პოლიტიკა
„ეს ყველაფერი შეერთებული შტატების წარმოუდგენელი სიხარბე და თავხედობაა, უნდათ ყველა მათ ბრძანებას ემორჩილებოდეს“- დაემუქრა თუ არა ნატო ერდოღანს?
„ეს ყველაფერი  შეერთებული შტატების წარმოუდგენელი სიხარბე და თავხედობაა, უნდათ ყველა მათ ბრძანებას ემორჩილებოდეს“- დაემუქრა თუ არა ნატო ერდოღანს?

 

ნატოსა და მის ძირძველ წევრ თურქეთს შორის ურთიერთობა  კვლავ იძაბება. მოკავშირეებს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც ნორვეგიაში ჩატარებული სამხედრო ღონისძიებისას ნატოს მტრების სიაში ერდოღანი და ათათურქი აღმოჩნდნენ. „ინციდენტი ერთი ადამიანის ქმედებების შედეგი იყო და არ ასახავს ნატო-ს მიდგომებს “, - მიუხედავად იენს სტოლტენბერგის ამგვარი თავის მართლებისა, თურქეთის ხელმძღვანელობა ბოდიშს არ იღებს და საკუთარი სამხედროებს უკანვე იწვევს.

ამავდროულად თურქეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აშშ ყოველთვის არღვევს შეთანხმებებს.
„აშშ-მ ძალიან დაგვწყვიტა გული. გვითხრეს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან და რა გააკეთეს? „ისლამურ სახელმწიფოს“ დოლარები მისცეს. შეერთებულ შტატებში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩა, - აცხადებს ერდოღანი.

დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე თურქეთი ისტორიულ მტრებთან-რუსეთთან და ირანთან კავშირს აღრმავებს და კრავს.  პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჰასან როუჰანს სოჭში მასპინძლობს. ლიდერები სირიის კონფლიქტის დარეგულერების საკითხზე თანხმდებიან. კრემლის ლიდერის განცხადებით, შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიღწეულია.

"ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში შეერთებულ შტატებს და ისრაელს ირანიც ადანაშაულებს. ოფიციალური თელავივი ირანს განადგურებით ემუქრება. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის თქმით,, ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ თავისი თავი ამოწურა და ჯერი ირანზე დგება.

რამდენად სახიფათო პროცესები მიმდინარეობს საქართველოს გარშემო? რას ნიშნავს ნატოს მტრების სიაში თურქეთის და ერდოღანის შეყვანა?  როგორ აისახება საქართველოზე  რუსეთ-თურქეთ-ირანის კავშირის გაღრმავება? შესაძლოა თუ არა, რომ  ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები  დაიწყოს? რამდენად ადეკვატურია საქართველოს  ხელისუფლების პოლიტიკა საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში? ამ და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება:

-ბატონო ჰამლეტ, ინციდენტი, რომელიც თურქეთსა და ნატოს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა, რამდენად შესაძლებელია, რომ მართალაც შემთხვევითობა ყოფილიყო?

-ეს ინციდენტი უკავშირდება იმ დაძაბულობას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს მათ შორის. ბოლო  ინციდენტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის. თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობა არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ სამხედრო საკითხებშიც აღადგინა. თურქეთი აპირებს რუსეთისგან შეიძინოს ძალიან დახვეწილი, თანამედროვე რაკეტული თავდაცვის სისტემა ს-400, ამან  ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ნატოში.

-თვლით, რომ ამის გამო  ნატოს მხრიდან ირიბი მუქარა განხორციელდა?

-ირიბი კი არა პირდაპირი მუქარა განხორციელდა. ერდოღანს პირდაპირ უბრძანეს, რუსეთისაგან არავითარი იარაღი არ შეეძინა, მაგრამ ეს მას სულსც არ აინტერესებს. ერდოღანმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ თურქეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის დაცვა, ვიდრე ნატოსთვის თავის დაღუნვა.

ამან  ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია როგორც ნატოში, ისე შეერთებულ შტატებში, ამიტომაც მოხვდა თურქეთი და მისი პრეზიდენტი ნატოს მტერთა რიცხვში. ამ ფაქტმა ცხადია, მოთმინებიდან გამოიყვანა ერდოღანი და ის თურქი ჯარისკაცები, რომლებიც წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას. შემდეგ კი მოიხადა ბოდიში სტოლტენბერგმა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი შეიცვალა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია ნატოში, ან თუნდაც დაშლის პირას მისულ ევროკავშირში.

