კულტურა
"დამარცხების გამო განერვიულებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკის ფიგურები სახეში შემომაყარა!" - მერაბ თხელიძე
"დამარცხების გამო განერვიულებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკის ფიგურები სახეში შემომაყარა!" - მერაბ თხელიძე

თბილისში დადის ერთი თავმდაბალი კაცი, რომლის გარშემო მსოფლიოს საჭადრაკო სამყარო ტრიალებს. ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ მან ჭადრაკის სამი კორიფე, მეოთხე, მერვე და მეათე მსოფლიო ჩემპიონები - მიხეილ ბოტვინიკი, მიხეილ ტალი და ბორის სპასკი დაამარცხა. ფიზიკის და მათემატიკის მეცნიერებათ დოქტორს, ფიზკულტურის უნივერსიტეტის ჭადრაკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს, ჭადრაკში სპორტის ოსტატს და რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯს, მოყვარულთა შორის ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მერაბ თხელიძეს ინტერვიუსთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მისივე ბინაში ვეწვიეთ:

- თბილისის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილის, გელა ჩარკვიანის თანაკლასელი გახლავართ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჭადრაკით ჩემი გატაცება ზვიადის და მერაბის სახელებს დაუკავშირდა.

- როგორ მოხდა ეს ამბავი?

- 1951 წელი იდგა. ხუთი თანაკლასელი - მერაბი, ზვიადი, მე, ზურაბ ჩაჩანიძე და თამაზ ჩანტლაძე შატალოზე წავედით. პიონერთა სასახლეში კალათბურთის წრეზე ჩასაწერად გავემართეთ, მაგრამ იქიდან კინწისკვრით გამოგვყარეს. შეშინებულებმა კორიდორი გამოვირბინეთ და სხვა დარბაზის კარი შევაღეთ, სადაც ახალგაზრდები პინგ-პონგს თამაშობდნენ. იქაც დაგვიტატანეს. მერე, მე და ზვიადმა კიდევ ერთ ოთახში შევიჭვრიტეთ, სადაც მწვრთნელი ჭადრაკში ამეცადინებდა ბავშვებს. მან მელოტი თავი ჩვენსკენ მოატრიალა, რატომღაც, თავის მოსწავლეებად მიგვიჩნია და დაგვიტატანა - სად ხართ ამდენი ხანი, დროზე შემოდითო. ყველა დარბაზიდან გამოგდებულები ასე შევრჩით ჭადრაკის სექციას. მე მეცადინეობა ინტერესით გავაგრძელე, თუმცა კლასელებმა ამ სპორტს გული ვერ დაუდეს და რამდენიმე კვირაში სიარული შეწყვიტეს. მწვრთნელი აღმოჩნდა ვახტანგ ქარსელაძე, რომელმაც შემდეგ აღმოაჩინა ნონა გაფრინდაშვილი, გამოჩენილი ქალი ჩემპიონები - ნონა, ნანა ალექსანდრია, ელისო კაკაბაძე, მანანა ტოგონიძე, ლია ხაჭაპურიძე და სხვები აღზარდა. მეტსახელად "შახტურას" მეძახდნენ. უამრავი სტრატეგია თავად მაქვს მოფიქრებული. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი მათგანი - ჭადრაკში ხშირად თამასდება ხოლმე სიცილიური დაცვა, რომლის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტია მორას გამბიტი, როცა სწირავ პაიკს. სწორედ ამ ვარიანტის გაგრძელება მაქვს დამუშავებული ისე, რომ დღემდე 140 პარტია ვითამაშე დათითოეული გამარჯვებით დამთავრდა. ბოტვინიკს სწორედ ამ ვარიანტით მოვუგე!

- მსოფლიო ჩემპიონს, ბოტვინიკს რა ვითარებაში შეერკინეთ?

