პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: „ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩიხში ვართ მოქცეული და ამ ჩიხიდან გამოსვლა არცთუ იოლი საქმეა“- რა გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი 2018 წელს?
ვახტანგ მაისაია: „ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩიხში ვართ მოქცეული და ამ ჩიხიდან გამოსვლა არცთუ იოლი საქმეა“- რა გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი 2018 წელს?

2018 წელს საქართველო გაუფასურებული ეროვნული ვალუტით, უმუშევართა არმიით, გაძვირებული პროდუქტით და გაზრდილი კომუნალური გადასახადით ხვდება. ოცდახუთ წელიწადში ორი მილიონით შემცირებული ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დალასლასებს. ნატოსკენ გამუდმებული სწრაფვის, ასოცირების ხელშეკრულების თუ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, შეპირებული „ევროატლანტიკური სამოთხე“ მირაჟს სულ უფრო ემსგავსება. ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს მსოფლიოში არსებული მრავალმხრივი კრიზისი და სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ემატება.

როგორი იყო განვლილი წელი საქართველოსთვის? რა საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? შეიძლება თუ არა ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება ცალსახად დადებით მოვლენად შეფასდეს? როგორია უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა? რა გეოპოლიტიკური ძვრებია ჩვენს გარშემო მოსალოდნელი? საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ამ და სხვა რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge-ს ანალიტიკოსი, პროფესორი ვახტანგ მაისაია ესაუბრება:

-ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით განვლილ წელს, რით იყო ის გამორჩეული და დასამახსოვრებელი?

-გასული წელი ძალიან რთული იყო, ბევრ მოვლენას ჰქონდა ადგილი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით. დადებითად შევაფასებდი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის დაწესებას, ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვინც ეს შესაძლებლობა გამოიყენა. პოზიტიური მოვლენა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ამოქმედება, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ეს პროექტი ეკონომიკური პოტენციალის განვითარების შანსს მოგვცემს და სატრანზიტო ჰაბის დონეზე საქართველოს მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის. მესამე მომენტი არის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

-ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება მსოფლიოში მიმდინარე მძლავრი ჩინური ექსპანსიის ფონზე, სახიფათო ნაბიჯი არ არის? რისკებს არ შეიცავს?

-იცით რა არის, რისკებს ყველაფერი შეიძლება შეიცავდეს, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასაც შეიძლება ჰქონდეს რისკები, მაგრამ ამით ჩვენ  დიდ რეგიონალურ ბაზრებზე გასვლის საშუალება მოგვეცა. ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ თავისი საექპორტო პროდუქცია განავითაროს. შესაბამისად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განახორციელებს  ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას. სხვათაშორის, ჩინეთთან ძალიან ბევრ ქვეყანას არა აქვს დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ესეც საინტერესო ფაქტია.

-რატომ არა აქვთ ჩინეთთან ეს ხელშეკრულება დადებული? რატომ მოვხვდით ჩვენ, ასე ვთქვათ, „პრივილეგირებული“ ქვეყნების რიცხვში, იმიტომ ხომ არა, რომ  ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ძლიერი ქვეყნებიც უფრთხიან?

