ეკონომიკა
„ლარის გაუფასურება კარგად კონტროლირებადი პროცესია, არ იფიქროთ, რომ არიქა და მართალაც, საბაზრო სტიქიაა...“-დემურ გიორხელიძე
„ლარის გაუფასურება კარგად კონტროლირებადი პროცესია, არ იფიქროთ, რომ არიქა და მართალაც, საბაზრო სტიქიაა...“-დემურ გიორხელიძე

მახინჯი საბანკო სისტემის და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკება გრძელდება. პრივილეგირებული ბიზნესჯგუფები, რომლებიც კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებით არ არიან დაინტერესებულნი, ქვეყნის სწორ განვითარებას აფერხებენ. უმუშევრობის, ფასების კატასტროფული ზრდის და ლარის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბისთვის არის განწირული. ეკონომისტთა ნაწილი თვლის, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური, საკმაოდ კარგად კონტროლირებადი  პროცესია და საბაზრო სტიქიით სულაც არ არის გამოწვეული.

რა როლს თამაშობს შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ნეოლიბერალური იდეოლოგია? შეძლებს თუ არა ხელისუფლება გადახალისებული გუნდით რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევას? რით არის გამოწვეული ლარის რეკორდული გაუფასურება? რა როლი აქვს ხელისუფლებასთან დაახლოებულ მონოპოლიურ ჯგუფებს ქვეყნაში არსებული უმწვავესი პრობლემების შექმნაში? ამ აქტუალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრება:

-ბატონო დემურ, ლარის გაუფასურების მაჩვენებელმა ბოლო დღეებში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.  რის ბრალია შექმნილი ვითარება, ზღვარი აქვს ამ პროცესს, როგორ ფიქრობთ?

-ეს არის ხელოვნური პროცესი, საკმაოდ კარგად კონტროლირებადი, სხვა რამ არ გეგონოთ. ის უაზრო განცხადებები, რასაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მის დამქაში ე.წ. ექსპერტები აკეთებენ  ძალიან არაკვალიფიციური ჟურნალისტების ტელეგადაცემებში, დაცინვის ტოლფასია. იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკი პროცესში არ უნდა ჩაერიოს, წმინდა წყლის სისულელეა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი და ხელისუფლება კერძო სტრუქტურის  საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მაკრო დონეზე ეკონომიკა არ მართო, ეს უდიდესი სისულელეა. ამ ნეოლიბერალურ სისულელეს  ძალიან არასერიოზული ხალხი  ლობირებს. თუ ვინმეს ეწყინება ჩემი ნათქვამი, მე თქვენი და ტელევიზიების საშუალებით საჯაროდ მზად ვარ წარმოვადგინო მომნეტარულ პოლიტიკის შესახებ მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტების სახელმძღვანელოები. გადავშალოთ ნებისმიერ გვერდზე, ჩვენმა ე. წ. ექსპერტებმა წაიკითხონ რა წერია შიგნით და  თუ მე მართალი არ ვიქნები, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი.

არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა და მე ვიტყოდი, აგრესიული დილეტანტიზმი მთელ ქვეყანას მოედო და გვაქვს შედეგი, რომელიც უკეთესი ვერ იქნებოდა.

ყველაფერი კარგად კონტროლირებადია, არ იფიქროთ, რომ არიქა და მართალაც საბაზრო სტიქიაა. ამ ყველაფრის თავი და თავი არის საქართველოს პარლამენტი, თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა უნდა მტკიცდებოდეს პარლამენტის მიერ, ფარატინა ქაღალდია დამტკიცებული. ეს პოლიტიკა უნდა იყოს კოორდინირებული მთავრობის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკასთან. ჩვენ გვაქვს ფრაგმენტალურ შეხედულებათა სისტემა, ასე მსოფლიოში ეკონომიკა არ იმართება.