- როცა ბოტვინიკმა კომბინაციების მეფე, მიხეილ ტალი დაამარცხა, ამბიციურად განაცხადა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მზად ვარ, ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ნაკრებს ერთდროულად ვეთამაშოო. მართლაც, ყველა რესპუბლიკის ნაკრებთან გაიმარჯვა. 1961 წელს მიხეილ ბოტვინიკი დიდოსტატ სალო ფლორთან ერთად პირველად ჩამოვიდა თბილისში. მსოფლიო ჩემპიონმა რუსთაველის თეატრის სცენაზე ერთდროული თამაშის სეანსი 8 დაფაზე გამართა. ერთ დაფას მე ვუჯექი. თეთრი ფიგურები შემხვდა. ეტყობა, ჩემი დღე იყო, რადგან იმაშიც გამიმართლა, რომ ბოტვინიკმა სწორედ სიცილიური ითამაშა. მინდოდა, მორას გამბიტის გაგრძელებამდე შემეტყუებინა ბოტვინიკი. ოფლი ღვარად მდიოდა, როცა ჩემი ვარიანტით გავაკეთე სვლა. ბოტვინიკმა განცვიფრებით შემომხედა - გიჟად მიმიჩნია - მსოფლიო ჩემპიონს მეორე სვლაზე პაიკს რომელი ჭკუათმყოფელი შეწირავს? მაინც, ჩაფიქრებულმა, ჩვენი მაგიდის საათს ჭადრაკის ცხენი დაადო. შემდეგ ჩემთან ჩამოვლა შეწყვიტა, ვიდრე ნაკრების ყველა წევრთან არ დაასრულა პარტია და ამის შემდეგ ჩემთან ერთი-ერთზე ჩამოჯდა. ყაიმზე ვოცნებობდი. ბოტვინიკისთვის ჩემი ვარიანტი მოულოდნელი აღმოჩნდა. 2 ეტლი და ოფიცერი შევწირე და... 42-ე სვლაზე გავიმარჯვე! განერვიულებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკის ფიგურები სახეში შემომაყარა, მაგრამ გონზე მალევე მოეგო და გამარჯვება გადაჭედილი დარბაზის ოვაციების ფონზე მომილოცა!

- მიხეილ ტალიც დაამარცხეთ?

- ტალი ძლიერო ფილოლოგი იყო და მეცნიერებათა აკადემიაში ლექციებს კითხულობდა. თბილისში ჩამოვიდა და მეცნიერებათა აკადემიის ნაკრებს, 11 კაცს შეგვხვდა. ყველანი შავებით ვიყავით. 2 ყაიმი გააკეთა, დანარჩენები მოიგო, მხოლოდ ჩემთან წააგო! გაოგნებული იყო, რადგან ლაზიერი შევწირე და მაინც მოვუგე. მხურვალედ გადამკოცნა. მერე, ბანკტზე, ის დრო გამახსენა, როცა გურამ კალატოზიშვილს არყის სმაში ეჯიბრებოდა და მე კი, მსაჯად ვყავდი გამწესებული. ტალს ძალიან უყვარდა ქართველები და საქართველო.

- სპასკისთან რაღა მოხდა?

- მოსკოვში საკავშირო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ლენინგრადის ნაკრები დავამარცხეთ და პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ლენინგრადის გუნდის ლიდერი გახლდათ ალექსანდრე ნეკრასოვი, მან ჩემთან პონციარის დებიუტი ითამაშა, რისი დიდი სპეციალისტიც ლენინგრადის გუნდის მწვრთნელი, ბორის სპასკი გახლდათ, მაგრამ ჩემთან 10 სვლაში წააგო. ნეკრასოვზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და წაგების გამო სპასკიმ მაგრად შეახურა - ეს როგორ დაგემართაო. მესმოდა, როცა ეუბნებოდა, იმ მომენტში სეცდომა დაუშვი, სხვანაირად უნდა გეთამაშაო. სპასკის შევეკამათე - თუნდაც მასე ეთამაშა, როგორც თქვენ ახლა ურჩევთ, მაინც წააგებდა მეთქი. იმას მივაღწიე, რომ პონციანის დებიუტის სათამაშოდ თვით ბორის სპასკი დამიჯდა. ამ სტრატეგიის ჩემეული ვარიანტი საგულდაგულოდ მქონდა დამუშავებული და სპასკის 16 სვლაში მოვუგე! ამ პარტიამ მთელი მსოფლიო მოიარა.

-მოყვარულთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობას როგორ მიაღწიეთ?

- 1996 წლის აგვისტო იდგა. ჭადრაკის სასახლესთან მაია ჩიბურდანიძეს შეჩეხე, რომელმაც შემატყობინა რომ ინგლისის ქალაქ ჰასტინგში საახალწლოდ მოყვარულთა შორის მსოფლიო პირველობა უნდა გამართულიყო. - მაიკო, ტროლეიბუსის ფულიც არ მაქვს, ინგლისში როგორ წავალ მეთქი. იქ მონაწილეობის უფლება დიდოსტატებს არ აქვთ. სპორტის ოსტატი თავადაც გახლავართ და ინტუიციით ვგრძნობდი, თუ წასასვლელ თანხას, 2500 დოლარს ვიშოვიდი, წარმატებასაც მივაღწევდი. რამდენიმე თვის განმავლობაში მანეთებით და კაპიკებით ვაგროვე. ბოლო 100 დოლარი, რომელიც მაკლდებოდა, მევახშისგან 50 % -ით ვისესხე. როგორც იქნა ჰასტინგში ჩავედი. ერთი დღე-ღამე სასტუმროში 100 დოლარი ღირდა და ამ ტურნირის მსაჯის დახმარებით, რომელმაც გაიხსენა, თუ ადრე როგორ დავამარცხე - საერთო საცხოვრებელში მოვეწყვე, სადაც მხოლოდ 5 დოლარს ვიხდიდი. ბოლო 4 დღის ფული მაინც არ მეყო და ავტობუსის გაჩერებაზე ვათენებდი იმ ყინვაში. 17 დღე ვიშიმშილე. ამის მიუხედავად, ცხრიდან რვა პარტია მოვიგე და მსოფლიო პირველობაში მეორე ადგილი მოვიპოვე. ფულადი ჯილდო თბილისში დაბრუნებისას ვალების გაქვითვას მოვახმარე, კაპიკიც არ გადარჩა, თუმცა ეს ტიტული ხომ შემრჩა.

- თქვენი ბოლო მიღწევა რომელია და მომავალში რას აპირებთ?

- 2007 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი ხანდაზმულთა შორის. მსგავსი სენიორთა შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბითაც იმართება და მასში 75 წელს გადაცილებული ხანდაზმულები მონაწილეობენ. ზუსტად ვიცი, რომ, თუ მონაწილეობა შევძელი, აუცილებლად გავიმარჯვებ!

ბოლოთქმა:

უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როცა ჩემმა უცნაურმა მასპინძელმა კიდევ ერთხელ შეძლო ჩემი გაკვირვება - თაროდან სქელი შეკვრები გადმოიღო, რომელშიც ცალ-ცალკე წიგნებად "ასავალ-დასავალში" დაბეჭდილი რუბრიკები წიგნების ფორმით იყო აკინძული. - მე ამ გაზეთის და მისი რედაქტორის დიდი გულშემატკივარი ვარ, ლაშა ნადარეიშვილის 2 ბრწყინვალე ლექსი ჩემს შედგენილ ლექსების კრებულშია შევიტანე, ამას გარდა, წიგნად ავკინძე ყველა ლექსი,რაც კი ლაშა ნადარეიშვილს ასავალ-დასავალში გამოუქვეყნებია, რადგან ეს ლექსებიც და "ასავალ-დასავალის" უკლებლივ ყველა ნომერი სამშობლოს კეთილდრეობაზე დარდით, მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად გზების ძიების სურვილით არის გაჟღენთილიო - დასძინა ბატონმა მერაბმა და თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი მოურიდებლად მოიწმინდა.

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"