საზოგადოება
„ვცდილობთ, უკმაყოფილო არავინ გავუშვათ“ - რას ითხოვენ „შეზარხოშებული“ გოგონები და რისი შესრულება არ შეუძლია რესტორნის მენეჯმენტს - „ტოპ ამბების“ რევიზია „მონოპოლში“
„ვცდილობთ, უკმაყოფილო არავინ გავუშვათ“ - რას ითხოვენ „შეზარხოშებული“ გოგონები და რისი შესრულება არ შეუძლია რესტორნის მენეჯმენტს -  „ტოპ ამბების“ რევიზია „მონოპოლში“

დამღლელი სამუშაო კვირა და მეგობრებთან ერთად გატარებული დაუვიწყარი საღამო - სრულფასოვან განტვირთვას სასიამოვნო და ღიმილიანი გარემო სჭირდება. კაფე, რესტორანი, ლაუნჯი, ბარი, კლუბი - ადგილი, რომელსაც შენივე კომფორტისთვის ირჩევ, ხშირად აბსოლუტურად ალოგიკურ შედეგს იძლევა. გაყინული სახის მომსახურე პერსონალი და ჩვევაში გადაზრდილი უხეში მიმართვის ფორმები იმ რეალობაში გაბრუნებს, რომლიდანაც რამდენიმე საათით გაქცევა გინდოდა.

დაბალი სოციალური ფონი და მუდმივად „სტრესულ გარემოში“ ცხოვრების „ვალდებულება“ ადამიანების უმრავლესობას მათში არსებული მსახიობის ოსტატობის გამოყენებისა და შესაბამისი ღიმილის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს. პრობლემები, რომელიც ცალკეულ პირებს სამსახურს მიღმა ექმნებათ, მომსახურების გაწევისას პირდაპირ პერსონალის სახეებზე აღიბეჭდება და კონკრეტულ ქცევებშიც არცთუ ადეკვატური ფორმით  ვლინდება.

საფუძვლიანი მიზეზის არსებობისა და უხეში ქმედებების ადამიანური გამართლების მიუხედავად, გარკვეული მომსახურებისთვის მისული ცალკეული პერსონები არაეთიკურ მიმართვას მაინც ვერ ეგუებიან, მით უმეტეს, როდესაც კონკრეტულ სერვისში კონკრეტულ თანხას იხდიან. შედეგად, ხალხის უკმაყოფილება იზრდება და ბიზნესიც ზარალდება.

90-იანი წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში დღეს ბევრად სტაბილური სიტუაციაა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების მცირე ნაწილმა საკუთარი ცხოვრების „დალაგებაც“ მოახერხა. ცალკეული კომპანიების მეპატრონეებმა კი  კონკურენციის გაზრდასთან ერთად სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაიწყეს.  „დაბღვერილი“ და უხეში გამყიდველები, „მეტი საქმე არა გაქვთ“  და „დროზე „წაეთრიეთ“ სახლში“ სახის გამომეტყველების ოფიციანტები, „რა გენაღვლებათ, არ იცით, ფული სად დახარჯოთ“ ტონით მოპასუხე კონსულტანტები და ა.შ. ნელ-ნელა თავაზიანმა, ღიმილიანმა და შრომისმოყვარე პერსონალმა ჩაანაცვლა, თუმცა ასეთი „სასურველი“ მომსახურების მიღება  ყველა ობიექტზე დღემდე მაინც ვერ მოხერხდა. მაგალითად, რესტორნებში ჯერ კიდევ ვხვდებით „ბოლო სტუმრის წასვლამდე“ მომუშავე დაწესებულებების აფორიაქებულ ოფიციანტებს, რომლებიც დარაჯებივით დგანან გაშლილ სუფრასთან და პირველივე შესაძლებობისთანავე ანიშნებენ, ან პირდაპირ ეუბნებიან „შეზარხოშებულ“ და რესტორნისთვის არცთუ გვიან საათებში „დარჩენილ“ სტუმრებს, რომ უნდა წავიდნენ, ისეთებიც გხვდებიან, ცხვირწინ საჭმელს რომ აცლიან და 2-3 საათის ინტერვალით გამოუცვლელ თეფშებს გამწარებულები მიარბენინებენ სამზარეულოსკენ  უკანმოუხედავად და ა.შ. ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად დგას პატარა კაფეებში, ლაუნჯსა და კარაოკე ბარებში...