ნატოსთან ურთიერთობა საკმაოდ დასაფიქრებელია ისეთი ქვეყნისთვისაც, როგორიც  საქართველოა. ჩვენთან კიდევ ბევრი არის იმის მსურველი, რომ ამ ორგანიზაციაში როგორმე თავი შერგოს. მე ვიტყოდი, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, არის მახე ნებისმიერი თავისუფალი ქვეყნისთვის. შეხედეთ რა ვითარებაა ევროკავშირში, როგორი სკეპტიკური დამოკიდებულებაა ევროკავშირის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ინგლისის გასვლა ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა დანარჩენებიც დაფიქრდებიან ასეთი კავშირის არსებობის თაობაზე. ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ცხადია, საქართველოში-არა.  საქართველოში როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას  წარმოდგენა არა აქვს ევროკავშირზე, ისევე როგორც წარმოდგენა არა აქვს ნატოზე.

თურქეთი ნატოს გუშინდელი წევრი კი არ არის, ლამის ამ ორგანიზაციის შექმნიდან არის  მის შემადგენლობაში. თურქეთი, თავისი ჯარით და შეიარაღებით არის ნატოს ფორპოსტი ამ რეგიონში და არამარტო რეგიონში. ერდოღანმა აწონ-დაწონა ნატოსთან ურთიერთობის საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც თურქეთისთვის თავს დადებს. ეს  ჯერ კიდევ კვიპროსის მოვლენების დროს გახდა ცნობილი. მოგეხსენებათ, კვიპროსი დღემდე ორ ნაწილად, თურქულ და ბერძნულ ნაწილად არის გაყოფილი. ნატომ ვერაფრით ვერ მოაგვარა საკითხი, რომელიც ორ ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის წამოიჭრა.  აქედან გამომდინარე, ცხადია, თურქეთს ჰქონდა უკმაყოფილება ნატოს მიმართ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ საკითხები, რასაც არ მიექცა ისეთი ყურადღება, როგორსაც ერდოღანი ითხოვდა.

-ურთიერთობების გაფუჭების მიზეზად  გადატრიალების მცდელობის ფაქტიც შეიძლება გავიხსენოთ...

-ცხადია...ყველაფერი ეს დაგვირგვინდა იმით, რომ თურქეთში ადგილი ჰქონდა ერდოღანის სამხედრო ძალით ჩამოგდების მცდელობას. მეტიც, გადატრიალების ავტორებს თავში  ერდოღანის ფიზიკური ლიკვიდაცია უტრიალებდათ. ასე იყო და ასეც არის ცნობილი თურქეთის ხელისუფლებისთვის. ერდოღანმაც არაერთხელ განაცხადა ამის თაობაზე, მე ახალს არაფერს ვამბობ, დაგეგმილი იყო მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.

ნატო და აშშ ორივე  უტუხად აცხადებს, რომ გადატრიალების მოწყობაში  წვლილი არ მიუძღვით, არადა ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან აფრინდნენ სწორედ ის თვითმფრინავები, რომლებიც  გადატრიალებაში მონაწილეობას ღებულობდნენ. ეს ბაზა ამერიკელთა სრულ კონტროლქვეშ იყო, იქ თურქეთის გავლენა ნულზე იყო დაყვანილი. ერდოღანს მიაჩნია, რომ ნატო და ამერიკა გულწრფელნი არ არიან  მასთან მიმართებაში. ამას აქვს თავისი წინაპირობა.  შეერთებული შტატებიც, ნატოც, ევროკავშირიც ერდოღანით უკმაყოფილოა. ის მიიჩნევა ისეთ პოლიტიკოსად, რომელსაც წინა პლანზე   მისი ქვეყნის ინტერესები აქვს წამოწეული. თურქეთი არც ნატოს, არც ამერიკის და არც ევროკავშირის წინაშე კოჭის გორებას არ აპირებს.

-ერდოღანი არ არის მათთვის საკმარისად მარიონეტული ფიგურა?

-არავითარ შემთხვევაში, მართალია, ის ასრულებს გარკვეულ დავალებებს, მაგრამ თურქეთისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებზე შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ნატოს არ ჰყვება და არც მომავალში აჰყვება.

-რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ  თურქეთმა ეს შეერთებული შტატების წაქეზებით განახორციელა...

