოვს.

- რომ არა ივანიშვილი, რეჟიმი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა...

-ივანიშვილს არ დაუმარცხებია ეს რეჟიმი, ამერიკელებს აღარ აწყობდათ...

 -რატომ არ აწყობდათ?

-იმიტომ, რომ უკვე მომხდარი იყო  7 ნოემბრი, ცხინვალის მოვლენები, 26 მაისი, ეს ყველაფერი დაგროვდა. ისინი ხედავდნენ, რომ სააკაშვილს უკვე არავითარი რესურსი აღარ ჰქონდა, ამოწურული იყო, ან ყოველწლიურად 10 მილიარდი უნდა მიეცათ ან უნდა შეეცვალათ. შეცვალეს და ნაც.მოძრაობა გადაარჩინეს.

 2008 წელს 4 მლრდ ნახევარი მისცეს საკააშვილს და ვეღარ მიაგნეს სად დაიხარჯა. ისე, ერთ მილიარდზე მეტი უკანაა წასული, იმიტომ ეფერებიან ახლა სააკაშვილს, პირი რომ არ დააღოს და არ მოყვეს ფულის რა ნაწილი გაბრუნდა უკან და ომი ვინ დააწყებინა.

ამერიკელები მიხვდნენ, რომ სააკაშვილს ხალხი გააგდებდა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენება არ დარჩებოდა, ამიტომ ვითომ ბიძინას გააგდებინეს, სინამდვილეში მათ აღარ აწყობდათ, მოხიბლული ვარ მათი ჭკუით...

ბიძინა ივანიშვილის მძევლები ვართ ჩვენ ყველა, ის თავის ფულს იცავს და ჩვენ უბედურ დღეში ვართ.  ფაქტიურად, ჩვენ ვართ მსხვერპლი ბიძინას ფინანსების, მის კლანჭებში ვართ. ფული რომ არ დაკარგოს, ამის გამო საქართველო ნადგურდება.

ბოკერია და სააკაშვილი მარტო ეკლესიის დანგრევისთვის შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ, სხვა საკითხია, იზიარებ თუ არა იმ ეკლესიის პოზიციას.

ამერიკელებმა  მერაბიშვილი გაწირეს, რადგან პრიმიტივი კაცია, „ორი გვამი მჭირდება“-ს რომ იტყვის,  ამერიკას უჭირს მისი დაცვა. ბოკერიასგან  დიდი ფიგურა უნდოდათ შექმნათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, თუ ფხიზლად არ იქნება საქართველო, სააკაშვილსაც ჩამოუყვანან შემდეგ არჩევნებზე.

მოვიდა სუსტების ხელისუფლება, რომელიც მასზე სუსტს ეძებს ქვემოთ, გაპარტახდა ყველაფერი,  აღარავის აღარ უნდა ძლიერი მწრალი თუ მეცნიერი. პატრიარქის ავტორიტეტი ვერ აიტანეს, რას უკეთებენ ეკლესიას?! გგონიათ ეს მართლა შიდა ომია? ჩვენ უკვე მივუახლოვდით საბერძნეთის მდგომარეობას...

-ეკლესიის გახლეჩვის მცდელობებზე საუბრობთ?

 -არა მარტო ამაზეა საქმე. საბერძნეთშიც ყველაფერი უცხოური ბანკების ხელიშია, მიწა, ქონება, აბსოლუტურად ყველაფერი. მარტივ რამეს გეტყვით, სააკაშვილი ყოველწლიურად 1 მილიარდს იღებდა სესხს, რომ ლარი დაერეგულირებინა, იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. ისინიც დიდი სიამოვნებით გვაძლევენ ამ თანხას, იმიტომ რომ საქართველოს ხელში ჩაგდება ყველას უნდა. ჩვენი ვალი მიუახლოვდა იმდენს, რომ 10 წლის შემდეგ ვეღარავინ  შეძლებს ამ ქვეყნის გადარჩენას.