ამიტომ ეროვნული ბანკი იქცევა ისე, როგორც უნდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩვენს შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ამბობს, არ ვერევით ბაზრის მოქმედებებშიო. რომელი ბაზრის მოქმედებებში? სად არის ეს ბაზარი? რომელი ინსტიტუტები და თვითრეგულაციები არეგულირებს ქართულ ბაზარს? ქართული ბაზარი გადაცემულია მსხვილი ოლიგოპოლიური მოთამაშეებისთვის. ნახეთ, რა ხდება ფარმაცევტულ სფეროში, ნავთობპროდუქტების სფეროში, ყველგან  ფასების არანორმალური ზრდაა, ნახეთ კვების პროდუქტები, იმპორტიორები, ნახეთ შესყიდვები რა ფასებითაა გაკეთებული ჩინეთში,  ირანსა თუ თურქეთში და როგორ იყიდება აქ.

ჩარევა იმას ნიშნავს, რომ მაკრო დონეზე უნდა იმართებოდეს ყველაფერი, როგორც ეს მსოფლიოში ხდება, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს დამპალი ნეოლიბერალური შეხედულებები, რომელსაც არასერიოზული ხალხი ახმიანებს.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი პირველი პრობლემა ბანკებთან დაკავშირებით არსებობს, მოსახლეობის უმრავლესობა კაბალური ხელსეკრულებებიდან გამომდინარე საბანკო მონსტრის მონაა...

-მახინჯი საბანკო სისტემა, ფულის ხელმიუწვდომლობა არის სწორედ ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ქვეყნის განვითარებისთვის. 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ხელისუფლებასთან ასოცირებული პრივილეგირებული ბიზნესჯგუფები, რომლებიც ოლიგოპოლიურ ბაზრებზე ხელისუფლების ხელშეწყობით ფუნქციონირებენ. სამი-ოთხი მოთამაშეა ყველაზე ბაზარზე, რომლებიც ქმნიან  და შექმნიან კიდევ პრობლემებს, რათა  კონკურენტუნარიან დარგებში არაფერი განვითარდეს და არაფერი გაკეთდეს. სახელმწიფო შესყიდვების ბერკეტი, რომელიც ეკონომიკაზე ზემოქმედების შესანიშნავი საშულებაა მთავრობის ხელში, არაერთი მაღალჩინოსანისმიერ გამოყენებულია ჩინეთში ბიზნესების ასაწყობად. სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი იმპორტის მეშვეობით იფარება, რაც კრიტიკული მდგომარეობის მანიშნებელია.

მოსახლეობამ სამწუხაროდ, თვითონ ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში. იგი აბსოლუტურად არაკრიტიკულია, სიტუაციას სწორად არ აფასებს, არჩევნებს, როგორც ბერკეტს არასდროს არ იყენებს, ემოციით მოქმედებს, ემოციით შედეგები არ  მიიღწევა. საშუალო ფენა  ჩამოყალიბებული არ არის. ქვეყანაში რამდენიმე ათეული ძალიან შეძლებული ჯგუფი არსებობს, დანარჩენები  სიღარიბისთვის არიან განწირულნი. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი  ემოციის ხარჯზე იღებს გადაწყვეტილებებს და სულაც არ ანაღვლებს საკუთარი შვილების   მომავალი. მათ მოსწონთ ბელადი, მარჩენალი, ვარსკვლავი, შუქურა და ა. შ. ამიტომ ეს მდგომარეობა საზოგადოების არაკრიტიკული განწყობის შედეგიც არის.

- ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები? რამდენად შეძლებს განახლებული გუნდი ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი საკითხების გადაწყვეტას, ოპტიმისტურია თუ არა თქვენი მოლოდინები?

-პირველი შეფასებებით, სამინისტროების შემცირება სწორი ნაბიჯია, მაგრამ ეს არის ნახევარნაბიჯი. 2012 წელს, როდესაც ჩვენ ქვეყნის განვიათარების კონცეფციას ვწერდით, სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით 9-11 სამინისტრო უნდა დარჩენილიყო და ცენტრები მონიშნული გვქონდა.

იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს, რაც არ არის კარგად წარმოდგენილი. ეკონომიკური სტრატეგიის გენერირება ეკონომიკის სამინისტროში უნდა მოხდეს, არავითარი დარგობრივი სამინისტროები საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ეკონომიკა სხვანაირად იმართება. მე დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საჭირო არ არის, ისევე როგორც კიდევ 4-5 სამინისტრო სრულიად ზედმეტია.

სოფლის მეურნეობა თავისი განსაკუთრებული სპეციფიკის გამო ძალიან ბევრ ქვეყანაში ცალკეა გამოყოფილი. საკითხავი ისაა, რამდენად ეფექტურია მისი საქმიანობა, მაშინ, როდესაც ეს სამინისტრო ბანკის კლერკებს  აქვთ ხელში ჩაგდებული.  რაღაც პროდუქტებს ქმნიან, რომლის მეშვეობითაც  ფული ბიუჯეტიდან  ბანკებში გადადის, ეს უკვე სხვა თემაა და სხვა შეფასების საგანია.

რაც შეეხება გუნდს, პერსონალიებზე საუბარი მე არც მიყვარს და არც არის სწორი. გითხრათ სიმართლე, ახალი ჯგუფი დალხინებულ მდგომარეობაში  არ არის.  რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება ათი თავით მაღლაა იმ ბანდიტებზე, მძარცველებზე, კრიმინალების ჩამნაცვლებელ კრიმინალებზე, რომლებივ გვყავდა, მაგრამ ეს სხვა თემააა.  

ვითარების სიმძიმე იმაშია, რომ მიუხედავად გარკვეული სტაბილურობისა  და ეკონომიკის მცირე ზრდისა, ეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე ვერ აისახება. ჯერ კიდევ ძალიან მცირეა, ხელფასზე მყოფი მოქალაქეების რიცხვი, ასეთი დაახლოებით 730.000  ადამიანია,  მილიონზე მეტი თვითდასაქმებული გვყავს, მილიონ ნახევარი ქვეყნიდან არის გასული, ბუნებრივია, მთავრობას მაგარი თავის ტკივილი აქვს. ასე რომ, შედეგებს უნდა დაველოდოთ.

-ეკონომიკის სფეროდან ძალოვან სტრუქტურებში გადაადგილებები და მსგავსი „კარუსელი“ რა გზავნილს შეიცავს, როგორ ფიქრობთ? თუ ეკონომიკა აყვავდა, ხელმძღვანელი რატომ არ რჩება იგივე პოსტზე? თუ ვერ გაართვა თავი, მაშინ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ სხვა სფეროს წარმატებით უხელმძღვანელებს? აქ  კონკრეტულ პერსონებზე არ მაქვს საუბარი, მოგეხსენებათ, ამგვარი ტენდენცია წლებია გრძელდება უკვე, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის საფუძველი?

-ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ღია, გახსნილი საზოგადოება, სადაც ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერება, პატიოსნება, წესიერება და მაღალი პროფესიონალიზმის ძიება მიდის. აშკარაა, რომ საუბარია გარკვეულ გუნდზე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფისათვის თუ პიროვნებისათვის ყველაზე სანდო და საიმედოა. ყველაფერი გუნდის ფარგლებში იხარშება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალიან რთული, მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ არაორგანიზებული სამინისტრო, ამიტომ, როგორც წესი, უცხო ადამიანს იქ არ ნიშნავენ. გუნდის წევრები იკავებენ სამინისტროს პირველი პირების თანამდებობებს და ჩვენ გვრჩება ის, რომ შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ. 25 წელია ასეა, რა გამოვიდა კი ვიცით. ჯერჯერობით ამ გუნდს რაღაც პერსპექტივა წინა აქვს, მოსახლეობა კი როგორც არის, ისე იქნება, ახალი არაფერი მოხდება. უახლოეს 3-4 წელიწადში არაფერი შეიცვლება. ოდნავადაც რომ რაიმე ძვრა იყოს და ათიათასი კაცი მაინც დასაქმდეს, ესეც დიდი რამ იქნება, თუმცა მე არა მგონია რაიმე უკეთესობა ვიხილოთ. ტურიზმზე აქცენტირება და კიდევ ის, რომ ბევრი ვიზიტორი მოდის ქვეყანაში, არ არის წარმოების ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკა უნდა განავითაროს, ეკონომიკას სულ სხვა რესურსები განავითარებს.

