პოლიტიკა
„ეს არის პლანეტარული მასშტაბის პოლიტიკური მიწისძვრა, რომლის მიერ გამოწვეული ცუნამი რა მიმართულებას აიღებს, არავინ იცის“-დაპირისპირება იერუსალიმის საკითხზე გადაიზრდება თუ არა მესამე მსოფლიო ომში?
„ეს არის პლანეტარული მასშტაბის პოლიტიკური მიწისძვრა, რომლის მიერ გამოწვეული  ცუნამი რა მიმართულებას აიღებს, არავინ იცის“-დაპირისპირება იერუსალიმის საკითხზე გადაიზრდება თუ არა მესამე მსოფლიო ომში?

ბიბლიური ისააკისა და ისმაილის შთამომავლებს შორის ისტორიული დაპირისპირება მწვავდება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“ მესამე ინტიფადას იწყებს. ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით პროტესტს არაერთი სახელმწიფო გამოთქვამს. თურქეთი ნატოდან გასვლით იმუქრება. ერდოღანის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიოსთვის დაუსრულებელი ცეცხლის გახსნას ნიშნავს. ირანის პარლამენტი მუსლიმურ სახელმწიფოებს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ, შტატებთან კი ეკონომიკური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებს. შეშფოთებული ევროკავშირი არსებული სტატუსკვოს დარღვევას არ გეგმავს და მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა მეტად სახიფათო ნაბიჯი გადადგა. რუსეთის განცხადებით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს საგრძნობლად ზრდის.

სამი აბრაამიტული რელიგიის საკრალური ქალაქი საჯილდაო ქვად იქცა. იერუსალიმის პატრიარქი ქრისტიანთა წმინდა მიწიდან განდევნის საფრთხეებზე საუბრობს. მუსლიმები „ალ აქსას“ მეჩეთის დანგრევას და მის ადგილზე სოლომონის ტაძრის აღდგენას შიშობენ. იუდეველები „მაშიახის“ მოსვლას და მის სოლომონის ტაძარში დაჯდომას მოელიან, რაც ქრისტიანთა რწმენით, ანტიქრისტეს გამეფებას მოასწავებს. მსოფლიოს თავზე  პოლიტიკურ-რელიგიური ომის საბედიწერო ღრუბლები იყრიან თავს.

რას ნიშნავს და რა მიზანს ემსახურება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება? საითკენ მიდის პროცესები და გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომში? არსებობს თუ არა ქრისტიანთა წმინდა მიწიდან განდევნის საშიშროება? როგორ აისახება საქართველოზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები? მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba. ge-ს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით  დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას? რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ამერიკის სხვა პრეზიდენტებმა ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავეს?

-დავიწყოთ იმით, რომ 1995 წელს ამერიკის კონგრესმა იერუსალიმის შესახებ აქტი მიიღო,  თუმცა მის სისრულეში მოყვანას ამერიკის ყველა პრეზიდენტი ერიდებოდა.  ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ იერუსლიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებდა და გააკეთა კიდეც. როგორც ჩანს, ამას ბევრი არ ელოდა,  ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ტრამპს ამით გავლენიანი პროისრაელური ძალების მხარდაჭერის მოპოვება სურდა.  

ტრამპი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ობამას მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულება  სამარცხვინო იყო და მის ანულირებას მოახდენდა. ის ამბობდა, რომ  თუ ირანი და ისრაელი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს ისრაელს დაუჭერდა. ასე რომ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა და განპირობებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატების პოზიციით და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არის პლანეტარული მასშტაბის პოლიტიკური მიწისძვრა, ტექტონიკური ძვრა, რომლის მიერ გამოწვეული  ცუნამი რა მიმართულებას აიღებს და რა სიმძლავრის იქნება, არავინ იცის. თუმცა, პირველი შედეგები ჩვენ სახეზე გვაქვს. კერძოდ, ისლამური თანამშრომლობის 57-მა ქვეყანამ ტრამპის პოზიცია დაგმო და ყველა დანარჩენ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ დასავლეთ  იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად ცნონ. მეტიც, ერდოღანმა ამერიკას „აგრესორი“ და რეგიონში კონფლიქტების გამომწვევი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ შეიძლება იჯდეს მოლპარაკების მაგიდასთან. იგივე განაცხადეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა და სხვებმაც, ძალიან რადიკალური განცხადებები იყო.

-ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, თუ უფრო მეტად რელიგიურ თვალსაზრისით არის ნაკარნახევი?  

-საერთოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე რელიგიური ფაქტორის ზემოქმედება ყოველთვის ძლიერია. ტრამპი წარმოადგენს ძალას, რომელიც  იუდეურ-ქრისტიანული ღირებულებებისთვის იბრძვის, თვითონ ასე აცხადებენ. 

- რამდენად თავსებადია ეს ღირებულებები ერთმანეთთან?

-ისინი სწორედ ასე აცხადებენ, პროტესტანტული ამერიკა, თეთრი ანგლოსაქსური ამერიკელები ასე პოზიციონირებენ. საერთოდ მსოფლიო ებრაელობას ორი სახე აქვს, ერთი, რომელიც იბრძვის ისრაელის სახელმწიფოსთვის და მეორე, რომელიც იბრძვის ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ და გლობალიზაციის წამყვან ძალას წარმოადგენს. კლინტონის ადმინისტრაცია სწორედ ამ მეორე ძალას განასახიერებდა. ის ღიად იქნა დადანაშაულებული ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ლიდერების მიერ ისრაელის მტრობაში. ტრამპი მათ საწინააღმდეგო ძალას წარმოადგენს.

-გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში არსებული უდიდესი ფინანსური რესურსი ებრაული ლობის ხელშია, შესაძლოა თუ არა, რომ ეს ნაბიჯი დოლარის გაძლიერებისთვისაც ყოფილიყო  გადადგმული? 

-არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიო ებრაელობის ხელშია უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური, თუ მედია რესურსი. ტრამპი მათი მხარდაჭერით მოვიდა. ამას არ შეიძლება მადლიერების დემონსტრირება არ გამოეწვია. ტრამპს სიძე ებრაელი ჰყავს, მისმა ქალიშვილმაც იუდეველობა მიიღო, ამიტომ გასაკვირი არც ისაა, რომ ამას თავისი შინაგანი განწყობების შესაბამისად აკეთებდეს. გასათვალისწინებელია, რომ აქ არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.

-ტრამპის ეს ნაბიჯი სირიაში რუსეთის გამარჯვების გამოცხადებას დაემთხვა, შეიძლება, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი არსებობდეს?

-კავშირი ასეთ მოვლენებს შორის ბუნებრივია, ყოველთვის არსებობს. სირიაში შექმნილმა ვითარებამ ამ ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაში კატალიზატორის როლი ითამაშა და პროცესები დააჩქარა. ამის შეფასება ახლა ძალიან ძნელია და იმ მოვლენების რიგში ჩადგება, რომელთაც  ისტორიის მდინარება დრამატულად შეცვალეს.

იერუსალიმი სამი მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილია. არაბულად მას „ალ კუდს“, ანუ წმინდა ადგილი ჰქვია. სიმბოლურია, რომ ქალაქს თურქების მიერ აღდგენილი გალავანი აკრავს. იერუსალიმში სამი კვარტალია: ებრაული, ქრისტიანული და მუსლიმანური. იქ არის ტაძრის მთა, სადაც ჩვე. წ. აღ-მდე 950 წელს მეფე სოლომონმა ტაძარი ააგო.  „რუშალინუმ“ მოხსენიებულია ეგვიპტურ წყაროში, რომელიც "მტრულ ქალაქთა წყევლის" სახელითაა ცნობილი. სწორედ აქ იდგა სოლომონის ტაძარი, რომლის ნაშთიც არის გოდების კედელი, თუმცა, დღეს ამ მთაზე მხოლოდ მეჩეთებია.