ჩემთვის აქვს სააკაშვილს ნათქვამი, შევქმანთ ერთად პარტიაო, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ფული სად გაქვს მეთქი, ვკითხე, მიპასუხა, ერთ-ერთი საელჩო ჯიბის ფულს, ყოველთვიურად 25.000 $ მაძლევსო.  ჩვენ არც ვიცით, რომელი საელჩო რა ფულს ურიგებს ხელისუფლებაში მყოფ ხალხს. ვინც წესიერად იმსახურა შიმშილის ზღვარზეა და ვინც დასავლეთის რაღაც ჯგუფებს ემსახურა- კარგად ცხოვრობს. მილიონობით ფული რიგდება საელჩოს მიერ ცალკეულ პიროვნებებზე, არასამთავრობოებზე აღარაფერს ვამბობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ბოკერია რამდენიმე ადგილზე იღებს კიდევ ხელფასს, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებ.

-პრობლემების სათავე ხომ არ არის ის, რომ ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და გარედან იმართება?  

-რა თქმა უნდა, ასეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიწა იყიდება, თუ არა? მიწა იყიდება, კონსტიტუციაში არ ჩაიწერა ისე, როგორც საჭირო იყო.  პრაქტიკულად აღარც დარჩა გაუყიდავი მიწა საქართველოში. ვისაც მოქალაქეობა არა აქვს, იყიდის და თავისუფლად შეიძენს. დღეს ილია ჭავჭავაძის აზროვნებაა საჭირო...

სამეგრელოს მიწები ჩინელებზეა გაყიდული, ქუთაისის სავატომობილო ქარხნის ტერიტორიიდან ყველა გამოაპანღურეს და ჩინური სოფელი გააშენეს, მათ კი  ხე-ტყის გადამუშავებას მიჰყვეს ხელი.

დაფიქრდეს მოსახლეობა, რასთან გვაქვს საქმე, კი ბატონო, თემურ შაშიაშვილი არ მოგწონთ, მაგრამ გაანალიზეთ, რა ხდება. შენ დროს შუქი არ იყოო, მომძახიან, შუქი იმიტომ არ იყო, რომ ჰესები უცხოელებისთვის უნდა მიეყიდათ, აი, ამიტომ აკეთებდნენ ყველაფერს. ახლა, როცა უცხოელების ხელშია მთელი ენერგეტიკა და 18-20 თეთრი ღირს,  შუქი გვაქვს. დაბრმავდნენ ადამიანები, ვერ გაიგეს, შუქი იმიტომ კი არ გვაქვს, რომ ახალი ჰესები გაკეთდა, იმიტომ, რომ გაიყიდა ყველაფერი.  ახლა ჩვენი ჰესების გამომუშავება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  კომუნისტების დროს იყო, ჰიდრორესურებით ყველაზე იაფი ქვეყანა ვართ და ასეთი ძვირი როგორ შეიძლება ღირდეს? თითი დაუქნიეს, ჩვენი მიწები, ჰესები, ტყეები უნდათ, ჩვენ გვიყენებენ.

ახლა უკრაინაში მიდის ეს პროცესი, უკრაინას ყველაზე საუკეთესო მიწები აქვს, სააკაშვილი იმიტომ დასვეს იქ, რომ მიწების გაყიდვა დაიწყოს. ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, ნეტავ არაფერი ვიცოდე. გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ზღაპრებს მიყვებიან...

-თვლით, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში მოსახლეობა მიზანმიმართულად გააღატაკეს, რომ მერე ქვეყანა იოლად ჩავარდნოდათ ხელში?

-რა თქმა უნდა, ხომ დადასტურდა, რომ გორბაჩოვი გარედან იმართებოდა. 300 მილიონი მოქალაქე გააღატაკეს, იმის გამო, რომ ვიღაცას ეს სიმდიდრე ხელში ჩაეგდო. იგივე ხდება ახლა უკრაინაშიც.