-რაშია საქმე, იცით? როგორც ირკვევა და როგორც  ახლა ერდოღანი აცხადებს, სწორედ ის ძალები იყვნენ დაინტერესებული თვითმფრინავის ჩამოგდებით, რომელთაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება სურდათ. არ არის გამორიცხული იატაკქვეშეთიდან ვიღაცის ხელი ყოფილიყო ჩარეული. ძალა, რომელიც ამით არის დაინტერესებული, ვიცით, ვინც არის. შავზე ასეთი თეთრი ნაკერების გაკეთება მხოლოდ ნატოს და შეერთებულ შტატებს ხელეწიფება. ნატო არის ყურმოჭრილი მონა ამერიკის შეერთებული შტატების და ასრულებს მის დავალებებს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამერიკელთა ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს.

ცნობილია, რომ აშშ- ჩამოაყალიბა  ტერორისტული „ისლამურის სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“-ს პარალელური ორგანიზაცია, „ჯეფხატ ალ ნუსრა“.  ამ ომმა გამოიწვია მილიონობით სირიელი და ერაყელი ლტოლვილის თურქეთში გადასვლა. მინდა გითხრათ, რომ ერდოღანმა შეძლო ევროპაში ლტოლვილების შესვლის შეჩერება, ცხადია, ბოლოს და ბოლოს ევროკავშირიდან მიიღო გარკვეული სახის ფინანსური დახმარება, მაგრამ ვერ გეტყვით, რა ვითარება იქნება ხვალ. როგორც მოვისმინე, ევროკავშირი აპირებს ამ ფინანსაური დახმარების შეწყვეტას თურქეთისათვის.

საერთოდ მე თუ მკითხავთ,  ევროკავშირიც და ნატოც დღეს უკვე ანაქრონიზმია. ნატო შეიქმნა იმისთვის, რომ წინ აღდგომოდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, აღარ არსებობს ვარშავის პაქტი, ვის სჭირდება ნატო? ნატო სჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ და ეს ყოველდღიურად მტკიცდება.

თავის დროზე ჩვენ გვეგონა, რომ დასავლეთსა და  საბჭოთა კავშირს შორის ძირითადი დაპირისპირება კლასობრივ- იდეოლოგიური ხასიათის იყო. ახლა რუსეთიც  კაპიტალისტურია და იმდენი მილიარდერი ჰყავს, რამდენიც შეერთებულ შტატებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იდეოლოგია არაფერ შუაში ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, ვინ იქნება მსოფლიოში პირველი.  პირველობა აშშ-ს მსოფლიოზე ბატონობისთვის უნდა. ამისთვის არის საჭირო ისეთი სამხედრო ორგანიზაცია, როგორიც არის ნატო. ნატო შექმნილია ევროპისთვის, მაგრამ კარგა ხანია გასცდა ევროპის საზღვრებს, ხან ავღანეთს ბომბავს, ხან -ლიბიას და ა. შ. ეს ყველაფერი  შეერთებული შტატების წარმოუდგენელი სიხარბე და თავხედობაა, უნდა თვითონ იყოს გაბატონებული, ყველა დანარჩენი  კი  მის ბრძანებას ემორჩილებოდეს, ეს არის მათი მიზანი.

მართალია აშშ  ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით არანაკლებ ძლიერია ჩინეთი, რუსეთი. დღითიდღე ძლიერდება ინდოეთი და სხვა ქვეყნები. ასე რომ, სამომავლოდ ამერიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დარჩება ერთ პოლუსიანი მსოფლიოს ბატონად. მსოფლიო უნდა იყოს მრავალპოლუსიანი, რაც გარდაუვალი პროცესია, ამას ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები, უბედურების თავი და თავი, სწორედ ეს არის.

-სოჭში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რას ნიშნავს ისტორიულად ამ სამი  მოსისხლე მტრის ერთად დგომა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კავშირი შესაძლოა ძალიან მყიფე აღმოჩნდეს?

 -სოჭში ირანის, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ „მოსისხლე მტრები“ ისტორიად  რჩება. თუ ამ ისტორიას  გაყვები, რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან სამარადისოდ უნდა ომობდნენ. მარტო ქართველები ვფიქრობთ ასე, ისტორიისკენ ყურება კარგია, თუკი იქიდან რაღაც დასკვნებს გამოიტან, მაგრამ ძველით არსებობა კარგს არაფერს მოიტანს. საჭიროა წინსვლა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთი და თურქეთი ივიწყებენ რაც იყო უწინ და  ახალ ნაბიჯებს დგამენ.  