-აქ ალბათ, საკრალური მომენტიც გასათვალიწინებელია, ერთ-ერთი წინასწარმეტყველების მიხედვით,  მეჩეთი, რომელიც სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე დგას, უნდა დაინგრეს და მის ადგილზე სოლომონის ტაძარი აღდგეს. ებრაელებს მოლოდინი აქვთ, რომ იქ, მაშიახი“, „მესია“ დაჯდება, რომელიც ქრისტიანთა რწმენით, ანტიქრისტე იქნება...

-დიახ, „ალ აქსას“ ტაძარი  მუჰამედის ცად ამაღლებას მიეძღვნა და მუსლიმებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, იუდაიზმი არ ცნობს ქრისტეს და  იუდეველები დღესაც ახალი მაშიახის მომლოდინეები არიან, რაც თავისთავად, მიუღებელია ქრისტიანებისათვის და სხვათაშორის, მუსულმებისთვისაც, მათთვის მუჰამედი ბოლო წინასწარმეტყველი იყო. ქრისტიანები კი ქრისტეს მივიჩნევთ ღმერთად. შესაბამისად, წინააღმდეგობები ამ სამ აბრაამიტულ რელიგიას შორის, შეურიგებელია. აქედან გამომდინარე, ტრამპმა გორდიას ისეთ კვანძს დაჰკრა მახვილი, პრობლემების კვანძი არათუ გაიხსნება, არმედ კიდევ უფრო შეიკვრება და გადაჭრის მაგივრად შეიძლება აფეთქება მივიღოთ.

-არსებობს იმის საშიშროება, რომ ქრისტიანებს ამის შემდეგ იქ პრობლემები შეექმნათ?

- ამას წინათ გამოვიდა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე და ისრაელის ხელისუფლება ქრისტიანების საწინააღმდეგო ქმედებებში პირდაპირ დაადანაშაულა. საქმე იმაშია, რომ კნესეტში შევიდა კანონპროექტი, რომლის გატარების შემთხვევაში ქრისტიანებს წმინდა ადგილებიდან ფეხი უნდა ამოეკვეთოთ, ლაპარაკია მართლმადიდებლებზე, მაგრამ იგივე ემუქრებათ კათოლიკეებსაც. საუბარია ქრისტიანული მონასტრებისთვის მიწების ჩამორთმევაზე, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ამ თემაზე იერუსალიმის პატრიარქმა  მიმართვა გაავრცელა.

-ევროკავშირი ტრამპის გადაწყვეტილება არ ეთანხმება. ბრიტანეთი, ფრანგეთი, გერმანიის პოზიციიები რუსეთის პოზიციის თანხვედრია. შესაძლოა, რომ ამ ფაქტმა რუსეთის ურთიერთობა ევროკავშირთან გარკვეულწილად შეცვალოს და დათბობისკენ წაიყვანოს?

-ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობების დათბობა ამ ეტაპზე ცოტა რთული წარმოსადგენია. საერთოდ, ევროკავშირის ჩინოვნიკები ტრამპის მიმართ ძალიან მძიმედ არიან განწყობილნი. ევროკავშირს ნეოლიბერალები არიან დაპატრონებულები, ტრამპი მათი იდეოლოგიისთვის მიუღებელია, ისინი კლინტონის გამარჯვებას ელოდნენ. ჰილარი კლინტონი გლობალიზაციიური იდეოლოგიის იმ ფრთის წარმომადგენელია, რომელიც დასავლეთის დომინირებას და  ლიბერალიზმის აგრესიულ გავრცელებას გულისხმობს. ლიბერალიზმი კი სინამდვილეში ნაციონალური სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული იარაღია. ტრამპი სულ სხა კონცეფციას განასახიერებს და შესაბამისად, ძალიან მძიმე ურთიერთობები აქვთ ჩამოყალიბებული. დაახლოებით ასეთივე მიუღებელია მათთვის პუტინის რუსეთიც. საფრანგეთს ასევე რთული ურთიერთობები აქვს ისრაელის ხელისუფლებასთანაც, ანუ, ევროპა ძალიან ორიგინლურ სიტუაციაში მოექცა, ისინი კარგა ხანია მკვეთრად გამოხატულ ანტიისრაელურ პოზიციებზე დგანან, ამავე დროს, მათ ეშინიათ ისლამური სამყაროს რეაქციის.  

