პოლიტიკა
„არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთი რუკიდან გაქრება, თუმცა გვაწყობს, რომ ის იყოს სუსტი და ამ მიზნით უკრაინაში სიცოცხლის ფასად ვიბრძვით!“ - ირაკლი ქურასბედიანი
„არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთი რუკიდან გაქრება, თუმცა გვაწყობს, რომ ის იყოს სუსტი და ამ მიზნით უკრაინაში სიცოცხლის ფასად ვიბრძვით!“ - ირაკლი ქურასბედიანი

თავიდან ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ მძაფრად დაიწყო - ფეისბუქზე ატვირთულ ჩემს სტატიაზე, რომელიც მაიდნის სისხლისღვრაში ქართველი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობას ეხებოდა, გამომწვევი კომენტარი მიაწერა. მეც არ ჩამოვრჩი და ის ლიკვიდაციითაც კი დამემუქრა, მაგრამ ურთიერთობა თანდათან იმდენად დათბა, რომ ინტერვიუზეც დავითანხმე. ვიდეოზარით დიდხანს ვისაუბრეთ. ჩემი რეპონდენტი არც მეტი არც ნაკლები, სააკშვილის ხელისუფლებისდროინდელი სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის და პარალელურად, მეომრებს წვრთნის. - საქართველოსთვის ნომერ პირველი მტერი რუსეთია. მას სრულ განადგურებამდე შევებრძოლები საქართველოშიც, უკრაინაშიც და ანტარქტიდაზეც - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ირაკლი ქურასბედიანმა, რომელსაც შეულამაზებლად გთავაზობთ:

- ჯერაც ბავშვი ვიყავი, როცა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები მოხდა. მაშინ გადავწყვიტე, რუსების წინააღმდეგ სიცოცხლის ბოლომდე მეომა. 18 წელი აფხაზეთის ომში მყოფს შემისრულდა, მერე სამხედრო აკადემიაც დავამთავრე. ერთხანს, აფხაზეთის უშიშროების სამინისტროში, ანტიტერორისტულ მიმართულებას ვკურირებდი. როცა 2005 წელს შსს და უშიშროება გაერთიანდა, აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის უფროსად დავინიშნე, 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის ივნისამდე კი, სამხედრო დაზვერვის უფროსი ვიყავი. 2010 წელს ოფიცრის მუნდირი გავიხადე და უცხოეთში გავემგზავრე. 2014 წლიდან ისევ სამხედროს პროფესიას დავუბრუნდი. უკრაინაში ჩამოვედი, რათა აქაურებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარო.

- ირაკლი, მოკვლას მართლა მიპირებდით?

- (იღიმება) კაცები ვართ. შეიძლება გავხელდეთ, ერთმანეთს დავემუქროთ კიდეც, მაგრამ გულში რაიმე რომ ჩამეტოვებინა, ახლა ამ ტონით ხომ არ ვისაუბრებდით? მგონი, მშვენიერი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა და შეგვიძლია, ერთმანეთს პოზიციები ყოველგვარი შეურაცხყოფის თუ დაძაბვის გარეშე გავუზიაროთ.

- რეჟიმის პერიოდში, როცა თქვენ ძალოვან სტრუქტურებში მაღალი თანამდებობა გეკავათ, უამრავი ადამიანი დაიჩაგრა. პირადად გამოვიარე რეპრესიები. არ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმ უსამართლობათა გამო, რომელიც თქვენ გარშემო მუდმივად ხდებოდა?

- უსამართლობა ფარდობითია. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, რომ მოვლენები ასეთ ჭრილში შევაფასო. დიახ, უსამართლობა ჩვენ დროსაც ხდებოდა. გუშინ სხვა იჩაგრებოდა, დღეს სხვა იჩაგრება. უმანკო ანგელოზი არ გახლავარ, მაგრამ პირადად არაფერი ჩამიდენია, რის გამოც სინდისი გამქენჯნიდა. სამხედრო მზვერავი ვიყავი და ქვეყნის შიდა პროცესებში ეს სამსახური არ მონაწილეობდა. არასოდეს ვინმეს დაჩაგვრა ჩემთვის არ დაუვალებიათ და თავადაც არასოდეს გამომიჩენია ინიციატივა.