სირიაში საომარი მოქმედებები ფაქტიურად მთავრდება. ქვეყნის უდიდესი ტერიტორია ტერორისტებისგან გათავისუფლდა, ახლა ჯერი  პოლიტიკურ მოწესრიგებაზე მიდგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირია იქნება ერთიანი სახელმწიფო, არ მოხდება მისი დეცენტალიზაცია და დაქუცმაცება.

რუსეთ-ირანი თანამშრომლობს სირიასთან მიმართებაში, ამ ბოლო ხანს თურქეთიც  ჩაერთო და საკმაოდ წარმატებულადაც.  პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს პუტინის დიპლომატიის დამსახურებაა. სწორედ მან  მოახერხა საერთო ენის გამოძებნა თურქეთთან სირიის საკითხთან მიმართებაში. ახლა ეს სამი ქვეყანა წყვეტს და არა ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს უბრალოდ  საქმის კურსში აყენებენ, რა ხდება სირიასთან მიმართებაში. ეს ცხადია, ამერიკელთა გულისწყრომას იწვევს და  ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რასაც  ტერორისტების წახალისება ჰქვია. ამაშია უბედურება, ამერიკას წლების განმავლობაში ახასიათებს ორმაგი სტანდარტი.

-ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც გრძელდება ტერორისტების წახალისება?

-ცხადია, ასეა... ტრამპი არის თუ არა პრეზიდენტი ამერიკაში,  ეს ღმერთმა იცის. მას არ აძლევენ საშუალებას იპრეზიდენტოს, ყოველ წუთს ფეხს უდებენ, აგინებენ, ლანძღავენ და ა. შ. დემოკრატებმა ამერიკაში ისეთი ვითრება შექმნეს, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.

მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, თუ როგორ მოხდა სირიის ქალაქ რაქადან  შეიარაღებულები ტერორისტების სატვირთო მანქანებით და ავტობუსებით გამოყვანა. რაქაში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები, შეერთებული შტატები და მისი შექმნილი კოალიცია შეტევას ახორციელებდა. მათ ისე დაბომბეს და დანგრიეს ქალაქი, რომ ერთი გადარჩენილი სახლი აღარ არსებობს. ვიდრე მიწასთან გაასწორებდნენ,  3-5 ათასი კბილებამადე შეიარაღებული ტერორისტი შაჰიდის ქამარებით ქალაქიდან გაიყვანეს. სად წაიყვანეს ძნელია ამის თქმა, ეს კადრები „ბიბისი“-მ პირდაპი ეთერში აჩვენა. ეს ამერიკის მოკავშირე ტელევიზიაა,  მათ ამერიკელებისთვის ხელი არ დაუდვით, მაგრამ ყველაფერი გასაგები იყო, ამერიკის გარდა ამ ტერორისტებს იქიდან ვერავინ გამოიყვანდა, სხვა ძალა იქ არ არსებობდა. ასე რომ, ორმაგი სტანდარტი მუშაობს. ამის მაგალითია ასევე გაეროში აშშ-ს მიერ დაბლოკილი რეზოლუცია  რუსეთის საელჩოს დაბომბვის თაობაზე.მოგეხენებათ, დამასკოში რუსეთის საელჩოს ტერორისტებმა ბომბები დააყარეს, რუსეთმა შეიტანა რეზოლუციის პროექტი და უშიშროების საბჭოს ეს ფაქტი უნდა დაეგმო, მაგრამ ამერიკელებმა ვეტო დაადეს. ეს არ არის ტერორისტების მხარდაჭერა? სხვა რა ჰქვია, აბა ამას?

რაც შეეხება პუტინს, მან მოახერხა ერდოღანთან საერთო ენის გამონახვა, თურქეთის კატეგორიული მოთხოვნა იყო ასადის წასვლა ხელისუფლებიდან, დღეს ის ამას არ ითხოვს, რაც ასევე დიდი მიღწევაა, ასე ვთქვათ...

-თუკი რუსეთ-თურქეთ-ირანის სტრატეგიული კავშირი სირიის საკითხს გასცდა და გაგრძელდა, როგორ აისახება ეს საქართველოზე?  

