პოლიტიკა
„კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაემუქრა საქართველოს ეკლესიას, რომ პრობლემებს შეუქმნიდა, როგორც ჩანს, მათ მუქარის განხორციელება დაიწყეს“- რა ვითარებაა აფხაზეთში არსებული თვითაღიარებული „ეკლესიების“ გარშემო?
„კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაემუქრა  საქართველოს ეკლესიას, რომ პრობლემებს შეუქმნიდა, როგორც ჩანს, მათ მუქარის განხორციელება დაიწყეს“- რა ვითარებაა აფხაზეთში არსებული თვითაღიარებული „ეკლესიების“ გარშემო?

გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობების და მცოცავი ოკუპაციის ფონზე რუსული ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას, ამასთან, აფხაზეთის ე. წ. ეკლესიის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან ერთად მუშაობის დაწყების მზაობას გამოთქვამს. რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, გავლენიანი მიტროპოლიტის ილარიონ ალფეევის თბილისში ვიზიტს საზოგადოების დიდი ნაწილი ინტერესით და იმედით შეხვდა. ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიწვევა  ხდება. 

 „აფხაზეთში ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უწმინდეს პატრიარქ კირილე მეორესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისა. ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას,“-აცხადებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას  რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი.

რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში არსებული ეკლესიის გარშემო?

ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის"  წინამძღვრის ბესარიონ აპლიას მომხრეებს შორის ხდება განხეთქილება, რის შემდეგაც პატრიარქ კირილისგან რუსეთის ეკლესიას ჩამოშორებული დოროთი დბარის ჯგუფი  ე.წ. „აფხაზეთის მიტროპოლიას“  აარსებს (კათედრით ახალ ათონში) და ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს მიმართავს. ბართლომეოსი თვითმარქვია მიტროპოლიტს სტამბულში ხვდება. ვრცელდება ხმები, რომ მსოფლიო პატრიარქი  ე.წ. „აფხაზეთის მიტროპოლიის”დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

„ბართლომეოსი აფხაზეთის ეკლესიას ქართული ეკლესიის კანონიკურ ნაწილად სიტყვიერად უწინდებურად აღიარებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ის ორმაგ თამაშს თამაშობდეს და თავადვე აქეზებედს აფხაზ „რასკოლნიკებს“. ეკლესიური განხეთქილება აძლიერებს მის გავლენას აფხაზ კლირიკებზე,  რაც ანტირუსული განწყობების გაძლიერებას ემსახურება,“-ამის შესახებ აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია „АиФ“-თან საუბრისას აცხადებს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბართლომეოსის ინიციატივას, დაენერგა ახალი ნორმები მართლმადიდებლურ სამყაროში, თავის დროზე ქართული ეკლესიის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.  საზოგადოების ნაწილის მხრიდან არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთის ეკლესიის გარშემო მიმდინარე ქაოსური პროცესები გარკვეულწილად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მოთხოვნების უგულებელყოფას და საქართველოს  ეკლესიის მიერ მართლმადიდებლური პოზიციების მყარ დაცვას უკავშირდება.

ბართლომეოსის ნოვაცია თანალოცვისა და საეკლესიო კალენდრის შეცვლის შესახებ იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობს და რასაც საქართველოს ეკლესია ემიჯნება. ამგვარი ინიციატივების განხორციელება სამოციქულო სწავლებისგან გადახვევას გულისხმობს და რელიგიების შერწყმა-აღრევის რისკებს მოიცავს.

ამ ფონზე დოროთი ბარის ჯგუფი ე.წ. „აფხაზური მიტროპოლიის“ აღიარებას  კონსტანტინოპოლისგან ითხოვს, ბესარიონ აპლია კი ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის“ ტიტულის დასტურს მოსკოვიდან ელის.

„გვსურდა ქართული ეკლესიიდან დისტანცირება და რუსულ ეკლესიასთან შეერთება, მაგრამ საბოლოო ჯამში  ჩვენ იძულებულნი გავხდით დისტანცირება  რუსული მართლამდიდებლური ეკლესიისგანაც გაგვეკეთებინა და მსოფლიო პატრიარქისთვის მიგვემართა,”-აცხადებს დოროთი ბარი.