- უკრაინაში როგორ აღმოჩნდით? როგორ აფასებთ იმ მოვლენებს, რაც მანდ ხდება?

- ზაზა, თქვენ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ და კარგად იცით რუსეთთან ურთიერთობის მთელი დინამიკა. გახსოვთ სამაჩაბლო, აფხაზეთი, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ოკუპაცია. რიცხოვნებით და შესაძლებლობებით ძალიან სუსტები ვართ საიმისოდ, რომ რუსებს მუდმივი წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ დღეს რუსეთი უკრაინაში ომობს. ჩემ გვერდით აქ იბრძვის უკრაინელი, რომელიც 1992 წელს სოხუმშიც ჩემს მხარდამხარ ომობდა და დაიჭრა კიდეც. ის მაშინ ამბობდა: თუ რუსებს ახლა გუმისთაზე ვერ გავაჩერებთ, შემდეგ მათი გაჩერება დნეპრთან მოგვიწევსო და მართლაც ასე მოხდა! აი, პასუხი, თუ რატომ ვიბრძვი მე დღეს უკრაინაში! თუ რუსებს აქ დავამარცხებთ, ჩვენ შანსი მოგვეცემა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

- მართლა გგონიათ, რომ რუსეთის მძლავრი იმპერია პოლიტიკური რუკიდან ასე ადვილად წაიშლება? თუნდაც ასე მოხდეს, არ გეფიქრებათ, რომ ამის შედეგად მსოფლიოში შეცვლილი ძალთა ბალანსი და ღირებულებების მენტალური გადაფასება საქართველოს სახელმწიფოებრიობას უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე დღეს გვემუქრება?

- ეს პრობლემა საქართველოს წინაშე მარადიულად დგას და ვიდრე კაცობრიობა არსებობს, მომავალშიც იქნება, მაგრამ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნომერ პირველი მტერი რუსეთია! არ მაქვს ილუზია, რომ ისეთი უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რუკიდან გაქრება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რუსეთი იქნება სუსტი თუ ძლიერი. ჩვენ გვაწყობს, რომ ის იყოს სუსტი და ამ მიზნით უკრაინაში სიცოცხლის ფასად ვიბრძვით!

- არ ფიქრობთ, რომ თქვენს გულწრფელ თავდადებას ბინძური პოლიტიკოსები იყენებენ? ახლახან უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებას მიესალმეთ. დღემდე მას ემხრობით?

- ნუ მიბიძგებთ პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად. მე სამხედრო ვარ, ეს სულ სხვა თემაა.

- მაგრამ სწორედ ასეთები წარმართავენ ომს, რომელშიც თქვენ თავს წირავთ. არ გიფიქრიათ, რომ ის თავად არის კრემლის აგენტი?

- რის საფუძველზე ამბობთ ამას?

- არგუმენტი მარტივია. 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ დაკარგა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. 2014 წლის მაიდნის მოვლენების შედეგად კი, უკვე უკრაინამ დაკარგა ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ. ორივე შემთხვევაში, მოვლენები სააკაშვილის გარშემო დატრიალდა. გამორიცხავთ, რომ ის რუსეთის დაკვეთას ასრულებს?

- ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. ერთადერთი, რასაც არასოდეს დავეთანხმები, არის ბრალდება, თითქოს ომი სააკაშვილმა დაიწყო. სხვა საკითხია, რომ რუსებმა მაშინ შეცდომებზე ჩვენი წამოკიდება მოახერხეს. არასწორ სვლას ხშირად მოსდევს ასეთი შედეგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება არ გვსურდა. არ ვიზიარებ პოზიციას, რომ სააკაშვილმა წინასწარ წასაგებად განწირული თამაში ითამაშა. რაც შეეხება უკრაინას - ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი ისტორიას არ ახსოვს. ორივე მხრიდან უზარმაზარი ინტერესები იკვეთება, უზარმაზარი რესურსები იხარჯება და ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ყოველივე უკრაინაში სააკაშვილის ჩამოსვლამ გამოიწვია. არ მივეკუთვნები იმ საზოგადოებას, რომელიც თვლის, რომ საქართველოსთვის წელთაღრიცხვა 2003 წელს, ვარდების რევოლუციით დაიწყო, საქართველოში და უკრაინაში დადებითი და უარყოფითი მოვლენები სააკაშვილის მოსვლამდეც ხდებოდა და მოვლენათა ინერციას მაინცდამაინც ამ ადამიანს ნუ დავუკავშირებთ. იმასაც გეტყვით, რომ უკრაინაში სააკაშვილი მაშინღა ჩამოვიდა, როცა მაიდნის მოვლენები უკვე მთავრდებოდა...