-ოფიციალური ანკარა იერუსალიმის საკითხით ძალიან გაღიზიანებულია, უბარია იმაზე, რომ თურქეთმა ესაძლო ნატოც კი დატოვოს. რამდენად რეალურია ეს? ხომ არ არის ისე, რომ თურქეთი უბრალოდ ვაჭრობს შეერთებულ შტატებთან?

-არა, თურქეთი პოზიციონირებს, როგორც ისლამური სამყაროს ლიდერი. აქ ძალიან დიდ როლს  ოსმანთა იმპერიის ნარატივიც ასრულებს. თურქეთის ეს იმპერიული მეხსიერება უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ეს მათი მმართველების რიტორიკაშიც ხშირად ჩანს. თურქეთის მუქარა, გამოვიდეს ნატოდან და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, არც ვაჭრობაა და არც უბრალო მუქარა, ეს სრულიად რეალური პოლიტიკური ნაბიჯებია. ჩვენ გვისაუბრია ქურთისტანის პროექტზე, რომელსაც ისრაელი და შეერთებული შტატები ნახევარ საუკუნეზე მეტია ხელს უწყობენ. ეს პროექტი თურქეთის, ირანის, სირიისა და ერაყისთვის დამღუპველია. ქურთისტანის სახელმწიფოს გამოცხადება არის ნაღმი, რომელიც არათუ  ჩაწყნარდება, არამედ უფრო და უფრო მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას დაიგროვებს თავის პოტენციალში. ამიტომ ერდოღანის სიტყვებს მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ.

თურქეთის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროპისკენ მისწრაფების პერსპექტივა დამოკიდებული იყო და არის თურქეთის და ევროკავშირის, ასევე რუსეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე.  რუკის გადახედვაც საკმარისია,  დავინახოთ, რომ ჩვენსა და ევროპას შორის არის თურქეთი. შესაბამისად, თუ თურქეთს კარი დაუხურეს და ეს უკვე შეუქცევადი პროცესია,  საქართველოს პერსპექტივა გახდეს ევროპის ნაწილი, აბსოლურტური ქიმერა ხდება. ევროკავშირი ხომ ვერ გადმოახტება თურქეთს, გეოგრაფია ჯერ კიდევ არავის გაუუქმებია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ  მხოლოდ რუსულ-თურქული ინტერესების არეალში ვრჩებით. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთი ახლა უფრო ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს, ვხდებით სავაჭრო საგანი. აქამდე თურქეთი ცდილობდა კავკასიის რეგიონში და კერძოდ, საქართველოში იმგვარი საყრდენი ჰქონოდა, რომ სხვა სახელმწიფოების ინტერესები გაენეიტრალებინა და თვითონ  ფაქტორი ყოფილიყო. იერუსალიმის ცნობის შემდეგ რამდენად აქტუალური ვიქნებით ცოტა რთული წარმოსადგენია. კავკსიის საკითხი დიდ გეოპოლიტიკურ თამშში ყოველთვის  მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არა გადმწყვეტი. ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი როლი იერუსალიმის საკითხს აკისრია. მთელი ყურადღება იქეთაა მიქცეული, ამ თვალსაზრისით, უკრაინის პროცესებიც ისეთი აქტუალური არ არის.

-მოსალოდნელია თუ არა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება? იერუსალიმის ისრელის დედაქალაქად აღიარებას ისლამისტური დაჯგუფება  “ჰამასი”გამოეხმაურა, რომელმაც ტრამპი “ჯოჯოხეთის კარიბჭის” გახსნაში დაადანაშაულა და პალესტინას ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა... 