„რუსი ბიჭები აქ თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რუსეთი გვაღიარებს და ჩვენ რაღაც გაურკვეველი ძალებისკენ ვიწევთ? ეს ღალატად მიმაჩნია.  ესენი აკრძალული ადამიანები არიან და მათ მართლმადიდებლობის სახელით საუბრის უფლება არა აქვთ,”-ეს სიტყვები ბესარიონ აპლიას ეკუთვნის.

აფხაზი სასულიერო პირებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველი ახალი ათონის მონასტრის ფლობის საკითხია. ასეა თუ ისე,  "დევთა და ქაჯთა" შებმის მსგავსი დაპირისპირება აფხაზეთის ორ თვითაღიარებულ ეკლესიას შორის, ქართული მხარის დაუყოვნებლივ ჩარევას და საკითხის გადაწყვეტას საჭიროებს.  

„არ შეიძლება თვალის დახუჭვა და თქმა იმისა, რომ ამ პრობლემას ჩვენ რუსეთის ეკლესიის გვერდის ავლით მოვაგვარებთ. გასაღები საკითხის მოგვარებისა ამ ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ. უწმინდესი ამას ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამ აზრზე ვრჩებით,“-ამის შესახებ პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადების კომენტირებისას საუბრობს.

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს საპატრიარქოში?  რეალურია თუ არა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ქართულ კალაპოტში დაბრუნება?  ხომ არ გეგმავს რუსეთი ახალ პროვოკაციას?  რატომ და ვინ აწარმოებს მზაკვრულ კამპანიას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ? უნდა გაწყვიტოს თუ არა საქართველოს ეკლესიამ რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი?  ამ საკითხებზე sazogadoeba.ge საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“-ს თავმჯდომარეს  ლევან ჩაჩუას ესაუბრა:     

-ბატონო ლევან, რამდენად მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია ის შეხვედრა, რომელიც შედგა რუსეთის ეკლესიის მეორე პირსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შორის? თქვენი აზრით, რა იყო ამ ვიზიტის უმთავრესი გზავნილი?

-პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქ კირილეს შემდეგ რუსეთის ეკლესიაში არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იერარქი. ამ რანგის პირი რომ პატრიარქის დასაპატიჟებლად პირადად ჩამოდის, არის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, ამას მინდა ხაზი გავუსვა. პატრიარქთან შეხვედრისას მიტროპოლიტმა ილარიონმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ერთობლივმა კომისიამ აფხაზეთის ეკლესიის გარშემო მიმდინარე საკითხებზე უნდა იმსჯელოს.

იქ მართლაც მძიმე სიტუაციააა, ვინმე ბესარიონ აპლიამ თანამოაზრებთან ერთად ახალი ათონის მონასტერი დაიპყრო. შემდეგ ბესარიონ აპლიას მომხრეებს შორისაც მოხდა განხეთქილება და ნაწილმა ურთიერთობის დამყარება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსთან გადაწყვიტა.