- თუმცა მაიდნის სისხლისღვრაში სააკაშვილის მხრიდან ორგანიზატორულ წვლილზე მიმანიშნებელი მრავალი სამხილი უკვე ამოტივტივდა. ამას გარდა, პირადად ვიცნობ ოდესელ ჟურნალისტებს და ოდესის ქალაქსაბჭოს დეპუტატებს, რომლებიც სააკაშვილს კორუფციაში ამხელენ. ნუთუ ისინიც კრემლის აგენტები არიან?

- მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებიც, კრემლის აგენტად მოხსენიებენ ყველას, ვინც მათ პოზიციას ეწინააღმდეგება. თუ კორუფციას ჰქონდა ადგილი, უკრაინაში, ამ უზარმაზარ ქვეყანაში უამრავი სამსახური არსებობს, რომელიც ოფიციალურად გამოიკვლევს და დამნაშავეს სათანადოდაც დასჯის. როგორც ვლადიმერ ვისოცკის სიმღერაშია: жираф большой, ему видней! სააკაშვილის გარდა, უკრაინაში ბევრი სხვა პოლიტიკოსია, რომლებიც პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან და ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ.

- ირაკლი, პირდაპირ მიპასუხეთ - გულეშემატკივრობთ სააკაშვილს?

- მე ვგულშემატკივრობ საქმეს, რომელსაც ვემსახურები. რეფორმები, რაც ჩვენ უკრაინაში ჩავატარეთ სააკაშვილის ეგიდით, მართლაც შთამბეჭდავია, იმის მიუხედავად, თუ ვინ განახორციელა.

- რუსების წინააღმდეგ რამდენი ქართველი იბრძვის უკრაინაში? ასი? ორასი? სააკაშვილთან მიმართებაში ყველა თქვენს მსგავსად არის განწყობილი?

- არა, ამდენი ქართველი აქ ნამდვილად არ იბრძვის. იყვნენ მებრძოლები, რომლებმაც იომეს და მერე სახლებში დაბრუნდნენ. უკრაინის მოქალაქე ქართველებიც იცავენ ამ ქვეყნის მთლიანობას და თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება სააკაშვილის მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები არიან.

- უშუალოდ თქვენ მაიდნის მოვლენებში მონაწილეობდით?

- არა, მაგ დროს თბილისში ვიყავი და მოვლენებს ტელევიზორის ეკრანიდან ვაკვირდებოდი. უკრაინაში 2014 წლის 17 ივნისს ჩავედი, მაიდნის სისხლისღვრა კი თებერვალში მოხდა. პროფესიონალ სამხედროთაგან ჩემამდე უკრაინაში სულ 3-4 კაცი ჩავიდა.

- ქართველ მეომრებს, ვინც მანდ ომში მონაწილეობს, ხელფასს უკრაინის ბიუჯეტიდან უხდიან? იცით, რომ საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა ეკრძალება?