-იცით, რა არის... ასეც არის, მაგრამ არა მგონია ჩინეთს საქართველოს ტერიტორია  აინტერესებდეს იმ კუთხით, რომ აქ რაიმე ექსპანსია განახორციელოს. პრინციპში, როგორ არ აინტერესებს, ეს მომეტებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩინეთს ექსპანსიონისტური პოლიტიკა სხვა მიმართულებით აქვს გაძლერებული, ეს არის ცენტრალური აზიის რეგიონი, ამერიკა, წყნარი ოკეანის მიმართულება. საქართველოსთან მიმართებაში ორმხრივი ინტერესია, ამით ჩვენი პროდუქციის ევრაზიულ ბაზარზე გატანის შანსი მოგვეცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთნ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და სრულმასშტაბიანი ომი გადავიტანეთ, სავაჭრო საქონლის რუსეთის ბაზარზე გასატანად  ყველაფერს ვაკეთებთ. ბუნებრივია, ქვეყანას გააჩნია პრიორიტეტები და მისი ხელშეწყობა სახელმწიფოს ინტერესებში შედის, ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული შემდეგ ურთიერთობებს როგორ განვახორციელებთ. კი, გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ ჩვენ შანსი გაგვიჩნდა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ქვეყანაში ნეგატიური ეკონომიკური კონტექსტი ვითარდება. მოგეხსენებათ, ლარის დევალვაციამ ყველა რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა, ეს საკმაოდ ძლიერი შოკური დარტყმაა. წესით, წინასაახალწლო პერიოდში ლარის დევალვაცია არ უნდა მომხდარიყო, რადგან მასზე მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ მისი დევალვაცია მაინც კატასტროფულად გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან საშიში ტენდენციები ვითარდება. ამის  ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოდან ფინანსური კაპიტალის მასიურად  გატანა ხდება, საუბარია როგორც საინვესტიციო, ასევე კორპორატიულ კაპიტალზე. მეორე, ეს არის საგარეო ვალი, რომელმაც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა. მესამე, ფასების ინფლაციაა. მთავრობამ არ გააკეთა ის ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს შეამცირებდა. ამ ხარჯების  გაზრდამ ლარის დევალვაცია გამოიწვია. ჩვენ მივაღწიეთ კრიტიკულ მაჩვენებელს, საგარეო დავალიანებამ  საქართველოს ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 34%-ს მიაღწია, საკმარისია ეს მონაცემები 6%-ით გაიზარდოს და  40% გახდეს, რომ დამიჯერეთ, დეფოლტი გარდაუვალია. წარმოიდგინეთ, რა საშიშ მდგომარეობაში ვართ, 17 მილიარდი დოლარია ჩვენი საგარეო ვალი, თუ კიდევ დაემატა და 20-22 მილიარდი გახდა, მთელი ეკონომიკა ჩამოიქცევა.

-ამა ყველაფერს  უმუშევრობა ემატება და რა პერსპექტივას ხედავთ 2018  წლისთვის?

- რა თქმა უნდა, პერსპექტივას ვერ ვხედავ, უმუშევრობა კიდევ უფრო დიდი პრობლემა ხდება. გარდა ამისა, ფასები საქონელზე უსწრებს მოქალაქეების შემოსავლიანობის მაჩვენებელს. ეს საშინელებაა, რამდენიმე წლის წინანდელი 1000 ლარი დღეს 600 ლარის ეკვივალენტია. ჩვენ დევალვირებულ ხელფასს ვღებულობთ. რაც ყველაზე ცუდია, არ ხდება ინდექსაცია, ეს რა პოლიტიკაა? ვერ გავიგე, რა ხდება... პოლიტიკა არსებობს საერთოდ? რას გვიკეთებს მთავრობა? თვეში 7% ინფლაციაა და ინდექსაცია არ ხდება, ეს რა საშინელებაა. საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა, ინფლაციის დროს კომპენსაცია მოხდეს. რაში ვიხდით, აბა ამდენ გადასახადს? მე პირადად 500-დან 700-ლარამდე შემაქვს საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც საერთოდ არ მიბრუნდება, რისთვის უნდა ვინახავდე ასეთი მაღალი გადასახადებით ამ ე.წ. მოხელეებს, როცა საერთოდ გაგებაში არ არიან ეკონომიკური პოლიტიკა როგორ წარმართონ?!

გაძვირების  ტენდენცია  ენერგომატარებლებზეც გადავიდა, ეს ნიშნავს რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს.  ჩვენ ველური კაპიტალისტური კანონებით ვიმართებით, მთავრობას ამ მიმართულებით ნულოვანი ჩარევა აქვს. ის კი არა, მთავრობამ უკვე თვითმმართველობის ორგანოებს ტრანსფერები შეუწყვიტა. კვირიკაშვილმა ბაღების ფასიანზე გადაყვანა მოითხოვა, იმიტომ, რომ  ცენტრალურ მთავრობას ტრანსფერის ფული არ გააჩნია. არადა, კომუნალური ობიექტების დაფინანსება ფედერალური მთავრობის პრეროგატივაა. საქართველოში ყოველი მეორე ეკონომისტია  და ამას ყურადღება არავინ მიაქცია. კიდევ რა გითხრათ, ბევრი გამოწვევა არსებობს...

-უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორ შეაფასებდით საქართველოს მდგმარეობას?

-უსაფრთხოების მხრივ საკმაოდ მძიმე მდომარეობაში ვართ, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩიხში ვართ მოქცეული და ამ ჩიხიდან გამოსვლა არცთუ იოლი საქმეა. პანკისში შექმნილმა სიტუაციამ ხომ საერთოდ ყველაფერი მოშალა. რა ხდება რა ოპერაცია ჩატარდა?  ჩვენ ვნახეთ სამ ტერტორისტს ორი ათასი კაცი 24 საათის განმავლობაში როგორ დასდევდა. ჩვენ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით...

