პოლიტიკა
"როდესაც უკრაინამ ატომური ქვეყნის სტატუსი დაკარგა, ქვეყნის დაშლის სცენარის განხორციელებაც მაშინ დაიწყო" -თამარ კიკნაძე
"როდესაც უკრაინამ ატომური ქვეყნის სტატუსი დაკარგა, ქვეყნის დაშლის სცენარის განხორციელებაც მაშინ დაიწყო" -თამარ კიკნაძე

მსოფლიოს ახალი გადანაწილების ფონზე უკრაინაში პროცესები სახიფათოდ ვითარდება. მიზანში ამოღებულ უზარმაზარ მართლმადიდებლურ ქვეყანას მსოფლიოს ზეამბიციური რეაქციული ძალები კარგა ხანია წასაქცევად ამზადებენ. რუსეთის ჩასაძირად  გაჩენილ ცხელ კერებს  ქვეყნები და ხალხები  ეწირება. ამასთან, ენერგეტიკაგამოცლილი კონფლიქტის ხელახალი აალება იარაღის ვაჭრობით დაკავებული ტრანსნაციონალური წრეებისთვის სრულიად გამართლებულ და მომგებიან ბიზნესად იქცა. ამ ფონზე უკრაინის მარიონეტი ხელისუფლებისგან რუსეთის სპეცსამსხურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი და პარალელურად დასავლეთის გარკვეული ძალებისგან ზურგგამაგრებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ახალ რევოლუციას აანონსებს. ქალაქის ცენტრში კარავდაცემული  „ძებნილი“  „არ იძებნება“, სააკაშვილის ფაქტორი უკრაინის ხელისუფლების წარმოუდგენელი უსუსურობის ლაკმუსი ხდება.

რა ხდება უკრაინაში? როგორია პროცესის გეოპოლიტიკურ კონტექსტი?  ვის თამაშს თამაშობს რეალურად ოდესის ყოფილი გუბერნატორი? ვის ინტრესებშია უკრაინის დაშლა? საითკენ მიდის მოვლენების განვითარება და როგორ აისახება საქართველოზე უკრაინაში მიმდინარე პროცესები? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრება:

-ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, თითქოს, მოვლენები რაღაც ილუზორულ სამყაროში ვითარდება, ერთ ადამიანს, თუნდაც ყოფილ პრეზიდენტს, მთელი სახელმწიფო დასდევს და ვერ იჭერს?

-ეს ისეთივე დადგმული სცენარია, როგორიც იყო საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუცია. მიშა იქაც პერსონაჟია, რომელიც გარკვეულ როლს თამაშობს, რით დამთავრდება,  ვნახავთ, ყოველშემთხვევაში, ეს საქმე ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი. ქართველები ამას კარგად ვხვდებით, რადგან დადგმული პოლიტიკური სცენარების ძალიან დიდი  გამოცდილება გაგვაჩნია.

-სააკაშვილის რეიტინგი 2%-ს არ აღემატება, შეძლებს კი ის ამ რესურსით   ხელისუფლებაში მოსვლას?

-სააკაშვილი პრეზიდენტად ვერ მოვა, რადგან იქ არ არის დაბადებული, მაგრამ პრემიერად შეიძლება მოვიდეს. ამის ალბათობა მისი რეიტინგის გათვალისწინებით არც ისე დიდია, მის პარტიის რეიტინგი 2-3%-ს არ აღემატება, მაგრამ გააჩნია, პოლიტტექნოლოგიები როგორ იქნება გამოყენებული, შეიძლება ის იულია ტიმოშენკოს ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის დამხმარე საშუალება იყოს. გავიხსენოთ ისიც, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მაქსიმუმ 20.000 კაცი მონაწილეობდა. 

რაც შეეხება იმას, აისახება თუ არა უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე, ღმერთმა დაიფაროს და თუ სააკაშვილმა იქ  წარმატება მოიპოვა, მის ხელში ძალიან დიდ რესურსი აღმოჩნდება  და ბუნებრივია, გავლენა საქართველოზეც  ექნება.

სააკაშვილს რეიტინგი ძალიან დაბალი აქვს, მაგრამ სიტუაციის არევა კარგად ეხერხება, თავისი როლი აკისრია, ის საერთაშორისო დონის ავანტიურისტია და როგორ ამბობენ, საკმაოდ კარგად არის დაფინანსებული. ძალიან დიდ ეჭვს იწვევს მისი დაპატიმრება-არდაპატიმრება, გამოშვება და ა. შ.

-ეჭვი გაქვთ, რომ ამ სცენარში პოროშენკოც მონაწილეობდეს?

-არ არის გამორიცხული, თუმცა ისიც სრულიად შესაძლებელია,  რომ ის თავის ქმედებებში  არ იყოს თავისუფალი და იძულებული იყოს ასე მოიქცეს.  შესაძლოა, რაღაც ძალები არ აძლევდნენ მას ამის საშულებას.

- როგორია პროცესის გეოპოლიტიკურ კონტექსტი?  რა დიდი პოლიტიკის ნაწილია ის, რაც უკრაინაში ხდება? 