ასეა თუ ისე, განსატვირთად და სასიამოვნო საღამოს გასატარებლად შესარჩევ ადგილს უკვე დიდი დაკვირვებით ვეძებთ. სოციალური ქსელები უცნობ ობიექტებზე გარკვეული წარმოდგენის შექმნის საშუალებასაც იძლევა. თუმცა ვერც რამდენიმე კმაყოფილი კლიენტი და ვერც რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის მიერ გამოხატული აზრი ვერ ქმნის იმ რეალურ წარმოდგენას, რომელიც ადგილზე მისულს შეიძლება დაგხვდეს.  

მომსახურების ხარისხის გაუჯობესება სწორად მიწოდებული სერვისის ხაზგასმით არის შესაძლებელი. სწორედ ეს იყო საინფორმაციო-გასართობი პორტალის „ტოპ ამბების“ მიზანი, როდესაც არჩევნის გაკეთებაში საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა. პროექტის არსი მარტივია - ჟურნალისტი მომსახურების სერვისს ანონიმურად ეცნობა და მოგვიანებით შესრულების ხარისხს აღწერს. ისტორია საკუთარი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე იწერება. პირველი ასეთი „თავდასხმის“ ობიექტი რამდენიმე დღის წინ შეირჩა.

მიზეზი - მეგობრის დაბადების დღე

მიზანი - რესტორანი „მონოპოლი“

მაგიდა დაიჯავშნა და მომსახურების მიღებისთვის დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე მივედით. სასიამოვნო გარემო, თავაზიანი მომსახურე პერსონალი... და რაც მთავარია, სივრცე, რომელიც რესტორნების უმრავლესობას აკლია...

შეკვეთის გაკეთებამდე ფასდაკლების აქციაში ჩართვაც შემოგვთავაზეს. საკმაოდ კარგი მენიუც შეგვირჩიეს და...

ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. საჭმელიც გემრიელი იყო და ოფიციანტებიც საკმაოდ მოწესრიგებულად და ოპერატიულად მოქმედებდნენ. არც თეფშებიც ცვლა ყოვნდებოდა და არც კერძების მოტანა, რაც მთავარია, ღიმილი არავის დავიწყებია.

ერთი სიტყვით, საღამო შედგა. მუსიკოსებმა ჯერ პროგრამული ნაწილი შეასრულეს და შემდეგ რესტორნის უკვე შეზარხოშებული სტუმრების განწყობაზე ზრუნვა დაიწყეს. ყველა კმაყოფილი ჩანდა. 12-საათის შემდეგ კი მუსიკოსები დიჯეიმ ჩაანაცვლა. გართობა გაგრძელდა. ორ საიუბილეო ტორტზე სანთლებიც ჩაქრა. ცეკვა და დროსტარება არავის დაზარებია.  საბოლოოდ, რესტორნიდან უკმაყოფილო არავინ წასულა.

მე კი წასვლამდე მენეჯერთან გასაუბრება გადავწყვიტე.

გენო გოგიაშვილი, ანუ ჩვენი საღამოს მასპინძელი სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც რესტორნის სერვისების განვითარებაზე ზრუნავს. „მონოპოლში“ 11 წელია მუშაობს, თვლის, რომ ის, ფაქტობრივად, მისი მეორე ოჯახია.

გენო გოგიაშვილი, სერვისების განვითარების მენეჯერი: მაქსიმალურად ვცდილობთ, რესტორნიდან უკმაყოფილო არავინ გავუშვათ. ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით,  ამას ვახერხებთ კიდეც. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. კერძების ფართო არჩევანი გვაქვს, ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა - ცოცხალი და ნატურალური. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვადებს. ყველაფერი ახალი შემოგვაქვს. განსაკუთრებული მოთხოვნები გვაქვს მომსახურების კულტურასთან დაკავშირებთ. პერსონალსაც პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ვარჩევთ - პროფესიულ უნარებთან ერთად, მომსახურების მაღალი კულტურა უნდა გააჩნდეს. ბუნებრივია, ჩვენც ვატრენინგებთ, მაგრამ ეს უფრო  შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე უნდა მოდიოდეს. ღიმილი და თავაზიანობა - ეს ჩვენი მომსახურე პერსონალის სავალდებულო თვისებებია.