საქართველოს წინააღმდეგ მიდის  ძალიან მზაკვრული და ფარული მუშაობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან. აფხაზეთში იგზავნებიან სასულიერო პირები და ატარებენ ღვთისმსახურებას კონსტანტინეპოლის საპატრიაქროს სახელით. გამოაცხადეს ე.წ. მიტროპოლია, რომელიც თითქოს ბართლომეოსს ექვემდებარება. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამ უკანონობაზე არ რეაგირებს. მეტიც, ამ ხალხის ხელშეწყობა მიდის, რაც  შემთხვევით არ ხდება. გახსოვთ ალბათ ჩვენი ეკლესიის უარყოფითი პოზიცია მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიახლეების დანერგავსთან დაკავშირებით, რასაც დაჟინებით ითხოვდა ბართლომეოსი. იქ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბართლომეოსი ფაქტიურად დაემუქრა კიდეც საქართველოს ეკლესიას, რომ პრობლემებს შეუქმნიდა. როგორც ჩანს, მან თავიანთი ადეპტების მეშვეობით მაშინდელი მუქარის განხორციელება დაიწყო.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია  რუსულ-ქართულმა ერთობლივმა კომისიამ ყველაფერს თავისი სახელს დაარქვას. ძალიან მეცოდებიან აფხაზეთში მცხოვრები ჩემი სულიერი ძმები და დები, პოლიტიკამ ისინი სულიერი საზრდოს გარეშე დატოვა. რა დააშავა უბრალო ხალხმა, არ ეძლევათ შესაძლებლობა ჰყავდეთ მოძღვრები, ჩააბარონ აღსარება და ეზიარონ. იქნებ ამ შეხვედრამ გადაჭრას ეს პრობლემა, აღდგეს  კანონიკური წირვა-ლოცვა  და ხალხს ეკლესიის წიაღში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

-გამოდის, რომ პრობლემას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ვერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. რა სიახლეების დანერგავს ცდილობდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რაზედაც  ქართველმა სასულიერო პირებმა კატეგორიული უარი განაცხადეს?  რისთვის ისჯება საქართველოს ეკლესია?

-ეს იყო ახალი საეკლესიო კალენდარის  შემოღება, ასევე სხვადსხვა აღმსარებლობის ხალხისთვის თანალოცვის დაშვება, მარხვების შემცირება, მღვდლად კურთხევის შემდეგ ქორწინების უფლების მიცემა და სხვა ბევრი ისეთი მიუღებელი საკითხი, რაზეც დათანხმება გამორიცხულია. სხვათაშორის, სერბეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომდაგენელებმა სთხოვეს ბართლომეოსს,რომ არ განეხილათ მსგავსი საკითხები, მაგრამ უარი მიიღეს, რადგან ეს იყო ბართლომეოსის, უფრო სწორად, მართლმადიდებლური ეკლესიის მტრების, მზაკვრული გეგმა. ეს გეგმა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ აფხაზეთთან მიმართებაში გამოავლინა.

ასე დაიწყეს კათოლიკებმა: მარხვები შეამცირეს, ლოცვები შეამცირეს, მრევლს ყველაფრის უფლება მისცეს და იქამდე მიიყვანეს, რომ ევროპელთა დიდი უმრავლესობისათვის ღმერთი საერთოდ აღარ არსებობს. დღეს მათი ტაძრები დისკო კლუბებად არის გაქირავებული, ან საერთოდ ყიდიან და შლიან. ამას წინათ ინტერნეტში კათოლიკური ტაძრის დემონტაჟს ვუყურე, ინტერვიუში ამბობდნენ, ფუნქცია აღარ აქვს და შესანახად ძალიან ძვირი ჯდებაო. ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ახერხებენ და ამიტომ ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა მიდის. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში მსგავსი რამისგან.

საერთოდ სქიზმის დროს, როდესაც ადამიანების ჯგუფი გადის ეკლესიიდან, აყალიბებს ახალ ე.წ ეკლესიას, მერე მათ შორისაც ხდება გაუგებრობა, იქ სულიწმინდის მადლი აღარ არის და  ერთმანეთს დაეტაკებიან ხოლმე. ერთი ჯგუფი კონსტანტინეპოლისკენ მიექანება, მეორეს ვთქვათ, ალექანდრიის ეკლესიის მორჩილება მოუნდება,  მესამე დამოუკიდებლად გამოაცხადებს თავს და იტყვის, რომ მასთან არის მადლი. ამ ქაოსს და გაურკვევლობას წერტილი უნდა დაესვას. ეს ამბავი სერიოზულადაა მისახედი. იმედი მაქვს, უწმინდესს  ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს. ყველამ უნდა ვილოცოთ მის ჯანმრთელობაზე. მე მახსენდება მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვები  პატრიარქის მიმართ: ჩვენ, სუყველანი თქვენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთო. ასეთი თბილი დამოკიდებულება და იმის დადასტურება, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთს საქართველოს იურისდიქციაში აღიარებს, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. 