ეს არის ხალხი, რომლიც მსოფლიოს მართავს. მსოფლიო ბანკი და სხვა ამგვარები ამისთვის არის შექმნილი. ამერიკაში ჩემი იქ ყოფნისას ვნახე  ბანკები 1%-იანი წლიური სესხებით. მათხოვარს რომ მისცე ასეთი სესხი, ხვალ მილიონერი გახდება. მე გულუბრყვილოდ ვთქვი, არაფერი არ გვინდა თქვენი, ასეთი ბანკები შეგვაქმნევინეთ საქართველოშიმეთქი. მათ მითხრეს, შენ პერპსექტიულად გიყურებენ და აღარასდროს  თქვა ამგვარი რამ, ძლიერი საქართველო ვის უნდა, საქართველო ხელგამოწვდილი უნდა იყოს, ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო.

შევარდნაძემ მითხრა, უცხოელები ფულს მხოლოდ გზების დაგებისთვის გვაძლევენ, რომ ტურიზმი განვითარდესო, ტურიზმის განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე არის დაქცევა ქვეყნის.

ცოტა ხნის წინ ვაჟას გზა გავიარე ტარიელ ხალხელაურთან, ამ გენიოს კაცთან  და მსოფლიო ჩემპიონ გურამ გედეხაურთან ერთად. თიანეთიდან ჩარგლამდე ვიარეთ, საოცარ ადგილებზე ავედით და  ხალხელაური მეუბნება, ეს ადგილები ჩვენი აღარ არის, სააკაშვილის დროს ჩინელებზეა გადაცემულიო. წავედით სამზეოზე, სადაც თამარ მეფემ ლაშქარი შეკრიბა, ადგილობრივი ხალხი ამბობს, რომ ეს ადგილებიც ჩინელებისაა. ეს ეკადრებოდა საქართველოს?

გამოდის ჩვენი პრემიერმინიტრი და ტრაბახობს, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმაო.  ამერიკას ეშინია ამის, გერმანიას ეშინია, ესენი ამაყობენ... საქართველოს ხელისუფლება რუსეთს არ ელაპარაკება და ისიც ყველანაირად ცდილობს ჩვენს შევიწროებას, რუსეთის წაქეზებით მიმდინარეობს ახლა საქართველოს ჩინეთიზაცია, ხვდება, რომ კავკასიას კარგავს... 

ჩვენ გვძინავს, მე მეშინია იმ ინტელიგენციის, რომელიც ყველა ხელისუფლების გვერდით დგას, ფულს იღებს, წყნარად არის და ქვეყანა როგორ ცხოვრობს, არ აინტერესებს. ეს ძალიან საშიში ძალაა. ისეთი ხალხი გაისვარა, შეძრწუნებული ვარ, რაღაც სერიოზულია გასაკეთებელი. ინტელიგენციას მივმართავ: არ გინდათ პოლიტიკოსებთან მეგობრობა. თბილისის მერის მხარდასაჭერად მისული იყო ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება ანზორ ერქომაიშვილი, მე არ ვაკადრებ ერქომაიშვილს მხარდაჭერა ვთხოვო, არც ხალხელაურს ვაკადრებ. საერთოდ, ინტელიგენტი არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან, ვინც არის ბუნებრივი ოპოზიცია. საქართველოში ინტელიგენციის ძალიან დიდი ნაწილი ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. 

მერაბ ბერძენიშვილმა არ აიღო ივანიშვილისგან ფული, დადგით ძეგლი და იმაში გადამიხადეთო, უთხრა. მერაბ ბერძენიშვილს ისეთი ეზო აქვს, არაქართველი რომ იყო და შეხვიდე, ქართველი გამოხვალ, ისეთი რამ აქვს გაკეთებული ამ ბუმბერაზ კაცს და ხელისუფლება იქ ნამყოფი არ არის.

ამას წინათ ახალგაზრდებს შევხვდი, რომან რურუასთვის 75 წლის იუბილის გადახდა  უნდოდათ, რურუამ უარი უთხრა, არც ქვეყანას აქვს ამის განწყობა და არც მეო. ამ ახალგაზრდებმა თქვეს, საქართველოს დაქცევა რომ უნდოდათ, თაობები დაგვაპირისპირეს და ხსნა მხოლოდ და მხოლოდ თაობათა ერთიანობაშიაო.