- ქართველმა და უკრაინელმა იურისტებმა ამ საკითხში კარგად გამარკვიეს. საქართველოს კანონმდებლობით, ისჯება ის მეომარი, რომელიც უცხო ქვეყანაში რომელიმე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში გაერთიანდება. ჩემს შემდეგ, უკრაინაში ყველაზე დიდ სამხედრო დანაყოფს, რომელსაც ლეგიონი ჰქვია, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს, რომელშიც კონტრაქტზე მყოფი მეომრები მსახურობენ. უკრაინის კანონები 2015 წლიდან იძლევა საშუალებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონტრქატის საფუძველზე ამსახუროს არმიაში, ოღონდ მხოლოდ ისეთ თანამდებობებზე, რომელიც საიდუმლო ინფორმაციებში წვდომას არ ითვალისწინებს. ისინი ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ. მე რაც მეხება, უკრაინის მოხალისეთა არმიის (Украинская добровольческая армия) შტაბის უფროსი ვარ. ადრე ამ ინსტიტუტს მემარჯვენე სექტორს ეძახდნენ, რომელსაც დიმიტრი იაროში ედგა სათავეში. შემდეგ მას გასამხედროებული ნაწილი გამოეყო. ეს მოხალისეთა დანაყოფია, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდება.

- მტერი ვინ არის? რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები თუ უკრაინის პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა?

- იყო პერიოდი, როცა რუსეთის ჯარის ნაწილები ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, დღეს ისინი უკან დგანან, წინა ხაზს კი კერძო საომარი კომპანიები ავსებენ. ამით აიხსნება, რომ რუსეთის რეგულარული არმიის სამხედროები ადრინდელთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით იღუპებიან. რუსეთს არ უჭირს იმდენად, რომ პერიფერიებიდან, სადაც ლოთობის გარდა სხვა პერსპექტივა არ გააჩნიათ, 10-20 ათასი დაქირავებული მეომარი უკრაინაში საომრად ვერ მოიზიდოს. მათ გარეშე ადგილობრივ პრორუსულ მოსახლეობას წინააღმდეგობის არანაირი ძალა, არც სურვილი არ ექნებობოდა, რუსების დახმარების გარეშე ვერც დიდძალ იარაღს მოიპოვებდნენ, რომლითაც ჩვენ გვესვრიან. მათი არტილერია კი, მთლიანად რუსულია. ამჟამად, პოზიციური ბრძოლები მიდის, სადაც ძირითადად არტილერია მუშაობს.

- ასავალ-დასავალისთვის მოცემული ინტერვიუს გამო სააკაშვილი ხომ არ დაგემტერებათ?

- თუ ოდესმე პოლიტიკაში წასვლას დავაპირებ, ასეთ საკითხებზე მერე ვიფიქრებ. ჯერჯერობით, მხოლოდ სამხედრო პირი ვარ, რომელსაც თქვენი ობიექტურობის და კაცური სიტყვის სჯერა. ვიცი, ასავალ-დასავალს მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს და მიხარია, რომ მათთვის თქვენი დახმარებით, ინფორმაციის მიწოდების საშუალება გამიჩნდა. სააკაშვილის ჩათვლით, მე ვერავინ ამიკრძალავს, ვეკონტაქტო მას, ვისთან ურთიერთობასაც საქმიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევ!

- არ გინდათ, ასავალ-დასავალის ფურცლებიდან ქართველ ხალხს მიმართოთ?

- სამშობლო გადასარჩენია. დროა, საპირისპირო პოზიციებზე მყოფმა ქართველებმა ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ, განსხვავებული პოზიციების მოსმენა ვისწავლოთ. 1991-1992 წლების მიჯნაზე სწორედ ერთმანეთის პოზიციების იგნორირების შედეგად დავაქციეთ ქვეყანა, ვხოცეთ ერთმანეთი და მაშინდელი სროლის ექო დღემდე გაისმის!

ბოლოთქმა:

ერთმანეთს გულითადად დავემშვიდობეთ. ირაკლი შემპირდა, რომ მომავალშიც მომცემს ინტერვიუს, რომელშიც სნაიპერის ხელოვნებასა და იარაღის მოხმარების კულტურაზე გვესაუბრება. მინდა, საქართველოს ძლიერი რეგულარული არმია ჰყავდეს, რომელიც ნებისმიერ მტერს დააჩოქებს - ამ სიტყვებით დაასრულა საინტერესო საუბარი და გულწრფელად გამიხარდა, რომ აღნიშნული პოზიციით ეს ქართველი კაცი ჩემთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე გირჩთან, რომლის მასხარა ლიდერები ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების უკადრის მეთოდებს სთავაზობენ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"