 2016 წლის 10 ივნისს პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, წმინდა და დიდი კრების არსებული სახით გამართვა მიზანშეუწონელია. კრების მიერ განსახილველ მიუღებელ საკითხთა შორის უნდა გამოვყოთ შემდეგი პუნქტები:
7) მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის მე-8 მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: „ქორწინების შესახებ”, რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური მიზეზების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.
8."მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” იმთავითვე მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისათვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნა: „საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი 1997, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.
ა.წ. 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს; ხოლო თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.
9) გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.“
წმინდა სინოდმა ერთსულოვნად დაადგინა:
ა) საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
ბ) 2016 წლის 10 ივნისის წმინდა სინოდის დადგენილება დაეგზავნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ნათქვამია ოქმში.

სწორედ ახლა არის  დრო და ეს შანსი არაფრით არ უნდა დავკარგოთ. გაურკვევლობაში, განხეთქილებაში და არეულობაში მყოფი ხალხისთვის სწორი მიმართულების მისაცემად საჭიროა შეიკრიბოს კომისია და დაიდიოს დასკვნა, რის საფუძველზეც მოხდება ყველა თვითმარქვიის მხილება და კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება მიეცემათ.

-ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეკლესიებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში განიხილავს, რამდენად იძლევა შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საფუძველს?

-ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია -  რუსეთის ეკლესიაც რომ ისე მოქცეულიყო, როგორც რუსეთის სახელმწიფო მოიქცა, კატასროფა იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის ეკლესიის მწყემსმთავრებმა კეთილგონიერება გამოიჩინეს. მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა, ისინი რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ის ქვაკუთხედი, რაზეც უნდა აშენდეს ეკლესიებს და ერებს შორის შემდგომი ურთიერთობები. თუკი საქართველოს პატრიარქს სოხუმში ჩასვლის საშუალება მიეცემა, ეს რუსეთის მხრიდან ჩვენსკენ გადმოდგმული მეტად სერიოზული ნაბიჯი იქნება. ურთერთობის ნორმალიზებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, თუკი ორი მართლმადიდებლური ერის მეთაური ერთობლივად შეეცდებიან კონფლიქტური საკითხების მოგვარებას. რა თქმა უნდა, აქ საუბარია ეკლესიის კანონიკურ საზღვრებზე, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ეს დატვირთვა  არ ექნება ამ მუშაობას.

2012 წელს „ოცნების“ უმთავრესი  დაპირება რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და დეოკუპაციაზე ზრუნვა იყო, რა კუთხითაც სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა.

-რატომ არ გადადგმულა, როგორ ფიქრობთ?

-სამწუხაროდ, ჩვენს მარიონეტ პოლიტელიტას, როგორც „ოცნებას“, ისე ე.წ. ოპოზიციას, არც კი აძლევენ უფლებას ასეთი საკითხების გადაწვეტილებაში მონაწილეობა მიიღონ. ისინი თავისუფალნი არ არიან, მათ ყველაფერს კარნახობენ, რა როგორ გააკეთონ. ბოლო 25 წელია ასეთი ხელისუფლებები გვყავს. დასავლეთის გარკვეული წრეების ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთთან ურთიერთობები დაალაგონ. თუმცა, დასავლეთშიც არიან კეთილგანწყობილი  პოლიტიკოსები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. მაგრამ საქართველოში ისევ მაკკეინის და სოროსის ინერციით იმართება ყველაფერი და ეს არის სწორედ დამღუპველი.

-გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს და რუსეთის პატრიარქები შეიძლება  პოლიტიკურ ფიგურებადაც მოვიაზროთ, შესაძლებელია, რომ ეს ვიზიტი პოლიტიკისგან მოწყვეტილად განხორციელებულიყო?

