პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია: სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავზე ხალხი სტალინსა და სოციალიზმზე ლოცულობს!
ვალერი კვარაცხელია: სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავზე ხალხი სტალინსა და სოციალიზმზე ლოცულობს!

"დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან" 100 წელი გავიდა. რა მოუტანა კაცობრიობას, როგორი იქნებოდა მსოფლიო და საქართველო, ეს რევოლუცია რომ არ მომხდარიყო? _ მეოცე საუკუნეში ოთხი უდიდესი მოვლენა მოხდა: პირველი და მეორე მსოფლიო ომები, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სახალხო მოძრაობა ”სოციალისტური საქართველოს” თავმჯდომარემ, პროფესორმა ვალერი კვარაცხელიამ:

- დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია იყო შეჯამება და კვინტენსენცია ათასწლეულების განმავლობაში სამართლიანობისა და თავისუფლებისაკენ კაცობრიობის დაუოკებელი ლტოლვისა; ისტორიული ექო სამართლიანობისა და თავისუფლების სახელით სადმე, ოდესმე გამოთქმული პროტესტისა, განხორციელებული ამბოხისა, სასიკვდილო შეტაკებისა; ახდენა და დაგვირგვინება ზოგადსაკაცობრიო ნატვრისა და ოცნებისა თავისუფალ და სამართლიან ცხოვრებაზე! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია კაცობრიობის მთელი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ, კაცობრიობას გონების ნასახი რომ ჰქონდეს შერჩენილი, რევოლუციის მეასე წლისთავს მთელ მსოფლიოში წითელი დროშებით უნდა ეგებებოდეს. სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობაა.

ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში მოხდა. მთელმა მსოფლიომ რატომ უნდა აღნიშნოს ამ მოვლენის მეასე წლისთავი? 

- დააკვირდით: ამ მოვლენას დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია ჰქვია. მის დასახელებაში რუსეთი არც არის ნახსენები. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთში მოხდა, არ არის მხოლოდ რუსი ხალხის საკუთრება, ისევე, როგორც ქრისტე არ არის მხოლოდ ებრაელი ხალხის საკუთრება იმის გამო, რომ ის ბეთლემში იშვა. ერთიც და მეორეც ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა. დიდი ქართველი პოეტი გიორგი ლეონიძე სტალინის დაბადებას სწორედ ასეთი მასშტაბური ისტორიული თვალთახედვით უმღეროდა: ”იბადებოდა, იბადებოდა, თითქოს მის აკვანს ფესვით მიება, იბადებოდა ქალდეველ მონის, რომის პლებეის შურისძიება...”

- რა მისცა კაცობრიობას სოციალისტურმა რევოლუციამ?

- სოციალისტურმა რევოლუციამ კაცობრიობას, რომელიც უსამართლობის, ანუ კლასთა დაპირისპირების და შრომის ექსპლოატაციის გზით ვითარდებოდა, ექსპლოატაციისგან თავისუფალი საზოგადოებისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპზე აგებული სახელმწიფოს პრეცედენტი, სოციალისტური სისტემა მისცა, რომელმაც მსოფლიოს რუკის დიდი ნაწილი წითლად ააელვარა და ადამიანებს აუწყა: ამიერიდან შენ არც მონა ხარ, არც მოჯმაგირე, არამედ, იმ საზოგადოების ღირსეული წევრი ხარ, სადაც ყველა თანასწორია, სადაც აღარ არსებობს ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრის სოციალური საფუძვლები.

- მაგრამ, რის ფასად? გულაგების, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების, უდანაშაულო ადამიანთა ტრაგედიის, ზღვა სისხლისა და ცრემლის ფასად?

