მედიცინა
დავით ქოჩიაშვილი: მიიღეთ დღეში 2-3 ლიტრი სითხე და პერიოდულად, ექოსკოპიაც ჩაიტარეთ, რათა პატარა კენჭები ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩინოთ!
დავით ქოჩიაშვილი: მიიღეთ დღეში 2-3 ლიტრი სითხე და პერიოდულად, ექოსკოპიაც ჩაიტარეთ, რათა პატარა კენჭები ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩინოთ!

როგორ ჩნდება შარდში სილა და კენჭი, რა საფრთხეს გვიქადის შარდ-კენჭოვანი დაავადება, როგორია მისი მკურნალობის მეთოდები და რა ვიღონოთ, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ? შარდ-კენჭოვან და შარდ-სასქესო გზების სხვა დაავადებებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში წარმატებით უმკლავდებიან საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკა "გიდმედში". გვესაუბრება კლინიკის დირექტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი, უამრავი საერთაშორისო კონგრესის დელეგატი, თბილისის უროლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ქოჩიაშვილი:

- საქართველო შარდ-კენჭოვანი დაავადებების ენდემურ კერად ითვლება, ვინაიდან აქაური გარემო პირობები, იოდის ნაკლებობა, წყალი და საკვები ამ დაავდების აღმოცენებას უწყობს ხელს. ცხარე და მლაშე საკვები არღვევს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას და აჩქარებს კენჭის ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული სამეგრელოს მოსახლეობაში. შარდ-კენჭოვანი დაავდებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს თანდაყოლილი ანომალიაც - მაგალითად,შარდსაწვეთის ან შარდსადინარის შევიწროვება, რის გამოც ორგანიზმიდან შარდის ნორმალურად გამოყოფა დარღვეულია. შარდის შეგუბება საკმარისი წინაპირობაა, რათა შარდში არსებული ელემენტალური ნაწილაკები თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთში დაილექოს, წარმოქმნას ჯერ მცირე კრისტალები და შემდეგ დიდი ზომის კენჭებიც. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თავად შარდის შემადგენლობას და შარდში მჟავა-ტუტუოვან წონასწორობას. საკმარისია, ორგანიზმში ან ერთ ან მეორე მხარეს ბალანსი დაირღვეს, რომ იმ სახის კენჭი წარმოიქმნას.

- კენჭი რას წარმოადგენს?

- კენჭი ზოგადად ორი სახისაა - კალციუმის შემცველი და უკალციუმო - ვთქვათ, ურატები, ფოსფატები და სხვა. წარმოქმნის ადგილის ან მდებარეობის მიხედვით არსებობს პირველადი და მეორადი კენჭები. მაგალითად, კენჭი შეიძლება გაჩნდეს თირკმელში და დარჩეს წარმოქმნის ადგილზე - ის პირველადი იქნება, მაგრამ თუ თირკმელში გაჩენილი კენჭი დაიძვრება და შარდსაწვეთში გაიჭედება, ან შარდის ბუშტში აღმოჩნდება - უკვე მეორადი ეწოდება. შარდის ბუშტშიც შეიძლება პირველადი კენჭი გაჩნდეს, ვთქვათ, მაშინ, როცა პაციენტს ქვემო საშარდე გზების პრობლემა გააჩნია.

- ვის ემართება შარდ-კენჭოვანი დაავდება?

- შარდ-კენჭოვანი დაავადება არც სქესს ცნობს და არც ასაკს, ბავშვებსაც ხშირად ემართებათ. კონკრეტულად თირკმელში კენჭი ქალებს უფრო ხშირად უჩნდებათ; მამაკაცებს კი, ქვემო საშარდე ტრაქტში და შარდის ბუშტში, რაც თუნდაც პროსტატის პრობლემების შედეგად შარდსადინარის შევიწროვებით და შარდის შეგუბებით არის განპირობებული. არცთუ იშვიათად გვხვდება კენჭი ზურგის ტვინის პათოლოგიების გამო მწოლიარე პაციენტებში. შარდ-კენჭოვანი დაავადების პრევენცია სწორი კვებითი რეჟიმის შერჩევა გახლავთ. აუცილებელია სითხის საჭირო რაოდენობით მიღება. არიან ადამიანები, რომლებიც სვამენ ნახევარ ლიტრამდე წყალს, არადა დღე-ღამური ნორმა მინიმუმ ორი ლიტრია. ასეთ დროს შარდი უფრო კონცენტრირებული ხდება, არაორგანული და ორგანული ნივთიერებები ბოლომდე ვერ იხსნება, რაც კენჭის ჩამოყალიბების ხელშემწყობ წინაპირობას წარმოადგენს.

- მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე რა გავლენას ახდენს მინერალური წყლის სისტემატურად მოხმარება?

- ეს დაუშვებელია. საზღვარგარეთ ჩვენებური "ბორჯომი" როგორც წამალი - ისე მოიხმარება და მას კოვზით სვამენ, ჩვენთან კი, ბოთლებით ეწაფებიან. მინერალების შემცველი სითხეების სისტემატიურად მიღება რა თქმა უნდა, ორგანიზმში კენჭების გაჩენის საფუძვლად გვევლინება. ჩვენ ისეთი პაციენტებიც გვყვავს, რომლებსაც კენჭები ნაღვლის ბუშტში აქვთ და იმავდროულად, შარდ-კენჭოვანი დაავდებითაც იტანჯებიან. მჟავა-ტუტოვან ბალანსს არღვევს მჟავე საკვების სისტემატიურად მიღებაც. რომ ჩამოვთვალოთ, თუ რომელი საკვები წარმოადგენს დაავადების რისკ ფაქტორს, შეიძლება ქართული ტრადიციული კერძების უმრავლესობა ამ ნუსხაში მოხვდეს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარდ-კენჭოვანი დაავადება რისკ ფაქტორების მიუხედავად მაშინ აღმოცენდება, როცა ამ სენისკენ ორგანიზმის მიდრეკილება არსებობს. ანუ, შეიძლება ერთი ადამიანი სისტემატიურად მიირთმევდეს მჟავე, ცხარე და მლაშე საკვებს, მაგრამ დაავადება მას კი არა, დიეტაზე მყოფ სხვა ადამიანს დაემართოს.

- ამ დაავადების რა ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმში?

- ექიმები მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტს ვეძახით ადგილს, სადაც თირკმელი მთავრდება და შარდსაწვეთი იწყება - არც თუ იშვიათად, იქ გვხვდება ხოლმე როგორც თანდაყოლილი, ასევე დამატებითი ფაქტორებით განპირობებული შევიწროვება, რის გამოც შარდის გამოყოფის პროცესი შეფერხებულია. თუ ასეთ მდგომარეობას დაემატება მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მოშლა, კენჭის წარმოქმნა თითქმის გარდაუვალია! ანუ, კენჭოვან დაავადებას რისკ-ფაქტორთა ერთობლიობა განაპირობებს.

- რა გამოვლინება ახასიათებს შარდ-კენჭოვან დაავადებას?

- თუ თირკმელში გაჩნდა კენჭი, პაციენტს აუცილებლად ექნება თირკმლის ჭვალი, რაც მკვეთრი ტკივილით გამოიხატება. ტკივილის მიზეზი ხდება ამ კენჭის შარდსადენი გზის რომელიმე ნაწილში გაჭედვა. შეიძლება პაციანტს ჰქონდეს 2-3-4 ან 5 სანტიმეტრიანი ქვა, მაგრამ ტკივილს არ გრძნობს მანამდე, ვიდრე იგი არ დაიძვრება და სადმე არ გაიჭედება. გაჭედვა იწვევს თირკმელში შარდის შეგუბებას და თირკმლის ქსოვილში წნევის მატებას. თირკმელზე შემოხვეული კაფსულა იჭიმება და ამ დროს ვლინდება თირკმლის აუტანელი ტკივილი. თუ პაციენტი ამ ტკივილის ანტისპაზმური საშუალებების გამოყენებით გაყუჩებას დასჯერდება და ექიმს არ მიაკითხავს, შეიძლება ეს ტკივილი კი ჩაახშოს, მაგრამ თირკმელმა ფუნქცია დაკარგოს და გადგვარდეს. ამ დროს თირკმლის მენჯი და ღრუ ორგანოები შარდით ამოივსება და ერთადერთი გამოსავალი ასეთი ორგანოს ამოკვეთაა.

- რა ზომამდე შეიძლება კენჭი გაიზარდოს?