-რა სტრუქტურული ცვლილებებია მაშინ საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობამ პოზიტიური შედეგები საკუთარ თავზე იგრძნოს?

-მოსახეობამ რომ საკუთარ თავზე იგრძნოს, საჭიროა ეკონომიკის სწრაფი ზრდა. მეორე, აუცილებელია ადამიანური კაპიტალის მაქსიმალური გამოყენება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გამოუყენებელი რესურსი. მეცნიერება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ჩვენი ხალხის უნარები, ცოდნა, გამოცდილება- ჩვენ ამ რესურსს ვერ ვიყენებთ, სამწუხაროდ...

საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მახინჯი ფინანსური სისტემაა, უმრავლესობისთვის ფული ხელმიუწვდომელია. ჩვენ გვყავს ნაკლებად განათლებული თანამედროვე მუშახელი, ადამიანები არ არიან ადაპტირებული რეალობასთან, ეს ახალი რეალობა არც დამდგარა ქვეყანაში, ეს არ არის ინოვაციურ გზებზე შემდგარი ქვეყანა, სადაც ჩვენ დიდი რაოდენობით ფულს განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაში ჩავდებთ. ადამიანი მისი ფიზიკური მდგომარეობის და ცოდნის მიხედვით პროდუქტიულ შრომაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს უმუშევრთა არმია და ქვეყნიდან გასული ადამიანები. მთავრობამ აქცენტები უნდა შეცვალოს, თორემ ეკონომიკა შეიძლება 6-7 %-ით გაიზრდოს, მაგრამ ასეთი ზრდები მაინც „გზა არსაითკენ“ იქნება...

-ჩვენი ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია? დასავლეთისგან  ნეოლიბერალური იდეოლოგიური ზეწოლა ჯერაც საკმაოდ ძლიერია...

-ვერაფერს გეტყვით, ვარაუდებზე საუბარი არ მიყვარს, თავისუფალია თუ არა, მან თაგვი უნდა დაიჭიროს იმ ოთახში, სადაც თაგვი არის, შედეგი უნდა იყოს.

დასავლეთშიც ებრძვიან იმ საშინელებას, რასაც ბოლშევიკური ნეოლიბერალიზმი ჰქვია და რომელმაც შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მარტივი სიტუაცია არ არის, უბრალოდ, საქართველოში, როგორც სუსტ ქვეყანაში, ამ ყველაფერმა ძალიან ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა. ბოლო ოც წელიწადში წამოიზარდა თაობა, რომელიც ამ იდეოლოგიაზეა გაზრდილი. როგორც ბოლშევიკები ზრდიდნენ იდეოლოგიაზე ადამიანებს, ისე ზრდიან ქართულ  თითქოსდა პროგრესულ ინსტიტუტებში თაობებს, სწვალება არა პროფესიონალიზმზე,  არამედ ნეოლიბერალურ იდეოლოგიაზეა ორიენტირებული, ეს არის ტრაგედია. ასეთი სისულელეები მსოფლიოს არცერთ უნივერსიტეტში არ ხდება.

თუ ვინმეს არ მოეწონება ამ წამყვანი უნივერსიტეტების შესახებ ჩემი შეფასება, ესეც საჯაროდ შეიძლება განვიხილოთ. ასე რომ, ის რაც გვჭირს, გვჭირს ჩვენი თავიდან, სხვას ნუ დავაბრალებთ. გონიერი პოლიტიკით და ცივილიზირებულ სამყაროსთან მჭიდრო შეგვიძლია ურთიერთობით  ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგ რელსებზე გადავიყვანოთ.