- რაც თქვენ ჩამოთვალეთ, დასავლური პროპაგანდის გაცვეთილი შაბლონებია. ვის და როგორ წარმოუდგენია ჩაგრული მშრომელი მასების გათავისუფლება სისხლის და მსხვერპლის გარეშე?! მარქსმა და ენგელსმა კომუნისტური პარტიის მანიფესტში ოქროს ასოებით ჩაწერეს, რომ ”მშრომელი მასების გათავისუფლება შესაძლებელია არსებული წესწყობილების მხოლოდ ძალდატანებითი დამხობის გზით. დაე, გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაკარგავენ, გარდა საკუთარი ბორკილებისა.” ლენინმა და სტალინმა მარქსის და ენგელსის თეორიული რევოლუციური ნააზრევის პრაქტიკული რეალიზება მოახდინეს და კლასთა ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია ყველა დროში ჩაგრული მშრომელთა კლასის ექსპლოატაციისგან გამათავისუფლებელი რევოლუციით დააგვირგვინეს. მჩაგვრელები ძალაუფლებას და სოციალურ მდგომარებას უსისხლოდ დათმობდნენ?

- რომ აღარ დამთავრდა სისხლისღვრა? 1937 წელს ამართლებთ?

-1937-იც და 1941-იც 1917-ის გაგრძელებაა. სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების წუთიდანვე ამუშავდა კონტრრევოლუციური რეჟიმი. ამერიკული იმპერიალიზმი, ანგლოსაქსური კოალიცია, ევროპული ფაშიზმი და დასავლური ”მეხუთე კოლონა” საბჭოთა კავშირის შიგნით, სოციალისტურ სისტემას და მის უპირველეს მედროშეს _ სტალინს ებრძოდა. დადგა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. 1937 წლის მოვლენები პოლიტიკური რეპრესიები კი არ იყო, როგორც დასავლურ პროპაგანდას სურს წარმოაჩინოს, ეს იყო კარს მომდგარი გარდაუვალი ომის წინა პერიოდში საბჭოთა სახელმწიფოსა და წითელი არმიის გაწმენდა დასავლეთის ”მეხუთე კოლონისგან,” იმავე დასავლეთისგან დაფინანსებული ათასი ჯურის მოღალატისგან, სოციალიზმისა და ხალხის მტრებისგან. ეს იყო ისტორიული აუცილებლობა, რომლის წინაშეც სტალინი დააყენეს. ამიტომ, 1937 წლის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება. როდესაც უდანაშაულო მსხვერპლზე ვსაუბრობთ, თავისთავად იბადება შეკითხვები: რაში სჭირდებოდა სტალინს უდანაშაულო მსხვერპლი? რატომ უნდა გაერთულებინა ისედაც მწვავე მდგომარეობა? ამ შეკითხვებზე პასუხი არა აქვთ მათ, ვინც ეს კლიშეები შექმნა. უდანაშაულო ხალხზე დასავლეთის ”მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები ნადირობდნენ, რომლებიც პარტიულ და სამხედრო სტრუქტურებშიც იყვნენ და სახელმწიფო აპარატშიც. მათ სახელმწიფოში სიტუაციის შიგნიდან აფეთქების დავალება სახელმწიფოს გარედან ჰქონდათ მიღებული. ისინი აწყობდნენ საბოტაჟებს, დივერსიებს, ანგრევდნენ ეკლესიებს და ხვრეტდნენ დიახაც - უდანაშაულო ადამიანებს, რათა მასობრივი უკმაყოფილების მძლავრი ტალღა გამოეწვიათ! სოციალისტური სისტემის დასანგრევად ეს ზომები თუ არ იკმარებდა, ამერიკელებმა და ინგლისელებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის დააფინანსეს, შეაიარაღეს და წააქეზეს. აი, რა ძალასთან უწევდა გამკლავება ახალგაზრდა და ჯერ კიდევ სუსტი სოციალისტური სახელმწიფოს ხელმძღვანელს. 37 წლის რეპრესიებს რვაასი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. რომ არა სტალინის სიმტკიცე, რომ არა მისი უდრეკი სული და ნება, რომ არა ეს რეპრესიები, მსხვერპლი ასჯერ და ათასჯერ მეტი იქნებოდა. ჰიტლერის ცნობილი გეგმის მიხედვით, განადგურებას ექვემდებარებოდა ასი მილიონი საბჭოთა მოქალაქე! აი, ამ შემზარავი გეგმის მონაწილე ადამიანები დასაჯა სტალინმა საკადრისად _ ჯერ შინ, მერე გარეთ. სტალინმა ჰიტლერზე 1945 წელს კი არა, პრაქტიკულად, 1937 წელს გაიმარჯვა, როდესაც სახელმწიფო და არმია მოღალატეებისგან გაწმინდა. ეს ჩერჩილმაც კი აღიარა, როდესაც თქვა: ”ცნობილი გახდა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კავშირის შესახებ გერმანიის მთავრობასთან. ეს იყო ერთერთი ელემენტი კომუნისტების ძველი გვარდიისა და სამხედროების შეთქმულებისა, რომლებიც ისწრაფვოდნენ სტალინის დასამხობად და პროგერმანული რეჟიმის დასამყარებლად.” მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრს, ნაცისტ ჰებელსს 1943 წელს საკუთარ დღიურში ჰიტლერთან მისი საუბრის ამსახველი ჩანაწერი აქვს: ”ფიურერმა ტუხაჩევსკისთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა და გამოთქვა აზრი, რომ ჩვენ სრულიადაც არ ვიყავით მართალი, როდესაც დავიჯერეთ, სტალინი ამგვარი მეთოდებით წითელ არმიას ანადგურებსო. ამ მეთოდებით სტალინი წითელ არმიაში ჩაბუდებული მოღალატეებისგან გათავისუფლდა”.

