რელიგია
"დაუშვებლად მიმაჩნია აღსარების ფეისბუქით ჩაბარების პრაქტიკა" - მამა დავითი
"დაუშვებლად მიმაჩნია აღსარების ფეისბუქით ჩაბარების პრაქტიკა" - მამა დავითი

"ადამიანები ერთმანეთს დაცილდნენ და გაუუცხოვდნენ. ადამიანები ერთმანეთთან უშუალოდ აღარ კონტაქტობენ, მათ შორის, უფალის მაგივრად, სოციალური ქსელები და ვირტუალური სამყარო გაჩნდა. ადამიანები ერთმანეთს ფეისბუქით ესალმებიან და ემშვიდობებიან, ეფერებიან და ეჩხუბებიან. სამძიმარს ფეისბუქით გამოთქვამენ და იუბილეს ფეისბუქით ულოცავენ, უფრო მეტიც, ფეისბუქის საშუალებით ოჯახური წყვილები ერთმანეთს ვირტუალურად კიდეც ღალატობენ! რეალური ურთიერთობები თანდათან, ვირტუალურ სივრცეში გადაიზარდა!" - არის თუ არა სოციალური ქსელები ანტიქრისტეს ბეჭედი და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა მდგომარეობამ? გვესაუბრება სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე:

- ყველგან, სადაც უფლის ადგილს ვისმეთი ან რაიმეთი გატაცება იკავებს, უსჯულოება და ცოდვა ისადგურებს. "მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ. ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის..." - ამბობს უფალი (იოანეს სახარება 15. 5-6) და ამგვარად მიგვანიშნებს, რომ თუ ყოველ ორ ადამიანს შორის უფალი არ დგას, როგორც ვაზის ღერო ლერწებს შორის, მაშინ ისინი ღმერთს კი არა, ბოროტ ძალებს ემსახურებიან. ჩვენთან, მღვდელმსახურებთან მოდის უამრავი ადამიანი, რომლებიც გულისტკივილით გვიყვებიან, თუ რა მავნე გავლენა მოახდინა მათ ცნობიერაბაზე სოციალური ქსელით ურთიერთობებმა და ზოგადად, კომპიუტერთან მიჯაჭვულობამ - ზოგიერთი უმძიმეს დეპრესიაშიც კი ჩააგდო.

- სოციალური ქსელებს მხოლოდ ნეგატიურად აფასებთ?

- არავინ ისე არ მიიღოს, თითქოს ეკლესია ტექნიკურ პროგრესს უპირისპირდება. მთავარია, ადამიანი იმ დოზით იყენებდეს ამ მიღწევებს, რაც მისი სულისთვის საზიანო არ იქნება. სამწუხაროდ, კომპიუტერმა ჩვენს სახლებში მართლაც ზედმეტი ფუნქციები შეიძინა და შეუფერებელი ადგილი დაიკავა, ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთისგან მოგვწყვიტა და საკუთარ ნაჭუჭებში გამოგვკეტა. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მოკლებულები არიან სულიერ ღირებულებებს. ტელევიზორიც და ინტერნეტიც ადამიანს თავისკენ მაცდურად იზიდავს და ჰიპნოზურ მდგომარეობაში შეჰყავს იგი. ეს განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება ბავშვებზე. ბავშვი, რომელიც საათობით არის კომპიუტერთან მიჯაჭვული, მშობელს ეურჩება და უარს აცხადებს უმარტივესი მოვალეობების შესრულებაზე, როცა კომპიუტერიდან მის დისტანცირებას ცდილობენ, არის გაღიზიანებული და აგრესიული, სახეზე და ჰაბიტუსზეც აისახება ეს მდგომარეობა.

- ანუ, აღარ არის ჯანმრთელი? ფსიქიკაზე აისახება ეს მიჯაჭვულობა?

- ასეა, ვინაიდან კომპიუტერული თამაშები და ფილმები, რომლებიც ყმაწვილებს იზიდავთ, ძირითადად გარყვნილებაზე, ძალადობაზე და ბოროტებაზეა აგებული. ხანგრძლივად ასეთ ვირტუალურ სამყაროსთან კონტაქტი ყმაწვილებში ისეთ გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს, რომლებიც საზარელ მოქმედებებში შეიძლება გამოვლინდეს. ახლახან გამოვლინდა ერთი ასეთი მავნე გავლენა, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, სრულიად მსოფლიოც შეძრა - ინტერნეტით გავრცელდა თამაშად მონათლული მოწოდებები, რასაც პირობითად ლურჯი ვეშაპი ერქვა. ყმაწვილები ყოველდღიურად გარკვეულ დროს უთმობდნენ ამ თამაშს და ემორჩილებოდნენ მითითებებს, რომელიც თავიდან იყო უმარტივესი, შემდეგ რთულდებოდა და იმდენად იპყრობდა მათ გონებას, რომ უყოყმანოდ იკლავდნენ თავს, როცა შესაბამის მითითებას იღებდნენ! ფსიქოლოგებიც აღიარებენ, რომ ეკრანი იწვევს ნერვულ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეეკრანთან თუ კომპიუტერის მონიტორთან ყოფნით ადამიანი იღებს იმდენ ინფორმაციას და შთაბეჭდილებას, რამდენსაც ის ადრე მთელი თვის განმავლობაში ვერ მიიღებდა! ტვინი ვერ უძლებს ინფორმაციის ასეთ ნაკადს, ამხელა დატვირთვას და ცვდება. ეს ითქმის არა მხოლოდ ყმაწვილებზე, არამედ უკლებლივ ყველა თაობის ადამიანზე.