ჩინეთში 70 წელს თუ არ მიუახლოვდი, სერიოზულ თანამდებობაზე არ გენდობიან,  სოციალისტური გერმანიის კომკავშირის ცეკას მდივანი ანგელა მერკელი კანცლერად უკვე მეოთხეჯერ აირჩიეს. საქართველოში პროფესიონალებს უარი უთხრეს, პლასტელინები უყვართ მარტო. ბიძინას შეეშალა, მარგველაშვილი თავისი პლასტელინი ეგონა, მაგრამ მარგველაშვილი მასონური წრეების პლასტელინია, როგორც ისინი ეტყვიან, ისე გააკეთებს.

ამას ვინც წაიკითხავს, რაც მე თქვენ დღეს გელაპარაკეთ, 80% მხარს არ დამიჭერს. რატომ არ ვიყარე კენჭი? მე არ შემიძლია ხალხს ველაპარაკო ის, რაც მას მოსწონს. რაც ხალხს მოსწონს, ყოველთვის კარგი არ არის მისთვის. როდის იყო დეპუტატს გზა გაჰყავდა ან სამსახურში აწყობდა, ასე რომ გვგონია, იმიტომაა დაქცეული ეს ქვეყანა. დეპუტატმა კანონი უნდა მიიღოს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია და  ადამიანი იქნება დაცული! დამთავრდა, ყველაფერი დგება თავის ადილზე.

არასდროს საქართველოში ისეთი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია მეცნიერს და მეც მათ წრეს ვეკუთვნი, როგორიც დღეს ეკისრება.  ანალიზი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული რეალობის. ორგანულ კანონში წერია, რომ ხელისუფლების მრჩეველი მეცნიერება უნდა იყოს. მეცნიერებათა აკადემიას მივმართავ დიდი პატივისცემით, პატივცემულებო, ხელისუფლება რასაც აკეთებს, თუ თქვენ ამას ურჩევთ, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე, თუ თქვენ ურჩევთ, მაგრამ ხელისუფლება არ იჯერებს, მაშინ გამოდით და შევცვალოთ ეს ხელისუფლება.

ამას ვინც წაიკითხავს, რაც მე თქვენ დღეს გელაპარაკეთ, 80% მხარს არ დამიჭერს. რატომ არ ვიყარე კენჭი? მე არ შემიძლია ხალხს ველაპარაკო ის, რაც მას მოსწონს. რაც ხალხს მოსწონს ის ყოველთვის კარგი არ არის მისთვის. როდის იყო დეპუტატს გზა გაჰყავდა ან სამსახურში აწყობდა, იმიტომაა დაქცეული ეს ქვეყანა, ასე რომ გვგონია. დეპუტატმა კანონი უნდა მიიღოს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იყოს კონკურენცია და  ადამიანი იყოს დაცული! დამთავრდა, ყველაფერი დგება თავის ადილზე.

ჰესებს თუ ვინმე შეეხებოდა ქვეყანაში, როგორ წარმოვიდენდი, შევარდნაძეს უჩიჩხინებდნენ  „რეფორმატორები“, სინამდვილეში დამანგრეველები, მე წავედი კატეორიული წინააღმდეგი, ვერ გაბედა  შევარდნაძემ. ნაყოფია ვინ არის? დუმის დეპუტატის გენერალ გენერალოვის ხელისბიჭი. გენერალ გენერალოვისაა მთელი ენერგოსისტემა, ეს შევარდნაძის დროს უნდოდათ გაეკეთებინათ. ნაყოფია კალოშებით დადიოდა და დალაპარაკებას მთხოვდა, რომ გენერალოვისთვის მიგვეყიდა ყველაფერი, საქართველოში ჩამოსული იყო, როგორც მისი წარმომადგენელი. ნაყოფია სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელია, ოქროს საბადოც მას მიყიდეს. სააკაშვილს კიდევ რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი ჰქვია.

-სააკაშვილი დასავლეთში მოქმედი სომხური ფირმიდან ჩამოიყვანეს და  ამერიკის დირექტივებთან ერთად რუსეთის დავალებებს ასრულებდა?