  ანალოგიური აზრი აქვს გამოთქმული 1936-38 წლებში აშშ-ის ელჩს საბჭოთა კავშირში - ჯოზეფ დევისს: ”ეს არ იყო ბარბაროსობა, როგორც ჩვენთან სურთ, რომ წარმოაჩინონ, ეს იყო სტალინის შორსმხედველობა. ამ ოპერაციის გარეშე საბჭოთა კავშირის ყველა მცდელობა ომში წარმატების მიღწევისა - სრულიად უშედეგო იქნებოდა.”

- მაგრამ, საბჭოთა რეპრესიებმა ქართველი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლებიც იმსხვერპლა. ისინიც დამნაშავეები იყვნენ?

- მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი და არც მოსამართლე, რომ ვინმეს განაჩენი გამოვუტანო. 1937 წლის მოვლენების ისტორიულ-ფილოსოფიურ-სოციოლოგიურ ანალიზს ვაკეთებ და ვამბობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა დასავლური პროპაგანდის ღაღადისი სტალინის მიერ მილიონობით უდანაშაულო ხალხის ხოცვასთან დაკავშირებით. სტალინი მსოფლიო სამართლიანობის მედროშე იყო და მისი ხელი ავად თუ ვინმეს შეეხო, ის აუცილებლად ბოროტებასთან იყო წილნაყარი. ეს ფორმულაა, რომლითაც სტალინის პიროვნების შესახებ მსჯელობისას უნდა ვიხელმძღვანელოთ. იმ მძიმე ეპოქის მსხვერპლი ქართველი ინტელიგენციის უდანაშაულო ნაწილი ტროცკისტურმა კონტრრევოლუციამ შეიწირა, დამნაშავე ნაწილი _ სტალინურმა რეპრესიებმა. სტალინმა სამი ძირითადი მიმართულებით იღვაწა: სოციალისტური რევოლუცია; სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობა და ფაშიზმის დამარცხება. სამივე მიმართულებით მან ბრწყინვალე გამარჯვებები იზეიმა. ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ არცერთ ისტორიულ პიროვნებას ასეთი გრანდიოზული ზოგადსაკაცობრიო არც მიზნები ჰქონია და არც შედეგები. ამ შედეგის მიხედვით, ოქტომბრის რევოლუცია ნამდვილად ღირდა!