- კომპიუტერმა ადამიანებს შორის რეალური ურთიერთობები ვირტუალური კონტაქტებით ჩაანაცვლა. ეს კარგია თუ ცუდია?

- კარგია, როცა დედას აქვს საშუალება, ყოველდღიურად ესაუბროს სხვა კონტინეტზე მცხოვრებ შვილს, მაგრამ გამართლება არ აქვს მდგომარეობას, როცა ოჯახის წევრები ოთახიდან ოთახში პირად ტელეფონებთან თუ კომპიუტერებთან მიყუჟულები ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტებიან! ეკრანს მიშტერებულ ახლობელს რაღაც რომ კითხო, უჭირს ეკრანისთვის თვალის მოცილება და რეალურ ადამიანზე გადმორთვა. დაიკარგა მოყვასის მიმართ სითბო, სიყვარული, ეს ყველაფერი ჩაანაცვლა კომპიუტერულმა ვირტუალურმა ცივმა დამოკიდებულებამ, ადამიანები ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში ყალბად ესალმებიან, ერთმანეთის მიმართ რეალურ თანადგომას ჩაენაცვლა ვირტუალური ნუგეში. სამძიმარმაც კი, რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა! მეგობრის და ნაცნობის მიმართ ყურადღებას ვინღა ჩივის, როცა ოჯახის წევრები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. ადრე ლხინის სუფრა ადამიანების ერთმანეთთან დაახლოვების საშუალება იყო. თუ დააკვირდებით, საზარელ სურათს იხილავთ - სუფრას უსხედან ადამიანები, რომლებსაც თვალი პირად ტელეფონებში აქვთ ჩარგული და ყველა საკუთარ სამყაროშია გამოკეტილი!

- არის ასეთი აზრიც, რომ კომპიუტერი და სოციალური ქსელები ეშმაკის იარაღს წარმოადგენს. სწორია ასეთი შეფასება?

- ეშმაკი მუდამ ცდილობს ადამიანის ცდუნებას. ყველგან, ყველა სიტუაციაში უგებს მახეს, რომელშიც ძირითადად ებმება მცირედ მორწმუნე, უფლის მცნებების არმცოდნე და უფალს დაშორებული ადამიანი. ცდუნება ყველგან არის, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც მოჭარბებულია. წარმოიდგინეთ, რამდენად მომეტებულია საცდური იქ, სადაც ინფორმაციის განუზომელი ნაკადია! სადაც გარყვნილებას და ძალადობას ადამიანი კლავიშზე თითის ერთი დადებით აწყდება. ყველაფერი ძალიან ახლოა, მისაწვდომია და რარიგ ძნელია თავის შეკავება, როცა მუდმივად უმზერს ადამიანი საცდუნებელს! უფრო მეტსაც გეტყვით - უკვე ოჯახებს ემუქრება ასეთი ცდუნებები!

- რას გულისხმობთ, მამაო?

