საზოგადოება
ბოლო 10 წელიწადში მგლებმა 15-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეჭამეს!
ბოლო 10 წელიწადში მგლებმა 15-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეჭამეს!

"ასავალ-დასავალი" ხშირად წერდა საქართველოში მგლების მომრავლების პრობლემაზე და ამხელდა ყველას, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესს ლობირებენ. ამჟამად სიტუაცია კონტროლიდან მთლიანად გავიდა, ჩვენს ქვეყანაში მგლისგან თავის დაცვის მექანიზმი კი არა, ტრაგედიების აღრიცხვის სტატისტიკაც არ არსებობს. სამი დღის წინ არხეინად მოსეირნე და საკვების მაძიებელი მგელი უკვე თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდა! რამ გამოიწვია მგლების შემოსევა და რა უნდა ვიღონოთ გამძვინვარებული ნადირისგან თავის დასაცავად? ვესაუბრებით ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების კათედრის ხელმძღვანელს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ არნოლდ გეგეჭკორს და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივანს, ქეთევან მგალობლიშვილს.

თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები 60 წლის სვეტა ჩერნოვა 2015 წლის შემოდგომის ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ტყეში ფიჩხისთვის წავიდა, მაგრამ შინ აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით, თანასოფლელებმა ტყეში ადამიანის გამოხრული ძვლები იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეულის ნაშთები სვეტა ჩერნოვას ეკუთვნოდა და ის მგლებმა შეჭამეს! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მგლების მიერ შეჭმული ადამიანების რაოდენობის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა.

არნოლდ გეგეჭკორი:

- საქართველოში მგლის ესოდენ მომრავლებას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. სოფლები იცლება და უკაცურდება. შესაბამისად იზრდება ტერიტორია, მცირდება ის ტერიტორია, სადაც ადამიანს შეეძლო თოფით ხელში დაეცვა თავისი კარ-მიდამო და საქონელი. დიდი როლი ითამაშა ჩრდილო კავკასიაში გახშირებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამაც შეშინებული ნადირის საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად გადმოსვლა განაპირობა. დაბოლოს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საქართველოში არსებული კანონმდებლობა, რომლის ძალითაც მგლის მონადირება აკრძალულია. ადრე მგლის მოკვლისთვის ადამიანებს ფულადი პრემიით აჯილდოვებდნენ. ასეთი პრაქტიკა დღემდე შემორჩა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, განსაკუთრებით-სომხეთში. ამჟამად ჩვენში მგლის მოკვლისთვის ადამიანს ჯილდოს ნაცვლად სოლიდურად აჯარიმებენ.

- რა მოტივაცია არსებობდა მგლის მოსაკლავად?

- ბუნებაში ხორცის და ბალახის მჭამელ ცხოველთა შორის გარკვეული ბალანსი არსებობს, რომლის დარეგულირებაში ადამიანი უდიდეს როლს ასრულებს, ვინაიდან პლანეტა სულ უფრო და უფრო მეტად ურბანისტული ხდება და დედამიწაზე დღითიდღე მცირდება ნადირის საცხოვრებელი გარემო. რადგან მგელს აკლდება საკვების მოპოვების შესაძლებლობა, ის უფრო მეტად ეტანება შინაურ ცხოველებს და ადამიანს ამგვარად პრობლემებს უქმნის, ეს უკანასკნელიც, თავის და ქონების დაცვის მიზნით კლავს მტაცებელს. მგელი საკმაოდ ამტანი და გონიერი ის ცხოველია, რომელმაც ადამიანთან თანაცხოვრება შეძლო და პოპულაცია შეინარჩუნა იმ ფონზე, როცა რიგი მტაცებელი ცხოველებისა ურბანისტული პროცესების შედეგად საერთოდ გადაშენდა.

- მგლის მომრავლება ბუნებაში რა ცვლილებებს იწვევს?