-ეს კავშირი ამ შემთხვევაში სირიასთან არის დაკავშირებული, საქართველოზე საუბარი არ არის, ლაპარაკია ასევე ყარაბაღზეც. რაც შეეხება საქართველოს. მართალია, ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ერთხმად აღიარებს, მაგრამ ეს სიტყვის მასალაა, რომ იტყვიან მხოლოდ და მხოლოდ „გრამაფონშია“, სამწუხაროდ...

-რაც შეეხება თურქთის მზარდ გავლენებს საქართველოზე, არის თუ არა ეს პრობლემა რუსეთისთვის?

-ეს უკვე ჩვენი საკითხია და არა თურქეთ-რუსეთის, ისინი ამ თემაზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ  სხვა უფრო სერიოზული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი. საქართველო არ არის ცხელი წერტილი, დღეს ეს საკითხი მათთვის აქტუალური არ არის.

-ისრაელი და არაბული ქვეყნები ირანს ემუქრებიან. ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებით, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, ისრაელი მარტო იმოქმედებს ირანის წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანის თქმით, „ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ თავისი თავი ამოწურა და ჯერი ირანზე დგება“.  რამდენად ფეთქებადსაშიშია რეგიონში ამ კუთხით ვითარება და  დიდია თუ არა ალბათობა იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს?

-მე არა მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, იმიტომ რომ ირანი ასე ხელწამოსაკრავი სახელმწიფო არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხომ ხედავთ, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ვერ გარისკა და ვერ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ტრამპის მუქარას შეეფერებოდა. ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ გაანადგურებდა ჩრ. კორეას, გააგზავნა იქ ავიამზიდები, ჩაატარა სამხედრო წვრთნები, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სამხედრო ძალას ჯერჯერობით არ გამოიყენებდნენ.

ჩრდ.კორეა მონაგონია ისეთ მძლავრ სახელმწიფოსთან, როგორიც ირანია. ეს არის 80.000 მილიონიანი უზარმაზარი სახელმწიფო, ძლიერი შეიარაღებით. თვითმკვლელობა იქნება, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანს დაარტყან, უკურეაქცია იქნება არანაკლებ ძლიერი და მყისიერი, ვიდრე ვინმეს ეს წარმოუდგენია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მუქარა მუქარად დარჩება.

-ეს ყველაფერი მსოფლიოს ახალი გადანაწილების ფარგლებში მიმდინარეობს?

-ცოტა ძნელია თქმა, რა ჩარჩოებში შეიძლება მიმოვიხილოთ ეს საკითხები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რაც რუსეთმა სირიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რუსეთის ავტორიტეტი ძალიან მაღლა აიწია. ის ფაქტიურად, ლიდერი სახელმწიფო გახდა.

აშშ-ს სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა შეერთებული შტატები დაჯაბნა და ეს კარგად გამოჩნდა სირიის ომის მაგალითზე. რუსეთმა მსოფლიოს დაანახა თავისი სიძლიერე, რაც იმის ნიშნავს, რომ თუ ხარ ძლიერი, ხარ ლიდერი სახელმწიფო. თუ ამას ჰქვია ძალთა გადანაწილება, შეიძლება ასეც დავარქვათ. რუსეთი ახლა გაცილებით მეტად არის წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე ეს ადრე იყო. ამ თვალსაზრისით რუსეთმა გაუსწრო აშშ-ს იმ გავლენით, რაც ამ რეგიონში არსებობს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ არა მარტო თურქეთი აპირებს ს-4-00-ის შეძენას, არამედ საუდის არაბეთიც. ეს ქვეყანა შექმნის დღიდან არის შეერთებული შტატების უახლოესი მეგობარი და პარტნიორი. საუდის არაბეთის მეფე მოსკოვში ჩავიდა, შეთანხმდნენ, რომ საუდის არაბეთი მიიღებდა ს-400 სარაკეტო სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის აზრს და მოქმედებას იქაც იზიარებენ. ინტენსიური მოლაპარაკება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს და რომელსაც ადრე იშვიათად ჰქონდა ადგილი, რაღაცას ნიშნავს. გარდა ამისა, რუსეთს მოლაპარაკება აქვს ყატართან, არაბულ საამიროებთან, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვს ეგვიპტესთან, ეგვიპტე კი არაბული ქვეყნების ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ  ძალას პატივს სცემენ.

-საქართველოს გარშემო ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობის ფონზე  რამდენად ადეკვატურია თქვენი აზრით, ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა? როგორ უნდა მოახდინოს საქართველომ ბალანსირება მთავარ ძალის ცენტრებს შორის?

-საქართველოს პოლიტიკა არის ძალიან ჩამორჩენილი, მე ვიტყოდი, საქართველოს არანაირი პოლიტიკა, მითუმეტეს საგარეო პოლიტიკა, არ გააჩნია.  ამ ქვეყანას არ ჰყავს არც პროფესიონალი დიპლომატები და არც პროფესიონალი პოლიტიკოსები. ეს ქვეყანა არის უბრალო მარიონეტი, რასაც ამერიკის საელჩოდან ჩასძახებენ, იმას ასრულებენ. რახან ხელისუფლება  მონაა ამერიკის შეერთებული შტატების, აქ ზედმეტია ვილაპარაკოთ საქართველოს პოლიტიკაზე. არა აქვს ეს პოლიტიკა და ვერც ექნება. ასეთი ბრიყვი ხელისუფლება, რაც დღეს გვყავს და გვყავდა ნაციონალების დროს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს არავითარი დამოუკიდებლობა არ გააჩნია. როგორ უნდა მოახდინოს ბალანსირება საქართველომ ჩრდილოეთს, დასავლეთს, სამხრეთსა თუ აღმოსავლეთს შორის, საქართველოს გადაწყვეტი არ არის. ამ ბალანსირებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ იმდენად უსუსურები ვართ, იმის ფიქრიც არ შეგვიძლია, რა უნდა მოვინდომოთ და როგორ უნდა მოვინდომოთ.  გვეტყვიან- გავაკეთებთ, არ გვეტყვიან-არ გავაკეთებთ. აი, ეს არის ამათი საგარეო პოლიტიკა, მეტი არაფერი. ასეთ დროს ძნელია თქვენს შეკითხვაზე პასუხი გავცე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვაშინგტონზე, ვაშინგტონი კი ამბობს ერთ რამეს, საქართველომ ავი ძაღლივით უნდა იყეფოს რუსეთის მისამართით და საქართველოც ყეფს... 

გახსოვთ, პუტინის განცხადება, რომ შეხვდებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებს. მარგველაშვილმა ამაზე უპასუხა, უნდა მოველაპარაკოთ ჩვენს  საერთაშორისო პარტნიორებსო. რამდენად დეგენერატი უნდა იყო, რომ ეს თქვა. მე მესმის, რომ არ ხარ დამოუკიდებელი, მაგრამ  ამას ტელეკამერების წინაშე მაინც ნუ აფიქსირებ. ამის შემდეგ თქვა რამე? არა, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა ამაზე ლაპარაკიც კი აუკრძალა.

-ახლო პერსპექტივაში ხედავთ რაიმე შანსს, რომ ხელისუფლებამ მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყოს?

-ვერაფერს ვერ ვხედავ, გადაწყვეტილებებში თავისუფალი რომ იყოს, ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს. ისეთი ხელისუფლება, რომელიც  დამოუკიდებლად წარმართავს პოლიტიკას, არ ჩანს. ასეთი  მოაზროვნეებს მე ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ბურჯანაძე დადის მოსკოვში და ა.შ...

აქ დილიდან დაღამებამდე არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკა გვაძლევს იარაღს,  რომელის  ერთი გასროლითაც  ოკუპანტის ერთ ტანკს გავანდგურებთ. ამას ვისმენდი თავდაცვის მინისტრის  ყოფილი მოადგილისგან. დავუშვათ ეს საკითხი მართლა გადაწყდა და ამერიკელებმა მოგვყიდეს იარაღი, ომს ვაპირებთ რუსეთთან? თურმე იმაში გვჭირდება, რომ 15 წლის ბავშვსაც შეუძლია ერთი გასროლით მოსპოს ოკუპანტის  ტანკი. როდესაც ასეთ სისულელეს ისმენ, იქ ზედმეტია საერთოდ ქართულ პოლიტიკაზე, შერიგებაზე და ტერიტოტრიულ მთლიანობაზე ლაპარაკი. ძალიან უმეცარი ხელისუფლება გვყავს. უახლოეს მომავალში ხელისუფლებაში არავინ მოვა ისეთი, ვისაც  თავისი სამშობლო უყვარს. ამათ  თავიანთი ჯიბე უყვართ, ქვეყანა ამათთვის არის სწორედ ამ ჯიბის შესავსები ადგილი და მეტი არაფერი...