-მესამე ინტიფადა უკვე დაიწყო, ეს უცხო არავისთვის არის. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მოდელირება, რა პროცესები დაიწყება და ეს არ არის მაინცდამაინც ძნელი. გასაგებია, რომ დაიწყება სამხედრო დაპირისპირება, ახალი ალიანსების შექმნა, რა თქმა უნდა, გაძლიერდება  ირანის პოზიცია. ირანი რეგიონში უკვე ძალიან ძლიერი აქტანტია. შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ ახლა მან დამატებითი არგუმენტები მიიღო. ირანი შეეცდება სირიაში თავისი ყოფნა გააძლიეროს. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ გოლანის სიმააღლეებიდან 40 კილომეტრით მიახლოების შემთხვევაში ისრაელი დაბომბავს ირანის ბაზას და არ დაუშვებს ირანის სამხედრო კონტიგენტის ყოფნას სირიაში, ირანი ამას არ მოერიდება, ეს შემიძლია პირდაპირ ვთქვა. თურქეთი  სამხედრო დაპირისპირებაზე  პირდაპირ არ წავა, თუმცა ყველანაირად შეეცდება ახალი ალიანსების შექმნას და ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებას ხელი შეუწყოს, რასაც არ შეიძლება შეერთებული შტატების და ისრაელის რეაქცია არ მოჰყვეს. 2018 წელს ძალიან მწვავე პროცესებს უნდა ველოდოთ.

-ამ წერტილიდან მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება რეალურად დგას? საითკენ მიდის პროცესები?

-მესამე მსოფლიო ომი, ჰიბრიდული ომის სახით, ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად დაიწყება მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ კონვენციურ ომს დაიწყებენ.  ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ არც ამის შესაძლებლობაა გამორიცხული. ირან-ისრაელის ომი რეგიონის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ეს ომი მრავალჯერ იქნა აცილებული, ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა იმედია, გონიერება რომელიც ასე აკლია კაცობრიობას, იზეიმებს და ლიდერები გაითვალისწინებენ იმ დამანგრეველ შედეგებს, რომელიც კონვენციურ, ანუ ტოტალურ ომს შეიძლება მოჰყვეს. დიდი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში  უზარმაზარი დამანგრეველი პოტენციალია დაგროვილი, რაც უდიდეს მსხვერპლს და უბედურებას გამოიწვევს.

-ისრაელში ვითარების ესკალაციამ  რა  დოზით შეიძლება მოახდინოს  გავლენა საქართველოზე?

-საქართველო თვითონ არ არის აქტორი, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მიზეზთა გამო, თითქმის არ არსებობს. საქართველოში სტაბილურობა ძალთა ბალანსზეა დამოკიდებული და ძალიან მყიფეა. ბუნებრივია, ამ ბალანსის ცვლა შეიძლება ძალიან მძიმედ აისახოს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რუსეთთან მიმართებაშიც გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. აქამდე ჩვენი პოლიტიკური ხაზი ნატოში შესვლა იყო. ნატოს წარმოადგენს თურქეთი, რომელიც  ევროკავშირისკენ მიისწრფვოდა და დაპირიპირებული იყო რუსეთთან. ახლა თურქეთი ევროკავშირს კარდ უჯახუნებს და ასევე აცხადებს, რომ გამოდის ნატოდან. ამ მხრივ, ჩვენი ევროპისკენ მისწრაფება სამწუხაროდ, ქიმერად გადაიქცა. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ალიანსს თურექთსა და რუსეთს შორის, რაც ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაში გამოიხატება. მაგალითად, სამხრეთის ნაკადი, ფულადსკრედიტო სფეროში ძალიან ღრმა ურთიერთობები, არაფერს ვლაპარაკობ ტურიზმსა და თურქი ბიზნესმენების  აქტიურობაზე რუსეთში, ამ ყველაფერს აგვირგვინებს რუსული საზენიტო კომპლექსების  S-400-ის შესყიდვა თურქეთის მიერ და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში თანამშრომლობა. თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან მეგობრული დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ვექტორი, რომ  თურქეთი ნატოს წარმოადგენს და საქართველო არის რუსეთთან დაპირისპირების ფლაგმანი,   ტრაგიკომიკიურ ფორმაში გადავიდა და ყოველგვარ პოლიტიკურ კონტექსტს გასცდა.