-როგორ ფიქრობთ, ტერორისტული აქტის განხორციელება საქართველოში იგეგმებოდა?

-არა, არანაირად, საქართველოში შავი ტრანზიტს ანხორციელებდნენ.

-სავარაუდოდ, რუსეთში აპირებდნენ გადასვლას, თუ ევროპაში?

- ევროპაში არა მგონია, ან რუსეთში მიდიოდნენ, ან ცენტრალურ აზიაში. ცენტრალური აზია უკვე მეორე ცხელ წერტილად გადაიქცა, ამ ბირთვის  ერაყიდან გადატანა იქ ხდება. ახალი ტიპის „ისლამაური სახელმწიფოს“  შექმნის მაგალითი გაისად შეიძლება უკვე ავღანეთში, პაკისტანსა და ცენტრალურ აზიაში ვიხილოთ.

- სირიაში ომის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ ომი ტერორისტებთან დასრულდა?

-არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეიძლება კიდევ ახალი მეგაპროექტი შეიქმნას „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ გაერთიანების სახით.

- სირიაში ომის დასრულება, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, ერაყის ქურთისტანის გამოცხადება, კატალონის მოვლენები, ჩრდ. კორეაში შექმნილი ვითარება და სხვა პროცესები გასულ წელს მსოფლიოს ექსტრმალურ ვითარებაში ამყოფებდა. მოჰყვება თუ არა ყველაფერ ამას გაგრძელება და რა გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი 2018 წელს?

-რა თქმა უნდა, გაგრძელდება... ახალი გეოპოლიტიკური კრიზისი იერუსალიმთან იყო დაკავშირებული, პროცესების განვითარებისთვის ორივე მხარე ემზადება. დიახ, ახალი ტენდენციები წამოვა და ალბათ, საკმაოდ სერიოზული ფორმით განვითარდება. მეორე მომენტი, ჩემი აზრით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება იქნება. თებერვალში  მოსალოდნელია ვითარების სერიოზული დაძაბვა, რადგან შეერთებული შტატები აპირებს რუსეთს ანგარიშები გაუყინოს, რაც სერიოზული დარტყმა იქნება.

- ცივი ომი ცხელ ფაზაში შედის?

-თქვენ წარმოიდგინეთ, კი. ანგარიშების გაყინვა არის ამერიკელთა ბოლო საშუალება  გავლენა მოახდინოს რუსეთზე. ამის შემდეგ შეერთებულ შტატებს  ყველანაირი ბერკეტი ხელიდან გაუქრება. ერთპოლუსიანი წესრიგი დაირღვა, ახლა სამყარო ოთხპოლუსიანია, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ჩვენი ცხოვრების ათვლის წერტილი ამ  სისტემაში უნდა დავიწყოთ.

სირიაში ასევე  შეიძლება დაიძაბოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, იმიტომ, რომ სირიის მომავალთან დაკავშირებით ორივე მხარეს განსხვავებული მიდგომები გააჩნია. ამ მხრივ ქურთისტანის პრობლემაც წამოჰყოფს თავს.

ჩრ. კორეაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, ადგილობრივი არაპროგნოზირებადი ხელისუფლება რა პროცესებს განავითარებს, არავინ იცის. ასევე შეიძლება ირანის პრობლემამაც წამოყოს თავი. ირანი აქტიურად ჩაერთო მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, რაც გასული წლის პოზიტივად შეიძლება მივიჩნიოთ.  

-ირანისთვის საქციების მოხსნას გულისხმობთ?

- დიახ, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკური კურსის აღდგენას ისევ აპირებს, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.

-გარშემო მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე საქართველო რა გამოწვევების წინაშე დგას? როგორი იქნება 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისით?

-მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი გეოპოლიტიკურ მიმართებაში საქართველოსთვის საკმაოდ რთული იქნება. მთელი ჩვენი ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია მოგვიწევს. სასურველია, რომ ჩვენი ძალიან პასიური საგარეო ვექტორი გააქტიურდეს. დიპლომატიურ სფეროში სერიოზული რეფორმები უნდა განხორციელდეს. როგორც ჩანს, მთავრობაში რყევები მოხდება, რადგან  ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, შესაძლოა, ქართული საზოგადოებისათვის ეს ერთი შეღავათი იყოს...