- საკუთარ სამშობლოს რა მისცა სტალინმა? ოქტომბრის რევოლუციამ საქართველოზე რა გავლენა იქონია?

- მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიამ რღვევა იწყო, საქართველოში ბურჟუაზიული ტენდენციები მომძლავრდა. საქართველო ერთბაშად აღმოჩნდა უცხოური კაპიტალის ტყვეობაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო გაიყიდა. ნიკო ლორთქიფანიძის მიერ 1910 წელს დაწერილი ლიტერატურული მინიატურის _ ”საქართველო იყიდება”, გახსენებაც კი საკმარისია ტრაგიკული ვითარების მთელი სიგრძე-სიგანით წარმოსადგენად. რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსული წყეული მენშევიკები საქართველოს გაყიდვის პროცესის აქტიური გამგრძელებლები და დასავლეთის მოციცინე ყოვლად უპერსპექტივო მედროვეები იყვნენ. სტალინმა განდევნა მენშევიკური ხელისუფლება, რითაც საქართველო დასავლეთის კლანჭებისგან იხსნა! სტალინმა ქართველ ხალხს გაყიდული საქართველო დაუბრუნა; სტალინმა ქართველ ხალხს სოციალიზმი აუშენა და ექსპლოატაციისგან თავისუფალი შრომის პირობები შეუქმნა; სტალინმა ქართველ ხალხს კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების განვითარების გრანდიოზული ასპარეზი გადაუშალა; სტალინმა საქართველო ჩამორჩენილი აგრარული ქვეყნიდან მძლავრი სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკად აქცია; სტალინმა საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სისტემაში მყარი ადგილი დაუმკვიდრა და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების უპრეცედენტო გარანტიები შეუქმნა; სტალინმა საქართველოს მისი ისტორიული დიდების ზენიტში ყოფნის პერიოდის შესაფერი აწმყო და კიდევ უფრო ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივა მისცა. სტალინი საქართველოს ისტორიის დიდებით მოსილი გმირთა გმირი და მისი უკვდავი წინამძღოლია _ დარი ფარნავაზისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, გიორგი ბრწყინვალისა და სხვა დიდებულ და სახელგანთქმულ მეფეთა... და მაინც, ყოველ მათგანზე, საერთოდ ყველა ისტორიულ პიროვნებაზე რაღაცით დიადი და აღმატებული. სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ხალხთა ის პირველი ბელადია, ვინც მილიარდიანი მშრომელი მასების ექსპლოატაციის მძიმე მარწუხებისგან სისტემური განთავისუფლების მსოფლიო პროცესს ედგა სათავეში!

- სოციალისტური რევოლუცია ოდესმე კიდევ მოხდება?