-მე ვერ დაგეთანხმებით, რომ რუსეთის, ან საქართველოს პატრიარქები პოლიტიკოსები არიან. უბრალოდ, ისინი თავიანთი პოზიციით პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიან. რუსული პოლიტიკური კონიუქტურის საპირისპიროდ, რუსეთის ეკლესიის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში რჩება, ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია რუსული  სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის საპირისპიროა.

-ფიქრობთ, რომ უპირისპირდება? ეს რეალური გეჩვენებათ?

- რუსეთის სახელმწიფო აღიარებს ამ სუბიექტების დამოუკიდებლობას, ხოლო რუსეთის ეკლესია პირიქით, აღიარებს მათ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ეს მეტად მნივნელოვანი და ფაქიზი საკითხია. მე ვერ გეტყვით მიტროპოლიტ ილარიონს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია რუსეთის პირველ პირებთან, მაგრამ ასეთი  გავლენიანი პირის განცხადება ერთობლივი მუშაობის მზაობის შესახებ,  შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათმობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ყველაზე სერიოზული ფუნდამენტი ამ ურთიერთობებისა არის ჩვენი ერთმორწმუნეობა. ლიბერალები სულ რომ გადაირიონ და ტანზე სამოსი შემოიხიონ, ეს ვიზიტი ღვთის მადლით, მაინც შედგება. ღვთის მადლითვე, სომხუმში წირვა-ლოცვა მალე ქართულად ჩატარდება და ჩვენ მოვესწრებით იმას, რომ აფხაზეთი  საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდება. ამაში ლომის წვლილს ჩადებს ჩვენი დედა ეკლესია და პატრიარქის ავტორიტეტი.

-პოლიტიკოსების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა რუსეთი ახალ პროვოკაციას გეგმავდეს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს?

-რამდენი გონებაამღვრეული ადამიანია საქართველოში... ეს არის აბსურდი, ეს არის ისეთი უსაფუძვლო და უარგუმენტო, რომ რა გითხრათ... ჩვენს პოლიტიკანებს და ვითომ ექსპერტებს, რომლებიც კატეხიზმოს დონემდეც კი ვერ ერკვევიან მართლმადიდებლურ საკითხებში, ვურჩევ, ჯერ რაღაც ელემენტარულ საკითხებში გაერკვნენ, თუ რა არის კანონიკა, რა არის იურისდიქცია, როგორი ურთიერთობებია კანონიკურ საზღვრებთან მიმართებაში ეკლესიებს შორის და მერე გააკეთონ ასეთი განცხადებები. ნუ აშანტაჟებენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ნუ ამყოფებენ საზოგადოებას, რომ თითქოს რუსეთი რაღაც მზაკვრობას გეგმავს. რა მზაკვრობა!.. ეკლესიის მეორე პირი ჩამოდის და დიდი კეთილგანწყობით პატიჟებს პატრიარქს და კომისიის შექმნაზე საუბრობს. რამის გაფუჭება რომ უნდოდეთ, რა უნდა მაგის გაკეთებას, ვინმე დაუშლის თუ რა?! რასაც ბართლომეოსი აკეთებს, იმას ჩუმად გააკეთებდნენ, საერთოდ არ ჩამოვიდოდნენ და საერთოდ არ დაგველაპარაკებოდნენ.

-რისთვის სჭირდება რუსეთს ეს? ერთ-ერთი მოსაზრებით, ამ ვიზიტის მიზანი რუსეთის მხრიდან ახალი ათონის მონასტრის ხელში ჩაგდებაა...საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ძნელად დასაჯერებელია ის, რომ რუსეთის მხარეს შეიძლება საქართველოს ეკლესიის პრობლემები აღელვებდეს...

როგორ ფიქრობთ, რუსეთს არ შეუძლია  ბესარიონ აპლიას ყურში მოკიდოს ხელი და ახალი ათონიდან გამოაგდოს? ამას ისინი ძალიან იოლად მოახერხებენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამ ვიზიტში ვხედავ კეთილგანწყობას რუსეთის მხრიდან.  დაგეთანხმებით, რომ ასეთ პოზიციებზე მყოფი პირების შეხვედრა ძალიან სერიოზულ  პოლიტიკურ ამინდს ქმნის.  ამიტომაც ავიშვიშდნენ ეს ლიბერალები, რა თქმა უნდა, ისინი იმაში იღებენ თანხას, რომ დილიდან საღამომდე ილანძღონ, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას ხელი შეეშალოს.