- მგელი მართლაც არის ტყის სანიტარი, ანუ პირველ რიგში, დაუძლურებულ ცხოველს ანადგურებს, რითაც ბალახისმჭამელ ცხოველებში ეპიდემიების გავრცელებას აფერხებს, მაგრამ მგლის პოპულაციის მომრავლება ავტომატურად, იწვევს ბალახის მჭამელი ცხოველების მკვეთრად შემცირებას. ამის შემდეგ, მგელი უკვე შინაური ცხოველების მონადირებას იწყებს. ნაკრძალში ადამიანები არ ნადირობენ, მაგრამ მგელს ვერავინ დაუშლის ნაკრძალის ტერიტორიაზე გადასვლას და საკვების იქ მოპოვებას. რეალურად, მონადირეებზე მეტად, ბალახისმჭამელ ცხოველებს მგლები ანადგურებენ! სხვათაშორის, მგელი ის ცხოველია, რომელსაც თავისი პოპულაციის თვითრეგულაცია მსხვერპლის რაოდენობაზე გათვლით შეუძლია, გამოთვლილია, რომ 1 სულ მგელზე 100 ჩლიქოსანი უნდა მოდიოდეს. როცა საკვების ნაკლებობაა, ძუ მგელი აჩენს 2 ლეკვს, უკეთეს მდგომარეობაში მყოფი კი, გაცილებით მეტს ყრის. საქართველოში მგლის მომრავლება უკვე ადამიანს უქმნის პრობლემას, ვინაიდან მგელმა ტყეში ჩლიქოსნები გაჟლიტა და შინაურ ცხოველებზე გადმოვიდა. როცა მგელი მშიერია, არც ადამიანს დაინდობს, ამიტომ აუცილებელია ისეთი კანონი, რომელზე დაყრდნობითაც მოქალაქე ნადირისგან თავის დაცვას მოახერხებს!

ქეთევან მგალობლიშვილი:

- 2 წლის წინ მგელი ზუგდიდში ლომთათიძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნახეს. კიდევ კარგი, იმ მომენტში ბავშვები შენობაში იმყოფებოდნენ, თორემ მშიერ ნადირს ლუკმად არ ეყოფოდა! აქამდე მგელი არავის უნახავს სუბტროპიკულ ზონაში, წელს გაზაფხულზე კი იგი ურეკში, ზღვის ნაპირის სიახლოვეს მოკლა მოსახლეობამ. ივლისში გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში მგლები 70 წლის მეველეს ძაღლები დაუგლიჯეს. საწყალმა კაცმა ქოხში შეასწრო და კარებს მაგიდა მიადგა, მაგრამ გამძვინვარებული ნადირები ფანჯრიდან შეუხტნენ და დაგლიჯეს! 10 დღის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მგელმა ერთბაშად 24 სული პირუტყვი გაანადგურა. 4 დღის წინ ხარაგაულში 80 კილოგრამიანი მგელი ადგილობრივ მაცხოვრებელს ეზოში შეუვარდა და ხბოები დაუგლიჯა, ძლივს მოახერხეს მისი მოკვლა. მგლები ისე გათავხედდნენ, დედაქალაქშიც ბედავენ ხეტიალს. რამდენიმე წლის წინ მგელი ნუცუბიძის პლატოზე, სადარბაზოში ნახეს და კორპუსის ბინადრებმა განგაში ატეხეს, სულ ახლახან მგელი სახეტიალოდ მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქუჩაზე ჩამოვიდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მონიტორინგის სამსახურს შეატყობინეს. ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ცხოველი კი არ მოკლეს, სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით გააბრუეს, ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარეს და კვლავ ბუნებაში გაუშვეს! ვინ იცის, სწორედ ეს მგელი ისევ დაბრუნდეს და ვინმე კიდეც იმსხვერპლოს! რას ვიზამთ, კანონი მათ ხელს უწყობთ. კანონი, რომელიც ხელისუფლებაში მოკალათებულმა არანაკლებ დაუნდობელმა ორფეხა მგლებმა უცხოური გრანტების ათვისების მიზნით მიიღეს! ამ კანონის თანახმად, მგლის მოკვლისთვის ადამიანებს სოლიდური ჯარიმა უწევთ, რის გამოც ხალხი სახლში შემოვარდნილი მგლებისგან თავს ვეღარ იცავს და სოფლები იცლება! ლანჩხუთის რაიონში გლეხების ნაწილი როცა ყანას მარგლავს, მეორე ნაწილი მათ სიცოცხლეს დასაზღვევად თოფშემართული სდარაჯობს! სომხეთში ერთი მგლის მოკვლისთვის 250 დოლარ პრემიას იძლევიან, ჩვენთან პირიქით - აჯარიმებენ! მხოლოდ მას შეიძლება მგლის მოკვლა, როცა საქონელს ან ადამიანს დაგლეჯს! საქართველოში მგლის რიცხოვნობისრეგულირებისთვის უახლოეს 3-5 წელიწადში აუცილებელია ყოველწლიურად, არანაკლებ 600-700 მგლის ნეიტრალიზება!

- ევროპაში განსხვავებული მდგომარეობაა?

- ევროპის წამყვან სახელმწიფოებში მგლები თითქმის გაწყვიტეს. იქ საქონელი ტყის სიახლოვეს მწყემსის გარეშე ბალახობს, თითო-ოროლა მგელია აქა-იქ შემორჩენილი. ევროპული სტანდარტების მიხედვით რომ გვქონდეს საქმე, საქართველოში 200 მგელზე მეტი არ უნდა იყოს, არადა, ამ რაოდენობას 50-ჯერ აღემატება. 10 ათას მგელს ჭამა ხომ უნდა? ჰოდა, ტყეში რომ გადაჭამეს ბალახის მჭამელები, იქიდან გამოვიდნენ და შინაურ პირუტყვს და ადამიანებსაც დაერივნენ. მთის სოფლების საფიხვნოზე, სადაც ადრე საღამოობით მოსახლეობა იკრიბებოდა, ახლა მგლები იკრიბებიან.

- ჩვენში მიღებული ასეთი კანონის მიღმა ვინ დგას?

- დგანან ევროპული ინსტიტუტები. ევროპას რა ენაღვლება - თავის ტერიტორიაზე მგელი გაწყვიტა და ჩვენში ცდილობს მომრავლებას. საქართველოში ხომ, გრანტის ამთვისებელი ადამიანები არ გამოილევიან, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ მგლისგან მოყენებული ზიანის ამსახველ ინფორმაციას და ურცხვად საუბრობენ, თითქოს პირიქით - ადამიანი ანადგურებს მას! პირდაპირ ვაცხადებ, ვინც ამას აკეთებს, საქართველოს მტრები არიან და ერის გენოციდს უწყობენ ხელს, რადგან ქართველი არამცთუ ტყეში ვეღარ შესულა მგლის შიშით, უკვე ქალაქშიც დასამალად გაგვიხდა საქმე. თუ 530 მილიონიან ევროპაში 50 წლის განმავლობაში მგლებმა მხოლოდ 9 ადამიანი იმსხვერპლეს, 3,7 მილიონიან საქართველოში ბოლო 10 წელიწადში ოფიციალური მონაცემებით, 15 ადამიანი შეჭამეს! არაოფიციალურად, შეჭმულთა რაოდენობა 2-ჯერ მეტია. ჭირისუფლები ასეთ ფაქტს მალავენ ხოლმე, რადგან მიაჩნიათ, რომ მგელი ცოდვიან ადამიანს ეტანება, თანაც, არავის უნდა, მგლისგან შეჭმულის შვილად იწოდებოდეს.

- სად არის საშველი?

- გამოსავალი კანონის დაუყოვნებლივ შეცვლაშია! კანონის ამ სახით არსებობის გამო მოსახლეობა ბუნტამდეა მისული. თუ ადამიანს მგლისგან თავის დაცვის საშუალება არ მიეცემა, იგი მოსახლეობას კარ-მიდამოს მიატოვებინებს! აუცილებელია, მგლის მოკვლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის ტრადიციის აღდგენა. ამასთან, ოჯახს მგლის მიერ შეჭმული წევრის გამო სახელმწიფო კომპენსაციას თუ დაუწესებს, ჭირისუფლები ფაქტს აღარ დამალავენ და მგლის პარპაშის შედეგად დატრიალებული ტრაგედიების შემაშფოთებელი სტატისტიკა თვალსაჩინო გახდება. ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს ზომები და ქართველი ხალხი მგლების შემოსევისგან იხსნას!

მგლების მიერ შეჭმული ადამიანების არასრული სია:

გიორგი ბადაგაძე - 12 წლის, დუშეთის სოფელ გრემისხევის მკვიდრი; უცნობი მამაკაცი - ცხინვალის მმოსაზღვრე სოფლის მკვიდრი; ვერა ფეზუაშვილი - დუშეთის სოფელ ქაისხევის მკვიდრი; მარგებაძე (ქალბატონი) - საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდას მკვიდრი; გია კაკაშვილი - 26 წლის, სიღნაღის სოფელ საქობოს მკვიდრი; გიგა ელიზბარაშვილი - 17 წლის, გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრი; მარკოზ მანაგაძე - წყალტუბოს სოფელ საჩხეურის მკვიდრი; ვიაჩესლავ ბრუშკოვი - სამტრედიის მკვიდრი; უცნობი მამაკაცი - გურჯაანის მკვიდრი; მწყემსი მამაკაცი _ გურჯაანის სოფელ ნავთისხევის მკვიდრი; სკოლის დარაჯი - სურამის სოფელ ნარვანას მკვიდრი; ვალიკო თაგვიაშვილი - დუშეთის სოფელ ინოს მკვიდრი აზერებაიჯანელი ეროვნების 8 წლის უცნობი მოზარდი -მარნეულის რაიონი. სვეტა ჩერნოვა, 60 წლის - თეთრიწყაროს რაიონი.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"