- სოციალიზმის ყველა სიკეთისგან უსინდისოდ და დაუნდობლად გაძარცვული ხალხი, რომელიც ავადმყოფობის, სიღატაკისა და ბანკების გამოყენებით მასობრივად გამოასახლეს სოციალიზმის ეპოქაში მათთვის ასევე მასობრივად გადაცემული უფასო ბინებიდან, ხალხი, რომელიც აიძულეს ფუძიდან აყრილიყო და საზღვარგარეთ გადახვეწილიყო მონური შრომის ფასად საცოდავი ლუკმა-პურის მოსაძიებლად, ხალხი, რომელსაც სამშობლო დაუნგრიეს და გაუჩანაგეს სწორედ იმით, რომ სტალინური გეოპოლიტიკური სისტემიდან ამოაგდეს, ხალხი, ვისაც ისტორიული გზა გაუმრუდეს და განვითარების მაგისტრალურ გეზს ააცილეს - დგას ამ ისტორიული უსამართლობით  თავზარდაცემული და გაოგნებული, დგას შეურაცხყოფილი და ამ ვითომ დემოკრატიულ ვითარებაში, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავზე მალულად ლოცულობს სტალინსა და სოციალიზმზე. ხალხს ეიმედება, რომ ისტორია კვლავ გადმოხედავს კაპიტალიზმის რკინის მარწუხებში მოქცეულ ჩაგრულ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ გაანთავისუფლებს სოციალური მძიმე უღლისგან, მგლის მადის მქონე ბანკირთა ხაფანგისგან, მილიონერთა და მილიარდერთა ინტერესებს მორგებული კონსტიტუციისგან, სიტყვის თავისუფლების კეთილშობილურ ნიღაბს ამოფარებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კაპიტალისტური მონსტრისგან. პროლეტარებმა ასი წლის წინ თუ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, იყო თუ არა შესაძლებელი ცხოვრების ასე მოწყობა და სოციალიზმის აშენება, თანამედროვე პროლეტარიატმა უკვე შესანიშნავად იცის რომ არსებობს ისტორიულად აპრობირებული ალტერნატივა იმ ჯოჯოხეთისა, რომელიც დემოკრატიის სახელით შეაჩეჩეს ხელში ვერაგულად მოტყუებულ საზოგადოებას. გარწმუნებთ, ამ ალტერნატივისთვის ხალხი მომავალშიც გაიბრძოლებს!  

ბოლოთქმა:

საუბრით შეფიქრიანებული უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როცა მასპინძელმა მისი ახალი წიგნის, ”მანიფესტი სტალინზე” - გამოცემის შესახებ მაუწყა. - "ამ ნაშრომში სტალინის ფენომენის ისტორიულ-ფილოსოფიური გააზრება ვცადე. სტალინის ფილოსოფიური ზოგადობის დანახვის შემდეგ მისი ბიოგრაფიისა და ტიტანური მოღვაწეობის ყველა ეპიზოდი ისევე ჯდება ამ ზოგადობაში, როგორც მენდელეევის პერიოდულ სისტემაში ჩაჯდა ამ სისტემის ჩამოყალიბების მერე აღმოჩენილი ყველა ქიმიური ელემენტი! სტალინის პიროვნების განმადიდებელი მეცნიერებიც კი, იქექებიან რა მისი  მოღვაწეობის დეტალებში, დეტალებს მიღმა სტალინის მთლიან პიროვნებას ვერ ხედავენ, ვინაიდან სტალინის ფენომენი არ უდრის მისი ბიოგრაფიული დეტალების მექანიკურ ჯამს. სტალინის ფენომენი მეტია მის ბიოგრაფიაზე. სტალინის პიროვნების დისკრედიტაციის გზით სტალინის ფენომენის მიჩქმალვას ცდილობენ დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანის წარმომადგენლები და მათი აქაური დაქირავებული დამქაშები.

ქრისტიანული მორალის მტრებმა ქრისტე სიცოცხლეში გააკრეს ჯვარზე, მაგრამ, მოხდა სასწაული და იგი აღსდგა მკვდრეთით.

სოციალისტური, სამართლიანი ცხოვრების წესის დედამიწაზე დამამკვიდრებელი სტალინი მსოფლიოში გაბატონებულმა უბოროტესმა ძალებმა სიკვდილის შემდეგ აცვეს ჯვარს, მაგრამ, მის წინააღმდეგ გაჩაღებული ჯოჯოხეთური და გააფთრებული კამპანიის მიუხედავად, მოხდა სასწაული და მას შხეფიც არ მიეკარა ექვსი ათეული წლის განმავლობაში მისკენ მიშვებული ცილისწამების ნიაღვრიდან. ისტორიისა და მომავლის წინაშე კვლავაც დგას მყინვარივით სპეტაკი, ფოლადივით მტკიცე და შეუდრეკელი"!

ესაუბრა ზაზა დავითაია  

 

 

 

 

 

 

 

 

 

            

loading...