- პირადად მე შემხვედრია 10-11 სანტიმეტრი ზომის ქვა. არსებობს მარჯნისებური ქვები, რომელიც მთლიანად ავსებს თირკმლის მენჯს და ფიალებს, გადადის პარენქიმაში და ფატობრივად, თირკმელი ერთი დიდი ქვით არის ხოლმე წარმოდგენილი, ანუ მთლიანად ქვავდება! რაღა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ორგანოს ფუნქცია ვერ შერჩება და ის აუცილებლად უნდა ამოიკვეთოს. არსებობს უფრო პატარა, 3-4-5 სანტიმეტრიანი მარჯნისებური ქვებიც. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე ორგანოს შენარჩუნებას. შარდ-კენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს პიელონეფრიტით ან ჰიდრონეფროზით, როცა თირკმლის ქსოვილი განილევა და ორგანო ფუნქციას კარგავს. ამის მიუხედავად, შარდ-კენჭოვანი დაავდება არ არის ის პათოლოგია, რომელიც როგორც წესი, ლეთალური შედეგით უნდა დასრულდეს.

- როგორ ხდება ადამიანის გათავისუფლება ქვებისგან?

- ჩვენს კლინიკა აღჭურვილია ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველა იმ უახლესი აპარატურით, რაც კი მსოფლიოში არსებობს. თუ თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთში გაჭედილი კენჭის ზომა 2 სანტიმეტრს არ აღემატება, მისი დაშლის აპრობირებული მეთოდია დისტანციური ლითოტრიპსია - ფიზიკურად შეხების გარეშე ულტრაბგერის დარტყმითი ტალღოვანი ზემოქმედებით ხდება კენჭის დაშლა პატარა ფრაგმენტებად. ამის შემდეგ ხდება ფრაგმენტების შეფასება და თუ ისინი იმ ზომის არიან, რომ პაციენტმა შეიძლება დაბადოს, მაშინ შესაბამისი მკურნალობით ამ შედეგისკენ ვუბიძგებთ. თუ ქვის დაშლის შედეგად 4-5-7 მილიმეტრიანი ფრაგმენტი დარჩება, რომელიც შესაძლოა შარდსაწვეთში გაიჭედოს, ჩვენ პრევენციის მიზნით შარდსაწვეთში ვდგამთ სტენტს, რომელსაც ფრაგმენტი გამოყვება. რაც უფრო დიდი ზომისაა კენჭი, მისი ნამსხვრევებიც შესაბამისად, დიდი ზომის იქნება და სტენტის ჩაყენების გარეშე ფონს ვერ გავალთ. არსებობს კენჭის დაშლის სხვა, ამჯერად, კონტაქტური ლითოტრიპსიის მეთოდი, როცა შარდსადენიდან შევდივართ შარდსაწვეთში, ავდივართ თირკმლის მენჯამდე და როცა კენჭს მივადგებით, კონტაქტური დარტყმით ვშლით მას. კენჭს ლაზერული საშუალებითაც შლიან ხოლმე წვრილ ნამსხვრევებად. არის კიდევ სხვა არაოპერაციული მეთოდი, როდესაც რენტგენული ან ექოსკოპიით დაკვირვების ფონზე წვრილი აპარატით - პიენელით სხეულს გარედან შევდივართ თირკმელში და კენჭს ფრაგმენტებად ვშლით. იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, ორგანოს კენჭისგან ოპერაციული გზით ვათავისუფლებთ.

- შარდ-კენჭოვანი დაავადებისგან ამ მეთოდებით განკურნება ძვირი ჯდება? ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს მიუწვდება ხელი?

- იმ უახლესი აპარატურით მკურნალობა, რაც ჩვენს კლინიკაშია, უცხოეთში საკმაოდ ძვირია. ჩვენთან კი, მხოლოდ 1500-1700 ლარი ჯდება და ამის დიდ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს. სამწუხაროდ, პროგრამა არ წყალობს დისტანციური ლითოტრიპსიას, რაც 850 ლარამდე ჯდება, მაგრამ აფინანსებს სხვა ოპერაციებს. 


- როგორ დაიცვას მოსახლეობამ თავი ამ დაავდებისგან?


- დაიცავით ცხოვრების სწორი წესი, პერიოდულად აკონტროლეთ ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა და გაიკეთეთ შარდის ანალიზები. მიიღეთ დღეში 2-3 ლიტრი სითხე და პერიოდულად, ექოსკოპიაც ჩაიტარეთ, რათა პატარა კენჭები ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩინოთ. ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში მიზეზების დასადგენად ექიმს მიაკითხეთ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"