აზრი, რომ  კრემლმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგა, რუსული ძალის წარმომადგენლებისგან ინტენსიურად ინერგება. ხალხი, რომელიც  პრორუსად მოიხსენიებოდა, მოსკოვმა უმუშევარი დატოვა და საქართველოს მიმართ  სტრატეგიული დაზვერვის ინსტრუმენტი ჩართო, რაც კავკასიაში მისთვის სასარგებლო გეოპოლიტიკურო შედეგის დაყენებას გულისხმობს. ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ არავინ იცის რუსეთის სტრატეგიული დაზვერვა  როგორ მუშაობს, მათ ძალიან სერიოზული სტრუქტურა და  დაგეგმარება აქვთ.

-რა შედეგის დადება უნდა იყოს მათი მიზანი ამ შემთხვევაში?

-მათი მიზნის ორი ვარიანტი არსებობს: პირველი- საქართველოს პოლიტიკური ელიტა შეეგუება რეალობას, ცნობს აფხაზეთსა და ცხინვალს, გახდება რუსეთისადმი ღიად ლოიალური, უარს იტყვის ამბიციაზე გახდეს ნატოს წევრი და სხვა ამგვარები. ანუ, ვასალიტეტის პოზიციას ნებაყოფილობით დაუბრუნდბა, რაც საერთოდ წარმოუდგენელია, ან, მეორე, ეს შედეგი დადგეს ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ანუ, საქართველო ეკონომიკურად, პოლიტიკურად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თვითონ შეეხვეწოს რუსეთს მფარველობა. ამას აკეთებდა რუსეთი ისტორიულად და ამას აკეთებს ნებისმიერი იმპერია სხვადასხვა მეთოდებით. ეს არის რუსეთის სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები კიდევ სხვა თემაა.

-რამდენად შესაძლებელია, რომ  საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა დღეს სრულიად დამოუკიდებელად არსებობდეს?

-რა თქმა უნდა, შეუძლებელია და არც არის ასე. საქართველო არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ არსებობს დამოკიდებულების გრადიციები. ურაპატრიოტული წამოძახილები, „არწივი ვნახე დაჭრილი“ გასაგებია, შეიძლება სუფრაზე სასიამოვნო იყოს, მაგრამ არა რეალობაში. როცა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ასეთი განწყობებია, იქ დაჭრაზე კი არა, კისრის მოტეხვაზეა საუბარი. დამოკიდებულებების ხარისხი უნდა განისაზღვროს, პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ისეთ დამცირებულ მდგომარეობაში არ ვიყოთ, როგორშიც ახლა ვართ, პირდაპირ რომელიმე ქვეყნის ელჩის ინსტრუქციას მივყვებოდეთ და ხვალ გაირკვეს, რომ  ინსტრუქციაც აღარ არის და  ცენტრიც აღარ არსებობს. ვახტანგ მეექვსე ირანში სალაშქროდ რუსეთის მეფის იმედად მიდიოდა, პეტრე პირველი არხანგელსკიდან უკან მიტრიალდა და  გამძვინვარებულ ისლამურ სამყაროს პირისპირ შევრჩით. აი, ასეთ ვითარებაში რომ არ აღმოვჩნდეთ,  უფრო მოქნილი პოლიტიკის წარმოება გვჭირდება.  რაც მთავარია, პოლიტიკის წარმოების და პასუხისმგებლობის აღების სურვილი თუ გაჩნდება ამ ქვეყანაში, მაშინ შესაძლებლობებიც გაჩნდება.

-რამდენად სწორად იქცევა საქართველოს ხელისუფლება იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით? 