გარდა ამისა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ. მუდმივად ვაკონტროლებთ გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში აისახება. ვცდილობთ ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, გავიაზროთ და მართებული შენიშვნები გავითვალისწინოთ. ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძალიან ღირებულია.

- რამდენად მწვავედ რეაგირებთ ამ შენიშვნებზე?

- ბუნებრივია, ვნერვიულობთ და ვცდილობთ, მსგავსი შენიშვნის მიზეზი აღარავის მივცეთ, თუმცა არსებობს ისეთი კრიტიკული მინიშნებებიც, რომლის გამოსწორებას ვერ მოვახერხებთ. ფაქტობრივად, ძირითადად, აქედან მოდის ყველაფერი...

- კონკრეტულად?

- აი, მაგალითად, გვთხოვენ, რომ ვამღეროთ. ამ თხოვნას, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვუსრულებთ. მერე ბრაზდებიან...  გაბრაზებულები კი ხან ოფიციანტს ღიმილს დაუწუნებენ, ხან კერძების ვარგისიანობაში შეიტანენ ეჭვს, ხან თეფშების ცვლის სიხშირე არ მოეწონებათ და ა.შ. მაგრამ ესეც იშვიათად ხდება. ძირითადად, "შეზარხოშებულ" სტუმრებს, უფრო მეტად კი გოგონებს უჩნდებათ სიმღერის შესრულების სურვილი. მოდიან და გვთხოვენ, - მაგიდასთან მომღერალი გვყავს და ამის საშუალება მიეცითო... ესაა სულ...

- ქართული რესტორნების „ტკივილი“ მარტო „მომღერალი“ ქალბატონები არ არიან,  შეზარხოშებული მამაკაცებიც სერიოზულ პრობლემებს - ხდება ხოლმე, რომ რაღაცას ვერ იყოფენ...

- დიახ, ეს ნამდვილად არის ქართული სუფრის პრობლემა, თუმცა მსგავს ფაქტებს ჩვენს რესტორანში ძნელად თუ შეხვდებით. რა თქმა უნდა, მთლად უამისობაც არაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ასეთ დროს ადგილობრივი ძალებით ვახერხებთ სიტუაციის განეიტრალებას. ისინი ჩვენ ხომ არ გვეჩხუბებიან, ერთმანეთში კამათობენ, ჩვენი ჩარევა სასურველი შედეგით მთავრდება ყოველთვის. სამართალდამცველების ჩართვის საჭიროება არ არსებობს, ფაქტობრივად, თუ, რა თქმა უნდა,  სუფრის რომელიმე წევრმა თავისივე ინიციატივით პატრული არ გამოიძახა... ფატალურ შემთხვევებს ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია და იმედი მაქვს, მომავალშიც არასდროს ექნება... აქ მაინც გასართობად მოდის ხალხი და არა საჩხუბრად.

- თქვენთან მუსიკა 12 საათზე არ წყდება, როგორც ეს რესტორნების უმრავლესობაში ხდება, თუმცა...  ცოცხალ მუსიკას დიჯეი ცვლის...

- დიახ, ასეა... ბენდს საკუთარი რეპერტუარი აქვს. ბუნებრივია, მომსახურე პერსონალისთვის უკეთესია, ადრე თუ დავასრულებთ, მაგრამ... აქაც მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება ხდება. შეზარხოშებულ სტუმრებს გართობა უნდათ, ხანდახან ეს სურვილი სწორედ ამ პერიოდში მძაფრდება. ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული რეალობა და გადავწყვიტეთ, სტუმრებს გართობის საშუალება 12-ის მერეც მივცეთ. ვფიქრობ, ამით ყველა კმაყოფილია. ასე რომ არ იყოს, სტუმარი ჩვენთან აღარ მობრუნდება. არადა, აქ თითქმის ერთი და იგივე ხალხი დადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომსახურებაც მოსწონთ და სიტუაციაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მიზანი, რომლისთვისაც ვიბრძვით, მიღწეულია, თუმცა სამომავლოდ სხვა მიზნების მიღწევაც უნდა გავრისკოთ. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ვცდილობთ, დროს მოვერგოთ და მომხმარებლების გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს დაწესებულება ხომ ჩვენი სტუმრების განტვირთვისა და განწყობის შესაქმნელად არსებობს.