-ამერიკა და რუსეთი რომ ყოველთვის შეთანხმებულად მუშაობენ და ჩვენი  ქვეყანა სავაჭროდ არის გამოყენებული, ამას  ვერ ხვდებით საქართველოში. ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ აქ პოლიტიკა იქნებოდა ამერიკის, ხოლო ეკონომიკა-რუსეთის, ამერიკამ უფრო შორ პერსპექტივაზე იმუშავა. 

აღმაშენებელი დიდი იყო იმიტომ, რომ საქართველოს გეოგრაფია პოლიტიკად აქცია, ჯვაროსნულ ომშიც კი ჩაერთო და ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა, მაგრამ არავინ თავზე არ დაისვა და არც ვინმეს ეუფროსა. ჩვენ ჩვენი გეოგრაფია დამონების საშუალებად ვაქციეთ, ან ერთს უნდა დავუწვეთ ფეხქვეშ, ან მეორეს. ერთიც და მეორეც თავის ინტერესებს იცავს, ვისაც ჰგონია, რომ რომელიმეს საქართველო აღელვებს, არაფერი სცოდნია. ვიდრე ვერ გავარკვევთ რას ნიშნავს ქართული ინტერესი, წინ ვერ წავალთ. ქართული ინტერესი არა მსოფლიოს წინააღმდე ბრძოლა, არამედ ყველასთან მეობრობაა. არ შეიძლება საქართველო ზესახელმწიფოების დაპირისპირების ადგილად ვაქციოთ. ამ დაპირისპირების ადგილი ვართ ჩვენ დიდი ხანია და ამას შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი. 

ვარდების რევოლუციის წინ, 21-22 ნოემბერი იქნებოდა, შევხვდი შევარდნაძეს, ბეიკერი რეკავს და შევარდნაძე არ პასუხობს. ვკითხე, რატომ აკეთებთ ამასმეთქი? მითხრა, აღარ მინდა მე მათთან საუბარი, მომატყუესო, თუ დავთანხმდები, რაც მათ სურთ, სიკვდილამდე ვიქნები პრეზიდენტი, მაგრამ ხალხს მაინც არ ვუყვარ და ჩემს კი არა, შევარდნაძის გვარისას არ დააყენებენ ქართულ მიწაში, მირჩევინია წავიდეო.

-რას სთხოვდა ბეიკერი შევარდნაძეს?

-რაც აკეთეს შემდომ... ბეიკერის ნათქვამი ნიშნავდა ქართული მიწის, ყველა რესურსის გაყიდვას და ლიბერალური იდეოლოგიის გაბატონებას საქართველოში. საბერძნეთს მიაღებინეს ერთსქესიანთა ქორწინების კანონი, თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, აქაც შეძლებენ.

-აქაც აქტიურად ცდილობენ ყურის მიჩვევას, ლესბოსელი კანდიდატი ჰყავდა  კონსერვატიული ქვეყნის დედაქალაქის საკრებულოს...

-აქეთკენ მიდის ყველაფერი, ამიტომაა დიდი გამოფხიზლება საჭირო. სახელმწიფოები გაურბიან იმ იდეოლოგიას, რომელიც სოროსთან და მასონურ საზოგადოებასთანაა დაკავშირებული. გადატრიალდა ყველაფერი, გაუფასურდა, ყველაზე მეტად წესიერება წაიბილწა. ქვეყანა გარედან მართულ ძალებს, ლიბერალური მიმართულების პოლიტიკოებს უნდა წავართვათ და პლანეტარულად მოაზროვნე ქართული ცნობიერების პოლიტიკოსებს უნდა დავუბრუნოთ. 10 წლის შემდეგ დავით აღმაშენებელი ვერ შეძლებს ამ ქვეყნის გადარჩენას. თუ ერთი-ორი არჩევნებით მდგომარეობა არ შევცვალეთ, მერე უკვე დამთავრებული იქნება ყველაფერი...

 

 

 

 

loading...