- არ მინდა ფაქიზ საკითხებს უხეშად შევეხო, მაგრამ რატომღაც გავრცელებულია ისეთი ტენდენცია, როცა ბიჭებს ჰყავთ მეგობარი გოგონები. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ისეთი გაგებით ურთიერთობაზე, რაც აუცილებლად ინტიმურ კავშირს გულისხმობს, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა არ არსებობს! თუნდაც ცნობიერად არ ფიქრობდნენ სურვილებზე, გონების სიღრმეში მაინც ილექება ლტოლვა. მღვდელმსახური ვარ და ჩემთან ასეთი მეგობრობით ცდუნებული არაერთი ადამიანი მოსულა აღსარებით, რომელსაც ერთი შეხედვით, უწყინარი მესიჯობით დაუწყია მეუღლის დაქალთან ან ნათესავთან კონტაქტი და ფარული შეხვედრებით, სიძვით და მრუშობით დაუსრულებია. ასეთი მიმოწერები შეხვედრითაც რომ არ დასრულდეს და ამ ორ ადამიანს შორის მხოლოდ ინტიმური სურვილების ერთმანეთისთვის ვირტუალურად გაზიარების დონეზე დარჩეს, მაინც დიდი ცოდვაა, ვინაიდან უფალი ამბობს, რომ გულისთქმით შეხედვა და სურვილის გაფიქრებაც ცოდვაა! ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდება ასეთი ცდუნებისგან თავის დაღწევა თანამედროვე ადამიანს, როცა სოციალური ქსელი ადამიანების მოშიშვლებული სხეულის ფოტოებით არის მოფენილი! უფრო მეტსაც გეტყვით: ცოლ-ქმარს თავ-თავიანთი ფეისბუქები აქვთ და ხშირად ისეც ხდება, რომ ორივენი ერთვებიან სხვა ადამიანებთან ფლირტში, რაც ქათინაურით იწყება, მაგრამ ვერც კი ხვდებიან ზღვარს, სადაც უნდა შეჩერდნენ! უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა ცოლ-ქმარი ფეისბუქით, ვირტუალურად ღალატობს ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთმანეთის მიმართ გრძნობა და ლტოლვა უცივდებათ და ოჯახები დანგრევამდე მიდის! ასეთი ადამიანების ნაწილი თავად არის შეწუხებული, რომ ვირტუალურ ურთიერთობაში ღრმად შეტოპა და დასრულებას ვერ ახერხებს.

- მაშ, როგორ უნდა ავირიდოთ ასეთი ცოდვა? ჩვენს დროში ფეისბუქზე უარს ვერავინ იტყვის. მამაოებსაც აქვთ თავიანთი ფეისბუქები. აღსარებასაც კი იღებენ ფეისბუქზე.

- ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც მობილურ ტელეფონს ერთადერთი დანიშნულებით - საქმიანი ზარებისთვის იყენებს. ფეისბუქიც შეიძლება, ადამიანმა მხოლოდ კეთილი საქმისთვის და სათნო ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს. არ გავიკითხავ სხვა მღვდელმსახურებს, თუმცა მე ფეისბუქი არ მაქვს და არც ჩემი მეუღლე სარგებლობს. რაც შეეხებათ შვილებს, მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ მშობლებმა 14-15 წლის ასაკამდე მაინც უნდა მოახერხონ ბავშვის გარიდება კომპიუტერისგან, ან მკაცრად გააკონტროლონ კომპიუტერთან ბავშვის საქმიანობა, რადგან ბავშვმა შეიძლება არაერთი კადრი ნახოს, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება და მის ფსიქიკაზე გავლენას მოახდენს. დაუშვებლად მიმაჩნია აღსარების ფეისბუქით ჩაბარების პრაქტიკა. როცა მრევლი უცხოეთშია, მაშინ დასაშვებია აღსარების თქმა ტელეფონში, ისიც, ყოველდღიური, ყოფითი და არა მძიმე ცოდვების მონანიება. მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება მიმოწერით, ანუ იმ ფორმით, რომ საიდუმლო დაირღვეს, სხვამ იხილოს. რეალურ სივრცეში ცოდვის თავიდან არიდება მხოლოდ საცდურისგან დისტანცირებით შეიძლება. ვირტუალურ სივრცეში საცდური გაცილებით მომეტებულია და შესაბამისად, არიდება უფრო ძნელია, მაგრამ დაე, ნუ შევალთ იმ საიტზე, რომელიც ძალადობის, გარყვნილების და სხვა ცოდვების ელემენტებს შეიცავს. გამოვიყენოთ სოციალური ქსელები მხოლოდ კეთილი ინფორმაციის გაცვლის და ჯანმრთელი კომუნიკაციის მიზნით. უნდა გავაცნობიეროთ, რომ კომპიუტერი გვართმევს მოყვასთან ურთიერთობის, ლოცვის, ცხონებასა და სულზე დაფიქრების საშუალებას. იმდენ მიწიერ ინფორმაციას და საფიქრელს გვთავაზობს, რომ ადამიანს ღმერთისთვის დრო არ რჩება! ადამიანს დიდი სულიერი ძალები სჭირდება იმისთვის, რათა კომპიუტერიდან წამოსულ საცდურს გაუძლოს და სოციალური ქსელები მხოლოდ ღვთის სადიდებელი საქმეების საკეთებლად გამოიყენოს! სოციალურ ქსელებთან და ზოგადად კომპიუტერთან ხანგრძლივი კონტაქტი განსაკუთრებით მცირედ მორწმუნეებს აზიანებს. ამიტომ საზოგადოებას ვურჩევ - ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ღმერთზე ფიქრი და რეალური ურთიერთობები გერჩიოთ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია.

წყარო: "ასავალ-დასავალი"