მე ასე არ ვფიქრობ, რუსეთში უამრავი ეპისკოპოსი და სასულიერო პირია, რომელებიც   ძალიან კეთილგანწყობილები არიან საქართველოს მიმართ. ისინი ჩამოდიან და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული, წუხილს გამოთქვამენ, რომ ჩვენი ერები ასე გათიშულნი არიან ერთმანეთისგან.  ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან შეხვედრები, მოდიან მრევლთან ერთად, მიგვყავს მოსალოცად. ამბობენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ურთიერთობები აღვადგინოთო. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით თქმა იმისა, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის და მზაკვრობა მზადდება, დაუშვებელია.

ნებისმიერი დაბალი რანგის ეპისკოპოსი შეიძლება ჩამოსულიყო მოსაწვევად, მაგრამ მეორე პირი ჩამოდის და თან საკმაოდ გავლენიანი, რაც ასე მარტივად არ ხდება. არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქ კირილეს შემდეგ ის გახდეს რუსეთის ეკლესიის მწყემსმთავარი. წინასწარ პროგნოზებს, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ კეთილი ნება არსებობს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

- ზოგიერთი თეოლოგი თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან ევქარისტიული კავშირი უნდა გაწყვიტოს, ამგვარი მოწოდებით ერთ-ერთი სასულიერო პირიც კი გამოვიდა...

-იმიტომ რომ საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, რა არის მართლმადიდებლობა და რა შემთხვევაში შეიძლება გაწყვიტო ევქარსტიული კავშირი. ამ საკითხებში ვერ ერკვევიან და თეოლოგებს უწოდებენ საკუთარ თავს. შესაძლოა, ბევრი ერკვევა კიდეც, მაგრამ ხალხს გონებას განგებ უბნევენ. ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა ორ ეკლესიას შორის  მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მეორე ეკლესიის სინოდი  ანტიმართლმადიდებლურ გადაწვეტილებებს მიიღებს და ეკლესიას დაშორდება. მაგალითად შეიძლება ლათინთა ეკლესია მოვიყვანოთ. 150 წლის განმავლობაში აღმოსავლეთის ეკლესია  დასავლეთის ეკლესიას ეხვეწებოდა ცდომილებები გამოესწორებინა. მათი მოკვეთა ერთი ხელის მოსმით კი არ მომხდარა, თეოლოგიური დისპუტები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ფერერა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე  მარკოზ ეფესელმა მართლმადიდებლური არგუმენტირებული პოზიცია დააფიქსირა და პაპისტებს სთხოვა დაბრუნებოდნენ წმინდა სწავლებას. ამ კრებას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როცა ქართველებმა ნახეს, რომ  მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა,  კრება მიატოვეს და წამოვიდნენ. მართალია, ლათინური ეკლესია მანამდეც  მოწყვეტილი იყო, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ დოგმატებში შეერთებულიყვნენ, კვლავ გრძელდებოდა. სამწუხაროდ, მაშინ  ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა და ღვთაებრივმა კანონზომიერებამაც არ დააყოვნა - სულ მოკლე დროში გაკათოლიკებული კონსტანტინოპოლი სტამბულად იქცა...

იმის გამო, რომ  სახელმწიფომ შენ ტერიტორია წაგართვა, ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტო, არის აბსურდი და თითიდან გამოწოვილი სისულელე. მათ სურთ თავგზა აუბნიონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ერკვევიან საეკლესიო კანონიკურ საკითხებში.  სამწუხაროდ,  30 ვერცხლად გაყიდული ასეთი თეოლოგებისთის  ყველა ტელევიზია გახსნილია. კომპეტენტური მოსაზრებების გამოთქმის სურვილი კი ძირშივე იკვეთება. ბოლოს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის თქმის საშულება მომეცით...

 

loading...