-დღეს ლოკალური მასშტაბის არცერთ ქვეყანაში განვითარებული პროცესი  არ არის. ყველაფერში გლობალური ძალები ფიგურირებენ და აუცილებლად რაღაც შედეგით მთავრდება. ვნახეთ, რომ უკრაინაში მოვიდა  ინტერნაციონალური ხელისუფლება, იქ იყვნენ ქართველები, ამერიკელები, ბალტიისპირა ქვეყნების პოლიტიკოსებიც. ეს იყო გლობალური პროექტი, რომელმაც არ გაამართლა. დღეს უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, ნაყოფიერი ნიადაგია იმისათვის, რომ იქ კიდევ რაღაც მოხდეს, რადგან ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური ყოფა სულ უფრო უარესდება. ლაპარაკია იმაზე, რომ სააკაშვილმა დიდძალი ფული აიღო და ის პროცესები, რასაც ის ხელმძღვანელობს, კარგად არის დაფინანსებული. ეს ამყარებს ეჭვს, რომ იქ გარკვეული პროექტის განხორციელებაა ჩაფიქრებული.  

-სააკაშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, ამის შესახებ საქართველოშიც არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა, მეორე მხრივ, მას შეერთებული შტატების რეაქციული ძალების ინტერესების უპირობო გამტარებლად მიიჩნევენ. თქვენი აზრით, ვის თამაშს თამაშობს რეალურად სააკაშვილი?

-გლობალური ძალები ხან თანხმდებიან ერთმანეთში, ხან- ვერა. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ვხედავთ, რომ რუსებმა ყველაფერს მიაღწიეს, რაც უნდოდათ, აიღეს ორი რეგიონი და დამოუკიდებლად გამოცხადეს. სააკაშვილმა დალის ხეობაც ჩააბარა, იქიდან საჯარისო ნაწილები გამოიყვანა, „ზემო აფხაზეთი“ დაარქვა, რის შედეგადაც კოდორის ხეობა რუსების და აფხაზების ხელში აღმოჩნდა. შედეგებიდან გამომდინრე, სააკაშვილმა პრორუსული პოლიტიკა განხორციელა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ანტირუსულ რიტორიკას  აწარმოებდა.

-რა როლი აქვს შეერთებულ შტატებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებში?

-აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ე.წ. დემოგრაფიული პროცესების განვითარებისთვის შეერთებულ შტატებს უკრაინაში 5 მლრდ $ აქვს ჩადებული. საერთოდ, შეერთებული შტატებიც არ არის მარტო ხელისუფლება, თვითონ ტრამპსაც აქვს პრობლემები...

-რეაქციულ ძალებს ვგულისხმობ...

-შესაძლოა, სულაც ეს რეაქციული წრეები მოქმედებენ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღეს ძალები ძალიან მრავალფეროვანია. პერსონები, დაჯგუფებები, ტრანსნაციონალური კომპანიები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში სახელმწიფო არ არის ერთადერთი მსხვილი აქტორი, ამის გამო გლობალური პოლიტიკა ძალიან გართულებულია.

ყოველშემთხვევაში, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს ისეთი ქვეყნებია, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის გარჩევის და პოლიტიკური ზეწოლის საგანია, ამიტომ გამორიცხული არაფერი  არ არის.

 -საითკენ მიდის მოვლენები, მესამე რევოლუციისკენ, უკრაინის ისევ დაშლისკენ?

- ვარაუდის დონეზე რამდენიმე პროექტზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგალითად, უკრაინის კიდევ უფრო დაშლაზე, ნაწილის რუსეთის, ნაწილის -დასავლეთის ხელში გადასვლაზე, ან სულაც მთელი უკრაინის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა რაღაც პროქეტის განხორცილება რომ არის ჩაფიქრებული, ეს გასაგებია. როდესაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს, მიზანი ცნობილი მას შემდეგ ხდება, როცა რაღაც შედეგი დგება. მაგრამ მეორეც არის, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.“ შეიძლება ერთი რამ იყოს დაგეგმილი, მაგრამ შედეგი სხვა  მივიღოთ. ყოველშემთხვევაში, ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროექტი და რაღაც შეთანხმების ობიექტი, ისევე როგორ ყველა პოლიტიკური პროცესი. მე, როგორ გარედან მაყურებელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა შემიძლია ჩემი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ იმისათვის, რომ შედეგების ზედმიწევნით გათვლა შეძლო, შიდა პროცესებში ინფორმირებული  უნდა იყო.

-უკრაინის დაშლა ვის ინტრესებშია?

- როდესაც უკრაინამ ატომური ქვეყნის სტატუსი დაკარგა, სწორედ იქიდან იყო ჩაფიქრებული მსგავსი პროცესების განვითარება, ეს სცენარი მაშინაც დაწერილი იყო. ატომური იარაღი სწორედ ქვეყნის სუვერენეიტეტში ჩარევის შემაკავებელი ფაქტორია. უკრაინა ფლობდა ატომურ იარაღს და 1994 წელს მასზე უარი განაცხდა, სამაგიეროდ, ფულადი კომპენსაცია მიიღო, აი, ამის შემდეგ მისი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი ძალიან დაბლა დაეცა.

-აქცენტს რუსეთზე აკეთებთ?

-მაშინდელი ელცინის რუსეთი თავის ინტერესებს არ გამოხატავდა, პუტინის მოსვლასთან ერთად ეს პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა, ის საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე და თავის პირობებს აყენებს. რუსეთი არ თამაშობს ისე, როგორც ეს დასავლეთს სურს,  სწორედ ეს არის დაპირისპირების მიზეზი დასავლეთსა და რუსეთს შორის.