-ჯერ ერთი, თემა ციდან ჩამოვარდნილი არ უნდა იყოს. თუ იერუსალიმს ცნობ, რას იღებ და რას კარგავ, რა უსაფრთხოების გარანტიები არსებობს? ამის განსაზღვრისთვის უნდა არსებობდეს ცენტრები, რომელიც სიტუაციის განვითარების მოდელირებას მოახდენს და ინფორმაციას უშიშროების ორგანოებს განუწყვეტლივ მიაწვდის. საზოგადოებრივი აზრი ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული  და არა ამ ლიბერალურ იდიოტობებზე და ერთმანეთთან დაპირისპირების განუწყვეტელ ტირაჟირებაზე, რასაც ვხედავთ ჩვენ მედიაში. იმდენად დაცემულია საზოგადოებრივი ცნობიერების დონე, რომ უკვე ფსკერზეც აღარ ვართ, სადღაც ფსკერს ქვემოთ ვიმყოფებით.

კვირიკაშვილი ერთ რამეში მართალია, მიუღებელია ასეთი ფორმით მთავრობის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და დაშანტაჟება.  ეს არ არის ემოციებს ასაყოლი თემა. რა შედეგი მოჰყვება მერე ამას? ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენ გვამუნათებს. მთავრობის სისუსტეა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების და დეპუტატების მხრიდან ასეთი შანტაჟი შესაძლებელი  გახდა.  კვირიკაშვილი ფაქტიურად, კედელთან მიაყენეს და იძულებული გახდა ეთქვა ის, რასაც ამ ეტაპზე არავინ ითხოვდა, არადა, შეეძლო გამწვავებულ მომენტში ლავირება გაეკეთებინა. როდესაც ჩხუბია, ყველაზე ქვეყანას თუ ადამიანს მეორე ადამიანის თუ ქვეყნის პოზიცია მწვავედ ამახსოვრდება, ასეთია კანონი. შენივე დეპუტატი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გაყენებდეს.

-ჩეხეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი გამონაკლისია, ვინც ტრამპს მხარი დაუჭირა, რით იყო ეს  განპირობებული?

-ჩეხეთის პრეზიდენტი ძალიან დამოუკიდებელი კაცია, ექსტრავაგანტური ქცევით გამორჩეული. მან ტრამპს მხარი დაუჭირა და ევროკავშირის მესვეურებს „ლაჩრები“ უწოდა. მან თავისი პოზიცია გამოთქვა, მაგრამ როგორი იქნება ოფიციალური პოზიცია და გადაიტანს თუ არა ჩეხეთი საელჩოს იერუსალიმში, ვერ გეტყვით.

-ამერიკა მზად იყო იმ დაპირისპირებისთვის, რაც ტრამპის გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყოლოდა, თუ ისინი მშვიდად უყურებენ იმას, რაც სხვა კონტინენტზე შეიძლება მოხდეს?   წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი გათვლილი არ ყოფილიყო...

-რა თქმა უნდა, ამერიკა ომებიდან ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია, რადგან ის ორი ოკეანით არის გარშემორტყმული. ევრაზიის კონტინენტზე რაც არ უნდა ხდებოდეს, ის ყოველთვის ცდილობს, იყოს არბიტრი. პირველი და მეორე მსოფლიო ომის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ეს ნათლად ჩანს. ბოლოს თავი  გამარჯვებულად გამოაცხადეს, ისე, როგორც ტრამპმა გამოაცხადა ახლა თავი სირიაში გამარჯვებულად, რაც სრულიად გაუგებარი იყო. ამაზე სხვათაშორის, შტატები არამარტო რუსეთმა, არამედ ჩინეთმაც ძალიან მწვავედ გააკრიტიკა და  სასაცილოც კი უწოდეს ტრამპის განცხადებას.

სამყაროში  ძალთა ახალი გადანაწილების ტენდენცია მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნები სწორედ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ქმნიან ალიანსებს. პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური რესურსები ძალის ცენტრებს შორის ნაწილდება, რასაც  შეერთებული შტატების მიმართ შემტევი და აგრესიული რიტორიკა ახლავს თან. ვინ წარმოიდგენდა ხუთი წლის წინ,  რომ თურქეთის პრეზიდენტი ასეთ ლექსიკას გამოიყენებდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. ამერიკის  მსოფლიოზე დომინირება, რასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, აღარ არსებობს, ერთპოლუსიანი სამყარო აღარ არსებობს, ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი...