საზოგადოება
დასავლეთის მოიმედე კონსტანტინოპოლი სტამბულად იქცა, იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ ღმერთის ნაცვლად სასოებას დასავლეთზე დავამყარებთ - ლევან ჩაჩუა
დასავლეთის მოიმედე კონსტანტინოპოლი სტამბულად იქცა, იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ ღმერთის ნაცვლად სასოებას დასავლეთზე დავამყარებთ - ლევან ჩაჩუა

ვაშინგტონიდან დაბრუნებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოებისათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ანტილიბერალური გამოსვლებით ცნობილი ეპისკოპოსების მხრიდან შეერთებული შტატების მხსნელად წარმოჩენამ მრევლში დაბნეულობა გამოიწვია. „ამერიკაში ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ... ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად გვიღირს, – აცხადებს მეუფე, რომელიც დასავლურ უზნეო ნეოლიბერალურ პოლიტიკას მკვეთრად უპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მღვდელმთავართა ამგვარ მეტამორფოზას საქართველოს პატრიარქის მოსაყდრედ  მეუფე შიოს დასახელება უძღოდა წინ.

რატომ გააკეთეს ვაშინგტონიდან დაბრუნებულმა სასულიერო პირებმა პროდასავლური განცხადებები? ვინ და რატომ ცდილობს განახორციელოს ზეწოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე? რა გლობალურ პროცესებს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენები? ვინ ლობირებს ქართული ეკლესიის ეკუმენისტურ საბჭოში დაბრუნებას და განმეოდება თუ არა რუის-ურბნისის კრება? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ესაუბრება:

-ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით ვაშინგტონიდან დაბრუნებული იმ მაღალი სასულიერო იერარქების განცხადებებს, რომლებიც მანამდე ანტიდასავლური და ანტილიბერალური იდეოლოგიით იყვნენ გამორჩეულნი?

-ასეთი მეტამორფოზა მართლაც შოკისმომგვრელი და გამაოგნებელი იყო არა მარტო მორწმუნე ადამიანებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. სასულიერო იერარქები, პროამერიკული და ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტებად მოგვევლინენ. ეს განცხადებები პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელებას მოჰყვა. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ პატრიარქმა მოსაყდრე ძალიან ღირსეული მღვდელმთავარი აირჩია.  მე ვფიქრობ, რომ ასეთი ბრძნული გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი სახტად დარჩა. თითოეულმა მათგანმა უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი, რა შეიცვალა. ამ განცხადებების შემდეგ მათ მიმართ ძალიან მწვავე კომენტარტები გაკეთდა.

- ბატონო ლევან, კონკრეტულ სასულიერო პირებზე საუბარს შეგნებულად თავს ვარიდებ, რადგან უნებლიეთ ჩვენც არ შევუწყოთ ხელი ეკლესიის დისკრედიტაციის და გახლეჩვის მიზანმიმართულ კამპანიას, თუმცა, ვაშინგტონიდან დაბრუნებული მეუფის სახემ და განცხადებებმა და სააკაშვილის დროინდელი „აღიარებით ჩვენებები“  გამახსენა, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილება იყო. თქვენ რა აზრი დაგრჩათ ყოველივე იმაზე, რაც მოისმინეთ?

-როდესაც ხელს მოკიდებ ისეთ რაღაცას, რასაც ხელი არ უნდა მოჰკიდო, მერე ყურებით დაგიჭერენ და რასაც უნდათ, იმას გაგაკეთებინებენ... თუმცა, მე თვითონაც მინდოდა მეთხოვა თქვენთვის, რომ პიროვნებებზე საუბარს მოვერიდოთ, რათა განკითხვაში არ ჩავვარდეთ...

-შესაძლებელია, რომ ეს ერთგვარი ტაქტიკური სვლაც ყოფილიყო, დასავლეთის ზეწოლის დასაბალანსებლად? 

-გამორიცხულია, ასეთი მანევრით და მიუღებელი საქციელებით ეს ვერ მოხერხდება, მითუმეტეს, სასულიერო პირების მხრიდან...

-შეგახსენებთ სულხან-საბას მაგალითს... როდესაც ქვეყანას დასჭირდა, მან პიროვნულად, საკუთარ თავზე აიღო დარტყმა და კათოლიკობა მიიღო...

-რა მერე? რა ქნა მაგით სულხან-საბამ? რაც შეიტანა ვერსალში, ისევე ის გამოიტანა და   კარმელიტების ორდენის ფეხშიშველა წარმომადგენლები გამოაყოლეს კიდევ თან. კათოლიკების და გაუცნობიერებელი ადამიანების გასაწბილებლად მინდა ვთქვა, რომ იგი მთელი ცხოვრება ნანობდა ამ ნაბიჯს, დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და რუსეთში მართლმადიდებლურ მონასტერში დაიკრძალა. დასავლეთზე იმედის დამყარების ეს ამაო მცდელობა კვლავაც გრძელდება. თანამედროვე ქართველს ისტორიის იმდენი ცოდნა არ ჰყოფნის, რომ საქართველოს ან თუნდაც ბიზანტიის მაგალითზე რაღაც ისწავლოს და იგივე შეცდომა არ დაუშვას. ისტორია მეორდება და ღმერთმა დაიფაროს, ჩვენც ის არ დაგვემართოს, რაც ბიზანტიას. წინ უნდა გადავეღობოთ მათ, ვისაც საქართველოს ეკლესიის გაყოფა და განხეთქილების მოწყობა სურს. მაშინაც კი, როცა საქართველო ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამთავროებად იყო დაყოფილი, ქართველთა ერთიანობის ერთადერთ გარანტად ეკლესია რჩებოდა. ასეთი განუზომლად დიდი ფუნქცია აკისრია ჩვენს ეკლესიას.

დასავლეთის მოიმედე ბიზანტიის იმპერატორები მე-15 საუკუნეში კათოლიკობაზე გადავიდნენ, მაგრამ კონსტანტინოპოლს ამან ვერ უშველა და სტამბულად იქცა. დიახ, დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური დახმარების მქონე კონსტანტინეპოლი სტამბულად იქცა. იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ ღმერთის ნაცვლად სასოებას აღმოსავლეთზე, დასავლეთზე, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთზე დავამყარებთ, ან ამა სოფლის სხვა ამაოებაზე. ძალიან გასაკვირია, როდესაც სასულიერო პირები აკეთებენ განცხადებას, რომ ჩვენი ხსნა დასავლეთთან ურთიერთობაშია.

-რა გლობალური პროცესების ნაწილია ის, რაც ჩვენი ეკლესიის გარშემო ხდება?

-რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. დღეს საქართველოს ზუსტად ის ძალა მართავს, რა ძალამაც საბერძნეთის ეკლესია დაანგრია. საბერძნეთში უკვე შვიდი სინოდი მოქმედებს, ახალაგაზრდობა საერთოდ მოწყვიტეს ეკლესიას. როდესაც ბერი გახლეჩილია, ერი ძალიან ადვილი სამართავია. ამიტომ ჩვენი, თითოეული ადამიანის მოვალეობაა გავაშიშვლოთ ის ადამიანები, ვინც საქართველოს ეკლესიის გახლეჩვას ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი უნდა წაიყოლონ მათ  ცდომილებაში.

სერბეთში მიტროპოლიტმა არტემმა ჯო ბაიდენი მონასტერში არ შეუშვა. მან პირდაპირ დასდო ბრალი ამერიკას მართლმადიდებლური სერბეთის გახლეჩვასა და იუგოსლავიის დაშლაში. ნატოს ავიაცია შობას და აღდგომას ბელგრადს განსაკუთრებული ინსტრუქციებით  ბომბავდა. ბომბებზე პირდაპირ ეწერათ: „მართლამდიდებელო სერბებო, გილოცავთ აღდგომას“.  ბომბავდნენ არ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, მითუმეტეს, რომ საქართველოს ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ფორპოსტია, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია იყო პირველი, რომელმაც ხმა აღიმაღლა ეკუმენიზმის წინააღმდეგ და ეკუმენური საბჭო პირველმა დატოვა.

ზოგადად, მსოფლიო გლობალიზაციური პროცესები პოლიტიკური და სულიერი მიმართულებით მიდის. ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, რომ ანტიქრისტე იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სულიერი ლიდერი. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოხდეს რელიგიური სინკრეტიზმი, ყველა რელიგია ანტიქრისტეში უნდა გაერთიანდეს. ეს არის სწორედ ის, რის წინააღმდეგაც საქართველო წავიდა. ამ  დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ხმა აღიმაღლა ე.წ. მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრების წინააღმდეგ, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, ბართლომეოსმა მოიწვია. მათ მთელი რიგი კანონიკური გარღვევებით უნდოდათ მიეღოთ გადაწყვეტილებები. ამიტომაც არის  ჩვენი ეკლესია და პატრიარქი დარტყმის ქვეშ. ამ ლიბერალურ ინტერნაციონალურ სულს სურს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყოს ლიბერალურად და ეკუმენისტურად მოაზროვნე ადამიანი, ამისათვის ყველაფერზე მიდიან, ძალიან რთული სიტუაციაა. ჩვენ ვნახეთ „ციანიდის“ შეთითხნილი საქმე და ის სიბინძურე, რაც პატრიარქის წინააღმდეგ საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ნამდვილი ბრძოლაა.

-ზეწოლა  ხორციელდება, რომ საქართველოს ეკლესია ეკუმენისტურ საბჭოში დაბრუნდეს?

-რა თქმა უნდა, ეკუმენიზმში უნდათ შეიყვანონ, სურთ საპატრიარქოს ტახტზე ისეთი პირი აიყვანონ, რომელიც მათ ზრახვებს და გეგმებს უმტკივნეულოდ განახორციელებს. ამიტომ  საქართველოში არ დარჩა არცერთი სფერო, სადაც ამ ძალებმა თავიანთი აპოლოგეტების და  მარიონეტების შეყვანა ვერ მოახერხეს,  პოლიტელიტით დაწყებული და ე.წ. ინტელიგენციით, და „საზოგადო მოღვაწეებით“დამთავრებული, ჟურნალისტებზე აღარაფერს ვამბობ. ერთადერთი, რომელსაც ბოლომდე ვერ მოერივნენ, ეს არის საქართველოს ეკლესია, რომელიც კლდეზეა დაფუძნებული და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“, თუმცა თავიანთი საცეცები იქაც აქვთ. ამას ფხიზლად ყოფნა სჭირდება, მრევლი უნდა გათვიცნობიერდეს. ქრისტიანობა არის შემეცნება. როცა მაცხოვარს ეკითხებიან, რა არის რჯული, ის ამბობს, რომ პირველი მცნებაა შეიყვარო ღმერთი „ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.“ ადამიანი ჯერ გულით შეიმეცნებს, მერე ეს მოთხოვნილება სულში გადადის, შემდეგ გონებაში იმეცნებ  და მერე არის „ყოვლითა ძალითა“ შეყვარება. თუ რომელიმე ეს რგოლი ამოვარდნილია, სარწმუნოება სრულფასოვანი არ არის. ფანატიზმი არის სარწმუნოება ცოდნის გარეშე, ქრისტიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფანატიკოსი და აუცილებლად  უნდა გათვიცნობიერდეს, რა არის ეკუმენიზმი, უნდა წაიკითხოს სჯულის კანონი, იცოდეს რა უფლებები აქვთ მღვდელმთავრებს, რა უფლებები აქვს მრევლს და ა.შ.  მერე თუ ვინმე გამოჩნდება ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, ვეღარ წარიტაცებს.

-ეკუმენიზმის ერთ-ერთი ლობისტი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსია, მაგრამ ვინ და რა ძალები დგანან მის უკან?

-მის უკან მსოფლიო გლობალიზაციის მამები დგანან, ეს ძალები ყველა რელიგიის ერთმანეთში ათქვეფას ესწრაფვიან. ჩვენ ნანახი გვაქვს ის ვაკხანალიები, რომლებიც ეკუმენისტურ შეკრებებზე იმართება, როდესაც შამანები, ჯადოქრები, ყველა რჯულის „სასულიერო პირები“ ერთად ლოცულობენ. ეს  ყველაზე საძულველი საქციელია ღვთის წინაშე. ვისაც ბიბლია წაკითხული აქვს, კარგად ახსოვს ისრაელის მეფის სოლომონის ისტორია.  ებრაელებს უცხოტომელებთან ქორწინება ეკრძალებოდათ. პირველი ვინც ეს წესი დაარღვია, იყო სოლომანი, მან სხვა ტომის ცოლი მოიყვანა და მათი კერპები ტაძარსა და გალავანს შორის განათავსეს. ტაძრის შიგნით ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება მიდიოდა, გარეთ კიდევ-ეშმაკების. იმდენად საძულველი იყოს ეს საქციელი, რომ უფალი  სოლომანს გამოეცხადა და უთხრა, რომ ამ ცოდვისთვის მის ერს ორად გაყოფდა. ისრაელის ორად დაყოფის მიზეზი სწორედ ეს იყო. ღვთისთვის მიუღებელია, როდესაც ღმერთს და ეშმაკს ერთდროულად ემსახურები და ეთაყვანები.

-მეუფე შიოს შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, თქვენი ინფორმაციით, როგორ არის ის განწყობილი ეკუმენისტური საბჭოს მიმართ?

-რა თქმა უნდა, ის არ არის ამის მომხრე. მეუფე ძალიან განსწავლული, წესიერი, პატიოსანი ადამიანია, წესიერი და პატიოსანი ოჯახიშვილია. რაც მთავარია, არის ნეიტრალური, არ არის არცერთი დაჯგუფების წევრი.  ძალიან თავმდაბალი, მოწესიგებული ადამიანი და ჭეშმარიტი ღვთისმსახურია. ის ვინც ფიქრობს, რომ პატრიარქმა არასწორი სვლა გააკეთა, ძალიან ცდება და მრევლისგან უმკაცრეს რეაგირებას მიიღებს.

-შესაძლოა, რომ „რუს-ურბნისი“ განმეორდეს?

-რუის-ურბნისის კრება   დავით აღმაშენებელმა ჩაატარა. მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაციები, იყო ეკლესიაზე შეყვარებული. მაშინ საკუთხეველში ყომარს თამაშობდნენ,  წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობა იყო? აღმაშენებელმა ამის გარეთ გამოტანა არ ისურვა, ისე გაწმინდა. მათ კი ჰყავდათ მფარველი თავდები, მაგრამ აბა რომელიმეს ხმა ამოეღო. პირდაპირ წერია, რომ დავითმა ამით ღმერთს აამა, ღმერთმაც გადმოხედა და ყველა მისი ნაბიჯი აკურთხაო. სამწუხაროდ, აღმაშენებელი არ გვყავს. დღეს რომ პატრიარქმა კრება დაიწყოს, განხეთქილება დაიწყება. ჯერ იყო და  „ციანიდით“ მოწყვიტეს ხალხი ეკლესიას, ახლა ეპისკოპოსების ეს განცხადებები. ძალიან რთული სიტუაციაა, ახლა კიდევ ამერიკის ელჩის პირდაპირი დირქეტივით, სახალხო დამცველად ლგბტ-ს დამცველი აირჩიეს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი.

-ხედავთ შანსს იმისას, რომ საქართველო  ნეოლიბერალური კოლონიალიზმისგან გათავისუფლდეს?

-ღვთის წყალობით, იქნებ გვეღიროს და მართლა ეკლესიური ხელისუფლება მოვიდეს. გამორიცხული არაფერია, რადგან ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული...